კლარჯულა — ქართული ვაზის ჯიში — მევენახეობა

758 Views

კლარჯული თეთრყურძნიან ვაზის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. ყურძნის საუცხოო გემური თვისებების, ტრანსპორტაბელობის, შენახვის დიდი უნარის (ინახება თითქმის გაზაფხულამდე), მტევნისა და მარცვლების გარეგნული სილამაზისა და აგრეთვე საკმაოდ უხვი მოსავლიანობის გამო კლარჯული სამართლიანად ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშად ითვლება საქართველოში გავრცელებულ აბორიგენულ სუფრის ყურძნის ჯიშთა შორის.

წერილობითი მასალები კლარჯულის წარმოშობის შესახებ არ მოიპოვება. როგორც სახელწოდება გვიჩვენებს კლარჯული თითქოს კლარჯეთიდან უნდა იყოს გადმოტანილი გურია-აჭარის რაიონებში, სადაც მას განვითარებისათვის მეტად ხელშემწყობი ეკოლოგიური პირობები დახვდა. ამასვე ადასტურებს აკად. ივ. ჯავახიშვილიც.

მართლაც, ჯიშის სადაურობას კარგად გვიჩვენებს ჩვენში გავრცელებული ვაზის მრავალი წარმომადგენლის სახელწოდება. ეს ჯიშები გაზრდილა და შეჰგუებია ამა თუ იმ მხარის ეკოლოგიურ პირობებს საუკუნეთა მანძილზე და ატარებს სოფლის ან მხარის სახელწოდებას. ასეთია, მაგალითად, გორული მწვანე, სუფრის გორულა (გორიდან), ჯავახეთურა (ჯავახეთიდან), ტაგიძურა (ტაგიძეებიდან), არაგვეთული საფერე (არაგვეთიდან), ობჩური ცოლიკოური (ობჩიდან), ბაზალეთური ცოლიკოური (ბაზალეთიდან), რაჭული მწვანე (რაჭიდან), კახური მწვანე (კახეთიდან) და სხვ მრავალი.

მიუხედავად ამისა კლარჯულის კლარჯეთიდან წარმოშობის საკითხი არ შეიძლება საბოლოოდ გამორკვეულად ჩაითვალოს, რადგანაც შავშეთ-კლარჯეთის როგორც ძველ, ისე თანამედროვე მევენახეობაზე არავითარი ცნობები არ მოგვეპოვება და არც ის ვიცით ჯიში კლარჯული ამჟამად დასახელებულ მხარეში მოიპოვება თუ არა.

სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის გავრცელებამდე კლარჯული მასობრივად იყო გაშენებული მაღლარად გურიასა და ქვემო აჭარაში. ადგილობრივი მოსახლეობა მის მოსავალს ძირითადად ყურძნად იყენებდა. ყურძენს დიდხანს დაუკრეფავად ტოვებდნენ ვაზებზე და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ზამთარში კრეფდნენ. როგორც გადმოგვცემენ, ზოგიერთი მეურნე კლარჯულისაგან ღვინოსაც აყენებდა.

კლარჯულის ღია მოჩალისფრო ღვინოს სასიამოვნო გემო და ბუკეტი ჰქონია. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მოქმედების შედეგად კლარჯულის ვენახები თითქმის განადგურდა. სადღეისოდ მხოლოდ ერთეული მაღლარები გადარჩენილა დასავლეთ გურიისა და მის მოსაზღვრე ქვემო აჭარის მთისპირა სოფლებში (გურიაში _ შემოქმედში, ჭანიეთში, ლიხაურში, ხოლო აჭარაში_ ქაქუთში, ცხრაფონასა და ხუცუბანში). ვაზების ზრდა_განვითარება საკმაოდ ძლიერია, მაგრამ მხოლოდ ხელის შემწყობი ამინდის დროს იძლევა უხვ მოსავალს. ნამყენების სახით დაბლარად კლარჯულის მცირეოდენი ნარგავები წარმოდგენილია ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ბათუმის რაიონებში.

მათი, როგორც ზრდა_განვითარება, ისე მოსავალი და პროდუქციის ღირსება სავსებით დამაკმაყოფილებელია. კლარჯულის შეზღუდული გავრცელება გამოწვეულია, ჯერ ერთი, იმ გარემოებით, რომ ნამყენ მევენახეობაზე გადასვლასთან დაკავშირებით აღნიშნულ რაიონებში მასობრივად გავრცელდა იმერული უხვომსავლიანი ჯიში ცოლიკოური და გარდა ამისა იმით, რომ მცირედ გავრცელების გამო მოსახლეობა მას სათანადოდ ვერ იცნობს.

მხოლოდ ამ უკანასკნელ პერიოდში ჩვენი რჩევით კლარჯული მცირეოდენი ნარგავების სახით ვრცელდება გურია_აჭარის მთისპირა რაიონებში და ვიმედოვნებთ, რომ იგი როგორც მაღალხარისხოვანი სუფრის ყურძნის მომცემი ჯიში ფართოდ გავრცელდება მთელ დასავლეთ საქართველოში.

ბოტანიკური აღწერა

ახალგაზრდა ყლორტი. ზრდის კონუსი ღია მწვანეა მონაცრისფრო ელფერით, რომელიც თხლადაა დაფარული მოთეთრო_ მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. ხშირ შემთხვევაში დაჰკრავს მოწითალო ელფერი. ახლად გაშლილი პირველი ფოთოლი ზემო მხრიდან მომწვანო_მოწითალოა და თითქმის მთლიანადაა დაფარული ბეწვისებრი ბუსუსით. ქვემო მხარე ღია მწვანე_მოწითალოა და საკმაოდ დაფარული ბუსუსით, ქვემო მხრიდან ძარღვების გასწვრივ კი ღია მწვანეა, ხოლო ფირფიტა მოწითალო იისფერი აქვს. მეორე ფოთოლი მცირედ და მესამე კი უმნიშვნელოდაა დაფარული ქვემოდან მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით, რომელიც მომდევნო ფოთლებზე სრულიად ქრება. ახალგაზრდა ყლორტი (13_15 სმ) მწვანეა, ხოლო ცალ მხარეზე წვერისაკენ, მოწითალო_იისფერია და სულ მცირედაა დაფარული მონაცრისფრო ბუსუსით, რომელიც მატულობს ყლორტის წვერისაკენ.

ერთწლიანი რქა საშუალო სიმსხოსია; მუხლთაშორისის სიგრძე 6_12 სმ აღწევს. იგი ღია ყავისფერია, ცალკეული რქები ძლიერ განვითარებულია და ხშირად 4_5 მ და მეტი სიგრძე აქვს. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი და საკმაოდ მსხვილი პწკლები აქვს, რის გამოც საყრდენზე რქების მოცილება მჭრელი იარაღის გამოუყენებლად ძნელია.ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი თხელი და საშუალო ზომისაა. იგი ღია მწვანე ფერისაა, ფორმით თითქმის ოვალური ად ნაკლებად დანაკვთულია, რომლის საშუალო სიგრძე 16,8 სმ, ხოლო სიგანე 14,3 სმ აღწევს.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ისრისმაგვარია თანასწორგვერდებიანი ან გაშლილნაპირებიანი. გვხვდება ჩანგისებრი მოყვანილობის ამონაკვეთებიც, რომელთა კიდურები ოთხი ძარღვისაგან არის შემდგარი და მახვილფუძიანია.ზედა ამონაკვეთი ღიაა და მცირედ ჩაჭრილი, იშვიათად ვიწრო ნასვრეტისებრიცაა. ქვედა ამონაკვეთი უმნიშვნელოდაა ჩაჭრილი და ზოგ შემთხვევაში არცაა წარმოდგენილი. ფოთოლი სამნაკვეთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან უფრო ხშირად ბლაგვ კუთხეს ქმნის, იშვიათად კი სწორსაც.

ნაკვეთების წვერის კბილები უფრო ხშირად ხერხკბილა სამკუთხედისებრია ან ვიწრო სამკუთხედისებრი, წამახვილებული წვერით, გვხვდება წესიერ სამკუთხედისებრი და მახვილწვერიანი კბილებიც. ფოთლის დანარჩენი კბილები წესიერ სამკუთხედისებრია და მახვილი წვერი აქვს ან ხერხკბილა სამკუთხედისებრია.

ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შიშველია; უმნიშვნელო ბეწვისებრი ბუსუსი გასდევს მხოლოდ ძარღვების გასწვრივ. მთავარი ძარღვები მკვეთრად გამოსახულია და ღია მწვანე ელფერი აქვს. ფოთლის ზედაპირი გლუვია ან ბადისებრ დანაოჭებული. ფორმით ბრტყელია. გვხვდება ძაბრმაგვარ_ღარისებრ მოხრილი ან ნაპირებით ქვემოთ ჩამოშვებული ფოთლებიც. ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,7_0,9 უდრის, იგი შიშველია და ღია მწვანე ფერისაა.

ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია და ნორმალურად განვითარებული ბუტკო და მტვრიანები აქვს. მტვრიანები ოდნავ უფრო გრძელია ბუტკოზე და ზოგ შემთხვევაში საგრძნობლად გადახრილია ბუტკოდან. ყვავილში ხუთი მტვრიანაა, მაგრამ იშვიათად გვხვდება 4 და 6 მტვრიანაც. ყვაივლების რაოდენობა ყვაივლედში 180_250_მდე აღწევს.

მტევანი. მტევნის ყუნწის საშუალო სიგრძე 3,5_5,5 სმ აღწევს, ფერად მწვანეა და ბალახმაგვარი, ხოლო სრული სიმწიფის პერიოდში ყუნწის ბაზალური ნაწილი 2_3 სმ სიგრძეზე ხევდება და ღებულობს რქის დამახასიათებელ ელფერს. მტევნის სიგრძე 15_18 სმ, ხოლო სიგანე _ 10_13 სმ აღწევს საშუალოდ. დიდი მტევნის სიგრძე 20_22 სმ, სიგანე _ 13_15 სმ უდრის. ფორმით ცილინდრულ_კონუსურია და ზოგ შემთხვევაში მხოლოდ ცილინდრული. უფრო ხშირად მტევნები მეჩხერია. გვხვდება საშუალო სიმკვრივის მტევნებიც.

მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით 7_8 მმ უდრის. ყუნწი მწვანეა. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებული და განიერი კონუსისებრია. მარცვალი საჯდომ ბალიშზე მტკიცედაა მიმაგრებული. მარცვალი მოყვითალო_მომწვანო ფერისაა, ხოლო მზისკენ მიქცეულ მხარეზე მოყვითალო ქარვისფერი. მისი საშუალო სიგრძე 18,93 მმ, ხოლო სიგანე 18,05 მმ აღწევს. მსხვილი მარცვლის სიგრძე 21,8 მმ, ხოლო სიგანე 21,1 მმ უდრის. ამგვარად, მარცვალი მსხვილია. ფორმა მომრგვალო ან ოდნავ ოვალური აქვს, შუა წელში უფრო განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია; სქელკანიანია, ხორციანი, მცირეწვნიანი და სასიამოვნო ტკბილი გემო აქვს. მარცვლის კანი ფიფქით (ცვილი) საკმაოდაა დაფარული.

წიპწა. მარცვალში 1_3 ცალი წიპწაა; უფრო ხშირია ერთწიპწიანი მარცვლები. იშვიათ შემთხვევაში მარცვალში 4 წიპწაც გვხვდება. წიპწის სიგრძე 6,5_7,5 მმ, ხოლო სიგანე 3,5_4 მმ უდრის, ყავისფერია და მოყვითალო ელფერი ახლავს, მუცლის მხრიდან ღარებში კი მოყვითალოა. ქალაძა კარგადაა გამოსახული და მოთავსებულია ზურგის მხარის შუა ნაწილში. ფორმით მოგრძო_ოვალურია. ზურგის მხარე გლუვია. ნისკარტი ორივე მხრიდან მოყვითალოა, ხოლო მისი წვერი ჟანგისფერია და 2_3 მმ სიგრძე აქვს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

კლარჯულზე ფენოლოგიური დაკვირვებანი წარმოებდა ამ ჯიშისათვის დამახასიათებელ მიკრორაიონში _ სოფ. ხუცუბანში (ქობულეთის რ_ნი). ვაზები წარმოდგენილია საკუთარ ძირზე და ფორმირებულია მაღლარად. მათი ხნოვანება თითქმის 60 წლამდე აღწევს.

სოფ. ხუცუბნის პირობებში კლარჯულის სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ფოთოლცვენის დამთავრებამდე 243 დღეს უდრის, ხოლო ყურძნის სრულ დამწიფებამდე 204 დღეს. ცალკეული ბიოლოგიური ფაზების მსვლელობა შემდეგ სურათს იძლევა: ვაზის გამოღვიძება იწყება მარტის ბოლოდან; კვირტების გამოფურჩქვნა 4_5 აპრილიდან.

ყვავილობა იწყება მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში და მთავრდება 15_20 ივნისამდე. ყურძენი შეთვალებას იწყებს 25 აგვისტოდან და მასობრივად მწიფდება ოქტომბრის მესამე დეკადაში. ფოთოლცვენა იწყება ნოემბრის მეორე ნახევრიდან და მთავრდება დეკემბრის პირველ რიცხვებში.

გურიასა და ქვემო აჭარაში, თბილი შემოდგომის გავლენით ვაზის სავეგეტაციო პერიოდი საგრძნობლად ხანგრძლივია; მიუხედავად ამისა, ვაზის მწვანე ნაწილები სრულ სიმწიფეს უკვე ყურძნის მასობრივი სიმწიფის პერიოდშივე აღწევს და რქები ამ დროისათვის ჯიშის დამახასიათებელ ელფერს იღებს.

ვაზის ზრდა. დასახელებულ მხარეებში კლარჯულის ზრდა_განვითარება ძლიერია, რაც გამოწვეულია როგორც ჯიშის ბიოლოგიური თავისებურებებით, ისე კკოლოგიური ფაქტორების მოქმედებით. სათანადოდ მოვლილი ცალკეული რქების ზრდაც მეტად ძლიერია, მათი სიგრძე ხშირად 4_5 მ აღწევს. ჯიში ძლიერ იზრდება და ვითარდება სანერგეშიც.

მოსავლიანობა. მოსავლის პირველ ნიშნებს კლარჯული იძლევა დარგვიდან მესამე წელს, ზოგჯერ მეორე წელსაც ისხამს მცირე ზომის 1_2 მტევანს, სრულ მოსავალს კი მეხუთე წლიდან იძლევა. სათანადოდ მოვლილი ერით ძირი მაღლარის მოსავალი 40_50 კგ აღწევს, ხოლო ჰექტარზე გადაანგარიშებით მოსავალი 80 ცენტნერს აღემატება. მოსავლიანი ყლორტები ვაზზე 82_85%, ხოლო მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,5_1,6 უდრის. რქაზე ხშირად 2 მტევანია, ოღონდ არათანაბრად განვითარებული. გვხვდება ერთი მტევანიც. ძველი ნაწილებიდან განვითარებული ყლორტები უმოსავლოა.

ყვავილცვენა და დაწვრილმარცვლიანება კლარჯულს მცირედ ახასიათებს (5_8%) და ისიც უშუალოდ არახელსაყრელი ამინდების მოქმედებითაა გამოწვეული.

გამძლეობა მავნებელთა და ავადმყოფობათა მიმართ

მრავალი წლის მანძილზე წარმოებული დაკვირვებების შედეგად ირკვევა, რომ კლარჯული მეტად სუსტია ფილოქსერის მიმართ. სწორედ ამით აიხსნება საკუთარ ძირზე არსებული კლარჯულის ვაზების თითქმის მთლიანად გადაშენება. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, იგი ამჟამად მხოლოდ ერთეული ძირების სახით არის გადარჩენილი გურიისა და ქვემო აჭარის მთისპირა მიკრორაიონებში.

სოკოვან ავადმყოფობათა, განსაკუთრებით კი ჭრაქის მიმართ კლარჯული მეტად სუსტ გამძლეობას იჩენს, და რადგან გურიისა და აჭარის თბილსა და ტენიან ეკოლოგიურ პირობებში სოკოვან ავადმყოფობათა განვითარებისათვის მეტად ხელისშემწყობი პირობებია, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს დამატებითი წამლობის ჩატარება 1_2_ჯერ, მარცვლის განვითარების დასაწყისიდან შეთვალებამდე.გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გურია_აჭარის თბილ და ტენიან ეკოლოგიურ პირობებში სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება მეტად გაძლიერებულია. განსაკუთრებით ძლიერდება იგი დაბლობ, ვაკე ადგილებში. ამის შედეგად მოსავლის დაცვა ძნელდება და მიღებული პროდუქცია როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ დაბალია. ამის გათვალისწინებით ხარისხოვანი სუფრის ყურძნის მიღების მიზნით აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს კლარჯულის გაშენება მთისპირა სოფლებში სამხრეთით ან სამხრეთ_აღმოსავლეთით დაქანებულ ნაკვეთებზე, სადაც მზის სხივებისა და აერაციის მოქმედება გაძლიერებულია, ხოლო ამის შედეგად სოკოვან ავადმყოფობათა ზემოქმედება შედარებით შემცირებული. სამხრეთის მზით უხვად განათებულ ნაკვეთებზე უხვ და საღ მოსავალთან ერთად მიიღება, რაც მთავარია, ჯიშისათვის დამახასიათებელი მეტად ლამაზი შეფერილობისა და განსაკთურებული გემური თვისებების მტევანი და მარცვალი, ამას კი ხარისხოვანი სუფრის ყურძნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ჯიშის სპეციფიკური თვისებებიდან აღსანიშნავია ვაზის მძლავრი ზრდა_განვითარება და ახოხების დიდი უნარი. ხელის შემწყობ ეკოლოგიურ პირობებში კლარჯული ხშირად ორ ძირ ხეს ბურავს და ზოგჯერ ამ ცოცხალი საყრდენის განვითარებასაც კი აფერხებს. ამიტომ ვაზისათვის მცირე დატვირთვა ერთ_ორ სანაყოფეზე და ჩვეულებრივი წესით დაბლარად წარმოება მიუღებლად მიგვაჩნია, რადგან ვაზის საერთო ზრდა_განვითარების შესუსტებასთან ერთად მეტად მცირდება მოსავალი. ამის გათვალისწინებით აუცილებელ საჭიროებად უნდა იქნეს მიჩნეული კლარჯულის ფორმირება ამაღლებულ შტამბზე, ე.წ. ოლიხნარული სამამულის გაფორმებით.

დიდი მასივების გაშენების შემთხვევაში მიწანშეწონილია კლარჯულის ფორმირება ორმხრივი კორდონისებრი წესით მავთულზე. გარდა იმისა, რომ მრავალწლიანი ნაწილების შექმნა ვაზზე გამოიწვევს საერთო ზრდა_განვითარების გაძლიერებას და მოსავლიანობის მნიშვნელოვნად გადიდებას, იგი აგრეთვე ხელს შეუწყობს ნაკვეთებში სამუშაო პროცესების ადვილად და ხარისხობრივად ჩატარებას, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას მოახდენს პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე.

მოჭარბებული ტენიანობის მიუხედავად კლარჯულის მარცვალი არ სკდება და, მაშასადამე, პროდუქციის ღირსება ამით არ მცირდება, მაგრამ სამაგიეროდ მასში გროვდება წყლის დიდი რაოდენობა, რაც ყურძნის გემურ თვისებებზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს. ამიტომ სავალდებულოდ უნდა იქნეს მიჩნეული რთველის დაგვიანებით ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს მარცვალში ზედმეტი წყლის აორთქლებას და შაქრის კონცენტრაციის გაზრდას.

მრავალი წლის განმავლობაში წარმოებულ დაკვირვებათა შედეგად ირკვევა, რომ სოფ. ხუცუბნის პირობებში ზამთრის ყინვების მოქმედება მინიმალურია, სიცივისადმი მეტად მგრძნობიარე ციტრუსებიც კი (ლიმონი, ფორთოხალი და სხვ.) ღია გრუნტში ნორმალური ზრდა_განვითარებით და უხვი მოსავლიანობით ხასიათდება და ვაზი ამ პირობებში ყინვებისაგან სრულიად არ ზიანდება, ნორმალურად იღვიძებს და მისი შემდგომი განვითარება დაუბრკოლებლად მიმდინარეობს სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

სამეურნეო დანიშნულებით კლარჯული მაღალხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშია.

ყურძნის მექანიკურ_ქიმიური ანალიზებისათვის ნიმუშები აღებულია სოფ. ხუცუბანში (ქობულეთის რ_ნი), ხოლო მათი ანალიზი ჩატარდა საქართველოს სასოფლო_სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის ლაბორატორიაში.

როგორც ანალიზის შედეგებიდან ჩანს, მტევნის საშუალო წონა 231,8 გ აღწევს; მტევანში საშუალოდ 58 მარცვალია. ერთი მარცვლის საშუალო წონა 3,70 გ უდრის. წვენის გამოსავალი 70,1%, ხოლო ანარჩენები კლერტის, კანისა და წიპწის სახით 28_29% შეადგენს,. დიდი მტევნის წონა 353 გ. მცირესი კი 155 გ უდრის. წიპწების რაოდენობა 100 მარცვალში მერყეობს 139_დან 179_მდე, საშუალოდ კი 155 ცალია, წონით 10,3 გ. 100 მარცვლის კანის წონა 40 გ უდრის. ტკბილის ქიმიური ანალიზებისათვის კლარჯულის ყურძნის ნიმუშები აღებულია სოფ. ხუცუბნის ზონიდან (ქობულეთის რ_ნი) აქვე მოგვყავს ქიმიური ანალიზის შედეგები.

ოთხი წლის საშუალო მონაცემების მიხედვით მწიფე ყურძენში შაქრიანობა მერყეობს 18,2_დან _ 19,5%_მდე, ხოლო საერთო მჟავიანობა 8,2_დან _ 9,1‰–მდე. მიუხედავად ყურძნის დაგვიანებით მოკრეფისა შაქრის აღნიშნული რაოდენობა ოთხივე წლის სანალიზო მასალაში არაა დიდი, რაც გამოწვეულია შემოდგომის ხშირი წვიმების მოქმედებით ჰიდროთერმიული კოეფიციენტის გაზრდით. შაქრის რაოდენობის შესაბამისად საანალიზო მასალაში საერთო მჟავიანობა ნორმალურზე მეტია, მაგრამ ეს უკანასკნელი ყურძენში იმდენად ჰარმონიულადაა მოცემული, რომ პირიქით, დიდ სიხალისეს სძენს პროდუქციას, მსგავსად რქაწითელისა.

საერთო შეფასება და დარაიონება

კლარჯულის ნარგავების მეტად შეზღუდული გავრცელებ ის გამო ამჟამად ყურძნის ღვინოდ გადამუშავებას არ აწარმოებენ. წარსულში კი, როდესაც იგი გურიაში მასობრივად იყო გავრცელებული, როგორც გადმოგვცემენ, მისგან ხშირად ღვინოსაც აყენებდნენ. კლარჯულის ღვინო კარგი ღირსების დგებოდა, თუ ყურძენი დაკრეფილი იყო მზით უხვად განათებულ ადგილებზე და ტყის ხურმაზე კულტივირებულ ვაზებიდან. ამგვარ საყრდენზე კლარჯულის ყურძენი მზის სხივების უხვი მოქმედების შედეგად შაქრის ნორმალურ რაოდენობას აგროვებდა, რაც საკმარისი იყო ჩვეულებრივი ღირსების სუფრის ღვინის დასაყენებლად. ამავე დროს ყურძენს დაგვიანებით კრეფდნენ (ნოემბრის დასაწყისში).

მაგრამ აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ კლარჯულის მასობრივად გავრცელების შემთხვევაშიც მისი პროდუქციის ღვინოდ გადამუშავება მიზანშეუწონლად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგანაც, ჯერ ერთი, დასავლეთ საქართველოში თითქმის ყველა მიკრორაიონში მოიპოვება თითო_ოროლა მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში, როგორც თეთრი, ისე წითელი ღვინოების დასაყენებლად. ამიტომ მისი პროდუქციის ღვინოდ გადამუშავება არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს. გარდა ამისა კლარჯულის პროდუქცია, როგორც ძვირფასი სუფრის ყურძნის თვისებების მქონე ჯიშისა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გადამუშავებული ღვინოდ და იგი მხოლოდ განკუთვნილი უნდა იქნეს საჭმელ ყურძნად.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, კლარჯული ყურძნის საუკეთესო გემური თვისებებით, მტევნისა და მარცვლის გარეგნული სილამაზით, შენახვის უნარითა და ტრანსპორტაბელობით პირველხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშთა წყებას მიეკუთვნება. გარდა ამისა აღსანიშნავია ეკოლოგიურ პირობების მიმართ კლარჯულის ადვილად შეგუების უნარი და ვაზის ძლიერი ზრდა_განვითარება, რაც კიდევ მეტად ამაღლებს მის ღირსებას.

დასავლეთ საქართველოს რაიონების ხარისხოვანი სუფრის ყურძნით უზრუნველდყოფის მიზნით კლარჯული მასობრივად უნდა გაშენდეს მევენახეობის ყველა რაიონში. განსაკუთრებთი ფართოდ უნდა დაინერგოს იგი შავი ზღვის სანაპირო ზონაში და, კერძოდ, გურიის, სამეგრელოს, აჭარისა და აფხაზეთის რაიონებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე კურორტები ამ ჯიშის ძვირფასი პროდუქციით.

რადგან კლარჯული ფილოქსერას ნაკლებად უძლებს, იგი ნამყენების სახით უნდა იქნეს გავრცელებული სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე საძირეებზე, ხოლო ჯიშისათვის დამახასიათებელი ხარისხოვანი პროდუქციის მიღების მიზნით კლარჯული ფორმირებული უნდა იქნეს ამაღლებული შტამბით თავისუფალი წესით ან ოლიხნარისებრ მასზე 4_5 საფორმო რგოლის შექმნით.

კლარჯული, როგორც უაღრესად პერსპექტიული ჯიში უნდა გაშენდეს გურიისა და აჭარის მევენახეობის შემდეგ ზონებსა და მიკრორაიონებში: გურიაში მდ. ხევისწყლის ხეობაში _ სოფ. ბურნათის, კოხნარის, ნაკადულის, ქვემოხეთის, ჩომეთის, განთიადის, მამულარის და კალაგონის მიკრორაიონებში. მდ. სუფსის ხეობის შუა ზონაში _ სოფ. დაბლაციხის, საყვავისტყის, ფარცხმის, ახალსოფლის, გოგოლეისუბნის, სამების, ზომლეთის, იანოულის, გუთურის, ჩაისუბნის, ინტაბუეთისა და ბერეჟოულის მიკროარიონებში; მდ. ბახვისწყლის ხეობის შუა და ქვემო ზონებში _ სოფ. ასკანის, ვანისქედის, მთისპირის, ბახვის, ფამფალეთისა და ნასაკირალის მიკრორაიონებში;მდ. ნატანებისა და ბჟუჟისწყლის ხეობათა შუა ზონაში _ სოფ. ვაკიჯვრის, ბაღდათის, ცხემლისხიდის, უჩხუბის, დვაბზუს, ნატანების, გომის, შემოქმედის, მაკვანეთის, ლიხაურისა და ჭანიეთის მიკრორაიონებში.

აჭარაში — ხუცუბანი-კვირიკეს, მუხაესტატეს და ქაქუთლეღვას ზონებში: სოფ. ხუცუბნის, სამების, კვირიკეს, მუხაესტატეს, აჭის, ჩაქვისთავისა და ლეღვას მიკრორაიონებში;ახალშენი-კაპანდიბის და აჭარისწყალ-მახუნცეთი ზონებში: სოფ. ახალშენის, კახაბერის, თხილნარის, კაპანდიბის, აჭარისწყლისა და მახუნცეთის მიკრორაიონებში.

klarjula_mevenakheoba_5430003555375551115

წყარო: enoteca.ge
რედაქცია: agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2146 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB