თვის ბოლოკი – თესვა, მოვლა-მოყვანა

ბოლოკი

თვის ბოლოკი – ჯვაროსანთა ოჯახი, ლათ. Raphanus sativus

ზოგადი ინფორმაცია

თვის ბოლოკი ბოლოკის ნაირსახეობაა და მასთან ერთად ერთ ბოტანიკურ სახეობას წარმოადგენს, მაგრამ თუ ბოლოკი ძველთაგანვეა ცნობილი, თვის ბოლოკი ევროპაში XVI საუკუნიდან მოჰყავთ. ზოგიერთ ქვეყანაში მას ახლაც „ფრანგულ ბოლოკს“ უწოდებენ.

თვის ბოლოკის ფორმები, რომლებიც მსგავსია ბოლოკის თანამედროვე ფორმებისა, მხოლოდ XVIII საუკუნის ბოლოს გაჩნდნენ.

წარმომავლობით განარჩევენ ჯიშების ევროპულ, იაპონურ და ჩინურ ჯგუფებს. საქართველოში უმეტესად გავრცელებულია ევროპული ჯიშები. პრაქტიკულად თვის ბოლოკი ყველგან მოჰყავთ.

თვის ბოლოკის ძირხვენები შეიცავენ ადვილად შესათვისებელ ნახშირწყლებს, ცილებს, ვიტამინებს, უჯრედანას, მინერალურ მარილებს, ეთერზეთებს (5 გრ-მდე 1 კგ მშრალ ნივთიერებაზე). თვის ბოლოკი ყველაზე ადრეული ძირხვენაა, ძირითადად მას უმად მოიხმარენ სალათების მოსამზადებლად მწვანე ხახვთან და სხვა საადრეო ბოსტნეულთან ერთად.

საკვებად გამოიყენება ძირხვენებიც და ქორფა ფოთლებიც. თვის ბოლოკის მოყვანა შეიძლება როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში (განსაკუთრებით საადრეო ჯიშებისა). თვის ბოლოკი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ კულტურაში არის ბაქტერიციდული ნივთიერებები, რომლებიც აფერხებენ მიკრობების განვითარებას. ბევრი ვიტამინის შემცველი ადრეული კულტურა – თვის ბოლოკი სასარგებლოა ავიტამინოზის, ანემიის, საერთო დაუძლურების დროს.

კულტურის სპეციფიკური მოთხოვნები

საადრეო მოსავლის მისაღებად თვის ბოლოკი უნდა მოვიყვანოთ ღრმა სახნავი ფენის მქონე მსუბუქ თიხნარ ნიადაგებზე. ნაკვეთები დაცული უნდა იყოს ქარებისაგან; ნიადაგს ბარავენ შემოდგომაზე 25-30 სმ-ის სიღრმეზე, 1მ2-ზე შეაქვთ 2-3 კგ კომპოსტი ან ნეშომპალა.

წინამორბედები: ყველა ბოსტნეული კულტურა, გარდა ჯვაროსანთა ოჯახის წარმომადგენლებისა.

ნიადაგი – pH – 5,8 – 6,5;

თესვის სიღმე: 1-3 სმ;

თესვის სქემა: ითესება კვლებში. კვლებს შორის მანძილი 15-20 სმ, მცენარეებს შორის -5-8 სმ.

დამატებითი გამოკვება: თუ ნიადაგი კარგადაა განოყიერებული ორგანული სასუქებით, დამატებით საკვების შეტანა საჭირო აღარაა; აზოტოვანი სასუქის დიდი დოზა იწვევს ფოთლების ძლიერ განვითარებას, ძირხვენები კი წვრილია და მათში გროვდება ნიტრატები.

რწყვა

ტენის ძლიერ მოყვარული კულტურაა, რეგულარული რწყვა აჭირდება ყოველ 2-3 დღეში, ხოლო გვალვაში ყოველდღე; 1მ2-ზე ერთ მორწყვაზე საჭიროა დაახლოებით 5-8 ლ წყალი. წყალი თუ დააკლდა, ძირხვენები მწარდება, ჭკნება, თუ ზედმეტად ირწყვება – ძალიან წვნიანია და უგემური; წყალს თუ თანაბრად არ ვაწვდით, ძირხვენები სკდება.

სითბური რეჟიმი

სიცივის არ ეშინია, თესლი 3-50C ტემპერატურაზეც კი ღივდება, მაგრამ გვიან აღმოცენდება (10-150C-ზე აღმონაცენი 7-12 დღის შემდეგ ჩნდება, 20-220C-ზე კი 3-4 დღის შემდეგ), აღმონაცენი უძლებს სითბოს 3-40C-მდე დაცემას, წამოზრდილი მცენარეები კი -5-60C-ის წაყინვებსაც უძლებენ;

კულტურის ზრდისა და განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 18-200C.

სავეგეტაციო პერიოდი

ადრეული ჯიშების 20-30 დღე აღმოცენებიდან მოსავლის აღებამდე; საშუალო-საადრეო ჯიშების 30-60 დღე აღმოცენებიდან მოსავლის აღებამდე.

დაავადებები: რიზოქტინიოზი

მავნებლები: კომბოსტოს ჩრჩილი, თალგამის თეთრულა, ბოსტნის რწყილი

ავტორები: ნუკრი მემარნიშვილი, თამაზ დუნდუა.
მასალა მოგვაწოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“.

იხილეთ აგრეთვე: ბოლოკი – თესვა, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა