ნახირის აღწარმოების ზოოტექნიკური საფუძვლები

538 Views Comment Off

სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ეფექტურად მოშენებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნახირის აღწარმოების სწორად ორგანიზაციას.

აღწარმოების ქვეშ იგულისხმება ნახირიდან (კოლტიდან, ფარიდან, რემიდან, გუნდიდან) ასაკოვანი, დაბალპროდუქტიული ან სხვა მიზეზით გამოწუნებული ცხოველების ჩანაცვლებას უფრო პროდუქტიული სულადობით.

იმავდროულად, ის ითვალისწინებს სანაშენე დანიშნულების ცხოველთა მიზანმიმართულად გამოზრდის აუცილებლობას, სადედე სულადობის პირველი დაგრილების ოპტიმალური ასაკის განსაზღვრას, მათი განაყოფიერების ხერხის გამოყენებას, ცხოველთა სახეობების მიხედვით წლის მანძილზე მოგების რეგულირებას, მოშენების მეთოდების შერჩევას, ბერწიანობასთან და უნაყოფობასთან ბრძოლას და ნახირის ოპტიმალური სტრუქტურის განსაზღვრას.

განასხვავებენ მარტივ და გაფართოებულ აღწარმოებას. ამათგან პირველი გულისხმობს მომდევნო წლის იმავე პერიოდისათვის ფერმაში ცხოველთა საერთო სულადობის და სხვადასხვა სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების ურთიერთ შეფარდების (სტრუქტურის) უცვლელად დატოვებას, ხოლო მეორე- ცხოველთა სულადობის ზრდას და/ან სტრუქტურის შეცვლას.

აღწარმოების ხასიათი და ტემპები დამოკიდებულია:

  • კონკრეტული სახეობის ცხოველთა ბიოლოგიურ თავისებურებებზე, რომელშიც შედის მათი ნაყოფიერება, სქესობრივი და სამეურნეო სიმწიფის მიღწევის ასაკი და ნაყოფის მუცლადყოფნის (ან კვერცხის ინკუბაციის) პერიოდის ხანგრძლივობა;
  • წარმოების ზოოტექნიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე. აქ იგულისხმება ცხოველის სამეურნეო გამოყენების ხანგრძლივობა, მოზარდის გამოზრდის ინტენსივობა და რეალიზაციის ასაკი.

სქესობრივი და სამეურნეო სიმწიფის ასაკი

ცხოველი სქესობრივად გაცილებით უფრო ადრე მწიფდება, ვიდრე მისი ორგანიზმი სრულად განვითარდება.

მაგალითად, ნორმალურ პირობებში გამოზრდილი საფურე ხბო სქესობრივად მწიფდება 6-8 თვის, ღორი 5-6 თვის, ცხვარი 6-8 თვის, ხოლო ცხენი 1,5 წლის ასაკში. მიუხედავად ამისა, ამ ასაკში მათი განაყოფიერება დაუშვებელია, ვინაიდან ორგანიზმს ზრდა და განვითარება დამთავრებული არა აქვს.

იმავდროულად პირველი განაყოფიერების ძლიერ დაგვიანებამ მდედრ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფიერების დაქვეითება და ეკონომიკურადაც არ არის ხელსაყრელი.

ამის გათვალისწინებით რეკომენდებულია სხვადასხვა სახეობის სასოფლოსამეურნეო ცხოველები პირველ დაგრილებაზე გაშვებული იქნან შემდეგ ასაკობრივ პერიოდში:

ძროხეული:

  • მოზვერი – 14-16 თვის;
  • დეკეული – 16-18 თვის;

ღორი:

  • საკერატე – 10-12 თვის;
  • სანეზვე – 8-10 თვის;

ცხვარი:

  • სავერძე – 1,5 წლის;
  • დედალი შიშაქი (ბატკნობიდან გამოსული დედალი ცხვარი) – 1-1,5 წლის;

ცხენი:

  • ულაყი _ 3-4 წლის;
  • ჭაკი _ 3-4 წლის;

ეს ვადები საორიენტაციოა და კონკრეტული ჯიშის მალმწიფადობიდან, აგრეთვე სანაშენე მოზარდის გამოზრდის პირობებიდან გამომდინარე შესაძლებელია შეიცვალოს.

მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც დეკეულს ვკვებავთ ნორმირებულად, მისი განვითარება მიმდინარეობს უფრო ინტენსიურად და, შესაბამისად I დაგრილების ასაკი შეიძლება შემცირდეს 16-18 თვემდე.

ეს ნიშნავს, რომ დეკეული უფრო ადრე აღწევს ფიზიოლოგიურ სიმწიფეს და მზადაა მოგვცეს სრულფასოვანი ნამატი ისე, რომ არ დაზიანდეს მისი ჯანმრთელობა და არ შემცირდეს პროდუქტიულობა.

I დაგრილების ოპტიმალური პერიოდის, ანუ ფიზიოლოგიური სიმწიფის მიღწევის ასაკის დადგენისას ითვალისწინებენ მოზარდის ცოცხალ მასას, რომელიც იმავე სახეობისა და ჯიშის სრულასაკოვანი ცხოველის ცოცხალი მასის 65-70% უნდა იყოს.

მდედრის დროზე ადრე დამაკების თავიდან ასაცილებლად სქესობრივი სიმწიფის მიღწევის ასაკამდე სხვადასხვა სქესის მოზარდი უნდა შევინახოთ ერთმანეთისაგან იზოლორებულად. პრაქტიკაში ძროხის სხვადასხვა სქესის მოზარდს ცალ-ცალკე ინახავენ 5-6 თვის, ღორის- 4-5 თვის, ცხვრის- 5-6 თვის, ხოლო ცხენის- 20-24 თვის ასაკიდან.

ხურაობა (ახურება)  

საკვერცხეებში კვერცხუჯრედის მომწიფების პერიოდულობა და, ამდენად, მდედრის ხურაობა სხვადასხვა სახეობის ცხოველში განსხვავებულია.

მაგალითად, ძროხეულში ხურაობა მეორდება ყოველი 18-24 დღის პერიოდულობით, ცხენში 15-20, ღორში 21-42, ხოლო ცხვარში ხურაობა სეზონურია და ჩვეულებრივ იწყება შემოდგომაზე. ამ მხრივ გამონაკლისია იმერული ჯიშის ცხვარი, რომლის ხურაობაში სეზონურობა არ აღინიშნება. ერთი ახურებიდან მეორე ახურებამდე პერიოდს სქესობრივი ციკლი ეწოდება.

ხურაობა დაკავშირებულია მდედრის ნერვული მოქმედების გაძლიერებასთან და გარეგნულად ვლინდება შემდეგი ნიშნებით: საერთო მოუსვენრობა, სასირცხვო ბაგეების შეშუპება და მისგან გაჭვირვალე ლორწოს დენა, სხვა ცხოველზე და/ან სხვა ცხოველი ახტება მასზე შეხტომა, ხშირი შარდვა, რძის სეკრეციის შემცირება და სხვა.

ფურებში ხურაობა საშუალოდ გრძელდება 24-34 საათი, ნეზვებში- 36-48, ნერბებში- 24-36 სთ, ჭაკებში კი 5-7 დღე. ამასთან, ზოგიერთი მდედრის ხურაობის პერიოდი 6-12 საათს არ აღემატება, რაც გასათვალისწინებელია ხელოვნური განაყოფიერების პრაქტიკისათვის.

ხურაობისას საკვერცხედან კვერცხსავალში გადადის მომწიფებული კვერცხუჯრედი. იმ შემთხვევაში, თუ მას აქ შეხვდება მამრობითი სასქესო უჯრედისპერმატოზოიდი, მოხდება განაყოფიერება. საყურადღებოა, რომ კვერცხუჯრედი განაყოფიერების უნარს ინარჩუნებს 4- 8 საათის მანძილზე, რის გამო, აუცილებელია ცხოველი დავაგრილოთ დროულად.

ამასთან, მდედრის სასქესო ორგანოების ფუნქციური თავისებურებებიდან გამომდინარე, ხელზე დაგრილებისას და ხელოვნურად განაყოფიერებისას რეკომენდებულია:

  • ფური პირველად დავაგრილოთ ხურაობის გამოვლენიდან 12 საათის, განმეორებით კი, ასევე, 12 საათის გასვლის შემდეგ;
  • ნერბი პირველად დავაგრილოთ ხურაობის ნიშნების გამოვლენიდან 20-24 საათის და განმეორებით კი კვლავ 24 საათის შემდეგ;
  • ნეზვი პირველად დავაგრილოთ ახურების დაწყებიდან 18-24 სთ-ის, განმეორებით კი 16-18 სთ-ის შემდეგ;
  • ჭაკი პირველად დავაგრილოთ ხურაობის გამოვლენიდან 24 საათის შემდეგ, განმეორებით კი ყოველდღე, სასირცხო ბაგეებიდან ლორწოს დენის დამთავრებამდე.

მდედრის განაყოფიერების წესები

სასოფლო-სამეურნეო ცხოველების განაყოფიერების სამი წესია ცნობილი, თავისუფალი დაგრილება, ხელზე დაგრილება და ხელოვნური დათესვლა.

თავისუფალი დაგრილებისას მწარმოებელს სადედე პირუტყვთან ერთად ინახავენ და, იმისდა მიხედვით, თუ როდის მოვა მდედრი ახურებაში, ხდება მისი განაყოფიერება. ხელზე დაგრილებისას მწარმოებლებს ინახავენ ცალკე სადგომში, ხურაობაში მოსული მდედრი კი მიჰყავთ მასთან, სადაც ხდება განაყოფიერება.

ხელოვნური დათესვლისას ახურებულ მდედრს ასევე გამოიყვანენ ნახირიდან, მიჰყავთ ხელოვნური განაყოფიერების ცენტრში (პუნქტში) სადაც სპეციალური ხელსაწყო-იარაღების გამოყენებით ხდება სპერმის შეყვანა მდედრის საშვილოსნოს ყელში და განაყოფიერება. ცალკეულ შემთხვევაში მდედრის განაყოფიერება შეიძლება მოხდეს უშუალოდ სადგომში, ან კიდევ საველე პირობებში.

დაგრილების წესის მიხედვით სანაშენე მწარმოებლის დატვირთვის ნორმები მეტად განსხვავებულია. თავისუფლად დაგრილებისას ის გაცილებით ნაკლებია ხელზე დაგრილებისას რამდენადმე მეტი, ხოლო ხელოვნური დათესვლისას გაცილებით მეტი, ვიდრე თავისუფლად დაგრილებისას.

ნახირი

გარდა ამისა, ხელოვნური დათესვლისას ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გამოვიყენოთ საუკეთესო პროდუქტიულობის, როგორც წესი, მონაშენის ხარისხზე შეფასებული მწარმოებლები და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ დაავადებების გავრცელების საშიშროება.

ნაყოფიერება

სხვადასხვა სახეობის ცხოველები და ფრინველები განსხვავებული ნაყოფიერებით ხასიათდებიან.

  • ფური წელიწადში გვაძლევს 1, იშვიათად ორ ხბოს;
  • ნეზვი- საშუალოდ 18-20 გოჭს (ის 2 წელიწადში ასწრებს 4-5- ჯერ მოგებას და თითო მოგებაზე გვაძლევს 10-12 გოჭს);
  • ცხვრის უმეტესი ჯიშის ნერბი 1-2 ბატკანს;
  • დედალი თხა- 1-2, იშვიათად 3 თიკანს;
  • ქათამი- 230-250 ცალ კვერცხს;
  • იხვი-120-180;
  • ინდაური 100-150;
  • ბატი- 50-80 ცალ კვერცხს.

ნაყოფიერება ცხოველების გამოყენების ინტენსივობის ერთ-ერთი მაჩვენებელია.

უნაყოფობა, ბერწიანობა

ზოგჯერ ცხოველები მთლიანად ან ნაწილობრივ კარგავენ გამრავლების უნარს, რაც უნაყოფობის/ბერწიანობის მიზეზით ხდება. “უნაყოფობა” ბიოლოგიური ცნებაა და ნიშნავს ცხოველის მიერ, განურჩევლად მისი სქესისა შთამომავლობის მოცემის უნარის დროებით ან სამუდამოდ დაკარგვას.

ტერმინი “ბერწიანობა” ეკონომიკურ-სტატისტიკური ცნებაა და ნიშნავს მდედრის ფიზიოლოგიურად და ზოოტექნიკურად აუცილებელ ვადებში გაუნაყოფიერებლობას ან ნაყოფის არ მოცემას. უნაყოფობა რთული ბიოლოგიური მოვლენაა და ყალიბდება შინაგანი (უპირატესად გენეტიკური) და გარეგანი ფაქტორების მოქმედებით.

მეცხოველეობის პრაქტიკაში მიღებულია, რომ უნაყოფოდ ითვლება მდედრი, რომელიც მიაღწევს ფიზიოლოგიურ სიმწიფეს (ან წინა მოგებიდან ზოოტექნიკურად სასურველ ვადაში), არ ახურდება და არ განაყოფიერდება. ასევე უნაყოფოდ ითვლება მამრი, რომელიც სპერმის მანკის ან სხვა მიზეზით ვერ ანაყოფიერებს მდედრს.

