ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ანწლის ყველა ნაწილი – ნაყოფი, ყვავილები, ფოთლები, ფესვი. იგი ფასდაუდებელი მცენარეა, აახალგაზრდავებს, კურნავს და ენერგიას ანიჭებს ორგანიზმს.
ანწლი (Sambucus) ადოქსასებრთა (ადრე ცხრატყავასებრთა) ოჯახის წარმომადგენელია, ბუჩქი ან მცირე ზომის ხეა. ცნობილია ანწლის 40 სახეობა. აქედან საქართველოში ორია გავრცელებული – დიდგულა და საკუთრივ ანწლი. ანწლის ნაყოფი მრგვალია, მუქი იისფერი, თითქმის შავი ან წითელი ფერის, რომელიც არასასიამოვნო არომატისაა.
ნაყოფი, მცენარეზე განთავსებულია ქოლგისებური ფორმის მტევანზე. სიმწიფეში შედის სექტემბერ-ოქტომბერში. ნაყოფს შემოდგომაზე კრეფენ, ოღონდ მხოლოდ შავს და არა წითელს. წითელი ანწლი შხამიანია. ანწლი რთული ქიმიური შემადგენლობისაა, შეიცავს ორგანულ მჟავებს: ვალერიანის, ყავის, ძმრის, ვაშლის; ნახევრად მყარ ეთერზეთებს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქრებს და სხვ.
ასევე ანწლის კენკრა შეიცავს ვიტამინ C-ს, ფისს, გლუკოზას, ფრუქტოზას, თავისუფალ მჟავებს, ამინომჟავებს, საღებავ ნივთიერებებს, მინერალებიდან: კალციუმს, რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს სპილენძს, ცინკს.
ანწლის სასარგებლო თვისებები
ანწლის ნაყოფი სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ნედლი, ისე მშრალი სახით. ის წარმატებით ებრძვის ჰეპატიტს, წყლულოვან დაავადებებს, ნევრალგიას, მალარიას, თირკმლის დაავადებებს. შავი ანწლის ნაყოფის სამკურნალო თვისებები იმდენად მაღალია, რომ მისი გამოყენება შეიძლება, როგორც დამხმარე საშუალება კუჭისა და კანის კიბოს მკურნალობისას.
ნაყოფს აქტიურად იყენებენ ორგანიზმის გასაწმენდად. 1 კგ კენკრა მინის ქილაში ჩაყარეთ, 2 კგ შაქარი დაუმატეთ და მზის ქვეშ დადგით, რამოდენიმე დღეში წვენს მოიყენებს. ერთი სუფრის კოვზი, მიიღეთ ჭამამდე დღეში 3-ჯერ.
არანაკლებ ძვირფასია შავი ანწლის ყვავილები. მისგან ამზადებენ ნაყენს და იყენებენ, როგორც ანტიბაქტერიულ და ოფლმდენ საშუალებას. ის ძალიან ეფექტურია გაციების, ანგინის, გრიპის, სასუნთქი გზების დაავადებების დროს, ასევე ებრძვის ართრიტს, პოდაგრას, რევმატიზმს. ყვავილებს იყენებენ კომპრესებისთვის, როგორც შაკიკის საწინააღმდეგო საშუალებას. ასევე აქვს ოფლმდენი, შარდმდენი და ზომიერი გამხსნელი თვისებები.
ნაყენის დასამზადებლად, სამ სუფრის კოვზ ანწლის ყვავილს დაასხით სამი ჭიქა ცხელი წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი. შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ. მიიღეთ თბილი სახით ჭამამდე ნახევარი ჭიქის ოდენობით, დღეში 2–ჯერ. ყვავილებისგან ამზადებენ ლოსიონს: 10 ყვავილედს ასხამენ 0,5 ლიტრ მდუღარე წყალს და აჩერებენ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ ფილტრავენ და ინახავენ მაცივარში. ლოსიონით იწმენდენ სახეს დილით და საღამოს. ის კარგი მატონიზირებელი საშუალებაა და აახალგაზრდავებს კანს.
სამკურნალო თვისებები აქვს ანწლის ფოთოლს. ყვავილების მსგავსად, ფოთოლსაც აქვს სიცხის დამწევი მოქმედება, არის ოფლმდენი და შარდმდენი, შემკვრელი, დამამშვიდებელი საშუალება. დაორთქლილი ფოთლების დადება მტკივნეულ ადგილებზე ხსნის ანთებას, შველის გამონაყარს, დამწვრობას, ფურუნკულს. ქორფა ფოთოლს გამხსნელი და ორგანიზმის გამაძლიერებელი თვისებები გააჩნია. ქრონიკული შეკრულობის სამკურნალოდ ფოთოლს ხარშავენ თაფლში და ისე იღებენ.
არანაკლები სამკურნალო ეფექტი აქვს ანწლის ფესვს, მისგან ამზადებენ ნახარშს, რომელსაც იღებენ კანისა და თირკმელების დაავადებების დროს. ნახარშს ხმარობენ აბაზანისთვის პოდაგრის, რევმატიზმისა და ართრიტის დროს.
საინტერესო ფაქტები
ანწლს იყენებდნენ ბაღლინჯოებთან საბრძოლველად. მისი ყვავილები გამოიყენებოდა ვაშლის შესანახად, ხილი კარგად ინახება და იძენს საუკეთესო სურნელს. ანწლის კენკრა ფართოდ გამოიყენებოდა ბამბისა და აბრეშუმის ქსოვილების შავად შესაღებად. მისგან ამზადებდნენ მელანს. ასევე გამოიყენება ღვინის ან სხვა ალკოჰოლური სასმელებისთვის ფერის მისაცემად. ანწლისგან ხდიან არაყს და ა.შ.
ავტორი: ლალი გოგინავა
„ელკანას“ რჩევები ბიომეურნეებს.
იხილეთ აგრეთვე: დიდგულა და ანწლი – სამკურნალო თვისებები, გამოყენება