ნიადაგი
ქლიავი (ლათ. Prunus domestica) კარგად ეგუება სხვადასხვა ტიპის ნიადაგებს. მძიმე მექანიკური ნიადაგებიდან – თიხნარებიდან ქვიშნარ ნიადაგემდე. ადაპტურია ნიადაგის მაღალი კარბონატობისა და გრუნტის წყლების დგომის მაღალ დონის მიმართ.
ნიადაგის მიმართ მოთხოვნილება ასევე დაკავშირებულია იმ საძირეების ფესვთა სისტემის თავისებურებებთან, რომლებიც გამოიყენება ქლიავის ჯიშებისათვის.
ტემპერატურული რეჟიმი
ქლიავი სხვა კურკოვნებთან შედარებით სინათლის მიმართ ნაკლებად მომთხოვნია. ნაყოფების მომწიფებისათვის საჭიროა აქტიურ ტემპერატურათა მინიმალური ჯამი 1800–20000C. ქლიავი ვეგეტაციას იწყებს 6–70C-ზე, ხოლო ყვავილობას 9-100C. გაზაფხულის წაყინვებს –3–50C შეუძლია დააზიანოს ახალგაზრდა ფოთლები და ყვავილები.
ჯიშების ყინვაგამძლეობა დამოკიდებულია ჯიშებზე და მერყეობს –25–350C.
ნალექები
ქლიავის კულტურა ტენის მიმართ საკმაოდ მომთხოვნია. კარგად ხარობს იმ რეგიონებში, სადაც ბუნებრივი ნალექები ჭარბადაა (750- 1000მმ) და ბაღები უზურნველყოფილია სარწყავი სისტემით.
მავნებელ-დაავადებები
ქლიავის კულტურის მავნებლებია: ბუგრები, ტკიპები, ნაყოფჭამიები, ცხვირგრძელები, ფოთოლხვევიები და სხვა, რომლებიც აზიანებენ მცენარის ნაყოფებს და ვეგეტაციურ ნაწილებს. ქლიავის ჯიშები ყველაზე ხშირად ავადდება შემდეგი დაავადებებით – მონილიოზით, კლასტეროსპოროზით, ნაცრით და სხვ.
იხილეთ აგრეთვე: ქლიავის წარმოების აგროტექნოლოგია
ბიოლოგიური თავისებურებები
ზრდა და მსხმოიარობა
ქლიავი ახალგაზრდა ასაკში ძლიერ იზრდება, სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ ზრდას ანელებს. სამრეწველო ბაღის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა 20 -30 წელს შეადგენს.
ზრდის და მსხმოიარობის თავისებურებების მიხედვით გამოყოფენ ქლიავის ჯიშების შემდეგ ჯგუფებს:
I ჯგუფი – შინაური ქლიავის ჯიშები, რომლებიც ხასიათდებიან ყლორტების წარმოქმნის კარგი უნარით, ძლიერი განტოტვით და კვირტების გაღვიძების საშუალო უნარით. ამის გამო ხშირია ვარჯის ჩახშირება, განსაკუთრებით მსხმოიარობის დაწყებისას. ამიტომ საჭიროა მსხმოიარობის პერიოდში ჩატარდეს ვარჯის გამოხშირვა და არა ტოტების დამოკლება.
II ჯგუფი – შინაური ქლიავების ჯიშები, რომლებიც ხასიათდებიან განტოტვებისა და ყლორტების წარმოქმნის სუსტი უნარით და კვირტების გაღვიძების კარგი უნარით. მათი ვარჯი მეჩხერია, ჩონჩხის და ნახევრად ჩონჩხის ტოტების შეზრდა მტკიცე, ამიტომ მათზე გამოხშირვის წარმოება საჭირო არ არის. აწარმოებენ ძლიერი ერთწლიანი ტოტების რეგულარულად დამოკლებას.
III ჯგუფი – გაერთიანებულია შინაური ქლიავის ის ჯიშები, რომლებიც ხასიათდებიან განტოტვის, ყლორტების წარმოქმნის და კვიტების გაღვიძების საშუალო უნარით. ეს ჯიშები ვარჯის არეში მცირე რაოდენობით ყლორტებს ივითარებენ, ადრე შიშვლდებიან და მსხმოიარობა გადაინაცვლებს პერიფერიებისაკენ. ამიტომ საჭიროა გასხვლის საშუალებით გამოვიწვიოთ ვარჯის შიდა ნაწილში სანაყოფე ტოტების წარმოქმნა. უკეთესია მეჩხერსართულიანი ვარჯის ფორმირების წესის გამოყენება.
იხილეთ აგრეთვე: ქლიავის სხვლა-ფორმირება (ვიდეორჩევა)
დამტვერვა
შინაური ქლიავის ჯიშების დამტვერვა არაერთგვაროვანია. ჯიშებს შორის გვხვდება თვითფერტილური, ნაწილობრივ თვითფერტილური და თვითსტერილური ჯიშები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნაყოფის გამონასკვის პროცენტი, გაცილებით მაღალია ჯვარედინი დამტვერვის დროს.
სიმწიფის პერიოდი და მოსავალი
კურკოვან კულტურათა შორის სიმწიფის პერიოდის ხანგრძლივობის და პროდუქტიულობის მიხედვით ქლიავს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ქლიავის ჯიშების სიმწიფის და შესაბამისად კრეფის ვადები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. იგი იწყება ივლისის დასაწყისიდან (იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი) და გრძელდება სექტემბრის დასასრულამდე (შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე ჯავახეთი.). საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში შეადგენს 15 – 20 ტ/ჰა, ხოლო ინტენსიურ ბაღებში 25- 30 ტონა/ჰა – მდე აღწევს.
ავტორები: ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.