ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა

ქვეშეთი, კობის, გვირაბი

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა.

გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM-ით (Tunnel Boring Machine) ანუ გვირაბის საბურღი დანადგარით წარმოებდა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებას.

ახალი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება.

,,ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს-დაუღალავი  შრომისა და დიდი ძალისხმევის შედეგს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გზა არცერთი დღით აღარ ჩაიკეტება და ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი ფიზიკური კავშირი ჩვენს მუნიციპალიტეტებს შორის. ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან და მაცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე. პროექტი, ასევე უმნიშვნელოვანესია საინჟინრო თვალსაზრისით, სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადებული გვირაბის საბურღი დანადგარით TBM-ით, კლდოვან ქანებში გამოიჭრა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი და 15 მეტრის დიამეტრის სატრანსპორტო გვირაბი. ამასთან, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე, 7 730 მ-ზეა გაჭრილი. “ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მოცემულ ეტაპზე, 9 კმ-იან გვირაბში დაიწყება საბოლოო მოსახვის, ელექტრო და საინჟინრო სისტემების მონტაჟისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები.

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას.

პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.

საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც.

ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 სთ-ი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას  მხოლოდ 15 წთ-ი დასჭირდება.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და  გვირაბის მშენებლობის ნაწილში – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.

თქვენი რეკლამა