ვაშლის ჯიში ანგოლდი (Angold)
წარმოშობა: ჯიში მიღებულია 1993 წელს ჩეხეთის მეხილეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სელექციური პროგრამის (ი. ბლაჟეკი) განხორციელების შედეგად, ჯიშების – A28/39 (ანტონოვკა X თავისუფალი დამტვერვა) და გოლდენ დელიშესის შეჯვარებით.
გავრცელება: საქართველოში შემოტანილია 2010 წელს, ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის (2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ს. ჯიღაურას ექსპერიმენტული ბაზა) მიერ.
მორფოლოგიური დახასიათება: ხე საშუალო ზრდის, გაშლილი განიერპირამიდული ფორმის, განტოტვილი ვარჯით. ტოტების განვითარების კუთხე სწორ კუთხესთან ახლოა (75-800). სანაყოფეტოტები გრძელი, საშუალო დიამეტრის. ფოთლის ფირფიტა საშუალო სიდიდის, გამოხატული საშუალო ზომის წვერით, შეფერვა – მუქი მწვანე, პრიალა ზედაპირით, ფირფიტის კიდის დაკბილვა – მრგვალკბილა. ფოთლის ფირფიტის მდებარეობა ერთწლიანი ნაზარდის მიმართ – დაშვებული. ყუნწი გრძელი, საშუალო სიმსხოსი. ყვავილი საშუალო, გადაშლილი ფორმის, ღია ვარდისფერი გვირგვინის ფურცლებით, რომლებიც ერთმანეთს საშუალოდ ფარავს.
ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფის სიდიდე – საშუალოზე მსხვილი ან მსხვილი (მასა – 205 – 230 გ), მომრგვალო ფორმის, დიდი ზომის – (H72 X D86 მმ). ჯამი – ნაწილობრივ დახურული, მცირედ წახნაგოვანი, ჯამის სიღმე – საშუალო, ჯამის ფოთოლაკები საშუალო ან გრძელი. ძაბრი საშუალო სიღრმის და სიგანის, ოდნავი ჟანგაროთი. ყუნწი სწორი, საშუალო სისქის და გრძელი – 34 – 40მმ. ნაყოფის ძირითადი ფერი მომწვანო-ყვითელი, ზედაპირის 60-65 %-ზე მეტი დაფარულია წითელი ფერის მფარავი შეფერვით. კანი საშუალო სისქის, გლუვი და მკვრივი. რბილობი – ყვითელი ფერის, საშუალოდ მკვრივი კონსისტენციის, წვნიანი, კარგი საგემოვნო თვისებების -მომჟავო, ოდნავი არომატით. სადეგუსტაციო გემოს შეფასების ბალი – 4,6 (5-ბალიანი სისტემით).
მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიერება -12.4-14.5 % (Brix); შაქარი – 11.0-12.6 გ/100გ; ტიტრული მჟავიანობა – 0.44-0.52 %.
ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები
ზრდა და მსხმოიარობა. ჯიში მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-2-3 წელს (საძირე M9). იგი მიეკუთვნება ვაშლის მსხმოიარობის III ჯგუფს. ტოტები ღეროდან გამოდის გაშლილი კუთხით (ახლოს 900), დატოტვა – საშუალო. მოსავლიანობა საშუალოზე მაღალი. კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო მოსავალი შეადგენს 13.5–16,4კგ/ხე (1ჰა-ზე, 3000 ხეზე გადაანგარიშებით, 40.5 – 49.2 ტონას).
დამტვერვა. ჯიში (დიპლოიდურია) საშუალო-საგვიანო პერიოდის მოყვავილეა, თვითსტერილური. (ყვავილობს საკონტროლო ჯიშ გოლდენ დელიშესთან ერთად). ყვავილობის პერიოდი აპრილის მესამე დეკადა – მაისის დასაწყისი (ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში). ოპტიმალური დამამტვერიანებელი ჯიშებია: გალა, გოლდენ დელიშესი.
გამძლეობა მავნებელ-დაავადებების მიმართ. ჯიში მიმღებიანია ნაცრის მიმართ და იმუნურია ქეცის მიმართ.
სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები. მაღალხარისხოვანი სადესერტო მიმართულების, ზამთრის სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ნაყოფი იკრიფება სექტემბრის მესამე დეკადაში (ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში). მოხმარებითი სიმწიფის პერიოდი დგება ოქტომბერ-ნოემბერში. კარგად ინახება სამაცივრო პირობებში (0-100C) აპრილ-მაისამდე. შენახვის დროს ზიანდება კანქვეშა ლაქიანობით (Bitter Pit).
ჯიშის დადებითი თვისებები. კარგი საგემოვნო თვისებების მქონე, ქეცისადმი იმუნური ჯიშია.
ჯიშის უარყოფითი თვისებები. მიმღებიანობა ნაცრის მიმართ.
ზოგადი შეფასება. რეკომენდებულია შეზღუდულად გავრცელებისთვის უპირატესად ორგანული (ბიო) ვაშლის წარმოებისთვის.
ავტორები: ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები
სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.