
ბაზალეთური – სინ.: ბაზალეთური ცოლიკოური. ძველი ადგილობრივი ვაზის ჯიშია.
ფოთოლი საკმაოდ დიდი ზომისაა და ოვალური, ზოგჯერ მრგვალი, სუსტად დანაკვთული, სამ-ხუთნაკვთიანი, ქვედა მხარეს დაფარულია ქეჩისებრი ბუსუსით.
ყვავილი ფუნქციონალურად მდედრობითია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ცილინდრული, ხშირად დატოტვილი, საშუალოდ კუმსი ან თხელი.
მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, მოყვითალო-მომწვანო ფერის, დაფარული წვრილი ცვილოვანი ფიფქით. კანი საკმაოდ უხეში და მკვრივია, რბილობი წვნიანი, მომჟავო-მოტკბო გემოთი.
ჯიში სიმწიფეში სექტემბრის ბოლოდან შედის, აგროვებს 19-20%-მდე შაქარს და მეტად მაღალმჟავიანია – 14,0 გ/დმ3. მიეკუთვნება სიმწიფის საგვიანო პერიოდის საღვინე ჯიშებს.
ვაზი საკმაოდ მოსავლიანია (9,5 ტ/ჰა), საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდის და რქაც კარგად შემოდის.
ფოტო: ასოციაცია „ქართული ღვინო“ (GWA)
ბაზალეთურისაგან საკმაოდ კარგი ხარისხის სუფრის და ცქრიალა ღვინო მზადდება. დაძველების პერიოდში მოჭარბებული სიმჟავე საგრძნობლად ურბილდება, უფრო მსუბუქი და ჰარმონიული ხდება და უყალიბდება ე.წ. „დამჯდარი ბუკეტი“.