აშშ-ში ფერმერული ბაზრები ყველა დიდი ქალაქშია, ისინი ღიაა პარასკევს და შაბათს, ამასთან ამ ბაზრებში პროდუქტის გაყიდვა მხოლოდ ფერმერებს შეუძლიათ.
ესეთი ბაზრები დიდი პოპულარობით სარგებლობს აშშ-ს მოსახლეობაში, რადგან მოდაშია მოძრაობა „შეიძინე ადგილობრივი“.
ფერმერული ბაზრები ამ ქვეყნისთვის სიახლე არ გახლავთ, პირველი ასეთი ბაზარი, პენსილვანიის ქალაქ ლანკასტერში ჯერ კიდევ 1730 წელს გაიხსნა, სადაც ადგილობრივი ფერმების პროდუქტების რეალიზაცია დღემდე ხდება.
ყველაზე მეტი ფერმერული ბაზარი (100-ზე მეტი) ნიუ-იორკშია, მეორე ადგილზეა ლოს-ანჯელესი (90-ზე მეტი).
ვაშინგტონში, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) ორგანიზებული აქვს საკუთარი ფერმერული ბაზარი, რომელიც 21 წელია ფუნქციონირებს და ღია ყოველ პარასკევს. ამ ბაზარზე პროდუქტის შეტანის პირობები მარტივია: უნდა იყოთ ფერმერი, გაყიდოთ საკუთარი პროდუქტი, რომელიც მოყვანილია ვაშინგტონიდან 200 მილის (321კმ.) რადიუსში.
აშშ-ში ყველაზე დიდი ფერმერული ბაზარი, უისკონსინის (ინგლ. Wisconsin) შტატის დედაქალაქ მედისონშია (ინგლ. Madison), ეს ბაზარი (Dane County Farmers Market) 45 წელია ფუნქციონირებს. აქ ყოველ შაბათს 300-ზე მეტი ფერმერი ჰყიდის საკუთარ პროდუქციას.
მედისონის ბაზარში, ფასები უფრო მაღალია ვიდრე მაღაზიებში, მიუხედავად ამისა აქ დღეში 20 000-მდე მომხმარებელი მოდის. ამ მაჩვენებლით მედისონოის ბაზარი პირველი არ არის, ნიუ-იორკის Union Square Farmer’s Market-ს 60 000 ადამიანი სტუმრობს დღეში, თუმცა აქ ფერმერთა რაოდენობა ნაკლებია (160).
სულ აშშ-ში 10 000-ზე მეტი ფერმერული ბაზარია, თუ არ ჩავთვლით გზისპირა კარვებს, სადაც ასევე იყიდება ფერმერული პროდუქტი.