კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება
ქლიავი უძველესი დროიდან გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ყველა მხარეში. იგი ყოველ წელს მსხმოიარობს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორის ზეგავლენით მეწლეობაში ჩავარდება.
დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. ქლიავი არის სინათლის, სითბოს და ტენის მოყვარული, ყინვაგამძლე კულტურა – იგი იტანს -250C –მდე ყინვას.
მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვა ხილთან (ვაშლი, მსხალი) შედარებით დაბალია. ხოლო საწარმოო ციკლში ქლიავის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 20-35 წელი.
ქლიავის წარმოებისათვის ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა არის 60-65%-ის ფარგლებში, ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა კი 70-80%-ია. ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია (pH) ქლიავისათვის 6,0-დან 7,0- მდეა. კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი ქლიავისთვის იწყება -260C -დან, ხოლო კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი არის 40-420C.
განათებისადმი მომთხოვნია და საჭიროებს კარგად განათებულ ადგილებს.
ქიმიური შემადგენლობა. ნაყოფი მდიდარია B და PP ვიტამინებით, რომელიც არის ნერვული სისტემის გამაჯანსაღებელი. ქლიავი ასევე შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს, რკინას და სპილენძს ქლიავის ნაყოფი გამოიყენება როგორც ნედლად, ასევე გადამუშავების მიზნითაც.
კულტურის ზოგადი დახასიათება
ზოგიერთი გავრცელებული ჯიში
სტენლი – შავი ქლიავის ტიპის, მუქი ლურჯი, საშუალო-დიდი ზომის, უნივერსალური მოხმარების. სიმწიფის პერიოდი: აგვისტოს მეორე ნახევარი – სექტემბერი.
პრეზიდენტი – შავი ქლიავის ტიპის, მსხვილი, ლურჯი-წითელი ფერის. განკუთვნილია უმთავრესად ნედლად მოხმარებისთვის. სიმწიფის პერიოდი: ივლისის მეორე ნახევარი-აგვისტო
ანჯელენო – შავი ქლიავის ტიპის, მუქი ლურჯი, დიდი ზომის, განკუთვნილია უპირატესად ნედლად მოხმარებისთვის. სიმწიფის პერიოდი: სექტემბერი.
ემპრესი – შავი ქლიავის ტიპის, მუქი ლურჯი, დიდი ზომის, უპირატესად ნედლად მოხმარებისთვის. სიმწიფის პერიოდი: აგვისტოს მეორე ნახევარი – სექტემბერი.
ადგილი თესლბრუნვაში
ქლიავის ბაღის გაშენებისას გასათვალისწინებელია, რომ მისი გაშენება ნაკლებად სასურველია ისეთ ფართობებზე, სადაც წინა წლებში ინტენსიურად იწარმოებოდა ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები.
ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა
რელიეფი და ნიადაგის არე (pH). ქლიავის ბაღის გასაშენებლად საჭიროა შერჩეული იქნას ქარებისაგან დაცული ადგილი, ან მსგავსი პირობის არარსებობის შემთხვევაში საჭიროა მოხდეს სპეციალური ქარსაცავი ზოლების გაშენება.
ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ სამხრეთის ფერდობები უფრო თბილია და ამიტომ ბაღის გაშენება რეკომენდებულია სამხრეთის ან სამხრეთ-დასავლეთი მხარეს არსებულ ფერდობებზე. ამავე დროს, ნიადაგი უნდა იყოს სტრუქტურული, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კარგი ჰაერაციის და წყალგამტარი.
ქლიავის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 6,0-დან 7,0-მდეა. იმ შემთხვევაში, თუ ქლიავის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის ქლიავის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.
ნიადაგის ძირითადი დამუშავება
ნიადაგის დამუშავება ქლიავის ბაღში. ქლიავის ბაღში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ხეების გარშემო სარეველა ბალახების განვითარება.
თავდაპირველად, ახალგაზრდა ხეხილის ბაღში ე.წ. „შავი ანეული“ არის ნიადაგის მოვლის ყველაზე რეკომენდირებული წესი. ამ დროს შემოდგომაზე ბაღში შეაქვთ ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების რეკომენდირებული ნორმები და ხდება ბაღის მოხვნა.
ვეგეტაციის პერიოდში კი ჩატარდება 4-5-ჯერადი კულტივაცია. ასეთ მდგომარეობაში ნიადაგი შესაძლებელია იყოს 6-8 წლის მანძილზე, შემდეგ კი აუცილებელია ბაღში ნიადაგის ხანმოკლე დაკორდება, მრავალწლიანი ბალახებით.
ამ მიზნისათვის საუკეთესო ვარიანტია სიდერატების (მწვანე სასუქი) თესვა. სიდერატებად გამოიყენება ბარდა, ხანჭკოლა, ცულისპირა, ცერცვი, სოია. მათი თესვა ხდება შემოდგომაზე, ჩახვნა კი გაზაფხულზე ყვავილებისა და პარკების ფორმირებისას.
ქლიავის ბაღის გასაშებელი ნიადაგის დამუშავება
ნიადაგის მომზადება ბაღის გასაშენებლად. თავდაპირველად, საჭიროა საპლანტაჟე, ან ნახევრად საპლანტაჟე ხვნის ჩატარება საბაღე ნაკვეთზე. საპლანტაჟო ხვნა ტარდება 60-80 სმ. სიღრმეზე, ხოლო ნახევრად საპლანტაჟო ხვნა უნდა ჩატარდეს 40-60 სმ. სიღრმეზე.
იმავე წლის შემოდგომის ბოლო პერიოდში, ან მომდევნო წლის გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს საბაღე ნაკვეთის გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით და შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერება. ამ სამუშაოების შემდეგ კი საჭიროა ნაკვეთის ფრეზირება როტაციული კულტივატორით.
თუ ქლიავის ბაღის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა ქლიავი, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა ქლიავის ახალი ბაღის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების გავრცელების რისკები.
ქლიავის ბაღის გაშენება
დასარგავი ორმო. ნერგის დასარგავად, საჭიროა მომზადდეს ორმოები, რომელთაც ექნებათ 40 სმ. სიგანე, 30 სმ. სიგრძე და 40 სმ სიღრმე. ნერგი. ნერგი უნდა იყოს ჯანსაღი, დაუზიანებელი ფესვთა სისტემით და კარგად შეხორცებული ნამყენი ადგილით.
დარგვის სქემები:
• ძლიერ საძირეებზე (ტყემლის ნათესარი) დამყნილი ნერგები – რიგთაშორის 6-7 მეტრი, მცენარეებს შორის – 4-5 მეტრი;
• საშუალოდ-ძლიერი ზრდის საძირეებზე (მირ 29 C) — რიგთაშორის 5-6 მეტრი, მცენარეებს შორის – 3-4 მეტრი;
• საშუალო ზრდის საძირეებზე (იშტარა) – რიგთაშორის 5 მეტრი და მცენარეებს შორის 2,5-3 მეტრი (ამ საძირეებისათვის აუცილებელია საყრდენი სისტემა).
დარგვის დრო
შემოდგომა, ფოთოლცვენის დამთავრებისთანავე ყინვების დაწყებამდე. ან ადრე გაზაფხული.
დარგვის წესი
დარგვისას ნერგის ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ. სიმაღლეზე.
ნიადაგის განოყიერება დარგვისას
სასუქები შეაქვთ ორმოებში. ამ დროს ორმოს ფსკერზე იყრება აზოტის, კალიუმის და ფოსფორის შემცველი სასუქები, თითოეული მათგანი საშუალოდ 30-50 გრამის ოდენობით. ორმოში სასუქის ჩაყრის შემდეგ, აუცილებელია სასუქის 5-10 სმ. სისქის მიწით დაფარვა.
გარდა ამისა, დარგვისას ნერგისათვის შემოსაყრელ მიწას უნდა შეერიოს 10-15 კგ. გადამწვარი ნაკელი. ეს ოპერაცია (ნაკელის შეტანა) საჭიროა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პლანტაჟის დროს არ იქნა ნაკელი შეტანილი. პლანტაჟის დროს კი საჭიროა 30-40 ტონა ნაკელის შეტანა ერთ ჰექტარზე.
ნიადაგის ამ სახით განოყიერების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდა ბაღში არ არის საჭირო ნაკელის და მინერალური (ფოსფორიანი და კალიუმიანი) სასუქების გამოყენება. გამოიყენება მხოლოდ აზოტიანი სასუქები ყოველწლიურად ადრე გაზაფხულზე.
სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით.
ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება
ქლიავის განოყიერების საორიენტაციო სისტემა. ზოგადი ინფორმაცია: რეკომენდებულია განოყიერება ჩატარდეს ნიადაგის და ფოთლის ანალიზის და ნიადაგის აგრიქიმიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით.
ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:
• N—2,4-3,2 (%/მშრალ ნივთიერებაზე);
• P—0,15-0,22 (%/მშრალ ნივთიერებაზე);
• K—1,9-2,3 (%/მშრალ ნივთიერებაზე);
• Mg —0,27-0,70 (%/მშრალ ნივთიერებაზე);
• Ca —1,5-2,5 (%/მშრალ ნივთიერებაზე).
განოყიერების საორიენტაციო სქემა
სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით.
ქლიავის ტენით უზრუნველყოფა
მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ნიადაგის ტენიანობაზე. ზოგადად, ნაყოფის განვითარების ფაზების გათვალისწინებით, საშუალოდ: წვეთოვანი მორწყვით — 15-20-ჯერ/სეზონის განმავლობაში, მოღვარვით მორწყვით — 4-5-ჯერ/სეზონის განმავლობაში.
მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე: 60 – 80 მ3/წვეთოვანი მორწყვა, 500 – 700 მ3 მოღვარვით ან კვალში მიშვებით მორწყვა.
ტენზე მოთხოვნის მაქსიმუმი: ყვავილობის დასასრული, ნაყოფების დამსხვილება.
მოსავლის აღება-შენახვა
ქლიავის კრეფის პერიოდი დგება მაშინ, როდესაც იგი მიაღწევს ჯიშისათვის დამახასიათებელ ზომას, შეფერვას და ყუნწი ადვილად სცილდება ნაყოფსაჯდომს, ასეთ სტადიაში მოკრეფილ ნაყოფს ახასიათებს ჯიშისათვის დამახასიათებელი გემო, არომატი და კონსისტენცია.
ქლიავის ჯიშების საკრეფი და მოსახმარი სიმწიფე თითქმის ერთდროულად დგება. ქლიავის ნაყოფის მოკრეფის ვადა დამოკიდებულია მოსავლის დანიშნულებაზე. თუ ნაყოფი ნედლად მოიხმარება და გათვალისწინებულია ტრანსპორტირებისათვის, ქლიავს კრეფენ 3-6 დღით ადრე, მოხმარების სიმწიფის დადგომამდე.
ქლიავის მოკრეფა ხორციელდება დღის პირველ ნახევარში, ნაყოფის მოკრეფის შედგომ სასურველია რომ მოხდეს მსოავლის წინასწარი გაცივება.
ქლიავის შენახვისათის ოპტიმალური ჰაერის ტენიანობაა 90-95%, შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა: 0-10C. ხოლო შენახვის ვადა მოცემულ პირობებში 20-60 დღეს შეადგენს.
სხვლა-ფორმირება
ქლიავის გასხვლისათვის უმთავრესად გამოიყენება ჯამისებური და ცენტრალურ-ლიდერული ფორმირება, ზოგჯერ – შპინდელი.
ქლიავის მცენარე ლიდერული წესის დროს ფორმირება შემდეგნაირად ხდება: გამოყოფენ ლიდერ-ცენტრალურ ტოტს, მას აცილებენ ან ამოკლებენ გვერდითა ანუ კონკურენტ ტოტებს და ახდენენ მათ ლიდერ ტოტთან დაქვემდებარებას.
გასხვლისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტოტების დამოკლებას. თუ ქლიავის ჯიშს მიდრეკილება აქვს ძლიერი დატოტვისაკენ და ჩახშირებისაკენ, ამ დროს გასხვლისას უნდა მოსცილდეს მხოლოდ ჩახშირებული ტოტები. დატოტვის ნაკლებ უნარიან ჯიშებში კი ტოტებს ამოკლებენ 1/3-ით ან 1/4-ით.
გასხვლის მეთოდის შერჩევისას, ასევე მხედველობაშია მისაღები ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ქარისაგან დაცულობის თვალსაზრისით.
ქლიავის წარმოების აგროტექნოლოგიური რუკა
ფართობი 1ჰა; დაგეგმილი მოსავალი 15 ტ.
შენიშვნა: მოცემულია წამლობების საორიენტაციო ჯერადობა.
ფასები ცვლადია, შესაბამისად ცხრილში ისინი ჩაანაცვლეთ, თქვენთვის მიმდინარე პერიოდის ფასებით.
შემდგენელი: ზვიად ბობოქაშვილი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.
მომზადებულია USAID/REAP პროექტის ფარგლებში.
იხილეთ აგრეთვე: შავი ქლიავის მყნობით გამრავლება