გვალვაგამძლე სამარცვლე პარკოსანი კულტურა მუხუდო და მისი სელექციური ჯიშები საქართველოში.
საქართველოს მშრალი რეგიონებისათვის სამარცვლე პარკოსანი კულტურებიდან ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს მუხუდო. აკადემიკოს ნ. ი. ვავილოვის შეფასებით მუხუდოს კულტურა შექმნილია სპეციალურად ნახევრად უდაბნოებისათვის.
ის განსხვავებით სხვა პარკოსანი კულტურებიდან გამოირჩევა მაღალი გვალვაგამძლეობით. მისი ნათესი არ წვება, პარკი არ სკდება, და მარცვალი მომწიფებისას არ იბნევა, მარცვალი არ ზიანდება მემარცვლიათი,შესაძლებელია მისი მოვლა-მოყვანა მექანიზებულად. მუხუდო შეიცავს ცილებს დიდი რაოდენობით და შეუცვლელ ამინომჟავებს, გამოირჩევა კარგი საგემოვნო თვისებებით.ის კარგი წინამორბედია თესლბრუნვაში.
აკადემიკოს ლ.ლ. დეკაპრელევიჩის გამოკვლევებით მუხუდო საქართველოსთვის ენდემური კულტურაა და მას ლობოს შემოტანამდე (XVII ს-მდე) ფართოდ იყენებდა ქართველი ხალხი.
მუხუდოს კულტურაზე სელექციური მუშაობა დაიწყო გასული საუკუნის 90- იან წლეებში, საერთაშორისო ორგანიზაცია ICARDA-სთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ. წლების მანძილზე მიღებული იქნა და შესწავლილი მუხუდოს სხვადასხვა საერთაშორისო კოლექციები და ჰიბრიდული მასალა, სულ 2228 ნიმუში. სელექციას ხორციელდებოდა ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით.
კვლევის შედეგად გამოირჩა და 2005 წელს დარეგისტრირდა ჯიში სახელწოდებით „ელექსირი“, ხოლო 2011 წელს ჯიში „არაგვი“. ამჟამად სელექციური მუშაობის სხვადასხვა საფეხურზე იცდება 37 ფორმა, გამოკვეთილია რამდენიმე მაღალმოსავლიანი და მაღალი გვალვაგამძლე ნიმუშები,რომელთა შესწავლა გაგრძელდება.
მუხუდოს ჯიში „ელექსირი“
მუხუდოს ჯიში „ელექსირი“, მიღებულია ერთჯერადი ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით, ILC 533 საწყისი მასალიდან, ჯიში საშუალოდ საადრეოა, ინვითარებს ძლიერ გადაშლილ ბუჩქს, რომლის სიმაღლე 60 სმ-ია, ქვედა პარკების მიმაგრების სიმაღლე 35 სა-ია, არ წვება, ინვითარებს მუქი მწვანე შეფერილობის ფართე ფოთლებს, ყვავილი თეთრია, თესლი მსხვილია, რომლის დიამეტრი 9 მმ-ია, 1000 მარცვლის მასა 411 გ-ია. მარცვალი ღია ჩალისფერია, დანაოჭებული ზედაპირით. მოკლე მსხვილ პარკში 1 იშვიათად 2 ან სამი მარცვალია, პარკების რაოდენობა მცენარეზე 90-110-ია.
გამოირჩევა კარგი გვალვაგამძლეობით, არ ზიანდება მემარცვლიით, ნაკლებად ზიანდება ასკოხიტოზით და ფუზარიოზით (ზიანდება მხოლოდ ტენიანი კლიმატის დროს). მომწიფებისას პარკები არ სკდება. ხელსაყრელია მექანიზირებული მოვლა -მოყვანისათვის.
მარცვლის საშუალო მოსავალი ჰა-ზე კლიმატური პირობებიდან გამომდნარე არის 1,5 ტ-დან 2,5 ტ-მდე. მარცვალში ნედლი პროტეინის შემცველობა არის 22,31 %, უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერების შემცველობა 53,69%, ენერგეტიკული საკვები ერთეული არის111,48%, მონელებადი პროტეინის შემცველობა 18,74%. ხასიათდება საშუალო ხარშვადობით და კარგი საგემოვნო თვისებებით. ჯიში არის ორთესელა ბუნების და მისი მოსავლის მიღება შეიძლება როგორც საშემოდგომო ასევე ადრე გაზაფხულზე თესვისასაც.
მუხუდოს ჯიში „არაგვი“
მუხუდოს ჯიში „არაგვი“ მიღებულია ერთჯერადი ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით, რომლის საწყისი მასალა იყო ILC 3279. ჯიში საშუალოდ საგვიანოა, მცენარე სწორმდგომია, ინვითარებს ღია მწვანე შეფერილობის შედარებით წვრილ ფოთლებს, ყვავილი თეთრია, მცენარის სიმაღლე 70 სმ-ია, ქვედა პარკების მიმაგრების სიმაღლე 40 სმ-ია.მარცვალი გლუვზედაპირიანია, საშუალო სიმსხოსი, რომლის დიამეტრია 8 მმ, მარცვალი ჩალისფერია, 1000 მარცვლის მასა 310 გ-ია.
მარცვლის მოსავლიანობა მერყეობს 1,6 ტ-დან 2,9 ტ-მდე. პარკში 1 მარცვალია იშვიათად 2 ან 3. მარცვალში ნედლი პროტეინის შემცველობა არის 23,16%, ცხიმის 5,54%, უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერების შემცველობა კი არის 53,15%, ხასიათდება იოლი ხარშვადობით და კარგი საგემოვნო თვისებებით. მისი ენერგეტიკული საკვები ერთეული არის 113,95%, მონელებადი პროტეინი 19,45%.
ჯიში არის ორთესელა ბუნების. ვარგისია მექანიზირებული მოვლა მოყვანისათვის.არის კარგი გვალვაგამძლე და ყინვაგამძლე, მარცვალი არ ზიანდება მემარცვლიით.
ბოლო წლეებში იმატა ფერმერთა დაინტერესებამ მუხუდოს მოსაყვანად, მაგრამ მის ფართოდ გავრცელებას ხელს უშლის სპეციალური სელექციური ჰერბიციდის არ არსებობა საქართველოში, სარეველა ბალახები განსაკუთრებით განვითარების პირველ პერიოდში აბრკოლებს მცენარის ნორმალურ ზრდა-განვითარებას და ხელს უწყობს დაავადებების გაჩენას. ამ პრობლემის გადაჭრის შემთხვევაში მუხუდოს მოყვანა შედარებით გამარტივდება, აქედან გამომდინარე გვალვიან რეგიონებში, სადაც შეუძლებელია ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურის მოყვანა გაიზრდება ფერმერთა შემოსავალი და გაუმჯობესდება კულტურათა მორიგეობა თესლბრუნვაში.
როგორც წესი თესლბრუნვა კი ერთ-ერთი აუცილებელი აგროტექნიკური ღონისძიებაა და მისი უგულვებელყოფა იწვევს მოსავლიანობის შემცირებას, დაავადებების განვითარებას, ნიადაგის გაღარიბებასა და სხვ. ამიტომ, მუხუდო როგორც პარკოსანი კულტურა არ უნდა დაითესოს პარკოსნების არც წინამორბედად და არც პარკოსნების შემდეგ. მუხუდოს თესვა სასურველია ერთწლოვანი კულტურების განსხვავებული ოჯახების: თავთავიანებისა და სათოხნი კულტურების ადგილჩანაცვლებით.
ამჟამად, სამეცნირო კვლევითი ცენტრის სოფ. წილკნის ბაზაზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუხუდოს ახალი პერსპექტიული ფორმების შერჩევა და დასარეგისტრირებლად მომზადება.
გიორგი ბადრიშვილი, ს/მ დოქტორი;
პაშა ვაჩეიშვილი, ს/მ დოქტორი
ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახური;
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრი.