ძაღლის ქართული აბორიგენული ჯიშები

კავკასიური, ნაგაზი, ქართული

ცხოველთა აბორიგენული ჯიშების ჩამოყალიბება ხორციელდებოდა ბუნებრივი გადარჩევითა და ხალხური სელექციით, ძირითადად სტიქიურად.

აბორიგენული ჯიშის ცხოველები ხასიათდებიან გარკვეულ კლიმატურ პირობებთან კარგი შეგუებულობით, ამტანობით, სხეულის აგებულების სიმაგრით, უნივერსალური სამუშაო და პროდუქტიული თვისებებით.

კავკასიური ნაგაზი, (ქართული ნაგაზი), ქართული მთის ძაღლი და ერთადერთი ქართული სანადირო ძაღლის ჯიში, მყეფრების ჯგუფიდან – მეკვერნე (ჩაქირა), მეგრული და თუშური ცხენი, ხევსურული ძროხა, იმერული და თუშური ცხვარი, მეგრული თხა, ქართული ფუტკარი ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეთა მანძილზე გამოყვანილი აბორიგენული ჯიშებია, რომლებიც ძირეულად განსხვავდებიან კავკასიელი მეზობლების მიერ გამოყვანილი ჯიშებისაგან.

ქართული ნაგაზი

ქართველი ტომების _ ხეთებისა და სუბარების მიერ შექმნილი უძველესი ჯიშის ძაღლი პირველად გერმანელმა მკვლევარმა, ზოოლოგმა მიულერმა XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს მთიანეთში აღწერა. იგი შეხვედრია ჯიშის იშვიათ წარმომადგენელს, რომლის სიმაღლე 85 სმ-ს აღწევდა.

იმავე საუკუნის ბოლოს ქართული ჯიშის ძაღლს, რომელსაც დასაბამიდან ნაგაზი ეწოდებოდა, რუსმა ,,კინოლოგებმა” ,,კავკასკაია ოვჩარკა” უწოდეს და სახელწოდება მსოფლიო კინოლოგიურ საზოგადოებებში გაავრცელეს, რაც ოფიციალურად XX საუკუნის დასასრულისთვის (1990წ.) დაუმკვიდრეს საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში (FCI) დამტკიცებული სტანდარტით.

სულხან-საბა ორბელიანი ,,სიტყვის კონაში” ძაღლს შემდეგნაირად განმარტავს: ,,ძაღლთა და მხეცთა მამალსა ხვადი და დედალსა ძუ და შვილთა მათთა ლეკვი ეწოდებიან; …დიდსა ძაღლსა, მიდამოს მცველსა _ თართი; …სწრაფსა და გვარიანსა _ მწევარი; მწევრისგან და თართისგან შობილსა _ ნაგაზი; თუმცა ნაგაზი მგლისა მიერ იშობა, იგი უმჯობესია…” სიტყვა ,,ნაგაზი” ქართული წარმოშობისაა და მგლის მგუდავ, მახრჩობელას ნიშნავს, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებში ამ სიტყვის განმარტება არ არსებობს.

ჯიშის წარმოშობის უამრავი ვერსიიდან ერთ _ ერთის თანახმად იგი წარმოიშვა ტიბეტური მასტიფისგან, რომელიც კავკასიის ტერიტორიაზე მეომრებმა და ვაჭრებმა 2000 წლის წინ შემოიყვანეს. ქართველი მეცნიერების (ბოლქვაძე, ციციშვილი) მიხედვით, საქართველოში მოშენებული ,,კავკასიური ნაგაზი” _ ქართული მეცხვარულა _ დამოუკიდებელი ჯიშია, რომელიც უძველესმა ქართველურმა ტომებმა ხალხური სელექციით შექმნეს.

შედეგად ჩამოყალიბდა შიდაჯიშური ტიპები და ქვეტიპები, რომლებიც გავრცელდა მთელ კავკასიაში. განსხვავებები შეინიშნება ამიერკავკასიის ქვეყნების ნაგაზებს შორის.

როგორც რუსი კინოლოგი ა.პ. მაზოვერი აღნიშნავს: ,,საუკეთესო კავკასიური ნაგაზები გავრცელებულია საქართველოს რესპუბლიკაში…” ძაღლები გამოირჩევა მასიური ძვალეულითა და ზომებით. კონსტიტუციის ტიპი _ მაგარი ან უხეშია, თავი სტანდარტულია, ერთფერი შეფერვა და გრძელი ბეწვი ძაღლს ლამაზ იერს აძლევს, ფორმატის ინდექსი ცვალებადობს 104 _ 108-მდე.

ქართულ კავკასიურ ნაგაზებში განარჩევენ გერგეთულ, გერბენულ, ყაზბეგურ და ახალციხურ ტიპებს.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განარჩევენ ორი ტიპის კავკასიურ ნაგაზებს: 1) მთიან რეგიონებში გავრცელებული ქართული ტიპის მსგავსია; 2) სტეპის რეგიონებში გავრცელებული, მაგარი-მშრალი კონსტიტუციის მქონეა, შედარებით მაღალი კიდურებითა და ვიწრო, მოგრძო თავით, მოკლე ბეწვით.

აზერბაიჯანში გავრცელებული ძაღლებისათვის დამახასიათებელია მწითური შეფერვა მუქი ნიღბით. ფორმატის ინდექსი მთიანი რეგიონის ძაღლებისათვის ქართული ტიპის მსგავსია, ხოლო სტეპის რეგიონებისათვის შეადგენს 100 _ 102-ს.

სომხეთის რესპუბლიკაში გავრცელებული ძაღლებიც ქართული ტიპის მსგავსია, თუმცა შედარებით მცირე ზომისაა და სუსტი ძვალეულით. ფორმატის ინდექსია 102 _ 105. დამახასიათებელი შეფერილობაა ერთფერი რუხი და წაბლა, გვხვდება ვეფხვისებური და ლაქებიანი.

დაღესტნის ნაგაზები მაგარი _ უხეში კონსტიტუციით ხასიათდებიან. მკვრივი და სტეპის რეგიონებში გავრცელებული აღნაგობით. გამოირჩევიან შედარებით მოკლე ბეწვით და ლაქებიანი შეფერვის (35%) სიჭარბით.

დღესდღეობით, აბორიგენული კავკასიური ძაღლების უმრავლესობა არ არის ხალასჯიშიანი და მათ გამოყენებას სანაშენე საქმეში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

ქართული მთის ძაღლი

ქართული მთის ძაღლიც საქართველოს მთიან რეგიონში წარმოიშვა და გავრცელებულია სრულიად საქართველოში, სვანეთისა და სამცხის გარდა. ჯიშის სტანდარტი შემუშავდა საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის (FGG) მიერ და გამოქვეყნდა 2000 წლის 1 ივნისს.

ქართული მთის ძაღლი კავკასიურისაგან განსხვავებით ხასიათდება მხოლოდ უხეში კონსტიტუციის ტიპით, მინდაოში სიმაღლის სიმცირით (2-3 სმ.), ბეწვოვანი საფარველის სიმოკლით, შეფერვის ნებისმიერი კომბინაციებით.

სტანდარტით დასაშვებია კბილთა (P2 და P3) ნაკლებობა, რაც კავკასიურისთვის ნაკლად ითვლება; კუდის კუპირება ხორციელდება საწყისი სიგრძის ნახევრამდე ( კავკასიურ ნაგაზში სტანდარტულად კუდის კუპირება დაუშვებელია).

ჯიშის წარმომადგენლები ათეულ წელზე მეტია მონაწილეობენ საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის მიერ ორგანიზებულ კავკასიური ნაგაზებისა და ქართული მთის ძაღლების ეროვნულ გამოფენებში.

მიუხედავად იმისა, რომ ჯიში საკმაოდ პოპულარულია საქართველოში, ამიერკავკასიაში, უკრაინასა და რუსეთშიც, მას ჯერჯერობით არ აღიარებენ საერთაშორისო არენაზე. გამოფენებზე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები ცდილობენ არ იმსაჯონ ქართული მთის ძაღლის რინგზე, რადგან ჯიშის სტანდარტი არ არის აღიარებული საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის (FCI) მიერ.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ჯიშის წარმომადგენლების ინდივიდუალური გადარჩევა, საუკეთესო ხაზებისა და ოჯახების გამოვლენა, რის საფუძველზეც მოხდება ჯიშის ექსტერიერული სრულყოფა და მიზანმიმართული მოშენება, შედეგად კი _ დამსახურებული ადგილის მოპოვება კინოლოგიური სამყაროს წარმომადგენელთა რიგებში.

ქართული სანადირო ძაღლი

მეკვერნე ანუ ჩაქირა, ერთადერთი ქართული სანადირო ძაღლის ჯიშია, რომელიც დასავლეთ საქართველოში წარმოიშვა, კერძოდ გურიასა და აჭარის მაღალმთიან რაიონებში. გავრცელებულია ტაო _ კლარჯეთის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად თურქეთის შემადგენლობაშია.

ნადირობის უნარ _ ჩვევებიდან გამომდინარე მეკვერნე მიეკუთვნება მყეფრების ჯიშურ ჯგუფს, თუმცა შეინიშნება გარეგნული განსხვავებები.

ჯიში ხასიათდება სოლისებური ფორმის თავით, სწორმდგომი ყურებით, მოკლე კისრით, სწორი და პარალელური კიდურებით, ტანად პატარა (მინდაოში სიმაღლე 45_50 სმ.), დაფარულია ყავისფერი უხეში ბეწვით, თეთრი წინწკლები განლაგებულია მკერდზე, მუცელზე, კიდურებზე. კუდის ბოლო თეთრია.

განსაკუთრებული ნიშანია თეთრი ზოლისებური საყელო კისერზე. თვალები ცბიერი და ავი გამომეტყველების, რომელთაც ხშირად მოწითალო ფერი აქვთ, რაც სიავის ნიშნად მიიჩნევა.

მეკვერნე გამორჩევა უცხოთადმი მიუნდობლობით, ბრწყინვალე ზეყნოსვის უნარით და შეუპოვრობით, და გამოიყენება კვერნასა და გარეულ კატებზე სანადიროდ.

ნადირობისას მეტად აზარტულია, რისთვისაც განსაკუთრებულ დაგეშვას არ საჭიროებს, რადგან მასში საუკუნეთა განმავლობაში გენეტიკურადაა განმტკიცებული სანადირო მონაცემები.

კვალის აღებისას რამდენიმეჯერ დაიყეფებს და შემდგომ უხმოდ და დაუღალავად დევნის, ყეფას ნადირის დანახვისას იწყებს. შველზე, ირემსა და სხვა ჩლიქოსნებზე მეკვერნე მშვენივრად ნადირობს, იგი სწრაფად ეწევა და აფერხებს მათ მოძრაობას.

მაჩვზე, ტახსა და დათვზე სანადიროდ მეკვერნის გამოყენება არაეფექტურია, რადგან ძაღლი მეტად აგრესიულია, უშიშარი, არ უფრთხის და შეტევაზეც პირდაპირ გადადის, რაც ხშირად სიკვდილით თუ არა მძიმე ტრამვებით სრულდება.

ორი ან სამი ძაღლი გაცილებით ეფექტურად მუშაობს. ძაღლს გააჩნია თავისი ნაკლოვანებებიც, რაც მისი არასწორი აღზრდითა და ცუდ პირობებში შენახვით აიხსნება.

გადაჭარბებული სიავის გამო ჩაქირას დაბმულს ან გალიაში დამწყვდეულს ინახავენ, რაც კიდევ უფრო აავებს. თუ მეკვერნე დაიგეშება სწორი მეთოდებით, მისი სანადიროდ გამოყენება ბევრად ეფექტური იქნება. აღსანიშნავია, რომ მეკვერნესა და მდევრის, ან მყეფრის ნაჯვარები უკეთესი სანადირო მონაცემებით ხასიათდებიან, ვიდრე მათი მშობლები.

სამწუხაროა, რომ ასეთი უნივერსალური სანადირო თვისებების მქონე ძაღლის ჯიში დღეს თითქმის გადაშენებულია. მავნე ტრადიციის გამო ძნელი იყო მეკვერნე ძაღლის შოვნა, რადგან ფასის აწევის მიზნით ძუ ძაღლის მფლობელები ლეკვების დიდ რაოდენობას ხოცავდნენ და ცოტას ზრდიდნენ. შ

ედეგად ადგილი ჰქონდა ინბრიდინგს, რაც ჯიშზე დამაკნინებლად მოქმედებდა. ჯიშისთვის სტანდარტი არ არის შემუშავებული, რადგან საქართველოში ხალასჯიშიანი რამოდენიმე (15-20) ინდივიდიღაა შემორჩენილი.

ამიტომ, დღესდღეობით მთავარი ამოცანაა ძაღლების რაოდენობის გაზრდა, ჯიშის სტანდარტის დადგენა და პოპულარიზაცია. აუცილებელია ,,სისხლის განახლების” მიზნით თურქეთიდან მოხდეს გარკვეული სულადობის შემოყვანა და ჯიშზე სანა-შენე მუშაობის ორგანიზება.

ჯიში ძვირფასია სელექციური სამუშაოების ჩატარების თვალსაზრისითაც. მხოლოდ საკითხისადმი სწორი და მეთოდური მიდგომითაა შესაძლებელი ერთადერთი ქართული სანადირო ძაღლის ჯიშის გადარჩენა, რომელიც სრული უყურადღებობის მიუხედავად ჯერჯერობით არ გადაშენდა.

ნ. მამუკელაშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

თქვენი რეკლამა