მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის ბუნებრივი (ეკოლოგიური) საშუალებანი

767 Views Comment Off

ჩვენი შორეული წინაპრები ბუნებრივი ნივთიერების გამოყენებით ებრძოდნენ მწერებსა და დაავადებებს. ძველი რომაელები ამ მიზნით იყენებდნენ ნაცარს, ნაკელს, გოგირდს, ამზადებდნენ რთულ ნარევებსაც. კულტურულ მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლის პირველი პრაქტიკული რეკომენდაციები შეიმუშავა დემოკრიტემ ჩვ. წ-აღმდე 470 წლის წინათ.

იგი ხორბლეულის გუდაფშუტის საწინააღმდეგო საშუალებად კომბოსტოს წვენში თესლის დალბობას თვლიდა. თეოფრასტე თავის წიგნში «გამოკვლევები მცენარეთა შესახებ», რომელიც დაწერილია 300 წლის წინათ ჩვ. წ-აღმდე, აღნიშნავდა, რომ მუხუდო «ანადგურებს სარეველებს და, პირველ რიგში, კუროსთავს».

ბუნებრივი პესტიციდია ნიკოტინი, რომელიც შედის თამბაქოში. მას იყენებდნენ მცენარის ტილის საწინააღმდეგოდ მრავალი ათასი წლის წინათ ჩინეთში. ახლო და შუა აღმოსავლეთში ბაღლინჯოებთან საბრძოლველად იყენებდნენ პირეტრუმს, რომელსაც ქრიზანთემიდან იღებდნენ.

მავნებლებისა და დაავადებებისაგან კომბოსტოს დასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეკოლოგიურად სუფთა მეთოდები. მოსავლის აღების შემდეგ ყველა მცენარეული ნარჩენი უნდა დაიწვას ან გამოყენებულ იქნეს კომპოსტად. მავნებლების წინააღმდეგ შეიძლება ხახვის ფურცლის ნაყენის გამოყენება. კომბოსტოს თეთრულას წინააღმდეგ ეფექტურია კარტოფილის ან პომიდვრის ღეროების ნაყენის, ხოლო რწყილის წინააღმდეგ ფარსმანდუკის ნაყენის გამოყენება.

ქვემოთ მოცემულია ბაღის მავნებლებთან ბრძოლის საშუალებათა დამზადება მცენარეებისგან:

— 1 კგ გამხმარ გვირილას ასხამენ 10 ლ თბილ წყალს და აყოვნებენ 12 სთ-ს. გადაწურვის შემდეგ ხსნარს 3-ჯერ აზავებენ. უკეთესად დასველების მიზნით უმატებენ 40 გ საპონს.

— ვედროს მესამედში ყრიან ხახვის მშრალ ფურცლებს და ასხამენ ცხელ წყალს. აყოვნებენ 24 სთ-ს, წურავენ და ორჯერ აზავებენ.

— 1 კგ ფარსმანდუკის მშრალ ფოთლებს ასხამენ მცირე რაოდენობის ცხელ წყალს. 2 დღე-ღამის შემდეგ უმატებენ 40 გ საპონს და წყლის მოცულობას 20 ლ-მდე ავსებენ. წურავენ და იყენებენ შესაფრქვევად.

— 500 გ მწარე წიწაკის პარკს ნაყავენ, ასხამენ 10 ლ წყალს და აყოვნებენ 2 დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ ნაყენს წიწაკასთან ერთად ადუღებენ 30 წუთის განმავლობაში, აცივებენ, წურავენ, უმატებენ 40გ საპონს და იყენებენ ორჯერ გაზავების შემდეგ (ეს საშუალებები გამოიყენება ბოსტნეული კულტურების მავნებლების წინააღმდეგ).

მრავალი დაავადებისა და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტიანია მოხვნის დროს ნიადაგში ამიაკის წყლის ან ამონიუმის სულფატის შეტანა, შესაბამისად, 60-120 კგ/ჰა-ზე ნორმით. ამ დროს მნიშვნელოვნად მცირდება არა მარტო დაავადებათა, არამედ კოლორადოს ხოჭოს და ნიადაგში მყოფი მავნებლების (მავთულა ჭიები, ღრაჭები) რაოდენობა.

— ნახევარ ვედრო დაქუცმაცებულ აყვავილებულ ან 700-800გ ხმელ მწარე აბზინდას ასხამენ 10 ლ წყალს, აყოვნებენ 1 დღე-ღამეს, ადუღებენ 30 წთ, ნაყენს წურავენ, აზავებენ წყლით (1:1) და უმატებენ 40 გ საპონს (ეს საშუალება გამოიყენება ვაშლის ნაყოფჭამიას წინააღმდეგ). 1/3 ვედრო ხის ნაცარს აყოვნებენ 10 ლ წყალში 2 დღე-ღამეს, ნაყენს წურავენ.

— 100გ მშრალ მდოგვს ასხამენ 10 ლ ქაფქაფა წყალს, აყოვნებენ 2 დღე-ღამეს, აზავებენ ცივი წყლით (1:1) და მცენარეებს ასხურებენ შებინდებისას ან ღრუბლიან ამინდში (ეს საშუალებები იხმარება ხერხიების, ალურებისა და სხვა მატლების წინააღმდეგ). 400გ თამბაქოს, წეკოს ან თამბაქოს მტვერს ასხამენ 10 ლ ცხელ წყალს, აყოვნებენ 2 დღე-ღამეს, უმატებენ 40 გ საპონს.

— 150-200გ ხახვის ფურცელს აყოვნებენ 10 ლ წყალში 4-5 დღეს და წურავენ. 3-4 კგ კულმუხოს ნედლ ან 1 კგ ხმელ ბალახს ათავსებენ 10 ლ წყალში 24-30 სთ-ის განმავლობაში, ნაყენს წურავენ (ხმელი ბალახით შეიძლება ხეების შეხრჩოლება).

— ბაბუაწვერას 400 გ ფოთოლს ან 200 გ მცენარეს ფესვურებთან ერთად ასხამენ 10 ლ თბილ წყალს და აყოვნებენ 2 სთ-ს.

— 800 გ გამხმარ ფარსმანდუკს აქუცმაცებენ, უმატებენ 10 ლ მდუღარე წყალს, აყოვნებენ 1,5-2 დღე-ღამეს ან ადუღებენ 30 წთ-ს, წურავენ, უმატებენ 40 გ საპონს.

— ნახევარ ვედრო ანწლს აყოვნებენ 2 დღე-ღამეს 10 ლ წყალში, აზავებენ წყლით (1:2) (ეს საშუალებები გამოიყენება ბუგრების, ფსილების, ლოფორთქინების, წვრილი მატლების წინააღმდეგ).

ასევე მიზანშეწონილია ველური ინსექტიციდური მცენარეების მომარაგება, რისთვისაც მათ აშრობენ ჩრდილში, გამჭოლ ქარში და მავნებელთა გამოჩენისთანავე ამზადებენ ხსნარს რეცეპტების მიხედვით. მწერებისა და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა ისეთი მცენარეების გამოყენება, როგორიცაა ჭინჭარი, შვიტა ან ასფურცელა.

ჭინჭრის ნაყენი მღილების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა, რომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება გვალვიანი გაზაფხულის პირობებში. შეაგროვეთ 1-2 კგ ჭინჭრის ახალი ფოთლები, დაასხით ერთი ვედრო წყალი და დააყოვნეთ დღე-ღამის განმავლობაში. მიღებული ხსნარი გამოიყენეთ მღილებისგან დაზიანებულ მცენარეთა შესასხურებლად. ჭინჭრის ნაყენით ასევე შეიძლება პომიდვრის ფიტოპტოროზის თავიდან აცილება. შემჩნეულია, პომიდორი ჭინჭრის მახლობლად თუ იზრდება, მისი ნაყოფი ბევრად ხანგრძლივად ინახება.

მღილების საწინააღმდეგოდ შეიძლება შემდეგი საშუალებების გამოყენებაც:

ა) ტრიქოპოლის ან მეტრონიდაზოლის ოთხი აბი ერთ ვედროზე. მათი, როგორც სამკურნალო საშუალებათა, შეძენა აფთიაქებშიც შეგიძლიათ.

ბ) ჭრიან მწიფე პილპილს (100 გ), ასხამენ 1 ლ წყალს, ადუღებენ 20 წთ და აყოვნებენ 2 დღე-ღამეს. შესხურების წინ ამზადებენ შემდეგი კონცენტრაციის ხსნარს: 2 ჭიქა ნახარს აზავებენ 10 ლ წყალში (შეგიძლიათ 20 გ საპნის დამატება). მღილები ასევე ვერ იტანენ მდოგვს, თამბაქოს.

კარტოფილის ნაყენი:

ა) 1,5 კგ კარტოფილის ნედლ ყლორტებს ფშვნიან და ასხამენ 10 ლ წყალს. აყოვნებენ 4 სთ-ს, წურავენ, უმატებენ 40გ საპონს და ასხურებენ მცენარეებს. ბ) 2 კგ კარტოფილის შეშრობილ (ან 800 გ მშრალ) მკლავს უმატებენ 10 ლ თბილ წყალს, 40 გ სარეცხ საპონს და აყოვნებენ. მიღებულ ხსნარს მღილების წინააღმდეგ ასხურებენ ბალს, მოცხარს, ჟოლოს, მარწყვს.
გ) კარტოფილის 1,2 კგ მწვანე ან 600-800გ ხმელ ფოჩს ასხამენ 10 ლ წყალს, აყოვნებენ 3-4 სთ-ს და მცენარეს ასხურებენ შებინდების ჟამს. კარტოფილის ფოჩის დოზის გადიდება იწვევს მცენარეთა სიდამწვრეს (ეს საშუალებები გამოიყენება ბუგრების, ფსილებისა და ტკიპების საწინააღმედგოდ).

პომიდვრის ნაყენი:

ა) 1 კგ პომიდვრის ყლორტებს ფოთლებთან ერთად ფშვნიან და ასხამენ წყალს. ადუღებენ 30 წთ, წურავენ, სამჯერ აზავებენ და 40 გ საპნის დამატების შემდეგ იყენებენ.
ბ) 10 ლ წყალს, რომელშიც ჩაყრილია 4 კგ პომიდვრის ნაფურჩქნი ან ფოჩი, 30 წთ ნელ ცეცლზე ადუღებენ და წურავენ. შესასხურებლად 2-3 ლ ნახარშს აზავებენ 10 ლ-მდე წყალში და უმატებენ 40 გ საპონს (ეს საშუალება იხმარება ფოთლის მღრღნელი მატლების, ხერხიების, ხვატრების, ჩრჩილების, ნაყოფჭამიების წინააღმდეგ).
გ) 4-5 კგ ახალი პომიდვრის მკლავი 10 ლ წყალში გააჩერეთ 3-4 სთ-ს. მდუღარე წყალს თუ დაასხამთ, 30 წთ მოათავსეთ ნელ ცეცხლზე და გაფილტრეთ. ნახარში გააზავეთ წყლით 1:2-ზე; 10 ლ-ს დაამატეთ 40 გ სარეცხი საპონი და მიღებული ხსნარით დაამუშავეთ ბუჩქნარი მღილებისა და სხვა მავნებელთა წინააღმდეგ. პომიდვრის ერთი დღე-ღამით დატოვებული ნაყენით შეიძლება კომბოსტოს მორწყვა კომბოსტოს თეთრულას საწინააღმდეგოდ.

ნივრის ნაყენი:

ა) 200-300 გ ნივრის თავს ატარებენ ხორცსაკეპში, უმატებენ 10 ლ-მდე წყალს, წურავენ და მაშინვე ასხურებენ მცენარეებს.
ბ) ახალი ნივრის ფოთლებსა და საყვავილე ღეროებს (200 გ) აქუცმაცებენ, ასხამენ წყალს (5 ლ) აყოვნებენ დღე-ღამის განმავლობაში და მიღებული ნაყენით ახდენენ მცენარეთა დამუშავებას მღილების წინააღმდეგ.
გ) 0,5 კგ ნივრის გასუფთავებულ და დაქუცმაცებულ კბილებს ასხამენ წყალს (10 ლ), მჭიდროდ ხურავენ ჭურჭელს და აყოვნებენ ორი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ კარგად ანჯღრევენ, უმატებენ მსხვილ სახეხზე გახეხილ კუპრის საპონს და ურევენ სრულ გახსნამდე. შესასხურებლად იღებენ ერთ ჭიქა ნაყენს 10 ლ საპნიან წყალზე, რომელშიც წინასწარ ხსნიან 20 გ იმავე საპონს.
დ) 30 გ დაქუცმაცებულ (ან ხორცსაკეპში გატარებულ) ნიორს აყოვნებენ 10 ლ წყალში ერთი დღე-ღამე. ნივრით ამუშავებენ ყვავილის ბოლქვებსაც. ამ ნაყენის გამოყენება შეიძლება კიტრსა და კომბოსტოზე მღილების საწინააღმდეგოდ.

ნავთ-საპონის ემულსია: 10 ლ წყალში ხსნიან 40 გ სარეცხ საპონს. უმატებენ 10 წვეთ ნავთს და ამ ნაზავით ორჯერ ჩამორეცხავენ მცენარეთა ტოტებსა და ღეროებს 8-10 დღის ინტერვალით (იხმარება კენკროვანი მცენარეებისა და ოთახის ყვავილების დასაცავად ფარიანებისგან).

დაავადებებთან საბრძოლველად შეიძლება სასუქების გამოყენება. მაგალითად, ვაშლისა და მსხლის ქეცის საწინააღმდეგოდ ხეებს ყვავილობის შემდეგ ასხურებენ შარდოვანას (კარბამიდი) 0,5%-იან ხსნარს (50 გრ 10 ლ 0,5%-იანი კალიუმის მარილის წყალხსნარში). ხილის მოკრეფის შემდეგ, სრულ ფოთლცვენამდე, ვაშლისა და მსხლის კრონას ასხურებენ 5%-იან შარდოვანას (500 გრ 10 ლ წყალში), ხოლო გაზაფხულზე ხის ტანის მიდამოებში ნიადაგს ასხურებენ შარდოვანას 7%-იან ხსნარს ან კალიუმის ქლორიდის 10%-იან ხსნარს.

მავნებლებისაგან დასაცავად ვაშლისა და ალუბლის ხეებზე დაკიდეთ ბურახით სავსე ქილები და ყველა მწერი ქილებში აღმოჩნდება. კოლორადოს ხოჭოსა და მახრის მოსასპობად ნიადაგი შემოდგომაზე გადახანით კაკლის ჩამოცვენილ ფოთლებთან ერთად (4 ტომარა კაკლის ფოთოლი 100 კვ.მ-ზე). ლოკოკინების წინააღმდეგ სავბრძოლველად კარგ შედეგს იძლევა ბაღის გარშემო მარილის დაყრა. კოლორადოს ხოჭოს საწინააღმდეგოდ შეიძლება გულყვითელას (კალენდულა), კიტრის ფოთლის, მიწავაშლას, აბზინდას, ქრისტესისხლას და ხახვის ნარჩენების გამოყენებაც. მათ აყოვნებენ წყალში ორი-სამი დღის განმავლობაში.

ნაცრის თავიდან ასაცილებლად სრულებით არ არის აუცილებელი შხამქიმიკატების გამოყენება. გამოცდილი მებაღე სხვაგვარად მოიქცევა. ყლორტების ზომიერი გასხვლა, მცირე რაოდენობით (20-30 გ/მგ) ფოსფორითა და კალიუმით გამოკვება და აზოტის უმნიშვნელო სიჭარბის დაუშვებლობა — აი, პროფილაქტიკის მეთოდების მისი ძირითადი ასორტიმენტი. თუ ნაცარი მაინც გაჩნდა, მაშინ შეიძლება ძროხის ნაკელის გამოყენება: 1 წილ ნაკელს 3 დღე-ღამის განმავლობაში ათავსებენ 3 წილ წყალში. შემდეგ ხსნარს აზავებენ წყლით (1:3) და წურავენ. ასხურებენ საღამოს. ძროხის ნაკელში გამრავლებული ბაქტერიები აქტიურად უმკლავდებიან ნაცარს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჭურჭელი, რომელსაც ნაკელის ხსნარის დასამზადებლად ან შესაფრქვევად იყენებთ, არ უნდა შეიცავდეს შხამქიმიკატების უმცირეს ნარჩენებსაც კი, რომელთაც შეუძლია ბაქტერიების — ნაცრის ანტაგონისტების ზრდისა და განვითარების დათრგუნვა.

ნაცრის საწინააღმდეგოდ ასევე იყენებენ 3 გ კალიუმის პერმანგანანტს 50 გ კალიუმის ქლორიდთან ერთად (ან ძლიერი დაზიანების შემთხვევაში 100-200 გ სუპერფოსფატთან ერთად) 10 ლ წყალში.

ხის ნაცარი კალიუმის შემცველობის გამო აძლიერებს მცენარეთა იმუნიტეტს. კალიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ბალახოვან მცენარეთა ნაცარი. წიწიბურასა და მზესუმზირას ნაცარი შეიცავს 35-36% კალიუმს, ხორბლისა და ჭვავის ჩალის ნაცარი — 13-17%-ს, თელისა და არყის ხისა — 10-14%-ს, ნაძვისა და ფიჭვისა 3-7%-ს. ნაცარი, კალიუმის გარდა, შეიცავს მხოლოდ 1-2% კალიუმსა და ფოსფორს და თითქმის არ შეიცავს კირს. ამიტომ ეწერ და მჟავე ნიადაგებში მხოლოდ ხის ნაცრით შეიძლება ნიადაგის მაღალი მჟავიანობის განეიტრალება.

ჯანსაღი მცენარეების გაზრდას ხელს უწყობს ნიადგში ხის ნახშირის შეტანა კარტოფილის, ყაბაყის, პატისონის ფოსოებში, მარწყვისა და კენკროვანი ბუჩქნარის დარგვისას, კიტრის, ჭარხლის, კომბოსტოს დათესვის წინ მწკრივებში შეტანა 1 კვ.მ-ზე 20-200 გ-ის დოზით, ნაცარში კალიუმის შემცველობის მიხედვით. შავი მოცხარისა და ხურტკმელის ყვავილობის შემდეგ, ნაყოფის ფორმირების პერიოდში, ნიადაგში შეაქვთ 200-300 გ მშრალი ნაცარი და ნიადაგის ზედაპირზეც თანაბრად ანაწილებენ მას ბუჩქის ზონაში. ნაცრის დაავადების წინააღმდეგ ბუჩქებს ასხურებენ ხის ნაცრის ნაყენს 2-3-ჯერ 8-10 დღის ინტერვალით. მშრალ ნაცარს აფრქვევენ ბოლოკის, თალგამის აღმონაცენებს ჯვაროსანი კულტურების ფოთოლრწყილების წინააღმდეგ და მარწყვისა და ბოსტნეულ კულტურათა მწკრივთაშორისებს ლოფორთქინებით დაზიანების შემთხვევაში.

მიკრობიოლოგიური ნაყენების გამოყენება წარმატებით შეიძლება მოცხარისა და სხვა კულტურათა ნაცრის წინააღმდეგ:

1) 1/3 ვედრო ძროხის ნაკელს ან ჩაშმორებულ თივას ასხამენ 3 ლ წყალს, აყოვნებენ 3 დღეს (სრულ დადუღებამდე), აზავებენ წყლით (1:3), ნაყენს წურავენ და ასხურებენ დამზადების დღეს (დამუშავებას იმეორებენ 10-12 დღის შემდეგ);
2) 9 ლ წყალს უმატებენ 1 ლ შრატს, დოს ან მოხდილ რძეს და ასხურებენ მცენარეებს შებინდებისას (ორჯერ ან სამჯერ, დაავადების განვითარების ხარისხის მიხედვით).

შესხურების დროს კარგად უნდა დასველდეს ფოთლების არა მარო ზედა, არამედ ქვედა მხარეც, სადაც მავნებლები ყველაზე ხშირად მრავლდებიან და დაავადება ვითარდება.

არ შეიძლება კამის, ოხრახუშის, ნიახურის, ქინძის, მწვანე ხახვის, სალათის, პიტნის, კომბოსტოს (თავის დახვევის შემდეგ) შესხურება.

სამუშაო ხსნარის შესხურების ნორმებია: ახალგაზრდა ხე (6 წლამდე) — 2 ლ-მდე; ნაყოფმსხმოიარე ხე — 10 ლ-მდე; მოცხარის ბუჩქი — 1.5 ლ-მდე; ხურტკმელის ბუჩქი — 1 ლ-მდე; ჟოლოს ბუჩქი — 2 ლ-მდე; მარწყვი (10 კვ.მ) — 1,5ლ-მდე; ბოსტნეული კულტურები, კარტოფილი (10 კვ.მ) — 1 ლ-მდე.

მეურნეს ნებისმიერ პრეპარატთან მუშაობისას ხშირად უხდება ვედროების, ჭიქებისა და სხვა ჭურჭლის ხმარება. ზოგიერთი ჭურჭლის დაახლოებითი ტევადობა ასეთია: 1 ვედროში ეტევა 10 ლ წყალი; 1 თხელ ჭიქაში — 250 მლ; 1 თლილ ჭიქაში 200 მლ; 1 სუფრის კოვზში — 10 მლ; 1 ჩაის კოვზში — 5 მლ. ჯაყვის წვერზე ეტევა 0,25-0,5 გ მსუბუქი ან 1-2 გ მძიმე ფხვნილი.

რამაზ გახოკიძე
resonancedaily.com

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
239 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB