გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრში, სამცხე ჯავახეთის რეგიონიდან, „ტენილის“, „მესხური ჩეჩილის“, „ბორჯომის“, „მიტარბის“ და „ახალქალაქის კარტოფილის“ შემდეგ ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა – „ნინოწმინდის თაფლი“ დაემატა.
ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული პროდუქტის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები და რეპუტაცია, რომელიც განპირობებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებითა და ადამიანური ფაქტორით, აღიარებულია სახელმწიფო დონეზე.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ, 2020 წლის 1 ოქტომბერს, საზეიმო ვითარებაში მოაწერა ხელი „ნინოწმინდის თაფლის“ რეგისტრაციის მოწმობას. ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცათ მწარმოებელი კოოპერატივი „კოდი”/ Cooperative KODY“ წევრებს, რომლებმაც შემოტანეს განაცხადი „ნინოწმინდის თაფლის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაციაზე.
„ნინოწმინდის თაფლის“ სპეციფიკაციებში აღნიშნულია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული ბუნებრივი მოვლენები, დაცული ტერიტორიები და მრავალფეროვანი ფლორა ქმნიან იმ უნიკალურ გარემოს, სადაც მიიღება უნიკალური „ნინოწმინდის თაფლი“. წყაროებით დასტურდება, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოწეული თაფლი ოდითგანვე განთქმული იყო სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობაში და ტრადიციულად აღიარებული თაფლია რეგიონში.
გეოგრაფიული აღნიშვნის მინიჭებით და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონს გააჩნია ხელსაყრელი მდებარეობა, მას ესაზღვრება თურქეთისა და სომხეთის სახელმწიფოები, იქმნება ამ უნიკალური პროდუქტის მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა.
„სამცხე-ჯავახეთს, სადაც სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია მეკარტოფილეობა, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მებოსტნეობა, საკვები პროდუქტების წარმოება, აქვს სოლიდური რესურსი გეოგრაფიული აღნიშვნების ფორმირებისთვის და ამ პოტენციალის ეფექტურად რეალიზებისთვის, რაც მოიტანს ადგილობრივი პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, კონკურენტუნარიანობას შიდა ბაზარზე და საზღვარგარეთ, შესაბამისად რეგიონალურ განვითარებას. საქპატენტი ეტაპობრივად ახორციელებს მათ გამოვლენას, ინვენტარიზაციას და სამართლებლივი დაცვიდან მიღებული სარგებლის შეფასებას.
ამ დროისთის განსაზღვრულია და კვლევის პროცესშია პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნები: ახალციხის კარტოფილი, სამცხე-ჯავახეთის ძროხის ხორცი, ნინოწმინდის ფოკის ყველი, ახალციხის, წაღვერის და აბასთუმნის თაფლი, ახალქალაქის და ტაბაწყურის სტაფილო, ვალეს კომბოსტო და მესხური ალკოჰოლური სასმელები.
სია, როგორც ხედავთ, გრძელია და მრავალფეროვანი და, ვფიქრობ, საქართველოს ინტელეტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -საქპატენტის დელეგაციას, კიდევ მრავალჯერ მოგვიწევს ამ უნიკალურ მხარეში ჩამოსვლა და საზეიმო ვითარებაში რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება“ – განაცხადა საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, თავისი ბუნებრივი პირობებითა და წარმოების ტრადიცული ცოდნით, მდიდარია განსაკუთრებული ხარისხისა და თვისებების, მაღალი რეპუტაციის მქონე პროდუქტებით – აღნიშნული პროდუტების დასახელებაა ის აქტივი, რომლის სამართლებრივ დაცვას ახორციელებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი.
მისი კრებითი სახელია გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის მატარებელი პროდუქციის ღირებულება საშუალოდ 2.5 ჯერ აღემატება ანალოგიური სხვა პროდუქტების ფასს, სარგებლობს ბაზარზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნილებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაში და წარმოადგენს ერთგვარ ნებაყოფლობით სტანდარტს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ბაზრის მაღალი ხარისხის პროდუქტებით უზრუნველყოფას, ადგილობრივი პროდუქციის ხარისხის ამაღლებასა და კონკურენტუნარიანობას შიდა ბაზარზე და საზღვარგარეთ.
ნინოწმინდის თაფლი, ისევე როგორც ხვანჭკარა, ჭაჭა, თუშური გუდა, ჩურჩხელა, მაჭახელას თაფლი და სხვა საქართველოში დაცული ჯამში 53 გეოგრაფიულ აღნიშვნა, 1 ოქტომბრიდან წარმოადგენს საერთო აქტივს მათ წარმოებაში და რეალიზაციაში ჩართული სუბიექტებისთვის.
გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური მენეჯმენტის საშუალებაა გეოგრაფიული აღნიშვნების მართვის კოლექტიური ორგანიზაციები, ვინც სახელმწიფოს დახმარებით უნდა განახორციელოს კონტროლი პროდუქტის მახასიათებლების შესაბამისობაზე გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციფიკაციებთან. საქპატენტის ერთ-ერთი როლი ეფექტური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებისთვის საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და მოქმედ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანაა.
ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინებით, რომელმაც გეოგრაფიული აღნიშვნების იდენტიფიცირებისთვის დააწესა სპეციალური და გამოყენებისთის სავალდებულო ლოგოები, უწყება მუშაობს ანალოგიური ინსტრუმენტის დახვეწაზე, რაც ხელს შეუწყობს, როგორც კონტროლის სისტემის, ასევე მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობას გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის გასაძლიერებლად.
წყარო: საქპატენტი