აღმოსავლური ხურმის გამრავლება

ხურმა, გამრავლება, მყნობა

ხურმას ამრავლებენ როგორც თესლით, ისე ვეგეტატიურად, მყნობით. თესლით გამრავლებული ხურმა არათანაბარი თვისებების ნაყოფს იძლევა და გვიან იწყებს მსხმოიარობას. გამრავლების საუკეთესო ხერხია მყნობა.

აღმოსავლური ხურმის საძირეებად გარეული ხურმის ნათესარებს იყენებენ. საძირეებად იყენებენ ვირგინიის ნათესარებსაც, თუმცა გარეული ხურმის საძირეზე დამყნობილი ხურმის ჯიშები დიდხანს ძლებენ და სწრაფი ზრდითაც ხასიათდებიან.

საძირეების მისაღებად კავკასიური ხურმის თესლი მზადდება შემოდგომაზე. ნაყოფს ათავსებენ კასრებში და ახამენ წყალს. ორი დღის შემდეგ, როდესაც თესლი მოსცილდება ნაყოფს, ამოიღებენ და აშრობენ 16-20°C მდე, ინახავენ მშრალ ადგილას.

თესლის თესვა ტარდება თებერვალ-მარტში. ღია სანერგეში სათეს მწკრივებს შორის მანძილი 50 სმ, ხოლო მწკრივში თესლებს შორის 10 სმ. თესლი გაღვივებას იწყებს მაისის დასაწყისში. როდესაც ნათესარები მიაღწევენ 5-6 სმ. სიმაღლეს აწარმოებენ მათ გამოხშირვას, ისე რომ მწკრივში მცენარეთა შორის დარჩეს 20-25 სმ. როდესაც საძირეები მიაღწევენ სტანდარტს (სიმსხო 8-10 მმ-ზე მეტი) ატარებენ კალმით ან კვირტით მყნობას.

კალმით მყნობა – ტარდება ზამთარში, თებერვალ- მარტში, ორანჟერიაში ან სათბურში, ნამყენის შეხორცების შემდეგ ნერგი აღსაზრდელად გააქვთ სანერგეში.

ღია გრუნტში კალმით მყნობა ტარდება აპრილის ან მაისის თვეში – ვეგეტაციის დაწყებისას, რისთვისაც როგორც საძირეზე, ისე სანამყენეზე კეთდება თანაბარი ზომის ირიბი ჭრილი, ხოლო ორივეზე, ჭრილის ზედაპირის ერთი მესამედის ზღვარზე კეთდება ჩანაჭერი.

სანამყენე კალმები უნდა იყოს 2-3 კვირტიანი. კალმისა და საძირის ჭრილობების კამბიალური ქსოვილები ერთმანეთს კარგად უნდა ეხებოდეს, რის შემდეგ ნამყენ ადგილს პოლიეთილენის აფსკით ახვევენ და უსვამენ ბაღის მალამოს.

კვირტით მყნობა – კვირტით მყნობა ტარდება ადრე გაზაფხულზე საძირეებში წვენის მოძრაობის შენელების პერიოდში, როდესაც საძირეს კანი კარგად სცილდება (მაისი), ან ვეგეტაციის შენელების დროს (ივნისში).

კვირტით მყნობა შესაძლებელია ასევე შემოდგომით. კვირტის ჩასმა ხდება T-სებურ ჭრილში ნიადაგის ზედაპირიდან 5 სმ. სიმაღლეზე. საძირის სიმსხო უნდა იყოს 8-10 მმ. კვირტის აღება და ჩასმა ტარდება სწრაფად. ნამყენი ადგილი იხვევა პოლიეთილენის აფსკით.

თუ კვირტი ჩავარდა, ტარდება განმეორებითი მყნობა. გახარებული ნამყენი უნდა გადაიჭრას კვირტის ზემოთ. სათანადო მოვლის პირობებში (გაფხვიერება, მორწყვა, გამოკვება, შეწამვლა) ერთწლიანი ნერგი აღწევს 1 – 1,5 მ-ს, რომელიც გამოდგება მუდმივ ადგილზე დასარგავად. დღეისათვის ხურმის კვირტით მყნობა ყველაზე ფართოდ გავრცელებული ხერხია.

კალმების დამზადება – ნამყენის გახარებაზე გავლენას ახდენს კალმების ხარისხი. გაზაფხულზე, როგორც კალმით, ისე კვირტით მყნობისათვის კალმები აჭრილი უნდა იქნეს მცენარის მოსვენების პერიოდში იანვარ – თებერვალში, მანამ სანამ წვენის მოძრაობა დაიწყება. აჭრილი კალმები ჯიშების მიხედვით ინახება გრილ ადგილას, ცივ სარდაფში. მყნობა საჭიროა ჩატარდეს ცალკეულ მწკრივებში, სადაც თითოეულ ჯიშს უკეთდება ეტიკეტი ჯიშის სახელწოდების აღნიშვნით.

სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი

იხილეთ აგრეთვე: ხურმა – დარგვა, მოვლა-მოყვანა, ბაღის გაშენება

თქვენი რეკლამა