მარწყვის ბიზნესის განვითარებისთვის

მარწყვი, კენკრა, ბიზნესი

მოლდოვაში მარწყვის ბიზნესის მდგრადი განვითარებისათვის, საჭიროა დამატებითი სიმძლავრეები კენკრის გაყინვისა და საშრობი ტექნოლოგიების  მიმართულებით.

კენკროვანი კულტურების მარკეტინგის კონსულტანტი და კომპანია Anastasia Trading & Services SRL-ის დირექტორი დიმიტრი დოდიკე მიიჩნევს, რომ 2021 წლის კლიმატური და საბაზრო პირობები კიდევ ერთხელ არწმუნებენ მწარმოებლებს ბიზნესის სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობაზე.

ამავდროულად,  მარწყვის ადრეული და გვიანი ჯიშების წარმოება დახურულ გრუნტში მნიშვნელოვანია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, მაგრამ ყოველთვის არ არის საკმარისი. მაის-ივნისში ჭარბი ოდენობით ნალექების შემთხვევაში, როგორც 2021 წელს მოხდა, კენკრის სექტორის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა იქცეს კენკრის გაყინვა და შრობა.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მოლდოვაში რამდენიმე რეგიონი არსებობს, სადაც მსხვილი ფერმერული მეურნეობები ან მცირე ფერმების მარკეტინგული ჯგუფები 1-1.5 ათას ტონა მარწყვს აწარმოებენ, რომლის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გადის.

თუმცა, წლევანდელი ჭარბი ნალექის, გრილი ამინდის და შესაბამისად, მოსავლის არარიტმული აღების გამო, კენკრის ხარისხი ექსპორტიორთა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ვერც შიდა ბაზარი შეძლებს ამ ხარისხის პროდუქციის ათვისებას მოკლე დროში.

ამავდროულად, როგორც Eastfruit იტყობინება, 2021 წელს, მოლდოვაში, დაბალი ხარისხის მარწყვისთვის ვერც გადამამუშავებელი სექტორი იქნება გამოსავალი (ვარიანტი B), რადგან „ზედმეტად წყლიანი, რბილი, შემპალი და ბინძური მარწყვი არ არის შესაფერისი არც საყოფაცხოვრებო-სამომხმარებლო და არც სამრეწველო კუთხით.

უპირველეს ყოვლისა, ეს დასკვნა საკონსერვო ინდუსტრიას ეხება: საწარმოებს არ სჭირდებათ შედარებითი დაბალი ხარისხის მარწყვი, რომელიც ჯემისთვის გამოიყნება – ჯემზე დაბალი მოთხოვნის გამო, ხოლო მურაბის წარმოებითვის საჭირო მაღალი ხარისხის ადგილობრივი მარწყვის მოძებნა ბაზარზე რთულია.

ამავდროულად, დიმიტრი დოდიკეს განცხადებით, მოლდოვაში (დნესტრისპირეთის ჩათვლით) მხოლოდ ორი ან სამი საწარმო არსებობს, რომელიც ტექნოლოგიურად გამართულია კენკრის გაყინვისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს რამდენიმე ასეული ტონა პროდუქტი საუკეთესო პერიოდში გაიტანოს გასაყიდად (მათ შორის ექსპორტზე).

ამ კომპანიების ასორტიმენტში, ფიზიკური მოცულობის ნახევარი გაყინულ ჟოლოს უკავია, მაგრამ, შესაძლოა გაზარდონ ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესყიდვა და გაყინვა, თუ მხარეები წინასწარი შესყიდვის ფასებზე შეთანხმდებიან.

ექსპერტის აზრით, მარწყვის მცირე მწარმოებლებისთვის, ახალი მარწყვის ბაზრის ალტერნატივა შეიძლება იყოს კენკრის გაყიდვა გასაშრობად და გასაყინად. თუმცა, ასეთი მაგალითები პრაქტიკაში ძალიან ცოტაა, რადგან ცოტაა ამ ტიპის საწარმოები.

საქართველოში, ისევე როგორც მოლდოვაში, ზოგადად კენკრის და მათ შორის მარწყვის წარმოების სტაბილურობის, ფერმერთა დაცულობისა და ბაზრის განვითარებისთვის აუცილებელია, კენკრის გაყინვისა და შრობის ტექნოლოგიების დანერგვა და ამ მიმართულების საწარმოების შექმნის ხელშეწყობა.

მომზადებულია Eastfruit-ის მასალებზე დაყრდნობით.

თქვენი რეკლამა