სათბურის მავნებლები ღია გრუნტში

148 Views

საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, დიდი ხანია სათბურებისთვის დამახასიათებელ მავნე მწერებად აღიარებულია: სათბურის ფრთათეთრა (Trialeurodes vaporariorum) და პომიდვრის სამხრეთ ამერიკული მენაღმე ჩრჩილი (Tuta absoluta), რომლებიც დახურულ გრუნტში სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების მოსავალს სერიოზულ ზიანს აყენებენ. ზოგჯერ ეს მაჩვენებელი 50 და 70%- საც კი აღემატება.

ბოლო წლებში, მავნებლები ღია გრუნტის პირობებშიც საშიშ მავნებელ მწერებად იქცნენ, რომლის მაგალითებიც ნათლად არის გამოკვეთილი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მცირე ფართობებზე.

2015 წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მცირე ფართობზე დაფიქსირდა პომიდვრის სამხრეთ ამერიკული მენაღნმე ჩრჩილის გავრცელება, რომელმაც პომიდვრის კულტურის მცენარის ფოთლები და ნაყოფი ნაწილობრივ დააზიანა.

2016 წელს, იმავე ტერიტორიაზე გაიზარდა მავნებლის გავრცელების ფართობი და მათ მიერ მიყენებული ზარალის მოცულობა. ივლისის თვიდან გაძლიერდა სამხრეთ ამერიკული მენაღმე ჩრჩილის მატლის მიერ მცენარის ფოთლების დაზიანება, აგვისტოს თვის ბოლოს კი, როგორც პომიდვრის ვეგეტატიური ორგანოები აგრეთვე მწიფე ნაყოფები მასიურად დააზიანა.

ამავე წელს, პომიდვრის სამხრეთ ამერიკული მენაღმე ჩრჩილის პარალელურად ფრთათერამ სერიოზულად დააზიანა მცირე ფართობზე, ღია გრუნტში როგორც პომიდვრის აგრეთვე კიტრის კულტურა.

2017 წლისთვის, იმავე ტერიტორიაზე მავნე მწერის, ფრთათეთრას გავრცელებამ რეგრესი განიცადა, შემცირდა აგრეთვე პომიდვრის სამხრეთ ამერიკული მენაღმე ჩრჩილის მავნებლობის ეკონომიკური ზღვარი.

2017 წლისათვის, ღია გრუნტში ამ მავნებლების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა მცენარეთა დაცვის ბიოტექნოლოგიური და ქიმიური საშუალებები, რომლებმაც დადებითი შედეგი გამოიღო მავნე მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ღია გრუნტში პომიდვრის სამხრეთ ამერიკული მენაღმე ჩრჩილის და სათბურის ფრთათეთრას გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორებია: სათბურების სიახლოვე და სანიტარული ნორმების დარღვევა, მცენარეული ნარჩენები, მავნებლებით დასახლებული ტარის, მასალების და სხვადასხვა საშუალებების გადაადგილება -ტრანსპორტირება, ხელშემწყობი კლიმატური პირობები მავნებლების გასავრცელებლად, ბიოდივერსია და სხვა.

სათბურის ფრთათეთრა ფოთოლზე

პომიდვრის სამხრეთ ამერიკული მენაღმე ჩრჩილის და ფრთათეთრას წინააღმდეგ აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარება: სამეურნეო ორგანიზაციული, აგროტექნიკური, ქიმიური, ბიოტექნიკური.

აუცილებელია მცენარეული ნარჩენებისაგან ტერიტორიის გასუფთავება. აგროტექნოლოგიური პროცესების დროული ჩატარება, მწერების სქესმჭერი ფერომონების გამოყენება, ყვითელი ფერის წებოქაღალდების მიმაგრება მცენარეებთან ახლოს. ელექტრომაგნიტური მწერების დამჭერი ლამპების ჩართვა ღამის საათებში.

ქიმირი საშუალებებიდან კარგ შედეგებს იძლევა პესტიციდები: აქტარა, აქტელიკი, კონფიდორი, პროკლეიმი, პასკალი, ბელტი, არმორი, და სხვა მათი ანალოგები.

ფერმერები და რეგიონებში სოფლის მეურნეობის სპეციალისტები ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან ამ მავნე მწერების გამოჩენისთანავე შეატყობინონ შესაბამის სამსახურებს. ესენია: მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო, ადგილობრივი და რეგიონალური სამსახურები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნლებლობის სამსახური.

აუცილებელია სპეციალისტების დახმარებით დროულად ჩატარებული იქნეს ყველა ის კომპლექსური ღონისძიებები, რათა თავიდან ავიცილოთ ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის დარგში მოსალოდნელი ზარალი.

„ჩვენი სოფელი“

სათბურის ფრთათეთრა გადიდებული

11Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB