ოჯალეში — ქართული ვაზის ჯიში — სამეგრელო

4396 Views Comment Off

წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში საქართველოში ძველთაგანვეა ცნობილი. იგი გავრცელებულია უმთავრესად სამეგრელოს მთიან რაიონებში და როგორც წარსულში, ისე ამჟამადაც მისგან აყენებენ მუქი შეფერილობის მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს.

სამეგრელოში ადგილობრივ მეურნეთა შორის და აგრეთვე ზოგიერთი სპეციალური ნაშრომის მიხედვით ოჯალეში ცნობილია შონურის და სვანურის სახელწოდებითაც. ადგილობრივი შესწავლით დასტურდება, რომ ოჯალეში სამეგრელოს უძველესი ჯიშია და თავისი ბოტანიკური და აგრობიოლოგიური ნიშნებით პონტოს ვაზის ჯიშთა წყებას მიეკუთვნება. ამას ადასტურებს პროფ. ა. ნეგრულის ვაზის აბორიგენული ჯიშების კლასიფიკაცია.

თუ როდის წარმოიქმნა ოჯალეში, ან სად იყო მისი გავრცელების პირველი კერა, ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ დადგენილი, ხოლო როგორც ამას აკად. ივ. ჯავახიშვილი გადმოგვცემს საერთოდ ცნობები ქართული ვაზის ჯიშთა წარმოქმნის შესახებ არ არის დაცული. მოგზაური შარდენი, ხოლო უფრო მოგვიანებით სკაუ თავიანთ ნაშრომებში მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდიან მევენახეობის სპეციფიკურობის შესახებ სამეგრელოში და ამავე დროს მეგრულ ღვინოებს მაღალ შეფასებას აძლევენ.

უნდა ვიფიქროთ, რომ იმდროინდელ ვენახებში გავრცელებულ ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში უდავოდ წამყვანი იყო, ვინაიდან ვაზის რამდენიმე ათეული გადარჩენილი ჯიშიდან იგი ამჟამად მკვეთრად გამოირჩევა, როგორც მეტად მაღალხარისხოვანი პროდუქციის  ორიგინალური ტიპის ღვინოების მომცემი ჯიში. ყურადღებას იპყრობს თვით ჯიშის სახელწოდება ოჯალეში, რაც კიდევ მეტად ამტკიცებს მის აბორიგენობას სამეგრელოს რაიონებისათვის. აკად. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, ოჯალეში ვაზის მაღლარობის გამომხატველი მეგრული ტერმინია. ჯა~ ნიშნავს ხეს, ხოლო ოჯა_ლეში  ხეზე ასაშვებ ვაზს ანუ სახეივნოს.

ამგვარად, ოჯალეში ხეზე ასაშვები ვაზის აღმნიშვნელი ზოგადი სახელწოდება ყოფილა. ეს სახელწოდება, ამავე მკვლევრის აზრით, სამეგრელოში, განსაკუთრებით მდ. ტეხურის ხეობაში, მეტად ფართოდ გავრცელებულ ვაზის ჯიშს `სვანურს~ შერჩენია. აგრ. ერ. ნაკაშიძის მიხედვით, ოჯალეში ნაწარმოები უნდა იყოს ვენახის ნაკვეთის ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი მეგრული სიტყვისაგან ბჟა(მზე). აქედან ობჟალეში ანუ სამზეური ადგილმდებარობა, მზვარე ადგილი. ამ სიტყვიდან დამახინჯების შედეგად თითქოს წარმოიშვა ოჯალეში, რაც არადამაჯერებლად გვეჩვენება, ხოლო აკად. ივ. ჯავახიშვილის განმარტებანი სავსებით გასაზიარებლად მიგვაჩნია.

სამეგრელოში გავრცელებულ ვაზის მრავალ აბორიგენულ ჯიშთაგან ქართველ მეურნეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ჯიშისათვის უნდა ჰქონდეს შერქმეული ოჯალეში და იგი, როგორც სპეციფიკური ბოტანიკური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური და სამეურნეო თვისებებით ვაზის ყველა ადგილობრივ ჯიშზე მაღლა მდგომი, უძველესი დროიდან უნდა ატარებდეს ამ სახელს. ცნობილია, რომ ვაზის ფორმირების ერთ_ერთ საფუძველს მისი ჯიშის სპეციფიკური ნიშნები წარმოადგენს (ზრდის სიძლიერე, ახოხების უნარი და სიმაღლეზე ან სიგანეზე განვითარების მიდრეკილება).

ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ქართველმა მეურნემ სწორედ ამის საფუძველზე სამეგრელოს ვაზის ჯიშებიდან გასამრავლებლად პირველ რიგში შეარჩია ყველაზე უკეთესი, გააფორმა იგი მაღლარად ან ოლიხნარად და ამის გამო შეარქვა სახელად ოჯალეში, ე.ი. ხეზე ასაშვები ვაზი. სამეგრელოს რაიონებში გავრცელებული ვაზის აბორიგენული ჯიშების დეტალურად შესწავლისას გამოირკვა, რომ ვაზის ადგილობრივი ჯიშები, რომელთაც თავიანთი საკუთარი სახელწოდება აქვთ, ურთიერთისგან მკვეთრად განსხვავდება ბოტანიკური და აგრობიოლოგიური ნიშნებით და მათ შორის ოჯალეშიც თავისი სპეციფიკური ნიშნებით სრულიად განსხვავებულ, ორიგინალურ ჯიშს წარმოადგენს.

ყურადღებას იპყრობს სამეგრელოში გავრცელებული სინონიმი ოჯალეშისა _ შონური ანუ სვანური. ერთი შეხედვით, შონური ანუ სვანური~ჯიშის სადაურობის მაუწყებელი სიტყვა უნდა იყოს. საფიქრებელია ოჯალეშის გავრცელება წარსულში მდ. ტეხურის ხეობის ზემო წელში, ქვემო სვანეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე, საიდანაც დროთა ვითარებაში უნდა მომხდარიყო ჯიშის ამ ხეობის ქვემო ზონაში ჩამონაცვლება, ანდა ქვემო სვანეთიდან გადმოტანა, მაგრამ სათანადო მასალის უქონლობა და აგრეთვე სვანეთში ვაზის კულტურის არარსებობა საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ შონური არ უნდა წარმოადგენდეს ჯიშის სადაურობის მაუწყებელ სახელს.

საყურადღებოა ამ სინონიმის წარმოქმნის მეორენაირი ახსნაც, რომელიც მოგვაწოდეს სამეგრელოს რაიონებში მომუშავე მევენახეებმა მ. სურმავამ და ი. მალაშხიამ და რომელიც უფრო ნაოცნებარსა ჰგავს.

აღნიშნულ პირთა გადმოცემით, `შონური~ მეტსახელად მიკუთვნებული აქვს ოჯალეშს თვით სამეგრელოს მკვიდრთა მიერ იმის გამო, რომ სამეგრელოში ოჯალეშის ყურძნის კრეფა დიდი დაგვიანებით წარმოებდა, ყოველ შემთხვევაში არა უადრეს დეკემბრის. ოჯალეშის ყურძენი ამ პერიოდისათვის წყლის აორთქლების შედეგად მასობრივად შეჭკნებოდა, რის გამოც მარცვალში შაქრის კონცენტრაცია მატულობდა. ამგვარი ყურძნისაგან დაყენებული ღვინო ყოველთვის გამოირჩეოდა მდიდარი შეფერილობით, ჰარმონიულობით და საკმაოდ მაღალი ალკოჰოლიანობით (13_14,5). ოჯალეშის ღვინის ასეთ დიდ სიმაგრეს მეგრელი მოსახლეობა სვანის ძალასა და ღონეს ადარებდაო.

ლეჩხუმსა და აღმოსავლეთ გურიაში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული წითელყურძნიანი ჯიში აგრეთვე ოჯალეშის სახელწოდებით. აღნიშნული ჯიშის შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ გურიაში გავრცელებულ ოჯალეშს არავითარი კავშირი არა აქვს ნამდვილ მეგრულ ოჯალეშთან და სახელწოდებას შეცდომით ატარებს.

პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით განსაკუთრებით გამოირჩეოდა მდ. ტეხურის ხეობაში _ სალხინოს მევენახეობის ზონის კირნარ ნიადაგებზე გაშენებული ოჯალეში. სამეგრელოს მთავარმა დადიანმა ოჯალეშის სპეციალური ნაკვეთები შექმნა სოფ. სალხინოში, ხოლო შემდგომ დადიანის სიძემ მიურატმა 1880_იან წლებში კიდევ უფრო გააფართოვა ოჯალეშის ნარგაობა და 1912 წლისათვის იგი 16 ჰექტარამდე აიყვანა.

ვენახების გაშენებას მიურატი აწარმოებდა ნამყენების სახით ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე. როგორც გადმოგვცემენ, ყურძენს დიდი დაგვიანებით კრეფდნენ _ დეკემბრის დასაწყისში და ზოგჯერ უფრო გვიანაც. ამის გამო ყურძენი მასობრივად ჩამიჩდებოდა. ამგვარი ყურძნიდან ჭაჭაზე დადუღებული ღვინო მდიდარი შეფერილობისა და მეტად ალკოჰოლიანი გამოდიოდა (14_14,5º), ამ ღვინოს სათანადოდ გადამუშავების შემდეგ ბოთლებში ასხამდნენ და სპეციალური წარწერით უცხოეთშიაც კი გზავნიდნენ.

1918_20 წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს ვენახი აჩეხა და ნაკვეთი საკარმიდამოდ დაინაწილა, 1927 წელში კი იგი გადაეცა `სამტრესტს~. ამ უკანასკნელმა მთავრობის მითითებით ჩამოაყალიბა ოჯალეშის საბჭოთა მეურნეობა, რომელიც შემდეგ სალხინოს კოლმეურნეობას გადაეცა.

საქართველოს გარეთ ოჯალეში ცნობილია საფრანგეთში ამპელოგრაფ პიულიას მიერ შექმნილ კოლექციაში. ეს ჯიში იქ ბარონ ლონგეილს გადაუგზავნია ქუუთაისიდან, ჩვენში გავრცელებულ ვაზის 25 ჯიშის მასალასთან ერთად.

ოჯალეშის ფართობი ცალკეულ რაიონებში ვენახის საერთო ფართობთან შედარებით მეტად მცირეა, მისი ფართობის ამგვარი სიმცირე, ეჭვს გარეშეა, გამოწვეულია ვაზის დაბლარად გაშენებისა და მცირე დატვირთვის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირებული მოსავლიანობით, რის გამოც სამეგრელოს რაიონებში ამ ჯიშმა ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა ფართო გავრცელება.

სამეგრელოს რაიონებში არსებულ დაბლარ ვენახებში ძირითად ჯიშს წარმოადგენს იმერული ცოლიკოური, რომელმაც როგორც ზრდა_განვითარებით, ისე მოსავლიანობით მოსახლეობის დამსახურებული სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

პერსპექტიული გეგმით გათვალისწინებულია ოჯალეშის ფართო მასივების შექმნა სამეგრელოს მთიან რაიონებში და მოსავლის გაზრდის მიზნით ჯიშისათვის სპეციფიკური აგროტექნიკის დამუშავება.

ბოტანიკური აღწერა

ახალგაზრდა ყლორტი. კვირტი გაშლის პერიოდში მოთეთროა და ოდნავ მოწითალო ელფერი აქვს. ახლად გაშლილი პირველი ნორჩი ფოთოლი ზემოდან ღია მწვანეა, მოყვითალო ან მუქი მოწითალო ელფერი ახლავს და სქლადაა დაფარული თეთრი ბეწვისებრი ბუსუსით. ფირფიტის ქვედა მხარე ქეჩისებრ დაფარულია თეთრი ბუსუსით, რომელსაც ნაპირებისაკენ მოწითალო ელფერი გადაჰკრავს. ფოთლის ყუნწი თეთრი ბეწვისებრი ბუსუსითაა დაფარული. მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთოლი ზედა მხრიდან მოწითალო_იისფერია. ფირფიტის კბილები და ძარღვები ღია მომწვანო ფერისაა. შებუსვა მეორე ფოთოლს ზემოდან საკმაოდ ემჩნევა, მესამე კი მცირედ. ქვედა მხრიდან მათ ქეჩისებრი შებუსვა ახასიათებს. ახალგაზრდა ყლორტი მცირედაა დაფარული მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. შებუსვა ძლიერდება ყლორტის წვერისაკენ. ყლორტი მრგვალია, ცალი მხარე მწვანეა, მეორე მოწითალო_იისფერი.

ერთწლიანი რქა მუქი მოყვითალოა ან ღია წაბლისფერი. საშუალო სიმსხოსი, დიამეტრით 7_9 მმ_მდე. მუხლთშორისის სიგრძე 7_12 სმ აღწევს. იგი მცირედაა დაფარული მონაცრისფრო ბუსუსით და მუხლთაშორისების გასწვრივ სუსტი ზოლები ემჩნევა.

ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა, სიგრძით 15,2 და სიგანით 16,6 სმ. ოდნავ განივ_ოვალურია და თითქმის მომრგვალო, მცირედ დანაკვთული. ფირფიტის ზედა მხარე წვრილი ბუშტისებრია ან ბადისებრ დანაოჭებული. მოყვანილობით ძაბრმაგვარ_ღარისებრია, იშვიათად ბრტყელიც ან ნაპირებით ქვემოთ ჩამოშვებული. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრ დაფარულია მონაცრისფრო ბუსუსით. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ყოველთვის ღია და უცვლელია. ფორმით ისრისებრია, უფრო ხშირად თანასწორგვერდებიანია. გვხვდება აგრეთვე ამონაკვეთი ისევე ისრისებრი, მაგრამ უფრო ჩაღრმავებული ფუძით. ზედა ამონაკვეთი მცირედ ჩაჭრილია ან საკმაოდ შეჭრილი კუთხე აქვს. ქვედა ამონაკვეთი უმნიშვნელოდაა ჩაჭრილი.

ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრია, ამოზნექილგვერდებიანი და მახვილწვერიანი. გვხვდება აგრეთვე სამკუთხედისებრი კბილები, მომრგვალებულწვერიანი და ხერხკბილა სამკუთხედისებრი, ცალგვერდჩაზნექილი. მეორეული კბილებიც ამავე მოყვანილობისაა.

ფოთოლი სამნაკვთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ქმნის ბლაგვ კუთხეს, იშვიათად _ სწორს. ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,8_1,1 უდრის. ყუნწი ძლიერ მცირედაა დაფარული ბუსუსით, იგი მოწითალო ღვინისფერია, ხოლო ფუძესთან იისფერში გადადის.ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული მტვრიანებითა და ბუტკოთი. ყვავილში 5 მტვრიანაა, გვხვდება აგრეთვე 6 და იშვიათად 4 მტვრიანაც. მტვრიანების ძაფების შეფარდება ბუტკოსთან მერყეობს 1,3_დან 1,5_მდე. ბუტკოს ნასკვი თითქმის მრგვალია და მოგრძო_წვრილი ყელი აქვს. ყვავილების რაოდენობა ყვავილედში 200_350 აღწევს.

მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 5_7 სმ აღწევს. მტევანი საშუალოზე მცირეა, მისი სიგრძე 8_14 სმ, ხოლო სიგანე 5_10 სმ უდრის. დიდი მტევნის სიგრძე 16 სმ აღწევს, მცირესი კი 7,5 სმ.მტევანზე საშუალოდ 75 მარცვალია.

მტევნის საერთო ფორმა ცილინდრულ_კონუსისებრი და ხშირად ფრთიანი. ფრთის სიგრძე მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. მტევანი საშუალო სიმკრივისაა, გვხვდება თხელი მტევნებიც. მტევნის ყუნწის 1/3 გახევებულია; დანარჩენი ნაწილი კლერტითურთ ბალახისებრია, რომელიც ღია მწვანე და მოწითალო_ღვინისფერში გადადის.მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 4_6 მმ აღწევს. იგი მომწვანო ან მოწითალო_ღვინისფერია. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებული და განიერკონუსისებრია. მარცვალი საჯდომ ბალიშზე მტკიცედაა მიმაგრებული.

მარცვალი მუქი ლურჯია (თითქმის შავი), საშუალო სიდიდისაა ან საშუალოზე მცირე. მისი საშუალო სიგრძე 13,4 მმ, ხოლო სიგანე 12,5 მმ აღწევს. ოდნავ ოვალურია. მსხვილი მარცვლის სიგრძე 15 მმ, სიგანე _ 14,4 მმ აღწევს. წვრილი მარცვლის სიგრძე 10 მმ, ხოლო სიგანე 9,5 მმ უდრის. მარცვალი შუა წელში განიერია. ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია. იგი საკმაოდ სქელკანიანია. კანი რბილობს ადვილად სცილდება. საკმაოდ წვნიანია. მტევანში მარცვლები არათანაბრად მწიფდება. რაც ოჯალეშის დამახასიათბელი ნიშან_თვისებაა. მარცვალი საკმაოდაა დაფარული ცვილით.

წიპწა. მარცვალში 1_4 წიპწაა, უფრო ხშირად გვხვდება 2 წიპწა. წიპწის სიგრძე 6_7 მმ, ხოლო სიგანე 3_3,5 მმ აღწევს, წიპწა ღია ყავისფერია, მუცლის მხრიდან კი ღარების გასწვრივ _ მოყვითალო. ქალაძა ოვალურია და საკმაოდ გამოსახული; მოთავსებულია ზურგის თითქმის შუა ნაწილში, ზურგის მხარე გლუვია. ნისკარტის სიგრძე 2 მმ აღწევს. თითქმის ყველა თესლის ნისკარტის წვერი მოყავისფრო_მოშავო ლაქებითაა დაფარული.

აგრობიოლოგიური დახასიათება

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. სალხინოს ზონაში ოჯალეშის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტების გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 220 დღეს, ხოლო სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობა ფოთოლცვენის დამთავრებით 244 დღეს უდრის. ვეგეტაციის თითქმის ასეთივე ხანგრძლიობა ახასიათებს ოჯალეშს წალენჯიხის რაიონის სოფ. ნაკიფუს ზონაში. აქ სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა 238_240 დღეს აღწევს.

მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის ბაზაზე ოჯალეშის სავეგეტაციო ფაზების ხანგრძლიობა კვირტის გაშლის დასაწყისიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე მერყეობს 157_185 დღემდე, საშუალოდ იგი 173 დღეს უდრის.

როგორც მოყვანილი ცნობებიდან ჩანს, სალხინოსა და ნაკიფუს მევენახეობის ზონებში სამეგრელო) ოჯალეშის სავეგეტაციო პერიოდი თელავის მევენახეობის ზონასთან (კახეთი) შედარებით საკმაოდ გახანგრძლივებულია და ეს სხვაობა 45_46 დღემდე აღწევს, რაც გამოწვეულია, პირველ ყოვლისა, კახეთში ამ ჯიშის სავეგეტაციო პერიოდის გვიან დაწყებით (23.IV), ხოლო სამეგრელოში ვაზის შედარებით ნაადრევი განვითარებით (3_5.IV), გარდა ამისა, სამეგრელოში შემოდგომის განმავლობაში სითბოსა და ტენის სიუხვის შედეგად ვეგეტაციის გახანგრძლივებით და ამის გამო ყურძნის გვიან დამწიფებით (6_10.XI).

ცალკეული ბიოფაზების მიხედვით განსხვავებული სურათია ყვავილობის ფაზის მსვლელობაში. მაგალითად, სოფ. ნაკიფუსა და სალხინოს მევენახეობის ზონებში ყვავილობა საშუალოდ 25_28 მაისს იწყება, ხოლო თელავის ზონაში _ თითქმის ორი კვირის დაგვიანებით (13.VI).

მსგავსი სურათია ყურძნის სიმწიფის ფაზის დასაწყისის მხრივ. როგორც ცხრილიდან ჩანს, ოჯალეშის ყურძენი თელავის ზონაში დამწიფებას იწყებს საშუალოდ 8.IX_სათვის, ხოლო ნაკიფუში 5.IX_სათვის და სალხინოში 10.IX_სათვის.

სამაგიეროდ მეტად განსხვავებულია ყურძნის სრული მწიფობის ფაზა. შემოდგომის პერიოდში სითბოსა და ტენის მოქმედების შედეგად ვაზის ვეგეტაციის გახანგრძლივების გამო ნაკიფუსა და სალხინოს ზონებში ყურძენი სრულ სიმწიფეს აღწევს ნოემბრის შუა რიცხვებში (საშუალოდ 10.XI), ხოლო თელავის პირობებში აღნიშნული ფაზა საშუალოდ ოქტომბრის შუა რიცხვებისათვის მთავრდება, მაგრამ, როგორც დ. ტაბიძის (5) მონაცემებით მტკიცდება, ინსტიტუტის ბაზაზე (თელავში) ამ პერიოდისათვის ოჯალეშის ყურძენში შაქარი 19% არ აღემატება.

როგორც ზემოაღნიშნული მასალიდან ჩანს, ოჯალეში მეტად საგვიანო ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. მას სამეგრელოში ჩვეულებრივ დეკემბრის პირველ დეკადაში კრეფენ. სამეგრელოს რაიონებში მრავალი წლის მანძილზე წარმოებულ დაკვირვებათა საფუძველზე ირკვევა, რომ ოჯალეში თავისუფლად შეიძლება მოიკრიფოს ნოემბრის მეორე ნახევრიდან, რადგანაც ყურძენი ამ დროისათვის სავსებით მწიფეა, მაგრამ რთველის დაგვიანება უფრო მიზანშეწონილია, ვინაიდან ამის შედეგად ყურძენში არსებული წყალი მცირდება და შაქრის კონცენტრაცია იზრდება, რაც ღვინის ხარისხზე, ცხადია, დადებითად მოქმედებს.

რქის მომწიფება. სამეგრელოს თბილ და ტენიან ჰავის პირობებში, მიუხედავად ვაზის ვეგეტაციის გახანგრძლივებისა, ერთწლიანი რქა სრულ მომწიფებას აღწევს ყურძნის მასობრივი სიმწიფის პერიოდისათვის და ჯიშის დამახასიათებელ ელფერს ღებულობს. ასევე სრულ მომწიფებას აღწევს ვაზის რქა ბახვის საბჭოთა მეურნეობაშიც (ოზურგეთის რ_ნი), სადაც აღნიშნული ჯიში ერთ ჰექტარამდეა გაშენებული.

ვაზის ზრდის სიძლიერე. დაკვირვება ცხადყოფს, რომ სამეგრელოს ეკოლოგიურ პირობებში მაღლარად მოზარდი ოჯალეში საკმაოდ მძლავრი ზრდა_განვითარებით ხასიათდება. მიუხედავად მოუვლელობისა, ამ ჯიშის მაღლარები ხელშემწყობი ამინდის დროს ამჟამადაც მძლავრ ვეგეტაციურ ნაწილებს ივითარებს და ცალკეული რქების სიგრძე ხშირად 3 მ აღემატება. ასეთივე მძლავრი ზრდა ახასიათებდა ოჯალეშის მაღლარებს წარსულშიაც, რასაც ადასტურებს როგორც ადგილობრივ მეურნეთა გადმოცემა, ისე მრავალი წერილობითი მასალა.

მოსავლიანობა. მაღლარად მოზარდი ოჯალეშის მოსავალი ამჟამად ცვალებადია, რაც უშუალოდ დაკავშირებულია სავეგეტაციო პერიოდში ამინდის პირობებთან. საშუალოდ ერთი ძირი მაღლარი ვაზის მოსავალი 30 კგ_მდე აღწევს. ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით, აგრეთვე აგრ. მ. სურმავას ცნობით, რომელიც დიდი ხანია მუშაობს მევენახედ მარტვილის რაიონში, ოჯალეშის ცალკეული მაღლარად ფორმირებული ძირების მოსავალი ხშირად 65_75 კგ აღწევდა, საშუალოდ კი 60 კგ უდრიდა. ეჭვს გარეშეა, რომ წარსულში ამ ჯიშის უხვმოსავლიანობა უნდა მიეწეროს ჩვენში ფილოქსერისა და სოკოვან ავადმყოფობათა არარსებობას და ამის შედეგად ვაზის მძლავრ ზრდას და ვეგეტაციური ნაწილების ნორმალურ განვითარებას.

დაკვირვებით ირკვევა, რომ დაბლარად აღზრდილი ვაზის მოსავალი მაღლართან შედარებით მცირეა, რაც აიხსნება მისი მცირედ დატვირთვით _ ვაზების ნაკლებად განვითარების გამო. ჩვეულებრივ ოჯალეში მოსავლის პირველ ნიშანს იძლევა დარგვიდან მე_2, მე_3 წელს, ხოლო სრულად მოსხმას იწყებს მე_5 წლიდან.

მსხმოიარობის კოეფიციენტი მერყეობს 1,3_დან 1,5_მდე. არის შემთხვევები, როცა იგი 1,7 აღემატება, ხოლო საშუალოდ 1,3 უდრის. რქაზე ხშირად ორი მტევანი ვითარდება, ხოლო იშვიათად _ ერთი. ოჯალეშის მტევნის წონა დასახელებულ ადგილებში 108_დან 116 გ_მდე მერყეობს, ხოლო საშუალოდ 112 გ უდრის. ამრიგად, საშუალო მოსავალი ერთ რქაზე 145,6 გ შეადგენს, ხოლო მთელი ვაზის საშუალო მოსავალი 10_12 კვირტით დატვირთვის შემთხვევაში 1,3 კგ აღწევს. ჰექტარზე გადაყვანით ოჯალეშის მოსავალი მერყეობს 41_47,5 ცენტნერს შორის.

ეჭვს გარეშეა, რომ ფორმირების შეცვლით, მოსავლიანი ძირების შერჩევითა და აგროტექნიკის სწორად გატარების საფუძველზე მოსალოდნელია ოჯალეშის მოსავლის მნიშვნელოვნად გადიდება (არსებულთან შედარებით თითქმის 1,5_2_ჯერ).

სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებლების მიმართ გამძლეობა

სამეგრელოს თბილ და ტენიან ეკოლოგიურ პირობებში სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება ვაზზე ძლიერია. განსაკუთრებით ავადდება მაღლარი ვაზები, რომელთა მოვლა ვაზების მაღლა აზრდის გამო თითქმის შეუძლებელი ხდება. დაბლარი ვაზები კი შეწამლვის ოპერაციების დროულად და წესისამებრ ჩატარების შემთხვევაში თითქმის დაცულია ავადმყოფობათა მოქმედებისაგან.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ ოჯალეშის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ სუსტია. განსაკუთრებით იგი ადვილად ავადდება ნაცრით და, თუ დროულად არ იქნა გამოყენებული გოგირდით წამლობა, მთელი მოსავალი ნადგურდება. თელავის საცდელი სადგურის მასალების მიხედვით თელავის ზონაში (ექსპერიმენტულ ბაზაზე) ოჯალეში უკეთეს გამძლეობას იჩენს ავადმყოფობათა მიმართ, რაც, ჩვენი აზრით, აიხსნება ამ ზონის შედარებით მშრალი ეკოლოგიური პირობებით.

ოჯალეშის გამძლეობა ფილოქსერის მიმართ მეტად სუსტია, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ საკუთარ ძირზე აღნიშნული ჯიში მხოლოდ თითო_ოროლა ძირის სახით არის წარმოდგენილი სამეგრელოს მთისპირა მიკრორაიონებში, რომლებიც სუსტად არის განვითარებული და ამის შედეგად მცირე მოსავალს იძლევა. ნამყენების სახით გაშენებულ ოჯალეში, თუ იგი სათანადოდ მოვლილია და გაფორმებული, ძლიერ იზრდება და ნორმალურ მოსავალს იძლევა.

დამოკიდებულება გარემო პირობებისადმი. როგორც ზემოთ გვქონდა აღნიშნული, სამეგრელოში ოჯალეშის სავეგეტაციო პერიოდი მეტად გახანგრძლივებულია. შემოდგომის განმავლობაში ხშირი წვიმების დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯიში გაშენებულია დაბლობ ადგილებში, ყურძნის დამწიფება ძალიან ფერხდება, რაც უარყოფითად მოქმედებს ღვინის ხარისხზე. ამიტომ მაღალხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად აუცილებელია ოჯალეშის გაშენება შემაღლებულ, მთისპირა და სამხრეთით დაქანებულ ფერდობებზე, სადაც მზის სხივების მოქმედება უფრო გაძლიერებულია.

სალხინოს, ნაკიფუსა და ბახვის მევენახეობის ზონებში წარმოებული დაკვირვება ცხადყოფს, რომ ოჯალეში ნიადაგის მიმართ არ იჩენს დიდ მოთხოვნას, მაგრამ ხარისხოვანი პროდუქციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ კარგი სტრუქტურის მქონე, მსუბუქ, თიხნარ_ქვიშნარ და კალციუმის კარბონატების (15_20%) შემცველ ნიადაგებზე. სწორედ ამ ტიპის ნიადაგებია მდ. ტეხურის ხეობაში (სალხინო, თამაკონი, ჭაჩხურა). აქ ოჯალეში იძლევა განსაკუთრებული ღირსების პროდუქციას მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინოების დასაყენებლად.

სამეგრელოს მთისპირა რაიონებში ზამთრისა და გაზაფხულის ყინვების ვაზზე მოქმედება უმნიშვნელოა, იგი დროულად იღვიძებს და სავეგეტაციო პერიოდიც სავსებით ნორმალურად მიმდინარეობს.აგროტექნიკურ სამუშაოთა ზოგიერთი თავისებურება. ცნობილია, რომ ამა თუ იმ ჯიშის სპეციფიკური თვისებები მოითხოვს აგროტექნიკური ოპერაციების იმგვარად წარმართვას, რომ ვაზის ნორმალურ ზრდასთან ერთად უზრუნველყოფილ იქნეს მაღალი მოსავალი, ჯიშისათვის დამახასიათებელი პროდუქციის შენარჩუნებით.

როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, ოჯალეში წარსულში მაღლარად იყო გაშენებული. ვაზი მძლავრ ზრდასთან ერთად მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლეოდა სუფრის ღვინოების დასამზადებლად. ჯიში უძველესი დროიდანვე იყო შეგუებული მაღლარად ფორმირებას, რაც, ეჭვს გარეშეა, ჯიშის ბიოლოგიური თავისებურებით იყო გამოწვეული. ფილოქსერისა და სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედების შედეგად ოჯალეშის მაღლარები მასობრივად განადგურდა, რის გამოც მეურნეთა წინაშე დადგა საკითხი მისი დაბლარად გაშენებისა, რომ ამ გზით გაადვილებულიყო სოკოვან ავადმყოფობათა წინააღმდეგ ბრძოლა. მრავალი საფორმო რგოლის ნაცვლად დაბლარად ფორმირებული ვაზი ერთ ან ორ სანაყოფეზე იქნა დაყენებული, რამაც გამოიწვია მაღლარად ზრდის მიდრეკილების მქონე ოჯალეშის ზრდის შენელება და მოსავლის შემცირება.

აგროტექნიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული ოჯალეშისათვის როგორც მაღლარად, ისე დაბლარად ფორმირება, ვინაიდან პირველ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება აგროტექნიკური ოპერაციების წესიერად ჩატარება ვაზების დიდ სიმაღლეზე განვითარების გამო, ხოლო მეორე შემთხვევაში ვაზის დატვირთვის შემცირების შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება მოსავალიც, ამიტომ ვაზის ნორმალური ზრდა_განვითარების უზრუნველსაყოფად და შედარებით დიდი მოსავლის მისაღებად ოჯალეშის ნარგავები მასობრივად უნდა იქნეს ფორმირებული, ე.წ. თავისუფალი სხვლის წესით _ 70 სმ სიმაღლის შტამბით და ვაზის 27_30 კვირტამდე დატვირთვით. აღნიშნული წესით ფორმირების შესთხვევაში ვაზთა შორის მანძილი 1,5 მ უნდა უდრიდეს, ხოლო რიგთა შორის მანძილი 2,0 მ. ამ შემთხვევაში ერთ ჰექტარზე მოთავსდება 3330_3333 ძირი ვაზი. მიზანშეწონილია აგრეთვე ვაზის კორდონისებური წესით ფორმირება მასზე ორი მუდმივი მხრის შექმნით და თითოეულ მხარზე ორ_ორი საფორმო რგოლის გამოყვანით. ამ შემთხვევაშიაც საჭიროა შტამბის ამაღლება 70_80 სმ_მდე.

ყვავილცვენას ჯიში განიცდის მხოლოდ მცირე ოდენობით. არახელსაყრელი ამინდის დროს ყვავილცვენა ძლიერდება, რასაც თან სდევს მტევნის მნიშვნელოვნად გამეჩხრება. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვანჩია სანაყოფეზე განვითარებული ყლორტების წვერების ყვავილობის დასაწყისშივე წაწყვეტა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფურჩქვნის ოპერაციების წესიერ წარმოებას და ბრძოლას სოკოვან დაავადებათა წინაღამდეგ. რადგანაც ჯიში დიდ მგრძნობიარობას იჩენს ნაცრის მიმართ, საჭიროა დამატებით იქნეს ჩატარებული გოგირდის შეფრქვევა ყვავილობისა და მარცვლის განვითარების პერიოდში.

100 მარცვლის საშუალო წონა 147_150 გ შეადგენს, ხოლო წიპწის რაოდენობა ყოველ 100 მარცვალში 195, საშუალო წონა კი 7,2 გ უდრის. აქედან, ერთწიპწიანი მარცვლები შეადგენს 24%, ორწიპწიანი _ 46%, სამწიპწიანი _ 26% და ოთხწიპწიანი _ 4%. გვხვდება, მხოლოდ იშვიათად, უწიპწო მარცვლებიც, მათი რაოდენობა 1_1,5%_მდე აღწევს. 100 მარცვლის კანის წონა შეადგენს საშუალო წონის 23,1_26,8%.ყურძნის წვენისა და ღვინის ქიმიური შედგენილობა. ეკოლოგიური პირობების თავისებურებების შესაბამისად ოჯალეშის ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა ცვალებადობს.

დაკვირვებით გამორკვეულია, რომ მოკრეფის დაგვიანება იწვევს მარცვალში არსებული წყლის აორთქლებას და შაქრის კონცენტრირებას. მაგალითად, სალხინოს ზონაში დეკემბრის პირველ რიცხვებში აღებულ ნიმუშში შაქრიანობამ 24,5%_მდე მიაღწია. საყურადღებო არის ის გარემოება, რომ შაქრის მატებას თან არ სდევს მჟავიანობის მკვეთრი დაკლება; იმავე ნიმუშებმა ასეთი მაღალი შაქრიანობის დროს შენარჩუნებული იყო საერთო მჟავიანობა 8,5‰–მდე. შაქრიანობა_მჟავიანობის ამგვარი შეფარდება უდავოდ ამ პროდუქციიდან მაღალხარისხოვანი ღვინის დამზადების შესაძლებლობის მაჩვენებელია.

ჭაჭაზე დაყენებული ოჯალეშის ღვინისათვის დამახასიათებელია კარგი შეფერვა, წითელი ღვინისათვის დამახასიათებელი სისქე. ექსტრაქტულობა, ჰარმონიულობა, ენერგიულობა, ტრანსპორტაბელობა და შენახვის კარგი უნარი. აღნიშნული თვისებებით ოჯალეშის ღვინო ალაზნის მარჯვენა მხარის კახური წითელი ღვინის ტიპს უახლოვდება.

ქვემოთ მოგვყავს ოჯალეშის ღვინის ქიმიური ანალიზის შედეგები. ღვინო დამზადებული იყო სასოფლო_სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინეობის ლაბორატორიაში სალხინოს მეურნეობიდან ჩამოტანილი ყურძნიდან.

აღნიშნული ღვინის ქიმიური ანალიზი შემდეგ სურათს იძლევა: ხვედრითი წონა _ 1,9981, ალკოჰოლი _ 13,4, საერთო მჟავიანობა _ 8,7, მქროლავი მჟავიანობა _ 0,43, ალდეჰიდები _ 0,25, PH – 3,07, ექსტრაქტი _ 35,57, ტანინი _ 3,69, შაქარი _ 1,12 და გლიცერინი _ 8,33.

როგორც ამ მასალიდან ჩანს, ოჯალეშის ღვინო ალკოჰოლის საკმაოდ დიდ რაოდენობას შეიცავს და მცირე შაქრიანობა ახასიათებს. ამასთანავე ღვინოს ნორმალურზე მომეტებული საერთო მჟავიანობაც ახასიათებს. მქროლავი სიმჟავეების მცირე ოდენობა ღვინის სისაღის მაჩვენებელია. ღვინის დადებით თვისებას შეადგენს აგრეთვე მასში გლიცერინის და ექსტრაქტის ნორმალური რაოდენობაც.

როგორც ანალიზის მონაცემებიდან ჩანს, ოჯალეშის ღვინის ნიმუშები მდიდარი ქიმიური შედგენილობის მხრივ, რაც საერთოდ დამახასიათებელია მაღალხარისხოვანი წითელი სუფრის ღვინისათვის. ამას ადასტურებს ალკოჰოლის ნორმალური შეცულობა, მისი ნორმალური შეფარდება საერთო მჟავიანობასთან და კარგი სხეულიანობა, რაც ლიტრზე თითქმის 30 გ_მდე აღწევს.

ოჯალეშის ღვინოს სხეულთან და ჰარმონიულობასთან ერთად ახასიათებს შენახვის დიდი უნარი და ტრანსპორტაბელობა. სიძველეში ღვინო ივითარებს სასიამოვნო ბუკეტს, რაც საერთოდ დამახასიათებელია ხარისხოვანი ღვინისათვის. ოჯალეშის ღვინის მაღალ ღირსებაზე მიგვითითებენ აგრეთვე მოგზაური შარდენი, პროფ. მ. ხოვრენკო, ე, ნაკაშიძე და სხვ.

პროფ. მ. ხოვრენკო თავის შრომაში ქართული ღვინოების განხილვისას მაღალ შეფასებას აძლევს სალხინოს ზონაში დამზადებულ ოჯალეშის ღვინოს და აკუთვნებს მას საუკეთესო ღვინოების ჯგუფს.

სალხინოში, ცნობილი მემამულე ა. მიურატი ოჯალეშისაგან სპეციალურად ამზადებდა ღვინოს მარკით: “Oდჯალეცჰე”, ვიგნობლეს დე შ.A. Mადამე ლა პრინცესსე A. Mურატ, რომელსაც იგი საქართველოს ფარგელბს გარეშეც ასაღებდა. ეს ღვინო 1912 წელს მიურატმა წარადგინა პარიზის სასოფლო_სამეურნეო გამოფენაზე. იქ ამ ღვინომ ოქროს დიდი მედალი მიიღო.

ვაზზე დატოვებული ოჯალეშის ყურძენი დეკემბრის ბოლომდე ძლებს, ოღონდ ჭკნება. დაკრეფილი ყურძენი კი გაზაფხულამდე ინახება.

როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში, ოჯალეში ფართო ყურადღების ღირსია და იგი უფრო მეტად უნდა გავრცელდეს ნამყენების სახით შუა და ზემო სამეგრელოს მიკრორაიონებში.

როგორც ზემოთ გვქონდა აღნიშნული ლეჩხუმსა და გურიაში გავრცელებულია ვაზის თავისებური ჯიში `ოჯალეშის~ სახელწოდებით. იგი არსებითად განსხვავდება სამეგრელოს ოჯალეშისაგან როგორც ბოტანიკური და აგრობიოლოგიური ნიშნებით, ისე სამეურნეო_ტექნოლოგიური ნიშან_თვისებებითაც.

ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით, დასახელებული ჯიში პირველად გაუვრცელებია ჩოხატაურის რაიონის სოფ. ახალსოფელში 1900_იან წლებში მემამულე ივანე ერისთავს. როგორც ადგილობრივ ვაზის ჯიშებთან შედარებით საადრეოს, ამ ჯიშს მიუქცევია მოსახლეობის ყურადღება და საკმაოდ ფართოდ გავრცელებულა აღმოსავლეთ გურიაში.

ამჟამად გურიაში აღნიშნული ჯიში მოიპოვება მხოლოდ ჩოხატაურის რაიონში ნამყენების სახით რამდენიმე ჰექტარზე. იგი გვხვდება სოფ. დაბალციხეში, საყვავისტყეში, ფარცხმასა.

ლეჩხუმსა და გურიაში გავრცელებული ოჯალეში შემდეგი ნიშნებით ხასიათდება:

ზრდის კონუსი მოყვითალო_ნარინჯისებრია, მოიისფრო ელფერის მქონე. ზრდის კონუსიდან მოყოლებით ახლად გაშლილი პირველი ორი ფოთოლაკი ქვედა მხრიდან საკმაოდ სქლადაა დაფარული მოთეთრო ბეწვისებრი ბუსუსით. მომდევნო მესამე და მეოთხე ნორჩ ფოთოლზე შებუსვა საგრძნობლად მცირდება, ხოლო მეხუთე და მეექვსე ფოთოლზე თითქმის ქრება.

ახალგაზრდა ყლორტი მომრგვალოა, ფერად ღია მწვანე და მოიისფრო ელფერი ახლავს. იგი მცირედაა დაფარული მოთეთრო_ნაცრისფერი ბეწვისმაგვარი ბუსუსით. შებუსვა უფრო ძლიერდება ყლორტის წვერისაკენ.

შემოსული რქა საშუალო სიმსხოსია (8_9 მმ) და მოყავისფროა. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი. მუხლთაშორისის სიგრძე 7_12 სმ აღწევს.

ზრდადამთავრებული ფოთოლი ღია მწვანეა, ოდნავ მოყვითალო ელფერი დაჰკრავს. იგი საშუალოზე მცირე სიდიდისაა და საერთო მოყვანილობით ოდნავ ოვალურია, თანაც ღრმად დანაკვთული.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი მასობრივად დახურულია და ფორმით განიერ_ნაპრალისებრი, ურთიერთზე საკმაოდ ღრმად გადიდებული ნაკვთებით. ზედა ამონაკვეთი ღრმად ჩაჭრილია და მის ფუძეზე ხშირად განვითარებულია ერთი უბრალო კბილი. ქვედა ამონაკვეთიც საკმაოდ ღრმად არის ჩაჭრილი.

ფოთოლი ხუთნაკვთიანია. ნაკვთების წვერის კბილები უფრო ხშირად სამკუთხედისებრია ან ხერხკბილა სამკუთხედისებრი. მეორეული კბილები მთავარი კბილების მსგავსია. ფოთლის ქვედა მხარე უმნიშვნელოდაა დაფარული მონასცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. შებუსვა უფრო შესამჩნევია ძარღვების გასწვრივ.

ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით. მტვრიანა ბუტკოს სიგრძისაა და ზოგიერთ შემთხვევაში მისგან საგრძნობლადაა გადახრილი. ყვავილში მასობრივად 5 მტვრიანაა; ხშირად გვხვდება 6, იშვიათად 4 მტვრიანა.

მტევნის საერთო ფორმა ცილინდრულ_კონუსისებრია, იგი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ხშირ შემთხვევაში აქვს ფრთა. აგებულებით საშუალო სიმკვრივისაა ან მეჩხერი.

მარცვალი თითქმის შავია, საშუალო ან საშუალოზე მცირე სიდიდისაა. მრგვალი ფორმისაა, საკმაოდ სქელკანიანი, უფრო წვნიანი და ნაკლებხორციანი, ჩვეულებრივი ტკბილი გემო აქვს.

მარცვალში 1_4 წიპწაა. უფრო ხშირად გვხვდება 2 წიპწა.

ჩოხატაურის რაიონში `ოჯალეშის~ სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობა 245 დღემდე აღწევს. ვაზი გამოღვიძებას იწყებს მარტის ბოლოდან, ყვავილობას იწყებს მაისის დამლევს და ამთავრებს 10_12 ივნისამდე. ყურძენი შეთვალებას იწყებს აგვისტოს მეორე ნახევრიდან და მასობრივად მწიფდება სექტემბრის ბოლო რიცხვებში.

ვაზის საერთო ზრდა_განვითარება საშუალოა. მოსავლის პირველ ნიშანს იძლევა დარგვიდან მეორე წელს, ხოლო სრულად ისხამს მეოთხე წლიდან. ზოგიერთ წლებში არახელსაყრელი ამინდის მოქმედებით ხდება მცირეოდენი ყვავილცვენა და აგრეთვე დაწვრილმარცვლიანება, რაც 6_8%_მდე აღწევს.

სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ ნაკლებ გამძლეობას იჩანს, განსაკუთრებით ადვილად ავადდება ჭრაქით.

კარგი მოვლის დროს საშუალო მოსავლიანია. ყლორტზე მასობრივად ორ მტევანს ივითარებს. ერთი ძირის საშუალო მოსავალი 1,5_1,8 კგ აღწევს. წვენის საკმაოდ უხვი გამოსავლიანობა აქვს. მისგან დაყენებული ღვინო ღია წითელი ფერისაა, თხელი, სიმაგრე 10_10,5_მდე აღწევს. თავისი ძირითადი თვისებებით იგი ორდინალური, მასობრივი მოხმარების ღვინის ტიპს მიეკუთვნება.

ჯიშის საერთო შეფასება და დარაიონება

სამეგრელოს ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი წითელყურძნიანი საღვინე ჯიში.

წლების განმავლობაში წარმოებული დაკვირვებით დასტურდება, რომ ოჯალეშის ყურძენი სამეგრელოს მთისპირა რაიონებში სავსებით მწიფდება ნოემბრის შუა რიცხვებში. ამ დროისათვის ყურძენში შაქარი 23_24%_მდე, ხოლო საერთო მჟავიანობა 8,5_9‰–მდე აღწევს. შაქრისა და მჟავიანობის ამგვარი შეფარდება უზრუნველყოფს ღვინის მაღალ ხარისხს. ამიტომ ოჯალეშის მოკრეფა ნოემბრის შუა რიცხვებისათვის სავსებით მიზანშეწონილიად უნდა იქნეს მიჩნეული. ყურძნის მოკრეფის უფრო დაგვიანება იმ შემთხვევაში იქნება აუცილებელი, თუ შემოდგომის პერიოდში ნალექების სიუხვის გამო ყურძენში გადიდებულია წყლის ბალანსი. თუ ყურძენი დაგვიანებით მოიკრიფება, წყალი აორთქლდება და ამის შედეგად ყურძნის წვენში გაიზრდება შაქრის კონცენტრაცია.

ოჯალეში ძლიერ მოზარდ ვაზის ჯიშთა წყებას მიეკუთვნება. მას საყრდენზე ახოხების დიდი უნარი აქვს. ამიტომ არსებული დაბლარი ფორმა (ერთი სამამულე_სანაყოფით) ოჯალეშისათვის მიუღებლად უნდა მივიჩნიოთ, მით უმეტეს, რომ ამ წესით ფორმირებისას იგი მცირე მოსავალს იძლევა. ვაზის უკეთესი ზრდა_განვითარებისა და მოსავლის გადიდების მიზნით ოჯალეში ფორმირებული უნდა იქნეს თავისუფალი ანუ მრავალსაკავებლიანი ფორმით მასზე რამდენიმე სამამულისა და სანაყოფოს დატოვებით.

ოჯალეშის გასაფორმებლად წარმატებით უნდა იქნეს გამოყენებული აგრეთვე ოლიხნარი და კორდონისებრი ფორმა ამაღლებული შტამბით და ორი მხარით, მათზე ორ_ორი საფორმო რგოლის განწყობით.

მოსავლიანობის გადიდების მიზნით უნდა ჩატარდეს მოსავლიანი ძირების შერჩევა და მხოლოდ მათგან უნდა წარმოებდეს გასამრავლებელი საკვირტე მასალის აღება.

მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღების მიზნით ოჯალეში უნდა გაშენდეს მზით უხვად განათებულ, სამხრეთისა და სამხრეთ_აღმოსავლეთისაკენ დახრილ ფერდობებზე. გაშენებულ ნაკვეთებზე ყველა სახის სამუშაო ოპერაციები (გასხვლა, გაფურჩვნა, ახვევა, ნიადაგის დამუშავება, შეწამვლა და სხვ.) უნდა ჩატარდეს კალენდარული ვადების ზუსტად დაცვით და მაღალხარისხოვნად. ვინაიდან ოჯალეში მგრძნობიარობას იჩენს ნაცრის მიმართ, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ვაზების დამატებითი შეწამვლა გოგირდით, განსაკუთრებით ყვავილობისა და მარცვლის ზრდა_განვითარების პერიოდში.

განსაკურთებული ყურადღება უნდა მიექცეს გასამრავლებელი მასალის სიწმინდეს. საქართველოს სხვადასხვა რაიონში ოჯალეშის სახელწოდებით გავრცელებულია ვაზის სულ სხვადასხვაგვარი ჯიშები; მათ არავითარი კავშირი არა აქვს ტიპიურ მეგრულ ოჯალეშთან, პირიქით, ეს ჯიშები მკვეთრად განსხვავდება მეგრული ოჯალეშისაგან, როგორც ბოტანიკური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური და სამეურნეო_ტექნოლოგიური თვისებებით. ამიტომ სამეგრელოს რაიონებში ოჯალეშის გავრცელების დროს გასამრავლებელი საკვირტე მასალა აღებულ უნდა იქნეს მხოლოდ მეგრული ოჯალეშისაგან.

სამარკო ღვინოების შექმნის მიზნით ოჯალეში ფართოდ უნდა გავრცელდეს სამეგრელოში _ ძველთაგანვე ცნობილ მიკრორაიონებში (სალხინო, ჭაჩხურა, დიდი ჭყონი, თამაკონი, ნოქალაქევი, ფოცხო, უშაფათი და სხვ.). გარდა ამისა ფართო კვლევითი მუშაობა უნდა გაიშალოს აგრეთვე ამ ჯიშის დასავლეთ საქარველოს სხვა რაიონებში გავრცელების მიზნით.

ოჯალეში ვაზი

წყარო: enoteca.ge რედაქცია: agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2332 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1286 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB