ფორთოხალი – დარგვა, ბაღის გაშენება, მოვლა

ფორთოხალი, ციტრუსი, დარგვა, ბაღი, გაშენება, მოვლა

ბოტანიკური აღწერილობა

ფორთოხალი (ლათ. Citrus sinensis (L.) Osbeck) – ციტრუსის გვარის ტეგანისებრთა ოჯახის, მრავალწლიანი, მარადმწვანე, საკმაოდ დიდი ხე-მცენარეა, ძლიერ საძირეზე დამყნილი 12 მ-მდე იზრდება, სუსტ საძირეზე – ტრიფოლიატზე დამყნილი ფორთოხლის სიმაღლე 4—6 მეტრამდეა.

ფორთოხლის უდიდესი მწარმოებელია ბრაზილია (აწარმოებს მსოფლიო მოცულობის დაახლოებით 25%-ს). მეორე უდიდესი მწარმოებელია აშშ. ფორთოხალი ფართოდაა გავრცელებული ესპანეთში, იტალიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში.

ფოთოლმცვენი მცენარეებისაგან განსხვავებით ფორთოხალი ფოთლებს მორიგეობით იცვლის მთელი წლის განმავლობაში. იგი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ყვავილობს, მაგრამ ტროპიკულ ქვეყნებში ფორთოხლის ზოგიერთი ჯიში წელიწადში 2-3-ჯერ ყვავილობს.

ვეგეტაციურად ნამრავლი მცენარეები (მყნობით გამრავლებული), ნათესარებთან შედარებით, ადრე იწყებენ მსხმოიარობას. მყნობით მიღებული ნერგები პირველ ნაყოფს მე-4-5 წელს იძლევიან, ხოლო სრულ მსხმოიარობაში მე-8 წელს შედიან. თესლით ნამრავლი მცენარეები მსხმოიარობას იწყებენ მე-10 წელს.

ფორთოხლის ხეების სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სხვადასხვა პირობებზე – კლიმატზე, საძირეზე, აგროტექნიკასა და სხვა ფაქტორებზე, (ნორმალური აგროტექნიკური მოვლის პირობებში, სიცოცხლის ხანგრძლივობა 80-100 წლამდეა), მათი მოსავლიანობა 45 წლამდე მატულობს, ხოლო შემდეგ მცირდება, ფორთოხლის წარმოებითი მნიშვნელობა 40 წელია.

ფორთოხლის ტოტები ეკლიანია ან უეკლო. მათი სიგრძე 2 მ-ს არ აღემატება. ფოთლები -წვრილი, მუქი მწვანე, ყუნწები ვიწრო-ფრთიანი. ნაყოფი მრგვალი ან ოვალური ფორმისაა. მისი კანი ძნელად სცილდება რბილობს.

დამოკიდებულება აგროკლიმატურ ფაქტორებთან

ფორთოხალი სითბოსმოყვარული მცენარეა, ცივ კლიმატურ პირობებში ნაყოფი ვერ ასწრებს მომწიფებას. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ფორთოხლის ვეგეტაცია იწყება, როცა ჰაერის საშ. ტემპერეტურა 10-12°C-ია, ხოლო აქტიური ზრდა 20-25°C-ზე. კრიტიკულ ტემპერატურად ითვლება + 37°C, უფრო მაღალ ტემპერატურაზე ზრდა ჩერდება.

საქართველოში, ღია გრუნტის პირობებში, მას გააჩნია ორი, იშვიათად სამი ზრდის პერიოდი. პირველი პერიოდი იწყება მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში და გრძელდება ივნისის ბოლომდე, ხოლო მე-2 პერიოდი იწყება აგვისტოს დასაწყისში და გრძელდება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.

ფორთოხალი ნაკლებად მომთხოვნია ტენიანობის მიმართ. ნორმალურად ვითარდება როცა ნიადაგის ტენიანობა 75-85%-ია.

ფორთოხალი კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე, ეგუება როგორც მჟავე ისე ტუტე რეაქციის ქვიშნარ და თიხნარ ნიადაგებს, მისი გაშენება არ არის რეკომენდირებული დამლაშებულ ნიადაგებზე.

ქიმიური შემადგენლობა

ნაყოფი შეიცავს: წყალს 78-89%-ს, შაქრებს 5-14%-ს, ორგანულ მჟავებს 0,1-1,5%-ს, უჯრედისს 0,8-0,36%-ს, აზოტოვან ნივთიერებებს 0,6-0,7%-ს და გარდა ამისა, ნაყოფი მდიდარია სხვადასხვა სასარგებლო ვიტამინებით.

წინამორბედი კულტურები

ფორთოხლის პლანტაციის გაშენებისას გასათვალისწინებელია, რომ მისი გაშენება ნაკლებად სასურველია ისეთ ფართობებზე, სადაც წინა წლებში ინტენსიურად იწარმოებოდა ჭარხალი, სტაფილო და ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები.

ფორთოხლისათვის ოპტიმალური წინამორბედი კულტურებია პარკოსანი და მარცვლოვანი სასოფლო-სამეურნეო მცენარეები.

ფორთოხლის ბაღის გაშენება

ნაკვეთის შერჩევა ხდება სახეობების ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, მიკროკლიმატური პირობების გათვალისწინებით: რელიეფის, ზღვის დონიდან სიმაღლის, აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურის, მისი ხანგრძლივობისა და განმეორების პერიოდების, ქარების სიჩქარისა და სხვა ფაქტორების მხედველობაში მიღებით.

საქართველოს სუბტროპიკული ზონისათვის, რომელიც სუბტროპიკული სარტყლის უკიდურეს ჩრდილოეთ საზღვარზე მდებაროებს, პლანტაციების გასაშენებლად შეიძლება გამოყენებული იქნას თბილი მიკრონაკვეთები: ზღვის სანაპირო ზოლიდან 5-8 კმ დაშორებით, ვაკე ან ფერდობები ზღვის დონიდან 100-400 მ სიმაღლემდე.

ტერიტორიის ორგანიზაციისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს რელიეფს. არჩევენ ვაკე და მცირე დაქანების (0-5°), საშუალო დაქანების (5-20°) ფერდობებს, ძლიერ დაქანებული კი 20-30°არ უნდა აღემატებოდეს.

საშუალო დაქანების ნაკვეთებზე (5-20°) ფორთოხლის მცენარეს აშენებენ კონტურულად. ამ შემთხვევაში ეროზიული მოვლენების აცილება შესაძლებელია წყალგამყვანი ტერასებით, რომლებიც ეწყობა ერთიმეორისაგან 20-40 მ დაცილებით იმის მიხედვით, თუ როგორი დაქანება აქვს ნაკვეთს.

მეტი დაქანების ფართობებზე საჭიროა ტერასების ახლო-ახლოს მოწყობა. მაგალითად თუ ნაკვეთის დაქანება 20° უახლოვდება, წყალგამყვან ტერასებს შორის უნდა იქნეს აღებული 20 მ, 5° დაქანების შემთხვევაში კი 40 მეტრი.

ფორთოხლის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 5,5-დან 6,0-მდეა. იმ შემთხვევაში, თუ ფორთოხლის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის ფორთოხლის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება

ფორთოხლის გასაშენებლად არჩევენ ვაკე და მცირე (0-5°), დაქანების ფერდობებს. შერჩეული ნაკვეთები უნდა განთავისუფლდეს ხეებისა და ბუჩქებისაგან, მათი ფესვები ამოიძირკვოს და ნაკვეთის ზედაპირი მოსწორდეს, ჩატარდეს ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევა და ნიადაგის დამუშავება-გაფხვიერება.

ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს საჭირო ორგანული თუ მინერალური სასუქების შეტანა-ჩაკეთება. ნაკვეთებზე ითესება სათოხნი კულტურები, რომელთა ქვეშ ბოლო კულტივაციის დროს წარმოებს სიდერატების თესვა და მათი მწვანე მასის ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე ჩახვნა.

ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება

პლანტაჟის დროს ნიადაგის ქვედა ფენა ზევით ბრუნდება და წლის განმავლობაში სითბოსიცივის, მინერალური და ორგანული ნივთიერებების გავლენით კულტურული ნიადაგის თვისებებს ღებულობს. ქვედა ფენაში მოქცეული ზედა ფენა კი, მცენარეების უკეთ ზრდაგანვითარებას განაპირობებს.

ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფორთოხლის ნერგების დარგვის წინ პარკოსანი კულტურების თესვას. პარკოსან მცენარეებს კულტურულ მდგომარეობაში მოყავს ჩარეცხილი ეწერი და მცირე სისქის ნიადაგები, აუმჯობესებს მათ თვისებებს, ამიტომ, სასურველია ბაღის გაშენებამდე 2-3 წლით ადრე პარკოსანი მცენარეების თესვა და ნიადაგში ჩახვნა.

ფორთოხლის პლანტაციის გასაშენებლად წინასწარ მომზადებულ ნაკვეთებს, ნიადაგის შესაბამისი წესით დამუშავების შემდეგ აგეგმავენ. დასარგავი ორმოების ამოღების ვადები და მათი ზომები დამოკიდებულია ნაკვეთის მომზადების წესზე.

დარგვამდე 2-3 კვირით ადრე, 1 მ. დიამეტრისა და 0,4–0,5 მ. სიღრმის ორმოებს. მანამდე, ამოღებული მიწის ზედა ფენას ურევენ ორგანულ და მინერალურ სასუქებს. მათი დოზები დამოკიდებულია ნიადაგის შედგენილობაზე.

თუ სასუქი ნიადაგის დამუშავებამდე არ იყო შეტანილი, დარგვისას შეაქვთ 10-25 კგ-მდე გადამწვარი ნაკელი ((ნაკელი სწორედ უნდა იყოს შენახული) და 500-800 გ-მდე სუპერფოსფატი.

მძიმე თიხნარ ნიადაგებს უმატებენ 30 კგ ქვიშას, მჟავე ნიადაგებზე კი – კირს. დარგვამდე 2–3 კვირით ადრე ორმოებს ავსებენ მიწის ზედა ფენაში არეული ორგანული სასუქის (20–25 კგ), სუპერფოსფატის (0,6–0,8 კგ), მძიმე ნიადაგებში – 30 კგ–მდე ქვიშის, მჟავე ნიადაგებში კი კირის (8-10 კგ) ნარევით.

დარგვა

ფორთოხლის ნერგებს რგავენ შემოდგომაზე – 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე ან გაზაფხულზე 25 მარტიდან აპრილის ბოლომდე. შემოდგომაზე დარგვა კარგ შედეგს იძლევა განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც თბილი და ხანგრძლივი შემოდგომა იცის.

გაზაფხულზე დარგული მცენარეები კი, სუბტროპიკული რაიონებისათვის დამახასიათებელი გვალვების მავნე მოქმედებას განიცდიან. შემოდგომაზე რგვის უარყოფითი მხარე ის არის, რომ შესაძლებელია გამოზამთრების პირველსავე წელს მცენარე ყინვამ დააზიანოს. ყინვების შემთხვევაში დაზიანდება მიწისზედა ნაწილი, რაც პირველსავე წელს სწრაფად აღდგება.

15-30°-მდე დაქანებულ ფერდობებზე ეწყობა ტერასები. ტერასების მოწყობა აუცილებელია ჰორიზონტალების გამოყოფით. ტერასებს შორის ვარდნის სიმაღლე 20°-მდე დაქანებისას 1,25 მეტრია, ხოლო 20-30°-ის დაქანების ფერდობზე ტერასას შორის სიმაღლეთა სხვაობა 1,5 მეტრი.

ტერასის ვარდნის სიმაღლის მატებასთან ერთად ტერასის სიფართე მცირდება. ტერასებზე მცენარეთა მწკრივების განლაგება ხდება ტერასის კიდიდან ერთი მესამედი მანძილის დაცილებით. მცენარეთა შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 3-3,5 მეტრს, მწკრივთაშორის მანძილი კი 4-5 მეტრს.

ნერგი არ უნდა დაირგოს ღრმად, ან ზერელედ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის მომავალი განვითარებისათვის. ნარგავის ფესვის ყელი 2-3 სმ-ით მაღლა უნდა იქნეს. დარგვის წინ – თუ ნერგი ღია გრუნტშია გამოყვანილი – ფესვებს წინასწარ ამოავლებენ წუნწუხში, ასწორებენ ორმოში დასარგავად და მიწას მოაყრიან, თუ ნერგი პოლიეთილენის პარკებშია გამოყვანილი- დარგვის წინ ფრთხილად შემოაცილებენ აპკს, ნერგს მიწის კომით მოათავსებენ ორმოში შემოაყრიან მიწას, მოტკეპნიან და მორწყავენ, სასურველია მულჩირება.

საჭიროა ახალგაზრდა მცენარე საიმედოდ მივაკრათ ჭიგოს, რადგან აუკვრელი ნერგი ქარის დროს ქანაობს, ფესვები ერყევა და ცუდად ვითარდება.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება

ფორთოხლის განოყიერების სისტემაში პირველი ადგილი უკავიათ ორგანულ სასუქებს. ნიადაგში ორგანული ნივთიერებების სიმცირის დროს ადგილი აქვს ყვავილებისა და ნასკვების ინტენსიურ ჩამოცვენას.

ნარგაობაში ორგანულ სასუქად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მისი ყველა ფორმა: ნაკელი, ბიოჰუმუსი, ტორფკომპოსტები, ტორფფეკალური კომპოსტები და სხვა, რომელთა ნორმები ცვალებადობს მცენარის ასაკისა და ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით.

ორგანული სასუქები საშუალო ნაყოფიერების ნიადაგებზე შეიტანება 2 წელიწადში ერთხელ; მაღალი ნაყოფიერების მქონე ნიადაგებზე ოთხ – წელიწადში ერთხელ. ტემპერატურის

მკვეთრი ცვალებადობის შემცირების, მოსავლიანობის გადიდების, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, ზაფხულში ტენის, ზამთარში სითბოს შენარჩუნების და სხვა მრავალი მიზნით ფართოდ გამოიყენება დამულჩვა მწვანე ორგანული მასით, ტორფით, სიდერატებით, შავი მულჩფირით.

ახალგაზრდა პლანტაციის დამუშავებულ ზოლში, აგრეთვე მსხმოიარე პლანტაციების მწკრივთაშორისებში, სადაც ნიადაგი დაფარული არაა ხის ვარჯით, საჭიროა შემოდგომაზამთრის სიდერატების თესვა 20 ივლისიდან 15 აგვისტომდე.

თუ რაიმე მიზეზის გამო სიდერატები არ დაითესა, მაშინ 1 აგვისტოდან მწკრივთაშორისებში ტოვებენ ბუნებრივ ბალახს, რომელიც ითიბება 30-40 სმ-ის სიმაღლის მიღწევისას. მჟავე რეაქციისა და ჩარეცხილ ნიადაგებზე შემოდგომა-ზამთრის სიდერატებად გამოიყენება: ყვითელი, ლურჯი, თეთრი ხანჭკოლა, ბარდა, ჩიტისფეხა, ხოლო კარბონატული და ტუტე რეაქციის ნიადაგებზე – მუხუდო, ცერცვი, ცერცველა, ცულისპირა.

მწვანე სასუქების მოყვანა ბაღში ეკონომიურადაც გამართლებულია, რადგან ისინი ნაკელისა და ტორფკომპოსტების ანალოგიურ ეფექტს იძლევიან. მწვანე სასუქებთან ერთად კარგია ჩართული იქნეს ბიოჰუმუსი და ბიოკომპოსტები.

ბიოჰუმუსი შეიტანება სამ წელიწადში ერთხელ 15- 20 ტ/ჰა-ზე. ფორთოხლის პლანტაციების გასანოყიერებლად გამოიყენება მინერალური სასუქები, მიკროელემენტები (ბორი, თუთია, მოლიბდენი, სპილენძი და სხვა) აზოტის მიმართ მაღალ მოთხოვნას ფორთოხლის მცენარეები ამჟღავნებენ ყვავილობის დროს.

აზოტის ნაკლებობისას ისინი სუსტად ვითარდებიან, აქვთ დაკნინებული შეხედულება, მცირე ზომის, ღია მწვანე შეფერილობის ფოთლები და ტოტები, შემცირებული აქვთ ყვავილებისა და გამონასკვული ნაყოფების რაოდენობა, ასევე მომავალი წლის სანაყოფე კვირტების ჩასახვა.

აზოტით ცალმხრივი ჭარბი კვება იწვევს მცენარის გაძლიერებულ ზრდას, ფაშარი ქსოვილების მქონე დიდი ზომის ფოთლებისა და მოუმწიფებელ და უნაყოფო, ე.წ. “სანთელა” ყლორტების განვითარებას, რაც მათი ყინვის, დაავადებების, ავადმყოფობების და მავნებელთა მიმართ გამძლეობის შესუსტებას იწვევს, მცირდება ნაყოფმსხმოიარობაც.

განვითრებული ნაყოფები ნარინჯისფერის მაგივრად მწვანეა და უხარისხო, ადვილად ლპება. ფოსფორის სიმცირე აფერხებს ზრდა-განვითარებას, ყვავილობასა და ნაყოფმსხმოიარობას.

მცენარე ივითარებს მცირე ზომის მუქ-მწვანე ფოთლებს. ამ ელემენტის ძლიერი დეფიციტის პირობებში ყლორტის ქვედა ნაწილში წარმოქმნილი ფოთლები იღებენ ალისფერ შეფერილობას, შემდგომში ფოთოლი მთლიანად ხმება და ცვივა. მკვეთრად მცირდება ან საერთოდ ჩერდება რეპროდუქციული ორგანოების წარმოქმნა, განვითარებული ყვავილები ნაადრევად ცვივა.

კალიუმის სიმცირის შემთხვევაში მცენარეები ივითარებენ დიდი რაოდენობით წვრილ ფოთლებს, რომლებზეც შეინიშნება სიმპტომი “კიდეების სიდამწვრე”. განვითარებული ნაყოფები წვრილია, თხელი და სრიალა კანით, მუქი ფერის ლაქებით. მინიმუმამდე ეცემა, მოსავალი, უარესდება ნაყოფების ხარისხი.

ფორთოხლის ორგანული და მინერალური სასუქებით გამოკვების სქემა

ფორთოხალი

კალიუმიანი და ფოსფორიანი სასუქები შეიძლება შევიტანოთ ნარევის სახით შესაბამისი დოზებით. შერევის წინ გოროხები კარგად უნდა დაიფხვნას. აზოტიანი სასუქები შეაქვთ ცალკე, პირველად ნორმის 60% გადაბარვისთანავე, მეორედ – ნორმის 40% ყვავილობის შემდეგ 15 ივნისამდე. მინერალური სასუქები შეაქვთ მობნევით. ნაკელი, ტორფნაკელიანი მინერალური სასუქების კომპოსტი, ფოსფორი და კალიუმის მარილი შეაქვთ ნიადაგის გადაბარვისთანავე.

სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით.

ფორთოხლის ტენით უზრუნველყოფა

ფორთოხლის მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე.

ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ფორთოხალი ვერ ეგუება ტენის ნაკლებობას, მისთვის აუცილებელია რომ ნიადაგში შენარჩუნებული იქნას 60%-მდე ტენიანობა, ამიტომ აუცილებელია შეფარდებითი ტენიანობის ამაღლება, რისთვისაც ზაფხულში, ყვავილების წარმოქმნისას და ნასკვების განვითარებისას აუცილებელია და მაღალეფექტურია დაწვიმებითი, გამაგრილებელი და წვეთობრივი მორწყვა.

იქ, სადაც მორწყვის გამოყენებისათვის პირობები არ არსებობს, გვალვების პერიოდში ციტრუსოვანთა ბაღებში რეკომენდირებულია ორგანული და მცენარეული მულჩის გამოყენება და ნიადაგის ფხვიერ მდგომარეობაში ყოფნა.

მოსავლის აღება-შენახვა

საქართველოს სუბტროპიკებში ფორთოხლის ნაყოფები გვიან მწიფდება, ყველაზე ადრეული ჯიშები – მხოლოდ დეკემბერში. ნაყოფებს ტოვებენ ხეზე, რაც შეიძლება ხანგრძლივად (წაყინვების დაწყებამდე), უკეთ დასამწიფებლად.

სიმწიფის ნიშანი კანის სრული გაყვითლებაა. ნაყოფები იკრიფება შერჩევითად. დახარისხებულ ნაყოფებს აკალიბრებენ ზომების მიხედვით (განივკვეთში დიამეტრის მიხედვით) 5 ჯგუფად: 1) 77მმ და მეტი, 2) 77-71მმ, 3) 71-63მმ, 4) 63-55მმ, 5) 55-50მმ. ნაყოფებს აწყობენ ყუთებში მჭიდროდ, დაწოლის გარეშე.

სხვა მოვლითი სამუშაოები

დამულჩვა

მოსავლიანობის დამულჩვით გადიდების ეფექტურ საშუალებას დიდი ხანია იცნობენ სოფლის მეურნეობაში, თუმცა იგი ფართოდ არ გამოიყენება. დადგენილია, რომ დამულჩვის შემდეგ აღარ არის საჭირო ნიადაგის ოთხჯერადი გათოხნა, ვინაიდან მას უკვე შენარჩუნებული აქვს საკმარისი ტენი და შესაბამისი ტემპერატურა.

ამ პირობებში მცენარე გაცილებით მეტ ნასკვს ინარჩუნებს და მოსავლის ნამატი 30%-ს აღწევს. დამტკიცებულია, რომ დამულჩვა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ნიადაგის ჩვეულებრივი მოვლა.

ცნობილია, რომ ზაფხულის გვალვა ფორთოხლის ნარგაობათა განვითარებას აფერხებს, შემოდგომაზე ტენიანობის მომატება კი აძლიერებს მცენარეთა ზრდას. სწორედ ეს გარემოება წარმოადგენს ციტრუსოვანთა ყინვაგამძლეობის შესუსტების ერთ-ერთ მიზეზს.

მცენარეები თბილი შემოდგომის შემდეგ, ზამთარში ზიანდებიან. მაშასადამე, მულჩი არეგულირებს ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, ამცირებს მის ამპლიტუდას, ზაფხულში ინახავს ტენს, ნარგავი ზომიერად და რიტმულად ღებულობს წყალს, ნორმალურად ვითარდება. თუ იგი საღი და ძლიერია, არახელსაყრელ პირობებს ადვილად იტანს.

მულჩმასალად გამოიყენება მწვანე ორგანული მასა, ტორფი, ტოლი, სიდე-რატები და შავი პოლიეთილენის აფსკი. აპრილ-მაისში პოლიეთილენის აფსკით დამულჩულ ნიადაგში 5-20 სმ – ის სიღრმეზე ტემპერატურა 2,8 გრადუსით იმატებს.

სხვლა–ფორმირება

ფორმირებას იწყებენ სანერგეში ნერგების გამოყვანისას და აგრძელებენ პირველი 3-4 წლის განმავლობაში პლანტაციის გაშენების შემდეგ. ვარჯის სიმეჩხერისას გაშიშვლებულ ადგილებში ტოვებენ განვითარებულ ტოტებს და მოზვერა ყლორტებს.

აშორებენ მხოლოდ გამხმარ და მოტეხილ, ყინვებისაგან დაზიანებულ ტოტებს, რომლებსაც სხლავენ ჯანსაღი ადგილიდან 1-2 სმ–ით ქვემოთ. გამოჩენის მიხედვით აცლიან საძირის ამონაყარს.

ტანი და მსხვილი ტოტები იწმინდება ხავსის, ლიქენებისა და გამხმარი ქერქისაგან. ჭრილობებს უსვავენ ბაღის საგოზავს ან ბიტუმის მალამოს. ნაგალა ჯიშები განსაკუთრებულ ფორმირებას არ საჭიროებს. პირველ წლებში პლანტაციაში შესაბამისი წაწყვეტების გზით გამოყავთ მეორე რიგის ტოტები. შემდგომში აცილებენ დაავადებულ, დაზიანებულ ტოტებს, ან ზედმეტად შეხშირებულ ვარჯს.

ფორთოხლის სწორად ჩამოყალიბებულ ნერგს უნდა ჰქონდეს შტამბი არა ნაკლებ 20-25 მმ სისქის, ხოლო ხეს 1-4 რიგის დატოტვიანების ჩონჩხის ტოტები.

მიმდინარე გასხვლას ატარებენ ყოველწლიურად გაზაფხულზე ზრდის დაწყების წინ (აშორებენ ხმელ და ვარჯის შეხშირებულ ტოტებს). ვარჯის გაახალგაზრდავებისას ტოვებენ მე–4-5 რიგის ჩონჩხის ტოტებს, რაც იძლევა ნაყოფების მოსავლის ადრე მიღების საშუალებას.

გასხვლა არეგულირებს მეწლეულობას. როგორც წესი უხვი მსხმოიარეობის დროს მცენარეზე ახალგაზრდა ყლორტები არ წარმოიქმნება ან, უმნიშვნელო რაოდენობით ვითარდება, რის გამოც მომდევნო წელს ვღებულობთ მცირე რაოდენობის მოსავალს და ადგილი აქვს დიდი რაოდენობის ნაზარდების წარმოქმნას, მომდევნო წლებში კი უხვმოსავლიანობის საფუძველია.

სწორმა გასხვლამ შესაძლოა 30–35%–ით გაზარდოს მსხმოიარობა და შეამციროს მეწლეულობა, რისთვისაც ფორთოხლის ხეს უნდა შეუმცირდეს გასული წლის ნაზრდების გარკვეული რაოდენობა, დაბალი მოსავლიანობის წლის შემდეგ. ე.ი მოსალოდნელი მაღალი მოსავლის წლის გაზაფხულზე.

ფორთოხლის ყინვებისაგან დაცვის ღონისძიებები

სუბტროპიკული ხეხილოვნებიდან განსაკუთრებით დაბალი ყინვაგამძლეობით გა-მოირჩევიან ციტრუსები, მათ შორის ფორთოხალი, მათი ყინვაგამძლეობა არ წარმოადგენს მყარ სიდიდეს, იგი იცვლება სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედებით.

ეს ფაქტორები ან პირობები შეიძლება სამ ძირითად ჯგუფად დაიყოს: ბიოლოგიური, ეკოლოგიური და აგროტექნიკური.

ბიოლოგიურ პირობებს მიეკუთვნება მცენარის სახეობრივი და ჯიშობრივი თავისებურებანი: ასაკი, საძირე, ზრდა, გამოწრთობა და სხვა. ეკოლოგიურს მიეკუთვნება: ყინვების სიმკაცრე და ხასიათი, ყინვის წინა და შემდგომი პერიოდის ამინდები, სინათლე, სითბო, ტენიანობა, ქარი, ნიადაგი და სხვა.

აგროტექნიკურს მიეკუთვნება: ადგილის შერჩევა და ფართობის ათვისების წესი, ქარსაფარი ზოლების მოწყობა, განლა-გება, მოვლითი აგროტექნიკის ხასიათი, დონე და სხვა. მნიშვნელოვანია შემოდგომის პერიოდში ვეგეტაციის ადრე შეწყვეტა და გამოწრთობა.

მცენარეთა ყინვაგამძლეობის ღონისძიებებს – ყინვებისაგან დაცვის ღონისძიებებს ყოფენ ორ ჯგუფად: არაპირდაპირ და პირდაპირ ღონისძიებებად. არაპირდაპირს მიეკუთვნება ყველა ის ღონისძიება, რომლებიც მიმართულია მცენარეთა ყინვაგამძლეობის უნარის გადიდებისაკენ, მაგალითად: კულტურათა სწორი დარაიონება და გაადგილება, გართხმული ფორმის გამოყენება, შემჭიდროებული ნარგაობა, ყინვაგამძლე საძირეზე მყნობა, საშემოდგომო სიდერატების თესვა, დამულჩვა, მორწყვა, ზრდის პროცესების რეგულირება, ნაზარდების წაჩქმეტა, მავნებლებისა და ავადმყოფობათა წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა და სხვა.

ყინვებისაგან დაცვის პირდაპირ ღონისძიებებს წარმოადგენს საზამთროდ მიწის შემოყრა, ინდივიდუალური და ჯგუფური შეფუთვა და ღია გათბობა. მიწის შემოყრა შეიძლება ფესვის ყელიდან 30-35 სმ-სიმაღლეზე 10 წლამდე ფორთოხალზე.

მიწის შემოყრის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მკაცრი ყინვების დროს შეიძლება დაიღუპოს მიწის ზევით დარჩენილი ნაწილი, ხოლო დაუზიანებელი დარჩეს მიწით დაფარული ნაწილი, საიდანაც შესაძლებელია მცენარის სწრაფი აღდგენა.

მიწის შემოყრა წარმოებს ნოემბრის მეორე ნახევარში, არაუგვიანეს 1 დეკემბრისა. ამისათვის მცენარეს უნდა გაუკეთდეს დეზინფექცია 3%-იანი ბორდოს ხსნარით. შემოსაყრელი მიწა უნდა იყოს სუფთა, ზომიერად ტენიანი. მიწის შემოცლა წარმოებს არაუგვიანეს 1 აპრილისა.

ნარგავების შეფუთვას ინდივიდუალურად მიმართავენ 3 წლის ასაკამდე. ასევე, გართხმული ფორმის ლიმონს გადახურავენ სამფენა დოლბანდით ან ქსოვილ „ციტრუსით“. ამისათვის აკეთებენ სპეციალურ თაღებს.

ქარსაფარი ზოლების მოწყობა

სუბტროპიკულ რაიონებში აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულების გაბატონებულ ქარებს მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის. აღმოსავლეთის ქარები ნიადაგიდან და მცენარეებიდან წყლის აორთქლებას აძლიერებს, ამცირებს ჰაერის შეფარდებით ტენიანობას, ნარგავებს აზიანებს მექანიკურად, ხოლო დასავლეთის ქარებს მოაქვს ციტრუსოვანი კულტურებისათვის მეტად საზიანო ყინვები. ყოველივე ეს მცენარეების ზრდა-განვითარებასა და მოსავლიანობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ქარსაფარი ზოლები შეიძლება იყოს: ა) მჭიდრო მთელ პროფილზე, ბ) მჭიდრო ზემოთ, მეჩხერი ქვედა ნაწილში, გ) მეჩხერი მთელ პროფილზე (აჟურული) და დ) მეჩხერი ზემო ნაწილში და მჭიდრო ქვემოთ.

წარმოების მონაცემებით საუკეთესოა აჟურული ტიპის საფარი ზოლი, რადგან მასში გავლილი ქარი ძალას კარგავს და ბაღებში მეტად შესუსტებული აღწევს. მჭიდრო ზოლებში კი ქარებისაგან მოტანილი ჰაერის მასა გადაიტყორცნება განსაზღვრულ მანძილზე და ბაღებში ძალით იჭრება.

ზოლებს შორის მანძილი დამოკიდებული ქარსაცავის სიმაღლეზე. იგი ქარსაფარ მცენარეთა სიმაღლეს 8-10 ჯერ უნდა აღემატებოდეს. მათი სიმაღლე ხშირად 10-15 მ-ს აღწევს. აქედან გამომდინარე ზოლებიც ერთიმეორისაგან 80-150 მეტრის დაცილებით ეწყობა.

ქარსაფარი შენდება ზოლად, ჭადრაკული წესით. მწკრივებს შორის დაშორება 2-4 მ, მწკრივებში მცენარეთა დაშორება კი ორი მეტრი უნდა იყოს, ეს დამოკიდებულია ნარგავების სახეობებსა და ნიადაგობრივ პირობებზე. არ უნდა დარჩეს ქარის გასასვლელი ღია ადგილები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჭიროა ცივი ჰაერის აცილება.

პლანტაციების დასაცავად საჭიროა ფოთლოვანი ან წიწვოვანი ხეების იმ ჯიშების შერჩევა, რომლებიც ქარების მიმართ გამძლეობითა და სწრაფი ზრდით ხასიათდებიან. ესენია, ფოთლოვნებიდან: ევკალიპტი, აკაცია, ალვის ხე, ჭადარი, ვერხვი და სხვა. წიწვოვნებიდან: იაპონური კრიპტომერია, კვიპაროსები (ლავზონის, პირამიდული, ჭაობის), სექვოია, დუგლასის სოჭი. ფოთლოვნებთან ერთად შეიძლება იტალიური სოჭის გამოყენება.

ფორთოხლის წარმოების აგროტექნოლოგია

შემდგენლები:

როლანდ კოპალიანი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
ავთანდილ მესხიძე – ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
მზიური გაბაიძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

მომზადებულია USAID/REAP პროექტის ფარგლებში.

თქვენი რეკლამა