ფეიჰოას გამრავლება მწვანე კალმების დაფესვიანებით

167 Views

არსებობს ფეიჰოას გამრავლების ორი წესი: გენერაციული (თესლით) და ვეგეტატიური (კალმებით, გადაწვენით). გამრავლების ყველაზე ადვილ წესად მიჩნეულია თესლით გამრავლება.

თესლით გამრავლებისას წინასწარ ორი-სამი წლით ადრე შეირჩევა მაღალმოსავლიანი, კარგი კომერციული ნიშანთვისებების მქონე სადედე ხეები, რომლებიც თვითდამტვერვით მსხმოიარობენ. ამასთან კარგი იქნება თუ გვეცოდინება სადედე მცენარის ჯიშური წარმომავლობა.

სადედე ხეებიდან ნაყოფებს იღებენ სრული სიმწიფის სტადიაში. უმჯობესია თავისთავად ჩამოცვენილი მსხვილი ნაყოფები. შეგროვლ ნაყოფებს ათავსებენ სარდაფში 10-15 დღით, თესლის კარგად მომწიფების მიზნით.

თესლის დასამზადებლად ნაყოფი იჭრება სიგრძეზე, რბილობიდან ფრთხილად იღებენ თესლის მასას და ათავსებენ მინის ქილაში. ასხამენ სუფთა წყალს და ტოვებენ 5-7 დღის განმავლობაში დუღილის დაწყებამდე. ადუღებულ მასას ურევენ მინის წკირს სანამ თესლი არ გამონთავისუფლდება რბილობის ძირითადი მასისაგან. მიღებული მასა ირეცხება 1,2,3 მმ. დიამეტრის ნაჩვრეტებიან საცერზე. გარეცხილი თესლი წვრილი და მსუბუქია 1 000 ცალი თესლი იწონის 1,6 გრამს.

ვეგეტატიური გამრავლება

ფეიჰოას მაღალმოსავლიანი ერთგვაროვანი პლანტაციების მისაღებად მიმართავენ ვეგეტატიურ გამრავლებას მწვანე კალმების დაფესვიანებით.

კალმებს იღებენ მხოლოდ ახალგაზრდა, წინასწარ აპრობირებული სადედე ხეებიდან, რომლებიც ხასიათდებიან რეგულარული მსხმოიარობით და მაღალხარისხოვანი მოსავლით.

კალმების აჭრის ოპტიმალური ვადა 15 აგვისტოდან 15 სექტემბრამდეა. კალმებს ჭრიან 8-10 სმ. სიგრძის 5-6მმ. სიმსხოს 2 ზედა ფოთლით. დაკალმება წარმოებს ორანჟერიებში ან კვალსათბურებში.

სუბსტრატად ვარგისია წითელმიწა ნიადაგისა და ფრეზირებული ტორფის ნარევი 3:1 თან შეფარდებით. კვალსათბურებზე და სტელაჟებზე ეწყობა კარკასები კალმების გადასახურავად. გადასახურად უმჯობესია რძისებრი პოლიეთილენის ფირი.

დაკალმება ხდება რიგთაშორის 10სმ. ხოლო რიგში კალმებს შორის 4-5სმ. დაშორებით, 3-4სმ. სიღრმეზე. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში პოლიეთილენის ფირს ზემოდან ეფარება დოლბანდი, ან სხვა თეთრი ფერის მაჩრდილობელი ქსოვილი.

კალმების მაღალი დაფესვიანების მიზნით ხშირად გამოიყენება ზრდის-სტიმულიატორების დაბალკონცენტრიანი ხსნარები, რომელშიდაც დაკალმებამდე კონებად შეკრული დაჭრილი კალმები თავსდება ქვედა ფუძით 24 საათის განმავლობაში.

დაფესვიანების ოპტიმალურ ტემპერატურას წარმოადგენს: გრუნტში 20-22°C, კარკასის შიგნით ჰაერში 23-24°C. მორწყვა ტარდება პულივიზატორით, ფოთლების შენამვამდე. დაუშვებელია კალმების ჭარბი მორწყვა, ასევე დაუშვებელია ნიადაგის სუბსტრატის გამოშრობა.

ფეიჰოა ძნელად დასაფესვიანებელ მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა იდეალური პირობებისა და სტიმულიატორების გამოყენების ფონზე გახარება- დაფესვიანება 50-60%-ის ფარგლებში მერყეობს.

თუ კი საამისო პირობები არსებობს ფეიჰოას კალმების დაფესვიანება შესაძლებელია მოხდეს არა მხოლოდ უშუალოდ გრუნტში, არამედ წინასწარ სუბსტრატით შემზადებულ პოლიეთილენის პარკებში, რომელშიდაც მოვლისა და ნერგების გაზრდის პროცედურები გაიოლებულია.

მეორე წლის შემოდგომაზე ფეიჰოას დაფესვიანებული ნერგი აღწევს 35-45 სმ. სიმაღლეს და ვარგისია მუდმივ ადგილზე დასარგავად.

იხილეთ: ფეიჰოა – თესლნერგის გამოყვანა, დარგვა, მოვლა, ბაღის გაშენება

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ბიომიქსი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB