ჭოპორტულა საუკეთესო გემოს პომიდორი

1385 Views Comment Off

კობა გილაურის მეუღლეს პამიდვრით სავსე ვედროები სახლის აივანზე დაედგა, — ცოლ-ქმარს ბაზარში წასვლა არ შეგვიძლია, მაგრამ მყიდველი ცხრა მთის იქიდანაც თავად მოდისო, — მითხრეს მოხუცებმა. 

ის საიდუმლო გამიმხილეთ, ამ ძვირფას ჯიშს როგორ ინახავთ-მეთქი. ეს რომ ვკითხე, კობა პაპამ ბაღში გამიყვანა და მსხმოიარე პამიდვრის ძირებს მიეფერა, აბა, ნახე, რა კარგია, მოწყვეტა დაგენანებაო.


— ათეული წლების წინ ჭოპორტულა თითო-ოროლას თუ ჰქონდა, სოფელში მარტო ბალი ხარობდა. მეზობელი მეზობლისგან ფულს რომ ისესხებდა, ეტყოდა, ბლობამდე დამაცალე, გავყიდი და გაგისტუმრებო. მეორე მსოფლიო ომის დროს სოფელს გაუჭირდა და ვისაც პამიდორი ჰქონდა, გასაყიდად ჩაიტანა ქალაქში. აი, იქიდან გაუგო ქალაქმა ჩვენს პამიდორს გემო, — ძვირი ღირდა, მაგრამ გემრიელიც იყო და ყუათიანიც. მერე მიჰყვა და მიჰყვა, — მთელმა სოფელმა დაიწყო ჭოპორტულას მოშენება.

გლეხი საერთოდ ასეა, მიწა უყვარს და ცოტა სახეირო მოსავალს რომ მოიწევს, თავს აღარც დაანებებს.
აღარც ქალაქმა დაანება ჩვენს პამიდორს თავი და მოვდივართ ასე. რა ჯიშის პამიდორი აღარ შემოვიდა მას შემდეგ, მაგრამ ჩვენსას ვერც ერთი ტოლს ვერ უდებს.

— ის მიკვირს, სარწყავი წყალი როგორღა შეინარჩუნეთ, როცა ხალხმა მილები ჯართად გაყიდა.
— ეგეც ჩვენი პამიდვრის დამსახურებაა. სურსათი ძალიან რომ გაჭირდა და ხალხი ჰუმანიტარული დახმარების იმედზე დარჩა, ბევრმა ფულიანმა ქალაქელმა იყიდა ნაკვეთები ჭოპორტში. არხები მათ დაიცვეს, თორემ ლუკმა პირიდან გამოგვეცლებოდა. წლევანდელ ზაფხულს, როცა ყველგან ყველაფერი დაიწვა, ჭოპორტის პამიდორი რომ გადარჩა, ამ არხის დამსახურებაა.

არხში ახლა სასმელი წყალი შემოდის, არადა, ადრე წყალი არაგვიდან შემოდიოდა, თან ლამი მოჰქონდა, რაც შეუცვლელი ბუნებრივი სასუქი იყო ჩვენი პამიდვრისთვის.

— ბევრნი ხართ ისეთები, ვინც პამიდვრით შემოსავალს იღებს?
— ქალაქში ჩასასვლელი ტრანსპორტი ძვირია და არც გლეხს აქვს ბაზარში ადგილი. ამიტომ ჭოპორტულას მოყვანას თავი არაერთმა გაანება. თუმცა, ვისაც ჭკუა შერჩა, ზედ დაჰფოფინებს. უბრალო გლეხი ვარ, მაგრამ ვხვდები, რომ მიწაა და ჰაერია ისეთი, პამიდორს განსაკუთრებულ გემოს აძლევს.

ერთხელ ჩითილი წავიღე ქალაქში გასაყიდად, იქ არავინ დამიჯერა და შუბლზეც არ მეწერა, რომ ჭოპორტულას ჩითილი იყო, ამიტომ უკან ჩამოვიტანე, მაგრამ შინ მოვედი და ცოლმა მითხრა, დღეს ხალხი იყო მოსული, 2000 ჩითილი ერთად წაიღესო.

— ბოლო წლებში ყველა იმას ჩივის, პამიდორს უცხოური დაავადებები გვინადგურებსო.
— დღეს ბევრი ისეთი წამალი იყიდება, მოსავალს რომ არ შველის, პირიქით, მთელი წლის სარჩოს ანადგურებს. იმას ვნატრობ, ისეთი დრო დადგეს, ჩვენს მაღაზიებში ნამდვილი სპეციალისტები იყვნენ და შიშით არ ვკვდებოდე, ამას რას ვასხამ პამიდორს, დილით გადამხმარი არ დამხვდეს-მეთქი.

ამ უცოდინარობამ და უცხოეთიდან შემოსულმა დაავადებებმა ძალიან გაუჭირვა ჩვენს პამიდორს, მაგრამ ძალს ჩვენ ვართ და ძალს ის არის. ჭოპორტულაზე უკეთესს რას შეჭამ? ამ ხნის კაცი ვარ და მე იმ პამიდორს პირსაც არ ვაკარებ, რომელიც ჩვენი პამიდვრის შემოსვლამდე იყიდება. ჩვეულებრივი შაბიამნით მოვრწყე ჩემი პამიდორი და იმასაც კი განვიცდი, შაბიამანიც ხომ შხამია-მეთქი.

— დღეს ათასნაირი ჯიშის პამიდორი შემოდის, ისეთი, რომელიც თვეობითაც არ ფუჭდება, თქვენი სოფელი კი ჭოპორტულას ერთგულია, მის თესლს თაობიდან თაობამდე ინახავს.
— ჭოპორტულას თესლს ზედ დავფოფინებთ. ფერმერები გაიძახიან, თესლს გამოყვანა უნდა, თორემ არ ივარგებსო. ჩვენი გამოყვანა ის არის, რომ თესლს საუკეთესო მოსავლიდან ვიღებთ, ვრეცხავთ, ვაშრობთ და ვინახავთ. აი, ეს დალოცვილი თესლი გვაძლევს იმ მოსავალს, რაც ყველას უყვარს. და თუ ამ წესს არ ვუღალატებთ, ყოველთვის ასე იქნება.

bpn.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB