ცხოველთა კვების ზოგიერთი საკითხი ორგანულ მეცხოველეობაში

810 Views

სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვების ზოგიერთი საკითხი ორგანულ მეცხოველეობაში

მეცხოველეობის ორგანული მეურნეობისათვის უპირატესობა ენიჭება პირუტყვის ადგილობრივ ჯიშებს. ცხოველთა პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციალი რაც არ უნდა მაღალი იყოს, სრულფასოვანი კვების გარეშე ვერ გამომჟღავნდება.

აგროეკოლოგია ნიშნავს ეკოლოგიის პრინციპების გამოყენებას სოფლის მეურნეობაში. თავის მხრივ, ეკოლოგიის პრინციპები გულისხმობენ ბიოლოგიურ თანაარსებობაში რეგულაციის მექანიზმების არსებობას, რომლებსაც მიჰყავთ ეს ბიოლოგიური თანაარსებობა წონასწორობის მდგომარეობისაკენ.

აგროეკოლოგიის მიდგომის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გამოიყენოს ბიოლოგიური მექანიზმები თავისი მიზნებისათვის, ანუ მეტი წარმადობის მისაღწევად და გარემოს მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად.

დღესდღეობით, საერთო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად იზრდება მოთხოვნილება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე, რაც ქმნის ორგანული მეურნეობების დანერგვის წინაპირობას საქართველოს ფერმერულ მეურნეპობებში.

გარდა ამისა, ორგანული მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება ეკონომიურად მომგებიანია, რადგან ამ პროდუქციის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე პროდუქციაზე, რომელიც მიღებულია სამრეწველო ტექნოლოგიების გამოყენებით.

ორგანული მეცხოველეობის ორგანიზების საფუძველია – პრობლემის შესწავლა, განათლება და კანონმდებლობა.

ორგანული მეურნეობის ძირითადი პრინციპია ცხოველთა კეთილდღეობა და ბუნების ეკოლოგიური მდგრადობის დაცვა.

პირუტყვის შენახვისას ფერმერული მენეჯმენტი უნდა ხელმძღვანელობდეს შემდეგი წესებით და უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნები:

→ ცხოველების მოვლა/შენახვის შესაძლებლობა მათი ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით;

→ ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვა, რომლებიც ეხება პროდუქტიულობის დონეს და რიგ სხვა პრინციპებს სამეურნეო ცხოველთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

ორგანული მეცხოველეობა ითვალისწინებს ცხოველების მოვლა/შენახვას თავისუფლად, საძოვრების მაქსიმალურად დიდი ფართობების გამოყენებით. ცხოველების ასეთი სისტემის შენახვისას ნარჩუნდება საძოვრის ბალახნარი, ხოლო გამოყოფილი ნაკელი თანაბრად ნაწილდება საძვრის მთელ ფართობზე, რაც ხელს უწყობს ნიადაგის ნაყოფიერებას.

მეცხოველეობის ორგანული მეურნეობისათვის უპირატესობა ენიჭება პირუტყვის ადგილობრივ ჯიშებს, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ქვეყნის ეკოსისტემის განუყოფელ ნაწილს. მათ ახასიათებთ ორგანიზმის მაღალი რეზისტენტობა და კონკრეტულ გარემოში ისინი ბევრად უფრო დიდ პროდუქტიულობას ავლენენ, ვიდრე საყოველთაოდ აღიარებული კულტურული ჯიშები.

მართალია, ინტენსიურმა სელექციამ განაპირობა მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალიზირებული ჯიშების შექმნა, რამაც მიგვიყვანა სერიოზულ პრობლემამდე და გენეტიკური მრავალფეროვნების კატასტროფულ შემცირებამდე.

ბიომეცხოველეობაში გარემო პირობები კვლავ აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება. აბორიგენული ჯიშების ცხოველები ნაკლებად მომთხოვნი არიან დიდი რაოდენობით კონცენტრირებული საკვებისადმი რაციონში, მათ შეზღუდული აქვთ ვეტერინარული ჩარევა, ისინი რაციონალურად და ეფექტურად გამოიყენებენ ბუნებრივ საძოვრებს, თავისუფლად ძოვენ ციცაბო მთების საძოვრებზე, იკვებებიან მათთვის ჩვეული ბუნებრივი საკვებით.

ბიომეცხოველეობაში ცხოველთა ზოგიერთი ნიშანთვისება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტრადიციულ მეცხოველეობის მეურნეობაში: მაგალითად, ცხოველთა ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ენერგიულობა, სოციალური ქცევა, დედის ინსტინქტი და ნაკლები მოთხოვნილება მოვლა-შენახვისა და კვების პირობებისადმი.

სასელექციო პროცესში ამ ცხოველთა გენოფონდის გამოყენებამ მნიშნელოვანი სიახლეები შეიძლება გამოავლინოს. ძროხის ადგილობრივი ჯიშები ქვეყნის ბუნებრივი საკვებ-სავარგულების ათვისების თვალსაზრისით შეუცვლელია და ამას, ისეთი მცირემიწიანი ქვეყნისათვის, როგორც საქართველოა, უდიდესი ეკონომიკური მნიშნელობა აქვს.

სწორედ ეს გარემოება განაპირობებს ორგანული მეურნეობების განვითარების და მეცხოველეობის მაღალხარისხიანი ბიოპროდუქციის წარმოებას საქართველოში (ამ ნიშთ საქართველოს შეუძლია დაიმკვიდროს ადგილი ევროპის ბაზარზე).

ორგანულ მეცხოველეობაში ცხოველთა კვების მთავარი ამოცანაა ჯერ უზრუნველყოს სასოფლო სამეურნეო ცხოველების სასიცოცხლო პირობების დონის ხარისხი, და მხოლოდ ამის შემდეგ – მაქსიმალური პროდუქტიულობის მიღება.

ეს წესი მოქმედებს მთლიანად ორგანულ სოფლის მეურნეობაში, ხოლო მეცხოველეობაში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს უჭირავს განსაკუთრებული ადგილი იმ თვალსაზრისით, რომ აგროეკოსისტემის ორგანული ნივთიერებების წრებრუნვაში მას დამკვიდრებული აქვს დომინირებული პოზიცია.

გათვლილია, რომ ეკონომიურად ეფექტურია მეწველი ფურის შენახვა მისი 10 წლის ასაკამდე, როდესაც მისი ლაქტაციური მონაწველი შეადგენს (სასიცოცხლო პროდუქტიულობა) 35 – 40 ათას კგ რძეს 7-8 (წელი) ლაქტაციური პერიოდის განმავლობაში. ამ პროდუქტიულობის მისაღწერვად ჩვენში კომპლექსურად უნდა დაიწყოს სელექციის და კვების ტექნოლოგიის გაუმჯობესების ღონისძიებები. სელექციის სწორად წარმართვა ხალასჯიშობრივი მომშენებლობისას განაპირობებს ყოველწლიურად 2,5%-მდე ეფექტურობას.

ამავე დროს, ცხოველთა პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციალი რაც არ უნდა მაღალი იყოს ის, სრულფასოვანი კვების გარეშე ვერ გამომჟღავნდება.

მნიშვნელოვანია კვების როლი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომიკურობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან მეცხოველეობის პროდუქტების თვითღირებულების 60-75% მოდის საკვებზე.

მსხვილფეხა პირუტყვს ესაჭიროება საკვების მშრალი ნივთიერების 2% ცოცხალი მასისა, ცხვრებსა და თხებს – დაახლოებით 4% (მაგალითად, ძროხას ცოცხალი მასით 500 კგ ესაჭიროება 10 კგ მშრალი ნივთიერება დღეში, ცხვარს ცოცხალი მასით 50 კგ – 2 კგ მშრალი ნივთიერება).

ბიომეცხოველეობის მეურნეობაში ცხოველს უნდა მიეცეს ბიოსაკვები. საკვების 50% ან მეტი წარმოებული უნდა იყოს იგივე მეურნეობაში ან იმავე რეგიონის სხვა ბიომეურნეობებში. კონვენციური (არაბიო) მეურნეობიდან საკვების მოხმარება ძალიან შეზღუდულია, დაშვებულია მხოლოდ 5 % ასეთი საკვების გამოყენება. ამ პროცენტის გაანგარიშება ხდება წლიურად საკვე- ბის მშრალი ნივთიერებიდან.

იმისათვის, რომ სწორად იყოს აღრიცხული საკვებში მშრალი ნივთიერების რაოდენობა, ფერმერებმა უნდა ისარგებლონ შემდეგი ნორმატივებით: 1 კგ უხეში საკვები და მარცვლეული შეიცავს 0,85 კგ მშრალ ნივთიერებას, საკვები ძირხვენები – 0,1 კგ, კარტოფილი – 0,2 კგ, სილოსი – 0,2-0,3 კგ, შაქრის ჭარხალი – 0,22-0,24 კგ, კოპტონი ან შროტი – 0,9 კგ.

მეურნეობაში მოწეულ საკუთარ საკვებს უნდა ჩაუტარდეს ანალიზი ენერგეტიკული საკვები ერთეულების განსაზღვრელად დაბალანსებული რაციონების შედგენისათვის და სწორი დაგეგმარებისათვის.

როგორც წესი, ბიოსაკვებში კონვენციურ საკვებთან შედარებით უფრო ნაკლები რაოდენობით არის მონელებადი პროტეინი და ძვირფასი ამინომჟავეები. ეს გარემოებაც გასათვალისწინებელია რაციონების შედგენისას.

ბიომეურნეობაში კვებისას არ გამოიყენება ყველა ტიპის საკვები, რაც დაშვებულია კონვენციური (ტრადიციული) მეცხოველეობის მეურნეობებისათვის. მაღალპროდუქტიული ცხოველებისათვის რთულია დაბალანსებული რაციონების შედგენა შეუცვლელი ამინომჟავეების (ლიზინის, მეთიონინის, ტრიპტოფანის, ცისტინის და თრეონინის) შემცველობის არასაკმარისი რაოდენობის გამო. სინთეზური ამინომჟავეების და ცხოველური წარმოშობის საკვების გამოყენება კი ბიომეცხოველეობაში აკრძალულია.

სრულფასოვან კვებასთან ერთად, აუცილებელია ცხოველთა უზრუნველყოფა სუფთა წყლით და საკმარისი რაოდენობის მინერალური ნივთიერებებით. მინერალური ნივთიერებები, ვიტამინები და მარილები შეტანილი უნდა იყოს რაციონში საკვები დანამატის სახით ცხოველთა სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფებისა და პროდუქტიულობის შესაბამისად.

ავტორები: რ. ბარკალაია, გ. წერეთელი. სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი/ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი/.

იხილეთ აგრეთვე: ძროხის ქართული ენდემური-აბორიგენული ჯიშები

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB