ლურჯი მოცვი – დარგვა, მულჩირება, მოშენება, ბიზნესი

ლურჯი, მოცვის, მოყვანა

ლურჯი მოცვი

ლურჯი მოცვი ყინვაგამძლე, ბუჩქოვანი, კენკროვანი კულტურაა, რომელიც იძლევა ლურჯი ფერის მრგვალ ნაყოფს. ვერ იტანს გვალვას. ხასიათდება მაღალი მდგრადობით დაავადებების მიმართ.

მაღალი კვებითი და დიეტური თვისებების გამო, იგი ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში და მომხმარებელთა დიდ ყურადღებას იმსახურებს.

კენკრის ორიგინალური, მომჟავო–მოტკბო გემო კიდევ უფრო ზრდის მის პოპულარობას.
იჭმევა ნედლად. ლურჯი მოცვი საზაფხულო მოხმარების კენკრაა და იკრიფება მაისის დასასრულიდან აგვისტომდე. ხასიათდება მკვრივი ნაყოფით, ვიდრე სხვა ნებისმიერი კენკროვანი კულტურა.

ლურჯი მოცვის დარგვა შეიძლება, როგორც შემოდგომაზე, ასევე გაზაფხულზეც.
ყვავის მაის–ივნისის თვეში, ნაყოფი მწიფდება ივლის–აგვისტოში.

შეიცავს C ვიტამინს,  მთრიმლავ ნივთიერებებს, გამოიყენება კულინარიაში, ხალხურ მედიცინაში, აქვს ანტიოქსიდური თვისებები.

დიაბეტით დაავადებულთათვის კარგია ჩაის სახით მისი ფოთლის ნახარში.
გამოიყენება მოუშუშებელი ჭრილობების დასამუშავებლად. უნიკალური წამალია მხედველობისათვის.

განასხვავებენ ლურჯი მოცვის რამდენიმე სახეობას: ჩრდილოეთ მაღალბუჩქოვანი,  სამხრეთ მაღალბუჩქოვანი, ნახევრად მაღალბუჩქოვანი და სხვა.

მოცვი სიმაღლეში 2 მეტრამდე იზრდება. ბიზნეს სფეროში პერსპექტიული საქმიანობის თვალსაზრისით ცნობილია 150–მდე ისეთი ჯიში, როგორიცაა: ლეგასი, ოლეინი, მისტინი და სხვა.

ლურჯი მოცვი გაშენებისათვის მოითხოვს ტენიან, მსუბუქ და კარგი დრენაჟის მქონე სპეციფიკურ ნიადაგს.

იგი კარგად ხარობს მხოლოდ მჟავე ნიადაგებზე, ანუ იმ ნიადაგებზე, რომელიც რეკომენდებულია ჩაის გასაშენებლად. ლურჯი მოცვის ნერგები პირველად 2006 წელს ჩამოიტანეს აშშ–დან და საცდელი მიზნით დარგეს იმერეთში, სოფელ სიმონეთში, სადაც 2009 წელს მიიღეს პირველი მოსავალი.

ლურჯი მოცვი ახალი სასოფლო–სამეურნეო კულტურაა საქართველოსთვის, რომლის დანერგვა თავის პოზიტიურ როლს ასრულებს ადგილობრივი ფერმერების წარმოების და შემოსავლების ზრდის კუთხით.

მცენარის დარგვის წესები, მოვლა

ლურჯი მოცვის ნერგის გამოყვანა მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი.

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენება ხდება შემდეგნაირად:

ნერგების დარგვის წინ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აუცილებებლია მიწის ზედა ფენაში შეტანილი იქნეს წინასწარ მომზადებული ორგანული სუბსტრაქტი, ნახერხის (სასურველია წიწვოვანი მცენარის), გადამწვარი ნაკელისა და ტორფკომპოსტის ნარევით.

ნერგების დარგვისას მცენარის ფესვთა სისტემა მთლიანად უნდა მოთავსდეს ნიადაგში, მოიტკეპნოს და მოირწყას.

ნერგის დასარგავად, საჭიროა მომზადდეს ორმოები, რომელთაც ექნებათ არანაკლებ 30 სმ. დიამეტრი და 40 სმ სიღრმე.

რიგთაშორისებში დაშორების მანძილი უნდა იყოს 3-3,2 მ. ხოლო რიგებში მცენარეთა შორის დაშორება 0,9-1,2 მ.

ასეთი კვების არის გათვალისწინებით ერთ ჰა-ზე საჭიროა 2800-3300 ძირი ნერგი. თუ აშენებთ მცირე ფართობზე და არ აპირებთ დიდგაბარიტიანი მექანიზაციის გამოყენებას მაშინ: მწკრივებს შორის დაშორება 1.20 მეტრი, ნერგებს შორის 0,90 მეტრი.

ნიადაგის ოპტიმალური pH  მაჩვენებელი უნდა იყოს 4.0–დან 5.0–მდე,
დარგვის წინ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება ხდება ნიადაგის ზედაფენაში ნახერხის, კომპოსტის ან ტორფის შერევით.

დარგვის შემდეგ მცენარე აუცილებლად უნდა დაიმულჩოს ორგანული ან სხვა სახის მულჩით 60სმ მცენარის გარდი-გარდმო.

კარგი ხელოვნური მულჩის ვარგისიანობის გარანტია საშუალოდ 7-8 წელია.

მოვლა

ასეთნაირად გაშენებულ მოცვის პლანტაციებში პირველ სამ წელიწადს მცენარის გამოკვება ხდება წინასწარ მომზადებული მინერალური სასუქების ნაზავით. ნაზავის თანაფარდობა შემდეგნაირია: ამონიუმის სულფატი 90 გრ, სუპერფოსფატი 110 გრ, და კალიუმის სულფატი 40 გრ.

ასეთნაირად მომზადებული ნაზავი შეაქვთ ნერგის ირგვლივ შემდეგი ოდენობით: ერთ წლიან ბუჩქზე ერთი სუფრის კოვზი, ორ წლიანზე ორი სუფრის კოვზი, სამ წლიანზე სამი სუფრის კოვზი, ოთხ წლიანზე ოთხი სუფრის კოვზი, ხუთ წლიანზე რვა სუფრის კოვზი, ექვსწლიანზე და მეტი ასაკის ბუჩქზე კი თექვსმეტი სუფრის კოვზი. ერთი სუფრის კოვზის ასეთის ნაზავის წონა შეადგენს 10 გრ-ს.

ვეგეტაციის პერიოდში გამოკვება ასეთი ნაზავით ხდება ორჯერადად, ადრე გაზაფხულზე მცენარის მასიური ყვავილობისას და ნაყოფის გამონასკვის შემდეგ. სასუქის მიღების შემდეგ სასურველია მცენარე მოირწყას. თუ პალანტაციაში წვეთობრივი მორწყვის სისტემა მოქმედებს, ამ ნაზავის მცენარესათვის მიწოდება შეიძლება მორწყვასთან ერთად.

მორწყვა: დარგვისას (1-2 დღე) 3-4 ლიტრი ძირზე; შემდეგ კლიმატის მიხედვით დაახლოებით კვირაში ერთხელ, ყვავილობამდე 2.5-2.7 ლიტრი, ყვავილობისას 3.5, შემდეგ 3.0-3.5 ლიტრი კვირაში ერთხელ.

გასხვლა

სრულ მსხმოიარობაში შესულ ბუჩქებს სხლავენ ისეთნაირად, რომ ბუჩქზე მივიღოთ თანაბრად განაწილებული საყვავილე ყლორტები. ამისათვის ბუჩქს აცლიან დაბალ და სუსტ ნაზარდებს, ასევე დაავადებულ და ფიზიკურად დაზიანებულ ტოტებს.

ტოტებს, რომლებიც წლების განმავლობაში მსხმოიარობს უტარდებათ პინცირება იმ გაანგარიშებით, რომ თითოეულ ასეთ ტოტზე დარჩეს 4-6 საყვავილე კვირტი. ბუჩქებზე ასეთ ტოტებს იყენებენ 4-6 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ხდება მათი ჩანაცვლება ახალი მოზარდი ტოტებით. მოცვი სრულ მსხმოიარობას აღწევს 6-10 წლის ასაკში.

რა არის მულჩა?

მულჩა არის ნიადაგის საფარი, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერი ორგანული ნარჩენისაგან: ნამჯა,  თივა, თხილის ნაჭუჭი და სხვა).

მულჩის შეტანა ხდება რიგებში, მცენარის გარშემო, 30–60სმ. სიგანის ზოლებად.
მულჩირების სისტემა საგრძნობლად აძლიერებს მცენარის ზრდას, ტენიანობას და ნიადაგს ამდიდრებს ორგანული ნივთიერებებით.

თანამედროვე ინტენსიური ტექნოლოგია ლურჯი მოცვის გაშენებისათვის აუცილებლად ითვალისწინებს მცენარეების დარგვას შემაღლებულ ბაზო–კვლებზე.

შემაღლებული ბაზო–კვლების უპირატესობებია: ფესვების გაუმჯობესებული უზრუნველყოფა ჰაერით, ტენის უკეთესი რეგულაცია, ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება, ჭარბი ტენის მოცილება ფესვებიდან.

დარგვისას სრულდება ისეთი სახის სამუშაოები, როგორიცაა ნიადაგის გაფხვიერება,  ნარგავების გარშემო ოვალური კვლების გაკეთება და სპეციალური ცელოფანის გადაფარება, დამულჩვა, მორწყვა.

სპეციალური მანქანის გამოყენებისას ზემოაღნიშნული ოპერაციების შესასრულებლად 5ჰა. პლანტაციას მოუვლის 6 ადამიანი. ჩვეულებრივ პირობებში კი ამ პლანტაციის მოვლას დასჭირდება 20–მდე ადამიანი.

ლურჯი მოცვის მოშენება ბიზნესის თვალსაზრისით  (ფასები ცვალებადია)

სანერგედან შესყიდულ ერთი წლის ნერგს, რომელსაც ფერმერი შეიძენს 5 ლარად, გადაიტანს პლანტაციაში.

ერთი ბუჩქი მცენარე დარგვიდან მე 2–3 წელს იძლევა მოსავალს, 2 წლის ბუჩქიდან ფერმერი მიიღებს საშუალოდ 1-2კგ–მოსავალს.

სრული მოსავლიანობისათვის კი საჭიროა 6–8 წელი. სადაც ერთი ძირი ბუჩქი დაახლოებით გვაძლევს 4–6 კგ მოსავალს, ერთ ჰა–ზე ირგვება 3300–მდე ნერგი.

ლურჯი მოცვის ყველა ჯიში სხვადასხვა დროს იძლევა ნაყოფს,  ამიტომაც ფერმერი ამ დროს ხელშეკრულებით აიყვანს დროებით მკრეფავებს. ერთი მკრეფავი დღეში 70–80კგ.

1 კგ. ლურჯი მოცვის ფასი ევროკავშირში 4,0-10 ევრომდე მერყეობს.

სრულმსხმოიარე პლანტაციის 8 წლის დროს კულტურა საკმაო შემოსავალს იძლევა.

დღევანდელ პირობებში ლურჯ მოცვზე მოთხოვნილება დიდია და გასაღება სხვა კენკროვნებთან შედარებით პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ბაზარი ცვლადია. ნებისმიერი კულტურის გაშენებისას უნდა გაითვალსიწინოთ, როგორც ბაზრის საერთო მდგომარეობა, ისე თქვენი მარკეტინგული შესაძლებლობები.

ლურჯი მოცვის ბიზნესით დაკავება ძვირადღირებული საქმიანობაა, სამაგიეროდ, საქმიანობის სწორად დაგეგმვისა და მოგებაზე ორიენტირებული გათვლილი მენეჯმენტის  შემთხვევაში ის სერიოზულ შემოსავალს იძლევა.

საქმიანობის დადებითი მხარე:

კარგად ეგუება ჩვენს კლიმატურ პირობებს, დაავადებებისადმი მდგრადია.
ნერგის შეძენა არ წარმოადგენს დეფიციტს.

სუსტი მხარე:

პლანტაციის გასაშენებლად საჭიროა საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები: (1 ჰა. – გაშენების სქემის 3.0 X 1,2 მეტრი დროს 1 ჰა–ს სჭირდება 34 000 – 39 000 ლარამდე თანხის დაბანდება).

ყოველწლიური მოვლის ხარჯი 1ჰა-ზე 5000-7000 ლარი.

პირველი მოსავალი მიიღება 2–3 წლის ნერგიდან.

ფასები მოცემულია შედგენის დროს და რა თქმა უნდა ცვალებადია, ამიტომ გაანგარიშებისას გამოიყენეთ მიმდინარე ფასები.

სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო
აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, აგროკავკასია

იხილეთ აგრეთვე: მოცვი – დარგვა, მოვლა, ბაღის გაშენება, ჯიშები

თქვენი რეკლამა