ატმის ჯიში – ო. ჰენრი (O’ Henry)
წარმოშობა: ამერიკული ჯიშია (აშშ). გამორჩეულია გრანტ მერილის (G Merril) სასელექციო პროგრამის მიერ 1970 წელს ჯიშის Merill Bonanza-ს თავისუფალი დამტვერვით მიღებული პოპულაციიდან.
სინონიმები: Mercil, Merrill O’ Henry
გავრცელება: საქართველოში შემოტანილია 2001 წელს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და FAO-ს პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში.
მორფოლოგიური დახასიათება: ხე საშუალოზე ძლიერი ზრდის. ვარჯი გადაშლილი ფორმის. ყლორტები მსხვილი, გრძელი, მოკლე მუხლთშორისებით, რომლებზეც საყვავილე კვირტები განლაგებულია მჭიდროდ. საყვავილე კვირტები ცალკეული. ყვავილი ვარდისებური, გვირგვინის ფურცლები ფართო ელიფსური ფორმის. ფოთოლი ვიწრო ლანცეტისებური, დიდი ზომის. ჯირკვლები თირკმელისებრი, ფირფიტის წვერი უკან გადახრილია. ყუნწი მოკლე.
ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი მსხვილია (მასა 175-205 გ). მომრგვალო, ფორმის (69.4X68.5სმ). გამოხატული ღარით, ერთგვაროვანი. ძაბრი (ყუნწის ღრუ) საშუალო სიღრმის, ფართო. კანი საშუალო სისქის, ძირითადი ფერი – ყვითელი, რომლის 85- 90 % დაფარულია მუქი წითელი ფერის მფარავი შეფერვით. შებუსვა დაბალი. რბილობი ყვითელი, მკვრივი, წვნიანი. კურკა საშუალო ზომის (მასა 9.5 – 9,7 გ). მომრგვალო-ოვალური ფორმის, მუქი ყავისფერი დიდი ღარებით რბილობს თავისუფლად შორდება. რბილობს კურკასთან აქვს მოწითალო შეფერვა. ნაყოფი კარგი გემოსი, ტკბილი და არომატული. სადეგუსტაციო შეფასება 4.8 ბალი (5-ბალიანი სისტემით).
მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიერება – 12.8 -13.2 % (Brix); ტიტრული მჟავიანობა – 0.74 -0.81 %.
ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები
ზრდა და მსხმოიარობა. ჯიში ხასიათდება ვარჯის კარგი განტოტვით. მსხმოიარობს რთულ სანაყოფე ტოტებში. მსხმოიაობაში შედის ადრე, დარგვიდან მე-2-3 წელს (საძირე – GF 667). მოსავლიანობა მაღალი. კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო მოსავალი შეადგენს 35 – 43კგ/ხე. ჯიშის ზამთარგამძლეობის უნარი არის მაღალი.
დამტვერვა. თვითფერტილი ჯიშია, საშუალო-საგვიანო პერიოდის მოყვავილე. ყვავილობს აპრილის პირველ დეკადაში. პერიოდი ხანგრძლივი (10-12 დღე ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში).
გამძლეობა მავნებელ-დაავადებების მიმართ. მიმღებიანია ბაქტერიოზის მიმართ.
სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ნაყოფი მწიფდება სექტემბრის პირველ-მეორე დეკადაში (ს.ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში) სამაცივრე პირობებში კარგად ინახება (2-3თვე). ძირითადად გამოიყენება სასუფრედ და ასევე ტექნიკური დანიშნულების მიზნით.
ჯიშის დადებითი თვისებები. საგვიანო სიმწიფის პერიოდის მაღალი სასაქონლო თვისებების მქონე ჯიშია.
ჯიშის უარყოფითი თვისებები. ზოგჯერ ახასითებს არარეგულარული მსხმოიარობა.
ზოგადი შეფასება. ჯიშს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია გავრცელდეს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონეში.
ავტორები: ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები
სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.