სელი — კულტურა, თესვა-მოყვანა, გამოყენება

3231 Views Comment Off

სელი (ლათ. Linum) იძლევა 2 სახის ნედლეულს, სართავ ბოჭკოსა და თესლს. მისგან მზადდება ძვირფასი, ნაზი ქსოვილები, ბატისტი, ასევე სხვადასხვა სახის ტილოები, სუფრები, პირსახოცები. უხეში ქსოვილისაგან მზადდება ტომრები, ბრეზენტი, თოკები და სხვა.

სელის ბოჭკო ორჯერ მაგარია ბამბის ბოჭკოზე და სამჯერ უფრო მტკიცე, ვიდრე მატყლის ბეწვი.

სელს „ჩრდილოეთის აბრეშუმს“ უწოდებენ. მისი ბოჭკო გამძლეა ლპობის მიმართ. ჭარბი ტენიანობის პერიოდში ქსოვილის სიმტკიცე კიდევ უფრო მატულობს. ბოჭკოს ანარჩენი – ძენძი გამოიყენება თოკების და პაკლის დასამზადებლად.

სელის მეორე მნიშვნელოვანი პროდუქტია თესლი, რომლისგანაც ზეთს იღებენ. სელის ზეთი ადვილად შრება, ამიტომ მას ფართო გამოყენება აქვს მაღალხარისხოვანი ოლიფის, საღებავების, ლაქების, საპნის და სხვა სახის მასალების წარმოებაში.

სელის ზეთს იყენებენ საკვებად. ზეთის გამოსავალი თესლის წონის 35-42%-ია, ხოლო ნარჩენი – კოპტონი ძვირფასი კონცენტრირებული საკვებია, რომელიც შეიცავს 25%-მდე ცილას და 30%-ზე მეტ უ.ე.ნ.-ას.

ის ძვირფასი საკვებია, განსაკუთრებით მოზარდი პირუტყვისათვის. 1 კგ კოპტონი ტოლია 1,15 საკვებ ერთეულის. სელის ბოჭკოს საშუალო მოსავლიანობა 4,2 ც/ჰა-ს შეადგენს, ხოლო თესლისა – 12-15 ც/ჰა.

სელი ერთ-ერთი უძველესი ს.ს. მცენარეა. ამიერკავკასიაში მას იცნობენ 4-5 ათასი წლის წინათ ჩვენ ერამდე, მის წარმოებას სამი მიმართულება აქვს:

  • მხოლოდ საბოჭკოე (სართავი);
  • მხოლოდ საზეთე;
  • საბოჭკოე-საზეთე.

საბოჭკოედ მოსავალს ადრე იღებენ – ყვავილის გაცვენისთანავე (მწვანე სელი).

საზეთედ – თესლის სრულ სიმწიფისას, ხოლო საბოჭკოე-საზეთეთ – ყვითელი სიმწიფის ფაზაში.

სელი ეკუთვნის სელისებრთა (Linaceae) ოჯახს, ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩვეულებრივი ანუ კულტურული სელი (ლათ. Linum usitatissimum).

ბოჭკოს გამოსავალი ღეროს წონის 20-30%-ს შეადგენს. წვრილი ბოჭკო იძლევა უმაღლესი ხარისხის ნაზსა და თანაბარ ქსოვილს.

სელის ფესვთა სისტემა მთავარღერძიანია. ნიადაგში ჩადის 120 სმ-მდე. სუსტად ითვისებს ძნელად ხსნად საკვებ ელემენტებს. ფოთოლი – მჯდომარეა, მოგრძო-ლანცეტური, ბოლოში — წაწვეტებული.

ნაყოფი – კოლოფია, შედგება 5 ტიხრისაგან. ტიხრები თავის მხრივ იყოფა ნახევრადბუდეებად. ამრიგად 1 კოლოფში 10-მდე თესლი მწიფდება.

თესლი გაღივებას იწყებს ნიადაგში 3-50C სითბოს პირობებში. ადვილად იტანს 3-40C-იან ყინვებს. განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 15-180C სითბო.

სავეგეტაციო პერიოდი 70-90 დღე. ტრანსპირაციის კოეფიციენტი 400-430-ს უდრის.

კარგად ეგუება სუსტ მჟავე ნიადაგებს (ph=5,9-6,5). ვერ იტანს ძლიერ მჟავე, აგრეთვე ტუტე რეაქციის, კირით მდიდარ მიწებს.

სელის თესლის სიწვრილე და მისი ფესვთა სისტემა განვითარების სუსტი უნარით, მოითხოვს ნიადაგის გულმოდგინედ დამუშავებას და სასუქების გამოყენებას.

ნიადაგის დამუშავება ნაადრევი მზრალით იწყება 20-22 სმ სიღრმეზე. თესვა წარმოებს ადრე ვადებში, როცა ნიადაგის 10 სმ ფენა 5-80C-მდე გათბება.

სართავი სელის თესვის ნორმა საშუალოდ 100-110 კგ ჰა-ზე (20-23 მლნ. მარცვალი). ნაყოფიერ ნიადაგებზე ითესება უფრო სქლად, რაც ხელს უწყობს ბოჭკოს მოსავლიანობის გადიდებას და მისი ხარისხის ამაღლებას. ითესება ვიწრომწკრივად (7,5 სმ) სელის სათესი მანქანით. ჩათესვის სიღრმე 1,5-2,0 სმ.

სართავი სელის მომწიფების 4 ფაზას არჩევენ: მწვანე სიმწიფე, ადრეული სიყვითლე, სიყვითლე და სრული სიმწიფე. კარგი ხარისხის ბოჭკო მიიღება ადრეული სიყვითლის სიმწიფის ფაზაში.

ამ ფაზაში ღეროს ქვედა ნახევრის ფოთლები ხმება და ცვივა. დანარჩენი ფოთლები გარდა წვეროსი ყვითლდება. თესლი ამ დროს ღია მოყვითალო ფერისაა.

სიყვითლის ფაზაში სელს იღებენ მხოლოდ სათესლად, ხოლო სრული სიმწიფის ფაზაში – საზეთეთ. მოსავალი იღება სელის საგლეჯი მანქანებით, რომელიც აღებულ მასას კონებად კრავს.

გალეწვის ან თავების წაცლის შემდეგ ღეროებს სიგრძის მიხედვით ახარისხებენ, ღეროებს შლიან თხელ ფენებად ან ალბობენ წყალში. ქმნიან პირობებს, რათა ლაფნის კონები განთავისუფლდეს მერქანისაგან. ლბობა დამთავრებულად ჩაითვლება, თუ ბოჭკო ადვილად და მთლიანად შორდება მერქანს.

საზეთე სელი ითესება საადრეო, საგაზაფხულო კულტურების თესვისთანავე, ვიწრომწკრივებიანი სათესი მანქანით, გაცილებით თხლად, ვიდრე სართავი სელი. ჰა-ზე 20-40 კგ თესლის ნორმით. თესლის ჩათესვის სიღრმე – 4-5 სმ.

ავტორი: ჯ. ჯინჭარაძე ს.მ.მ. დოქტორი, პროფესორი

თესვის ნორმები დიდად არის დამოკიდებული, ჯიშზე, მიმართულებაზე, ნიადაგზე და სხვა ფაქტორებზე /აგროკავკასია/.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1547 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB