ცხოველთა საძოვრული შენახვის პერსპექტივები საქართველოში

383 Views Comment Off

ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრების გამსაზღვრელ ფაქტორთა შორის მეცხოველეობის პროდუქტებით უზრუნველყოფას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მეცხოველეობის აღმავლობის ერთ-ერთ ძირითად და გადამწყვეტ მატერიალურ საფუძველს საკვები წარმოადგენს. საქართველოში, სადაც საკვები კულტურებისათვის სახნავი მიწების გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდულია, საკვების წარმოების ძირითად საშუალებად ბუნებრივი საკვები სავარგულები რჩება.

თანამედროვე მსოფლიოს განვითარებული მეცხოველეობის ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება მთელი წლის მანძილზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბაგური ან საძოვრულ-ბაგური შენახვის სისტემა.

საძოვრულ-ბაგური შენახვის სისტემის დროს ზაფხულის პერიოდში საკვების ძირითად წყაროს ბუნებრივი, ან ნათესი საძოვრები წარმოადგენს, მაგრამ მეცხოველეობის ინტენსიფიკაციის, რძისა და ხორცის წარმოების სამრეწველო საფუძვლებზე გადასვლის პრინციპებიდან გამომდინარე, ხშირად უარს ამბობენ ნახირის საძოვრულ შენახვაზე, რის ერთ-ერთ მიზეზად საფურაჟე მარცვლეულის შედარებით დაბალ ფასებს და საკვები კულტურების მოსავლიანობის გადიდების შესაძლებლობებს ასახელებენ. ამ შემთხვევაში მერძეული და სუქებაზე მყოფი ცხოველის სტანდარტული ულუფის საფუძველს წარმოადგენს მარცვლეული, წვნიანი და უხეში საკვები.

უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველთა საძოვრული შენახვის პირობებში კულტურულ სარწყავ საძოვრებს, განოყიერებისა და რაციონალური გამოყენების შედეგად, წარმატებით შეუძლია კონკურენცია გაუწიოს საკვებწარმოების სხვა მიმართულებებს.

თანამედროვე მოთხოვნათა პირობებში ფერმერს გამოცდილება უნდა ქონდეს და უახლოეს მეთოდებს ფლობდეს, რომ თავისი წარმოება უკეთ მართოს. საძოვრული მეურნეობის გაძღოლის მეთოდები ღრმა ცოდნის გარდა უფრო მოქნილი უნდა იყოს და უახლოესი ტექნოლოგიების დანერგვაზე დროულად რეაგირებდეს ვიდრე ეს საკვები კულტურების მოთიბული მასით ცხოველის კვებას გულისხმობს.

საძოვრული შენახვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას საძოვარზე ცხოველთა სუფთა ჰაერზე ყოფნა, შეუზღუდავი მოძრაობა წარმოადგენს, რაც მასტიმულირებლად მოქმედებს ცხოველის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე, ხელს უწყობს მათ ნორმალურ ზრდა-განვითარებას, ცხოველმოქმედების გაძლიერებას, სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას და მის მიმდინარეობას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, ცურის კვებას, სხვადასხვა დაავადებების მიმართ ორგანიზმის გამძლეობას, ამაღლებს საერთო რეზისტენტობას, უკეთ ამჟღავნებს და იყენებს გენეტიკურ პოტენციალს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მცირდება ბერწიანობა და შესაბამისად მატულობს ნამატის მიღება, იზრდება ჯანსაღი მოზარდი, იქმნება ყველა პირობა მისი ინტენსიური ზრდისა და მაღალი პროდუქტიულობის მისაღებად. საძოვარზე ნამყოფი პირუტყვი შემდგომში უკეთ იტანს ზამთრის ბაგური შენახვის დროს მწირი კვების პირობებს.

ცნობილია, რომ საძოვარზე მიღებული 1 კგ 4% ცხიმიანობის რძის წარმოებაზე გაცილებით ნაკლები საკვები ერთეული იხარჯება (0,7-დან 1,5-მდე), ვიდრე ბაგური კვებისას (1,1-1,9-მდე). ფურის საძოვრულ შენახვაზე გადასვლისას რძეში 20-22 მგ-დან 34-36 მგ-მდე იზრდება ამინომჟავების რაოდენობა, ასევე სისხლში მატულობს ჰემოგლობინისა და კალციუმის მოცულობა.

საძოვრული ბალახნარის ნორმალური მოვლა-მოყვანისა და გამოყენების პირობებში ხასიათდება მაღალი ყუათიანობით. ასე მაგ. 100 კგ. საშუალო ხარისხის ბუნებრივი საძოვრის ბალახი (მშრალ მასაზე გადაყვანით) 65 საკვებ ერთეულს და 6,5 კგ მონელებად პროტეინს შეიცავს.

მწვანე ბალახი 10-ჯერ მეტ კაროტინს შეიცავს, ვიდრე თივა. დიდი რაოდენობითაა მასში D ვიტამინი, რომელსაც ანტირაქიტული თვისებებით გამოირჩევა, ვიტამინი C სურავანდის (ცინგის) საწინააღმდეგო მოხმედებით, ხოლო E ვიტამინი გამრავლების ყწყობს ხელს და ა.შ.

საძოვრულ პერიოდში მკვეთრად მცირდება კომბინირებულ საკვებზე მოთხოვნილება, ან უმეტეს შემთხვევაში საერთოდ აღარაა საჭირო. ასევე გამოთიშულია დანახარჯები მწვანე მასის მოთიბვაზე, ტრანსპორტირებაზე, საკვების დარიგებაზე, ნაკელის გატანაზე, რაც ცხადია, ამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას.

საძოვრული საკვების მაღალი ყუათიანობა, სრულფასოვნება და უმეტეს შემთხვევაში ცხოველის მაქსიმალური პროდუქტიულობის მიღწევისათვის საჭირო ნივთიერებებით დაბალანსება საძოვრული შენახვის დროს მაღალ წველადობას და წონამატს, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების მატებას განაპირობებს.

შემთხვევითი არ არის, რომ საძოვრულ პერიოდში რძის წლიური წარმოების 60-70% მიიღება, მხვილფეხა საქონლისა და ცხვრის სუქებაზე ჩვეულებრივთან შედარებით ნაკლები იხარჯება.

ცხოველის საძოვრული შენახვის უარყოფით მხარედ ბალახნარის ნაწილის გადათელვისა და ნაკელით დაბინძურების გამო საძოვრის პროდუქტიულობის რამდენადმე შემცირება შეიძლება ჩაითვალოს. მხედველობაშია მისაღები ცხოველის მიერ საძოვარზე გადაადგილების, მორეკვა-გარეკვასა და გადარეკვაზე გაწეული შედარებით გაზრდილი ენერგეტიკული დანახარჯები, რომლებიც ბაგურს მნიშვნელოვნად აღემატება. ენერგიის ეს დანახარჯი, 500 კგ წონის ფურის შემთხვევაში, ერთ კმ. მანძილზე გადარეკვის დროს 1 კგ. რძის წარმოსაქმნელად გაწეული ენერგიის ექვივალენტურია.

გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული ცხოველის საძოვარზე შენახვისათვის საჭირო ნაგებობის, ფარდულების მშენებლობა, სარწყულებელი ადგილების მოწყობა. ცხოველის კულტურულ საძოვარზე შენახვა საკმაოდ დიდ შრომით და მატერიალურ დანახარჯებს . მოითხოვს. რეგულირებული ძოვების ორგანიზაციისათვის (ნაკვეთების შეღობვა, ელექტრომწყემსის გადატანა, გზების გაყვანა და მოვლა, გაძოვების შემდეგ დარჩენილი ბალახის წათიბვა, ნაკელის გაფანტვა და სხვ.).

ბაგური შენახვის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას საძოვრულთან შედარებით წარმოადგენს მისი ორგანიზაციის რამდენადმე უფრო სიმარტივე, თანამედროვე მექანიზაციის პირობებში. შენახვის ამ ისტემის დროს მეცხოველეობის პროდუქციის გამოსავალი საკვები ფართობის ერთეულზე გადაანგარიშებით აღემატება საძოვრის, თუმცა ეს მატება ვერ ფარავს მწვანე მასის მოთიბვა-ტრანსპორტირება-დარიგების და ნაკელის უტილიზაციის ხარჯებს. გაადვილებულია ვეტერინარული მომსახურეობა, თითქმის გამორიცხულია ცხოველის დაავადება ტიმპანიტით და სხვ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის მაღალიკონცენტრაციის დროს შენახვის მხოლოდ ბაგური სისტემის გამოყენებაა მიზანშეწონილი, რადგან საძოვრული შენახვა ამ შემთხვევაში პრაქტიკულად მეტად გაძნელებულია. მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მერძეულ მეძროხეობაში და განსაკუთრებით სანაშენო მეურნეობებში (ფერმებში), სადაც კი ამის შესაძლებლობა არსებობს, ზაფხულში საძოვარზე ნახირის თუნდაც რამდენიმე საათით გაყვანას უაღრესად დადებითი შედეგები აქვს. ამისათვის საკმარისია 0,1 ჰა-ზე ნაკლები კულტურული საძოვარი ერთ ფურზე, ანუ 200 სულიან ფერმაში 20 ჰა მაღალპროდუქტიული საძოვარი ბალახნარის რაციონალური გამოყენების წესების ზუსტი დაცვით.

საჭიროა აღინიშნოს, რომ ცხოველისა რა ბუნებრივ პირობებში შენახვის შორეული შედეგების გათვალისწინება აუცილებელს ხდის სანაშენო მუშაობაში, ასევე მერძეულ ფერმებში, ბარის ზონაშიც კი ზაფხულის პერიოდში ნახირის და პირველ რიგში მაკე ფურების ცოტა ხნით მაინც საძოვარზე ყოფნის და მოციონის დიდ მიზანშეწონილობას.

ბაგური შენახვის ნაკლოვან მხარეებს შორის უნდა აღინიშნოს მეცხოველეობის პროდუქციის უფრო მაღალი თვითღირებულება და ერთ სულ ცხოველზე გადაანგარიშებით მათი რამდენადმე მცირე წარმოება, ვიდრე საძოვრული შენახვისას.

ბაგური შენახვის ეფექტურობა მთლიანად დამოკიდებულია მწვანე საკვების საკვებურამდე (მოთიბვა-ტრანსპორტირება-დარიგების) მიტანის ყველა პროცესი სკომპლექსურ მექანიზაციაზე, მისი შემადგენელი რგოლის ურთიერთშეთანხმებულ და შეუფერხებელ მუშაობაზე, რაცხშირად (უამინდობა, სამეურნეოხასიათისსხვადასხვაშეფერხებები და ა.შ.) გაძნელებულია. ბაგაზე ცხოველის კვებისას საძოვარზე ყოფნასთან შედარებით რამდენადმე რთულ პრობლემას წარმოადგენს საკვების დაბალანსება და ოპტიმალური ულუფის შედგენა.

ცხოველთა ცალკეული სახეობის ბაგური და საძოვრული შენახვის შედარებითი ეფექტურობის შესწავლის შედეგები არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს. ამასთან ერთად, უფრო აშკარა დ არის გამოხატული ფურების და ცხვრის შენახვის, აგრეთვე ძროხეულის მოზარდის სუქების ეკონომიკური უპირატესობა მთის ბუნებრივ საძოვრებზე.

ბარის ზონაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოზარდის სუქებისას ამ საკითხს არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა და მისი გადაწყვეტა უნდაგანისაზღვროს ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა საკვების წარმოების, შემზადების და სხვა საწარმოო პროცესების მექანიზაციის დონით, საკვებწარმოების სამეურნეო, ეკონომიკური და ორგანიზაციული პირობებით, სულადობის კონცენტრაციით.

ბარის ზონაში ზაფხულში მსხვილფეხა რქოსანი ცხოველისათვის ფერმის ახლოს აუცილებელია შეიქმნას ნათესი მაღალპროდუქტიული საკვები სავარგულები, ხოლო მათი საძოვრად თუ სათიბად გამოყენების და მწვანე მასით ცხოველის კვების საკითხი უნდა გადაწყდეს საკვებწარმოების კვალიფიცირებული სპეციალისტის მიერ ადგილობრივი პირობების შესაბამისად და დეტალური ანალიზის საფუძველზე. ამასთან მეტად სასურველია ბაგური შენახვის პირობებშიც კი გამოყენებული იყოს ცხოველი სსაძოვარზე ყოფნის მინიმალური საშუალებაც.

ცდებით დადგენილია, რომ ფურის საშუალო დღე-ღამური წველადობა საძოვარზე, კონცენტრირებული საკვების გარეშე შეადგენს 18,6 კგ რძეს, ბაგაზე თივით კვებისას 14 კგ; მცირე რაოდენობით კონცენტრატის მიცემისას ეს მაჩვენებლები იზრდება-საძოვარზე 22 და ბაგაზე კვებისას 18 კგ-მდე. ბაგური შენახვისას რძის მონაწველი რამდენადმე მეტია საძოვრულთან შედარებით მხოლოდ კონცენტრირებული საკვების გაზრდილი მიცემისას.

ეკონომიკური და ზოგად-ბიოლოგიური ხასიათის არგუმენტები აშკარად მოწმობს მერძეული და სუქებაზე მყოფი მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის საძოვრული შენახვის სასარგებლოდ, თუმცა არ გამორიცხავს მთელი წლის განმავლობაში ცხოველის ბაგური შენახვის პირობებში რძისა და ხორცის ეფექტური წარმოების შესაძლებლობას.

საძოვრული შენახვა და მასთან დაკავშირებული საძოვრის რაციონალური გამოყენება ცხოველის დადებით მოქმედებასთან ერთად განაპირობებს ასევე ბალახნარის ოპტიმალურ განვითარებას და მაღალპროდუქტიულობას. სწორედ ცხოველის და ბალახის მოთხოვნათა სრული გათვალისწინებით არის შესაძლებელი საძოვრის სწორი გამოყენების საფუძვლების დამკვიდრება. ეს კი თავის მხრივ ბალახნარის მაქსიმალური მოსავლიანობის მიღებისა და მეცხოველეობის ყველა დარგის მაღალი პროდუქტიულობის მიღწევის მთავარ პირობას წარმოადგენს.

იოსებ სარჯველაძე — ეკოლ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი.
სოფ. მეურ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1360 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB