ვარდი, ყვავილთა დედოფალი, სიხარულის, სილამაზის, მშვენიერების, სიცოცხლის, ბედნიერებისა და სიყვარულის სიმბოლოდაა აღიარებული. არ არსებობს არც ერთი მცენარე, რომელიც ისე ცნობილი და პოპულარული იყოს დედამიწაზე, როგორც ვარდი თავისი დეკორატიული და სამეურნეო მნიშვნელობით.
ვარდი იმ მცენარეთა რიცხვს ეკუთვნის, რომელიც ადამიანმა უხსოვარი დროიდან გამოარჩია, მოაშინაურა და თავისი ცხოვრების თანამგზავრად გაიხადა. მხოლოდ ყვავილთა დედოფალ ვარდს შეუძლია დაატკბოს ადამიანი თავის მრავალფეროვნებით, მოხდენილობით, ფერთა სიმრავლით, სინაზით, სინატიფით, სასიამოვნო სურნელებით, რის გამოც იგი დასაბამიდანვე ყვავილების დედოფლადაა აღიარებული. იგი ყოველთვის ითვლებოდა თაყვანისცემის, სიამოვნების, სიფაქიზისა და გამარჯვების სიმბოლოდ.
ვარდი თავისი ღირსშესანიშნავი თვისებებით დღესაც პირველ ადგილზეა დეკორატიულ მცენარეთა შორის, ჯიშებისა და ფორმების მრავალფეროვნებით. შეუდარებელია მოჭრილი ყვავილების სილაღე და სიმშვენიერე, რომ არაფერი ვთქვათ იმ სილამაზეზე, რომელიც ამშვენებს ბაღებს, პარკებს, სკვერებს, ეზოებს, გზის ნაპირებს, შენობების ფასადებს, თაღებს, პერგოლებს და სხვ.
უძველესი დროიდან დღემდე ვარდს იყენებდნენ სამკურნალოდაც: გვირგვინის ფურცლებს სახეზე იდებდნენ ახალგაზრდული, ნაზი ელფერისათვის; ზეთს იყენებდნენ თმის სამკურნალოდ და თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ, ისვამდნენ თვალების გარშემო მხედველობის გასაძლიერებლად. ვარდის ზეთი აჩერებს სისხლის დენას ცხვირიდან, ხოლო ხის ნახშირზე დამწვარი გვირგვინის ფურცლების ბოლი ყურის ტკივილს აყუჩებს. ვარდის ნაყოფისაგან მიიღება ვიტამინები, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ვიტამინი ჩ, სურნელოვანი ზეთი, ვარდის წყალი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტების, სუნამოს, წამლების, ეთერზეთების, ვიტამინების, ძმრის, საღებავი ნივთიერებების, ღვინის, ჩაის, მალამოების დასამზადებლად.
ვარდებს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ამრავლებდნენ. მრავალრიცხოვანი ისტორიული წყაროების მიხედვით, ვარდის სამშობლოდ აღმოსავლეთის თბილ ქვეყნებს: სირიას, ეგვიპტესა და სპარსეთს მიიჩნევდნენ. სპარსეთში ვარდებს ამრავლებდნენ ყველგან, ამიტომაც ქვეყანამ მიიღო პოეტური სახელწოდება „გიულისტანი“ – ვარდების ქვეყანა. მეორე მხრივ ვარდის სამშობლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს – ინდოეთს, იაპონიასა და ჩინეთს თვლიან, სადაც დღესაც გავრცელებულია მარადმწვანე ვარდები. ინდოეთი ითვლება მარადმწვანე ვარდების ჯგუფის სამშობლოდ, რომელსაც ინდურ ან ჩაის ვარდს უწოდებენ (მოროზოვსკი 1973).
ვარდის კულტურის ისტორია შესაძლოა კაცობრიობის ისტორიაზე ძველიც კი იყოს (ლ. ვერჩერჟი 1971). ინგლისელი მეცნიერის ჟოლლეის მონაცემებით, შუმერთა მეფემ სარგონ პირველმა დაახლოებით 5000 წლის წინათ (2684-2630 ჩვ.წ. აღრიცხვამდე) ქ. ურუში, რომელიც მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარეობდა, ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ჩამოიტანა ვარდები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს მცენარე მანამდეც არსებობდა სხვა ქვეყნებში. ამასვე ამტკიცებს ქალდეაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოცემული წერილობითი მონაცემები. აღმოსავლეთის ქვეყნების ძველ წერილობით წყაროებში სახეობებისა და ჯიშების შესახებ საკმაოდ ძუნწი ცნობები ჩვენამდე მოვიდა მითების, პოემებისა და ლეგენდების სახით (საფო, პლინიუსი); აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების მასალების საფუძველზე.
პირველი წერილობითი მონაცემები არსებობს მხოლოდ ძველი ბერძნების ჩანაწერებში, სადაც ამ კულტურამ უმაღლეს დონეს მიაღწია. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ბერძენი პოეტი ქალი საფო ვარდს აღმერთებდა და „ყვავილთა დედოფალს“ უწოდებდა. ვარდები ეძღვნებოდა სიყვარულის ღმერთს ეროსს და სილამაზის ქალღმერთს აფროდიტას. ვარდი საბერძნეთში დაიბადა, სიყვარულის ღმერთის აფროდიტეს (ვენერას) ბანაობის დროს მისი სხეულიდან ჩამონადენი ნაზი ქაფისაგან. ნახა რა ღმერთმა ულამაზესი ყვავილი, ნექტარი შეასხურა. ერთ-ერთი ბერძნული თქმულების მიხედვით ბავშვური სილამაზისა და სიწმინდის გამომხატველია თეთრი ვარდი.
სიყვარულის ქალღმერთის აფროდიტეს ტაძრის ეზოში თეთრი ვარდის ბაღები იყო გაშენებული. მოულოდნელმა ცნობამ მისი მეგობრის ადონისის დაჭრის შესახებ გაბზარა აფროდიტეს გული. იგი ისე გაიქცა ადონისის საძებნელად, რომ სირბილის დროს ვერც კი იგრძნო, როგორ დაეკაწრა ფეხები და სისხლმა დაუწყო დენა. ქალღმერთის სისხლის რამდენიმე წვეთი ვარდებს შეეშხეფა და თეთრი ვარდისაგან წითელი წარმოიქმნა. მეორე ბერძნული თქმულებით: ოლიმპოში ღმერთების ნადიმის დროს, ამურმა ცეკვისას თავისი ვარდისფერ-წითელი ფრთებით შემთხვევით გადმოაპირქვავა ნექტარით სავსე ჭურჭელი, რომელიც თეთრ ვარდს გადაევლო, წითლად შეღება და გარემოს შესანიშნავი, დამატკბობელი სურნელება მოჰფინა.
ძველ საქართველოში და საზღვარგარეთაც, ვარდის პატივსაცემად ყოველწლიურად მაისის თვეში ვარდობის დღესასწაული იმართებოდა. საფრანგეთის ქალაქ ტრევიზოში ვარდობის დღესასწაულზე ქალაქის ცენტრში აკეთებდნენ სიმაგრეს, რომელსაც ძვირფასი ხალიჩებითა და აბრეშუმის ქსოვილებით რთავდნენ. ქალაქის ცნობილი გოგონები სიმაგრეს იცავდნენ, ახალგაზრდა ვაჟები კი გარს შემოერტყმებოდნენ და იერიში მიჰქონდათ მის ასაღებად. როგორც გოგონები, ისე ვაჟები შეიარაღებული იყვნენ ვარდ-ყვავილებით, რომლებსაც ერთმანეთს ესროდნენ. ქალიშვილები თავდამსხმელებს ვარდის წყალს ასხურებდნენ. ამ სანახაობას სხვადასხვა მხრიდან მოსული ათასობით მაყურებელი ესწრებოდა.
ჩვენს ერამდე პირველ საუკუნეში, პლინიუს უფროსი ვარდს „ყვავილების პრინცესას“, მინდვრებისა და ბაღების უდიდეს მოსართავს უწოდებდა. საუკუნეების მანძილზე ვარდმა, როგორც დედოფლის ტიტულის მატარებელმა, საყოველთაო აღიარება ჰპოვა.
ალექსანდრე მაკედონელის დროინდელმა მწერალმა და მეცნიერმა, ბოტანიკის მამად წოდებულმა თეოფრასტემ, ფუნდამენტალურ საბუნებისმეტყველო ნაშრომში მოგვცა ვარდის კულტურის აღწერა და მისი მოვლის წესები, რასაც ბუნებისმეტყველები დიდი ხნის მანძილზე ვერაფერს უმატებენ. მან პირველმა აღწერა 5, 15, 20, ვარდები. დაამტკიცა, რომ გასხვლა წინაპირობაა უკეთესი ყვავილობისა; გამრავლება უმჯობესია არა თესლით, არამედ კალმით, რომ ვარდის ზრდა-განვითარება დამოკიდებულია იმაზე, სწორადაა თუ არა შერჩეული დასარგავი ადგილი.
ბერძნებმა პირველებმა დაიწყეს ვარდების მოყვანა როგორც ღია გრუნტში, ისე საქოთნე კულტურად. შემდეგ ვარდი გავრცელდა ჩრდილო აფრიკაში, კერძოდ ეგვიპტეში, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ფარაონის სამარხში ნაპოვნია 9 ვარდისაგან შემდგარი გირლიანდა. ჩვ.წ. აღრიცხვამდე XV-XIII საუკუნეებში 551-479 წ. ჩინეთის სამეფო კარის ბიბლიოთეკაში 600 წიგნი იყო ვარდებზე, სადაც ირკვევა, რომ უკვე ცნობილი იყო ვარდის ზეთის წარმოება. ძველ რომში ვარდის კულტურამ განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია. რომაელებმა დააფასეს ვარდის საუკეთესო ნიშან-თვისებები. ნადიმის დროს მეგობრობის ნიშნად სტუმარს ღვინით სავსე სასმისში ვარდის თაიგულიდან მოწყვეტილ გვირგვინის ფურცლებს ჩაუგდებდნენ ხოლმე.
ბრძოლაში გამარჯვებული ჯარის პატივსაცემად გზებსა და მინდვრებს სურნელოვანი ვარდის ფურცლებით ფენდნენ, გირლიანდებით მორთულები ხვდებოდნენ და ვარდის თაიგულებს უყრიდნენ. გვირგვინის ფურცლებს იყენებდნენ საკვებში. აყენებდნენ ღვინოს, ხმარობდნენ კოსმეტოლოგიაში და სამკურნალოდ. ვარდს იყენებდნენ მოსართავად როგორც სადღესასწაულო, ისე სამგლოვიარო ცერემონიალის დროს. არც ერთი პოლიტიკური მსვლელობა და რელიგიური დღესასწაული არ ტარდებოდა ვარდების გარეშე. ვარდის ფურცლებით ამკობდნენ სატრაპეზო მაგიდებს, ჭურჭელს, სადღესასწაულო დარბაზის კედლებს, სვეტებს და იატაკს. შადრევანს ავსებდნენ ვარდის წყლით. გვირგვინის ფურცლებისაგან აკეთებდნენ ლეიბებსა და ბალიშებს. ვარდები თამაშობდნენ დიდ როლს ლიტერატურაში, რელიგიაში, პოლიტიკასა და ეკონომიკაში.
ჰორაციუსი 2000 წლის წინათ წერდა, რომ რომის იმპერიაში მინდვრები, რომლებიც პურითა და ხეხილით იყო დაკავებული, გაახმეს და ვარდები დარგესო, რაც იმას ნიშნავს, რომ ვარდის კულტურა უფრო მომგებიანი იყო. ძველი რომაელი ისტორიკოსის გადმოცემით, მეფე ნერონმა მთელი კასრი ოქრო გადაიხადა ალექსანდრიიდან გამოწერილ და ჩამოტანილ ვარდებში, ხოლო იმპერატორმა ჰელიოგლობალმა სადღედაწაულო დარბაზში ვარდის ფურცლებისაგან ისეთი წვიმის მოწყობა ბრძანა, რომ ბევრი სტუმარი მთლიანად დაიმალა შიგ.
შუა საუკუნეებში თეთრი ვარდი დუმილის სიმბოლოდ ითვლებოდა. მაგიდაზე, სადაც თეთრი ვარდი იდგა, ყველამ იცოდა, რომ იქ ნათქვამი სიტყვა არ უნდა გამჟღავნებულიყო. ვარდი დუმილის სიმბოლოს წარმოადგენდა და ამიტომ მიეძღვნა იგი მდუმარების ღმერთს ჰიპოკრატს. ვარდები ამშვენებდა გერბებს, ბეჭდებს, მედლებს, ორდენებს, მონეტებს და სხვ. შესაბამისად განვითარდა ვარდით ვაჭრობა, თაიგულების შეკონვა, გვირგვინების დაწვნა. ვარდებს უმღეროდა იმ დროის ყველა პოეტი: ანაკრეონი, ჰორაციუსი, მატციალი, პლინიუს დიდი და სხვა. რომის დაცემასთან ერთად ვარდმაც დაკარგა პოპულარობა, ყურადღება მოაკლდა და მხოლოდ ძალიან გამძლე ჯიშები გადარჩა. ქრისტიანული ეკლესია თავდაპირველად არ ცნობდა ამ ყვავილს, რადგან იგი რომაული გარყვნილების სიმბოლოდ მიაჩნდა. მხოლოდ 400 წლიდან ჩვენს აღრიცხვამდე, ვარდი ისევ გახდა პოპულარული თავისი დეკორატიული, სამეურნეო და სამკურნალო თვისებებით.
ევროპაში ვარდის კულტურის ხელახლა გავრცელებას ხელი შეუწყეს ჯვაროსნებმა, რომლებმაც მჭიდრო კავშირი დაამყარეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ისევ შემოიტანეს აღმოსავლური ვარდები. ქრისტიანულმა ეკლესიამ ვარდი ღვთისმშობლის ყვავილად აღიარა. ყველა სურათზე ვარდი იყო გამოხატული, მისი მოშენება დაიწყეს მონასტრებში. ვარდმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა პრაქტიკული თავლსაზრისითაც, განსაკუთრებით კი მედიცინაში. სამკურნალოდ იყენებდნენ მის ცალკეულ ნაწილებს, მაგ., შუა აზიასა და სპარსეთში ცნობილი ექიმი ავიცენა. ძველ ტრაქტატში “ბალახების თვისებები” – ფრანგი ექიმი ოდო წერდა “მარტო სურნელებითა და სილამაზით კი არ აღგვაფრთოვანებს ვარდი, არამედ თავისი სამკურნალო თვისებებით”. ჩვენამდე მოღწეულ ვარდს – გალიკას ჰიბრიდს სააფთიაქო ვარდი (ოფფიცინალის) ეწოდება. ეს წითელი ვარდი შემოტანილი იყო ჯვაროსნული მოძრაობის დროს XIV საუკუნეში. ამ დროს მიმდინარეობდა ბრძოლა ლანკასტერებს და იორკების საგვარეულოებს შორის, რომელთა გერბებზეც თეთრი და ალისფერი ვარდები იყო გამოსახული. ეს ბრძოლა ისტორიაში ისტორიაში შევიდა “თეთრი და წითელი ვარდების ოცდაათწლიანი ომის” სახელწოდებით.
მეთოთხმეტე საუკუნიდან ინგლისში დაიწყო ვარდის კულტურის აღორძინება. მან გავრცელება მეფის ბაღიდან დაიწყო და ადამიანის ტანსაცმლის ნაწილიც კი გახდა. გერმანიაში მეფე ფრიდრიხ ვილჰელმმა თავის შესანიშნავ პარკში ვარდის კუნძული მოაწყო, სადაც დიდებულების ქორწილები ეწყობოდა. 1804 წელს ნაპოლეონ პირველის მეუღლის, ჟოზეფინას ბრძანებით გაშენდა როზარიუმი. მან შეიძინა იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული ჯიშები. გაჩაღდა მუშაობა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მსოფლიოში ვარდების განვითარებაზე. საფრანგეთში ახლაც უდიდესი მუშაობა მიმდინარეობს ვარდებზე, გამოჰყავთ უამრავი ახალი ჯიში, ხდება მათი რეალიზაცია. ეროვნულ სიამაყეს წარმოადგენს პარიზის ბაგატელის პარკის როზარიუმი (24,5 ჰა), სადაც ხშირად ტარდება ვარდების საერთაშორისო კონკურსი. ყველა დროისა და ხალხების როზარიუმი, ვარდების ნამდვილი მუზეუმი არის გერმანიაში ქ. ზანგერჰაუზენში სადაც თავმოყრილია 6000-ზე მეტი ჯიშის ვარდი. ჰოლანდიაში, სადაც უმაღლეს დონეზეა მეყვავილეობა, ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე ეწყობა ყვავილების დღესასწაული. ბულგარეთში დიდი სახელმწიფო მნიშვნელობა აქვს ვარდების გამრავლებას. საყოველთაოდაა ცნობილი ყაზანლიყის ვარდისაგან მიღებული სურნელოვანი ზეთი.
რუსეთში ვარდი მეთექვსმეტე საუკუნეში შემოვიდა. გერმანელი გერბენშტეინის (1517-1562) ჩანაწერების მიხედვით პირველად ვარდი გაშენებულ იქნა მეფის სასახლის ეზოში. XVIII საუკუნეში, მიხეილის მეფობის პერიოდში უკვე ცნობილია ბუთხუზა ვარდების არსებობა, ხოლო პეტრე I-ის დროს, პეტროზავოდსკის საქალაქო “ბაღი მოწყობილია და დარგულია პეტრე პირველის საკუთარი შრომისმოყვარე ხელებით 1703 წელს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან იწერდა ვარდებს, განსაკუთრებით კი, სურნელოვანს”. დიდი ღვაწლი მიუძღვით ყინვაგამძლე მცენარეების გამოყვანაში მიჩურინს, კიჩუნოვს, კოსტეცკის, შტანკოს, სუშკოვს, კლიმენკოებს. მათ მიერ გამოყვანილი ჯიშები ცნობილია როგორც რუსეთში, ისე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.
საქართველოში ვარდის კულტურის მოშენებას უხსოვარი დროიდან მისდევდნენ, რაც ხელსაყრელი კლიმატური პირობებით იყო განპირობებული. თბილისი და მისი შემოგარენი ყველა სახის ვარდებით ყოფილა შემკული. ოდითგანვე ცნობილია ბუთხუზა, წითელი ფერის მაისის ვარდი, რომლის სურნელება დღესაც ატკბობს ადამიანს.
ველურ ყვავილთა მოშინაურებასა და “სავარდეთა” მოწყობის საქმეში დიდი დამსახურება აქვს ვახტანგ VI-ს. უპირველესი სავარდე მას თბილისში, თავის სასახლესთან ჰქონია, რომელიც აღწერილი აქვს შარდენს. ვახტანგ VI-ის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში საირიგაციო მშენებლობა, ხვნა-თესვისა და მებაღეობა-მევენახეობის ინტენსიური განვითარება. ქართველი ხალხისთვის ვარდის წყალი და ვარდის ზეთი დიდი ხნის წინათ იყო ცნობილი. დიდი ყურადღება ექცეოდა ვარდის წყლის გამოხდას.
ფრანგი მოგზაურის შარდენის (1643-1713), ფრანგი ბოტანიკოსის აკადემიკოს ტურნეფორის (XVII საუკუნის დამლევი) და ცნობილი გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII საუკუნის პირველი ნახევარი) გადმოცემით, შაჰ-აბაზისაგან საქართველოს აოხრების, გადაწვისა და განადგურების შემდეგაც ჩვენში, თბილისში, გორში, ქუთაისსა და სხვ., გაშენებული ყოფილა შესანიშნავი ბაღები სურნელოვანი ვარდებით, საჩრდილობელი და ძვირფასი დეკორატიული ხეებითა და ხეხილით.
საქართველოში ვარდების უძველეს კულტურაზე მიუთითებს მათი გამოსახულება არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნ არქიტექტურულ ძეგლებზე, საეკლესიო და საოჯახო ნივთებზე (ხატი, ჯვარი, ნაკურთხი წყლის ჭურჭელი, საოჯახო და საეკლესიო ქსოვილების ნაქარგობანი) მკაფიოდაა გამოხატული ვარდი. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცულია V საუკუნით დათარიღებული ბოლნისის სიონის ეზოში აღმოჩენილი ღვინისფერი ქვისაგან გამოთლილი ჯვარი, რომლის ოთხივე ბოლოზეც ვარდებია ამოკვეთილი. მინანქრული ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშია IX-XI საუკუნის ოქროს ხატზე ტიხრული მინანქრით გამოხატული ვარდულები. ზარზმის ღვთისმშობლის მოოქროვილ ხატზე (XII საუკ., სოფ. შემოქმედი) აგრეთვე სტილიზებული ხელოვნების ვარდულებია. ჩხოროწყუში ნაპოვნია XVII საუკუნის ძვირფასი სამლიტრიანი აიაზმის ჭურჭელი, რომლის შუაწელზე ჭედური ვარდულებია გამოსახული. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ ნივთებს შორის ღვთისმშობლის ხატზე (#1170, იმერეთიდან), რომელიც 1730 წლით არის დათარიღებული, ოქროთი დაფერილ ვერცხლზე ჭედური ხელოვნებით ვარდია ამოკვეთილი. ვარდი დიდი გემოვნებითა და სინატიფითაა ამოქარგული მრავალ ნივთზე, რომელიც XIII-XIX საუკუნით თარიღდება.
ვარდი რომ უძველესი დროიდან არსებობს, ეს იქიდანაც მტკიცდება, რომ ნაპოვნია 4 ათასი წლის წინანდელი ლითონის ფული, რომელზედაც ვარდია ამოკვეთილი.
აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის მონაცემებით, ყვავილთა მეფის ვარდის ყვავილობა არნახულ ზარზეიმს იწვევდა. ვარდფურცლობას მაისში, ვარდის გაშლისთანავე იხდიდნენ, მას ვარდმოფენის დღე – „შვიდმაისობა“ ერქვა. უძველესი დროიდან მოდის, რომ ყველა ლხინი და ნადიმი ვარდებით უნდა ყოფილიყო დამშვენებული. ვარდებით დაწნული გვირგვინებით თავებს იმკობდნენ, ვარდის ფურცლებს თავზე იყრიდნენ და სხვებსაც აყრიდნენ. „ვარდებით რთავდნენ და ფენდნენ იატაკს, კარებს, ფანჯრებს, ბანებს, ფარდებს, ყრიდნენ სარეცელზე. ვარდებით სკამებს ამკობდნენ, მაგიდას ვარდებით ავსებდნენ. მწდნენნი, მოლხინენი, მროკველნი, მომღერალნი ვარდებით ირთვებოდნენ, ჭურჭელნი და სამოსი ვარდებით იყო შემკული საპატიო სტუმრის შეხვედრა და გაცილება ვარდებით ხდებოდა“. (ი. ბალახიშვილი 1967).
წინათ საქართველოში ასეთი წესი იყო, მაისის საღამოს ვაჟებს ტყიდან მოჰქონდათ ცოცხალი დეკორატიული ხის ტოტები და ვარდყვავილების კონები, რომლითაც რთავდნენ იმ სახლს, სადაც თავის სატრფო ეგულებოდათ. თუ ქალი თანაუგრძნობდა, მაშინ ვარდყვავილებს ოჯახში შეიტანდა და მეორე დილით იმ ვარდებით მოირთვებოდა. თუ ქალს არ სურდა ვაჟთან მეგობრობა, მაშინ ყვავილებს ხელს არ ახლებდა. ეს იყო გარკვეული უსიტყვო პასუხი ვაჟის მიმართ, რომელიც შემდეგ მსჯელობის საგნად არც შეიძლება გამხდარიყო. წარმართობის პერიოდიდანაა დამკვიდრებული რწმენა ვარდ-ყვავილთა სიმბოლიკისა. წითელი ვარდი არის სიყვარული, ქორწილი, ბედნიერება. იგი არის სიმბოლო სილამაზისა და სიყმაწვილის; ლხინისა და მხიარულების მომასწავებელი. თეთრი ვარდი სიყვარულზე უარის ნიშანია. ვინ იცის რამდენი ქალ-ვაჟის გული დაწყვილებულია წითელი ვარდის ან კიდევ პირიქით – თეთრი ვარდის მიღებით.
ძველთაგანვე ვარდის სიმბოლიკა ანდაზებშიც კი აისახა: „ვარდი უეკლოდ არავის დაუკრეფია“, „კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო“, „ვარდი მოკრიფე და ეკალს ცეცხლი წაუკიდეო“, „ვარდი სანეხვეზეც გაიზრდებაო“.
ვარდის სიყვარულთან და მშვენებასთან არის დაკავშირებული ჩვენში გავრცელებული სახელები: ვარდო, ვარდიკო, ვარდოფინე, გვარები; ვარდოსანიძე, ვარდიაშვილი, ვარდუკაძე; სოფელი ვარდისუბანი ლაგოდეხის, თელავის, ყაზბეგის, თერჯოლის, მცხეთის, დმანისის, გულრიფშის რაიონებში. თბილისში მთაწმინდის რაიონის ერთ-ერთ ქუჩას ვარდისუბნის ქუჩა ერქვა. შესაძლებელია, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ძველ ვერაზე, ამ უბანში შესანიშნავი ბაღი ყოფილა გაშენებული.
წყარო: „მებაღე“ – სახელმძღვანელოს შექმნაზე მუშაობდნენ:
ზურაბ შევარდნაძე; მანანა ელბაქიძე; ქეთევან გელაშვილი.
იხილეთ აგრეთვე: ვარდის დაკალმება – ვარდის კალმით გამრავლება