უზბეკეთის ჯიზახის რეგიონში, BMB ZA’FARON-ის ზაფრანის პლანტაციების ფართობმა 900 ჰექტარს მიაღწია.
კომპანია BMB ZAFARON Holding უზბეკეთის ჯიზახის რეგიონში ზაფრანას პლანტაციების გაფართოებას აგრძელებს. წინა სეზონის ბოლოს ზაფრანას კულტივაციის ფართობი 700-დან 820 ჰექტრამდე გაიზრდა.
ზაფრანას წარმოებისა და გადამუშავების პროექტი, რომელსაც BMB HOLDING იტალიურ კომპანია FIN.OPERA SRL-თან პარტნიორობით ახორციელებს, უზბეკეთის სოფლის მეურნეობის სექტორში, ექსპორტზე ორიენტირებული, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების სექტორის განვითარების საუკეთესო მაგალითია.
Dunyo-ს ცნობით, პროექტის 400 ჰექტარზე სამუშაოებს უზბეკეთ-იტალიური ერთობლივი საწარმო BMB-OPERA ZAFFERANO ახორციელებს, ხოლო დარჩენილ 420 ჰექტარზე – BMB SHIFO.
შემდეგი ეტაპის ფარგლებში, პლანტაციის ფართობი 820-დან 900 ჰექტრამდე გაიზარდა.
პროექტი თანმიმდევრულად ხორციელდება, ზაფრანას პლანტაციების 2000 ჰექტრამდე გაფართოების მიზნების შესაბამისად. პროექტის საერთო ღირებულება 120 მილიონი ევროა, მათ შორის 70 მილიონი ევრო უცხოური ინვესტიციებია, 37 მილიონი ევრო კი BMB HOLDING-ის ფინანსები და 13 მილიონი ევრო სესხი.
დღეისათვის, 84.6 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა და 2 ჰექტარზე თანამედროვე საწარმოო ობიექტი ამოქმედდა. ობიექტი აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს გაშრობის, გადამუშავების, შეფუთვისა და ეთერზეთების წარმოების თვალსაზრისით.
წყლის რესურსების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, პოლონელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით დანერგილია ჰიდროგელის წარმოების ტექნოლოგია „AgroNanoGel Basic“, რომელიც წყლის მოხმარებას 40-45%-ით ამცირებს. პლანტაციაში ასევე დამონტაჟდა მზის პანელების გამოყენებით „მწვანე ენერგიის“ სისტემა.

ამჟამად, პროდუქცია ექსპორტზე გადის იტალიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, აშშ-ში, საუდის არაბეთში და სხვა ქვეყნებში.

