რჩევები დამწყებ მევენახეს-როდის უნდა ჩავატაროთ ვენახის წამლობა

4215 Views Comment Off

ყურძნის უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოკოვან დაავადებებთან და მავნებლებთან ბრძოლის სწორად წარმართვას, დროულად, აგროწესებით დადგენილი ნორმებით წამლობას და საჭირო პრეპარატების სწორად შერჩევას.

პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, გარდა ცალკეული გამონაკლისისა, სოკოვან დაავადებათა (ჭრაქი, ნაცარი, სიდამპლეები და სხვა.) წინააღმდეგ საჭირო ვადებში ექვსჯერ ჩატარებული წამლობა სავსებით საკმარისია, ხოლო მავნებლებთან ბრძოლა უნდა ჩატარდეს მათი გავრცელების შემთხვევაში, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, კომბინირებულ ნაზავში სპეციალური პრეპარატების (ინსექტიციდების) შერევით ან მათი ცალკე შესხურებით.

დიდი მნიშვნელობა აქვს შესხურების ხარისხს-წამალი უნდა განაწილდეს თანაბრად. განსაკუთრებით უნდა შეიწამლოს ფოთლის ქვედა მხარე და ნაყოფი. წამლობა უნდა ჩატარდეს უქარო ამინდში, უფრო დილის ან საღამოს საათებში.

კომბინირებული ნაზავების მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იქნას პრეპარატების თავსებადობა. ასევე, მნიშვნელოვანია კონტაქტური (ზედაპირული მოქმედების) და სისტემური (მცენარეში შეღწევის უნარის მქონე) პრეპარატების სწორი მონაცვლეობა. იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დაავადებებისადმი გამძლე რასების ჩამოყალიბება, რაც საბოლოოდ იწვევს რეზისტენტობას (შემგუებლობას), სასურველია, ერთი და იგივე პრეპარატი სეზონზე არ გამოვიყენოთ ორ ჯერზე მეტად (განსაკუთრებით, სისტემური მოქმედების). ამის შესაძლებლობას იძლევა დღეს ბაზარზე არსებული მათი მრავალფეროვნება.

წამლობის დაწყების, ინტერვალების და დამთავრების ზუსტი თარიღი არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ამინდი იქნება კონკრეტულ სეზონზე და რამდენად ხელსაყრელი პირობებია დაავადებათა და მავნებლების გავრცელებისთვის. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ნაადრევ ან ნაგვიანევ გაზაფხულსაც.

ბოლო წლების დაკვირვებებიდან გამომდინარე, პირველი წამლობა ტარდება 20 აპრილიდან 10 მაისამდე, ხოლო უკანასკნელი _ აგვისტოს შუა რიცხვებში ან მის მეორე ნახევარში.

გთავაზობთ სოკოვან დაავადებათა და მავნებლების წინააღმდეგ წამლობების განაწილების და შესაბამისი პრეპარატების გამოყენების ჩემეულ სქემას. თავიდანვე ვიტყვი, რომ არ ვაპირებ რომელიმე პრეპარატის რეკლამირებას. დასახელებულ პრეპარატებს (ფუნგიციდებს) პირადად ვიყენებ წლების მანძილზე და დარწმუნებული ვარ მათ ეფექტურობაში, თუმცა ცხადია, არსებობენ სხვა, შესაძლოა ასევე ეფექტური, მაგრამ ჩემთვის უცნობი პრეპარატებიც.

წამლობა

1 წამლობა: 4-6 ფოთლის ფაზა. ჭრაქის წინააღმდეგ: ანტრაკოლი ან ანტრაკოლ ბლაუ ან კუპერვალი; ნაცრის წინააღმდეგ: გოგირდოვანი პრეპარატები.

მე-2 წამლობა: ყვავილობის წინ. ჭრაქის წინააღმდეგ: მელოდი დოუ ან რიდომილი ან იტერალი ან მიკალი ან კურზატი; ნაცრის წინააღმდეგ: ფალკონი ან ტოპაზი ან ბაილეტონი ან ზატო ან ტოპკონაზოლი.

მე-3 წამლობა: დაყვავილებისთანავე. იგი პრეპარატები, რაც წინა წამლობისას. სასურველია მონაცვლეობა.

მე-4 წამლობა: ისრიმობის დასაწყისი. წინა წამლობიდან 12-14 დღის შემდეგ. იგივე პრეპარატები, რაც მე-2 და მე-3 წამლობებისას. სასურველია მონაცვლეობა.

მე-5 წამლობა: მარცვლის დამსხვილება. წინა წამლობიდან 12-14 დღის შემდეგ. იგივე პრეპარატები, რაც პირველი წამლობისას. სასურველია მონაცვლეობა.

მე-6 წამლობა: მტევნის შეკვრა, შეთვალების დასაწყისი. ჭრაქის წინააღმდეგ: კუპერვალი; ნაცრის წინააღმდეგ: გოგირდოვანი პრეპარატები; ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ: ეუპარენი ან რივონე ან სკალა.

კიდევ ერთი სოკოვანი დაავადების _ ანთრაქნოზის, რომელიც, ძირითადად, არაქართული წარმოშობის (ევროპიდან და ამერიკის კონტინენტიდან ინტროდუცირებულ) ჯიშებს უჩნდება, მკურნალობა პრეპარატებითაც და ვადებითაც ემთხვევა ჭრაქისას.

რაც შეეხება ჩვენს რეგიონში გავრცელებულ მავნებლებს _ ტკიპების მასიურად გავრცელების შემთხვევაში, ფოთლების გამოჩენისთანავე უნდა შეიწამლოს ენვიდორით. შეიძლება, აგრეთვე, სხვადასხვა წამლობების დროს კომბინირებულ ნაზავში ბი-58 ან ნეორონის შერევაც.

ბოლო წლებში, რეგიონის ვაზის ნარგავებს მასიურად შეეწია ფოთლის ქვედა მხარეზე მოსახლე თეთრი მწერები, ე. წ. თრიფსები, რაც დიდ ზიანს აყენებს მოსავლის ხარისხს. იგი იკვებება ფოთლის წვენით, ფოთოლი კნინდება, რაც აფერხებს მასში ფოტოსინთეზის პროცესს. შედეგად, მარცვალში შაქრის დაგროვება ფერხდება და ნაყოფის დაბალი შაქრიანობის ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა.

წამლობა საჭიროა მავნებლის გამოჩენისთანავე. გარდა ზემოხსენებული ტკიპების საწინააღმდეგო ინსექტიციდებისა, მათ წინააღმდეგ მიზნობრივად გამოიყენება «კონფიდორ მაქსი» 2-ჯერ 10 დღის ინტერვალით, ოღონდ, ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე, მინიმუმ, 20 დღე უნდა გავიდეს.

ყველა ზემოაღნიშნული პრეპარატების ხარჯვის ნორმებისა და დოზირების შესახებ, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მათი შეძენისას სპეციალიზირებულ მაღაზიებში.

ანდრო ვაშალომიძე, გურიის რეგიონული ასოციაცია «გურული ვაზის» გამგეობის თავმჯდომარე
გურია NEWS

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB