ლეღვი (ლათ. Ficus carica) თუთისებრთა ოჯახის, ფიკუსის გვარის, სუბტროპიკული მცენარეა. იგი მეჩხერად დატოტვილი 3-10 მ. სიმაღლის ხეა. საშუალოდ ცოცხლობს 150-200 წელი.
ლეღვის ხე ითვლება ერთ ერთ უძველეს ნაყოფმომცემ ხეხილად, რომლის წარმოშობის ისტორია და კულტურის დასაწყისი უხსოვარ დროიდან მომდინარეობს.
ლეღვი, სეზონური, ყველაზე სასარგებლო და გემრიელი ხილია, მისი შეძენა მშრალი სახით მთელი წელი შეიძლება. ის მდიდარია A,B,C,D,E,K, PP ჯგუფის ვიტამინებით, ასევე შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, რკინას, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს, პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს და ყველაზე დიდი რაოდენობით შაქარს. ლეღვს იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (ჩირი, მურაბა, ჯემი, კომპოტი, ტყლაპი).
საქართველოში ამ კულტურის მოშენებას უხსოვარი დროიდან მისდევდნენ ამიტომ იგი მრავალი კულტურული ჯიშისა და ფორმის სამშობლოდ ითვლება.
ლეღვი ფართოდაა წარმოდგენილი როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. იგი ნიადაგისადმი დიდი მოთხოვნებით არ გამოირჩევა, კარგად ეგუება მშრალ, ქვაღორღიან, კირნარ ადგილებს, ხარობს თითქმის ყველგან ხრიოკზე, კლდეებზე შენობების ნანგრევებზეც კი. ლეღვი სინათლის მოყვარული მცენარეა, უძლებს საკმაოდ მაღალ ტემპერატურას , რაც შეეხება დაბალს, საშუალოდ ჯიშის მიხედვით-10-11 °C.
ლეღვის სასარგებლო თვისებები:
აძლიერებს იმუნურ სისტემას; აუმჯობესებს საჭმლის მონელებას; ეხმარება ყაბზობის დროს; ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებებისგან; აძლიერებს გულის კუნთს და სისხლძარღვებს; ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას; ამაგრებს ძვლებს; ეხმარება გრიპთან, ხველასთან და გაციებასთან ბრძოლაში; აძლიერებს თმას და კანს; ზრდის ჰემოგლობინის დონეს სისხლში.
თუ შიმშილის გრძნობა გაწუხებთ და რაც მთავარია, დაღლილი ხართ, აუცილებლად უნდა მიირთვათ ლეღვი, ის ანაყრებს, ენერგიითა და ხალისით ავსებს ადამიანს.
ლეღვის ჭამა განსაკუთრებით სასარგებლოა უზმოზე.
ლეღვი საუკეთესო საშუალებაა ნაბახუსევის სინდრომისგან თავის დასაღწევად. მისი წყალობით ქრება გულისრევა, წყურვილის შეგრძნება და პირის სიმშრალე. ლეღვი ამაღლებს გუნება-განწყობილებას და ხსნის მოთენთილობას.
ლეღვის ნედლად მირთმევა სასურველია დილაობით – C ვიტამინის, ბეტა-კაროტინის, ანტიოქსიდანტების, ამინომჟავებისა და B ჯგუფის ვიტამინების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ის იდეალური საუზმეა.
ხალხური მედიცინა წარმატებით იყენებს რძეში მოხარშულ ლეღვს, მშრალი ხველისა და მბგერავი იოგების შეშუპების სამკურნალოდ. ამისთვის დაახლოებით 6-7 ცალი ლეღვი, სამ ჩაის ჭიქა რძეში ადუღეთ იმდენ ხანს, რომ ნახევარზე ნაკლები რძე დარჩეს. თბილი ნახარში ყლუპ-ყლუპად უნდა მიირთვათ დღეში რამდენიმეჯერ. ყელის ტკივილი, ხველა უმალ დაგიამდებათ და ხმის ჩახლეჩაც უკან დაიხევს.
ექიმები მიიჩნევენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად რაციონში ლეღვის რაოდენობაც უნდა გავზარდოთ. ხილი შეიცავს ფერმენტებს, მონელების სტიმულატორებს, ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს, 11 სახეობის ვიტამინს, 14 მინერალურ ნივთიერებას და 14 ამინომჟავას. ლეღვი ბლოკავს სიმსივნურ ქსოვილებს და აფერხებს სიბერის პროცესს.
ლეღვის ფოთლის რძე კი საკმაოდ ეფექტური შხამსაწინააღმდეგო ანტიბოიტიკია. დადებითად მოქმედებს მორიელისა და ობობის ნაკბენზე. ასევე სასარგებლოა ხელის თითებზე ამოსული მეჭეჭებისთვის, ლეღვის ფოთლის რძე ნაზად წაისვით იმ ადგილებში, სადაც ნაკბენი ან მეჭეჭი გექნებათ.
მაღალი ტემპერატურის, ანგინის, პირის ღრუსა და ყელის ინფექციების, ბრონქიტის დროს 4-5 ცალი ჩირი დაჭერით, დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, გააგრილეთ, გაწურეთ და მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 4-ჯერ,
ლეღვის ჩირის მიღებას ურჩევენ ადამიანებს, რომელთა პროფესიაც უკავშირდება გონებრივ შრომას, ჩირში შემავალი მიკროელემენტები დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე და ხელს უწყობს დაგროვილი სტრესის მოხსნას.
გაფრთხილება-სამწუხაროდ ამ ბოლო დროს დაიწყეს ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენება გარუჯვის მიზნით, რომელიც იწვევს კანის საფარველის დამწვრობას და ინტოქსიკაციას.
ავტორი: ლალი გოგინავა
„ელკანას“ რჩევები ბიომეურნეებს.
იხილეთ აგრეთვე: ლეღვის ჯიშები, ბაღის გაშენება და მოვლა