დროებითი ან სრული უნაყოფობა შეიძლება გამოიწვიოს: გენოტიპმა (თანდაყოლილი უნაყოფობა), ცხოველის ასაკმა (ასაკობრივი უნაყოფობა), უკმარმა კვებამ (ალიმენტარული უნაყოფობა), შეუსაბამო კლიმატმა (კლიმატური უნაყოფობა), არასწორმა მოვლა-შენახვამ (ექსპლოატაციური უნაყოფობა), კასტრაციამ ან ახურების შემთხვევაში განაყოფიერების შეგნებულად გამოტოვებამ (ხელოვნური უნაყოფობა) და დაავადებებმა (სიმპტომატური უნაყოფობა).

ცხოველთა უნაყოფობასთან და ბერწიანობასთან ბრძოლა

სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში უნაყოფობა, ან კიდევ ნაყოფიერების დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს გამრავლების ორგანოების ფუნქციური მოქმედების მოშლილობამ, რაც, საკმაოდ ხშირად, გამოწვეულია კვებისა და მოვლა-შენახვის პირობების შეუსაბამობით.

ნორმალური ნაყოფიერების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ცხოველები ვკვებოთ მისი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნის შესატყვისი დაბალანსებული ულუფებით.

დიდი მნიშვნელობა აქვს ბოსელში მიკროკლიმატის ნორმატივების ფარგლებში დაცვას, ზამთარში ყოველდღიურ მოციონს, აგრეთვე ზაფხულობით საძოვარზე შენახვისას პაპანაქება სიცხისა და ჭარბი ინსოოლაციისაგან მათ დაცვას.

დადგენილია, რომ ეს ფაქტორები განმსაზღვრელ გავლენას ახდენენ სარეპროდუქციო ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

მდედრის უნაყოფობის მიზეზი ხშირად ხდება მამრის სპერმის ცუდი ხარისხი. ამიტომ თავისუფლად და ხელზე დაგრილებისას აუცილებელია ყველა მწარმოებელი შემოწმდეს სპერმის სიხშირეზე, აგრეთვე სპერმატოზოიდების აქტიურობასა და მათ სწორხაზობრივად მოძრაობაზე.

ხელოვნურად განაყოფიერებისას ეს პრობლემა არ დგას, ვინაიდან მწარმოებლებს წინასწარ ამოწმებენ სპერმის ხარისხზე. მიუხედავად ამისა, აუცილებელია პერიოდულად, დათესვლის წინ სპერმის შემოწმება, ვინაიდან შესაძლებელია სპერმიები დაიხოცონ შენახვის რეჟიმის დარღვევის გამო.

ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდი

ძროხის მაკეობის ხანგრძლივობა 280- 285 დღეა, კამეჩის- 305-340, ღორის- 114-116, ცხვრისა და თხის- 150 დღე, ცხენის- 340, ბოცვრის კი 30 დღე; ზოგიერთ ჯიშებში მაკეობის პერიოდი შეიძლება უფრო ხანმოკლე ან ხანგრძლივი იყოს.

აქვე მნიშვნელოვანია გავარკვიოთ ფრინველის კვერცხის ინკუბაციისათვის საჭირო პერიოდის ხანგრძლივობა: ქათმის კვერცხის ინკუბაციის პერიოდი საშუალოდ გრძელდება 21, ბატის-30, ინდაურის- 27, იხვის- 28, ციცრის- 26, ხოლო მწყრის- 17 დღე.

ცხოველის სამეურნეო გამოყენების ხანგრძლივობა:

აღწარმოების უნარი, ნაყოფიერება და პროდუქტიულობა გარკვეული პერიოდის შემდეგ ასაკის მატებასთან ერთად მცირდება.

მაგალითად: ფურებში მონაწველი კლებას იწყებს VI ლაქტაციის შემდეგ, ღორებში ნაყოფიერება და მერძეულობა კი 3-5 წლის ასაკიდან; ქათმებსა და ბატებში კვერცხმდებლობა იკლებს 1,5-2 და 3 წლის ასაკიდან, შესაბამისად.

ამის გათვალისწინებით, ყოველი კონკრეტული სამეურნეო პირობებისათვის და სახეობის ცხოველისათვის უნდა განისაზღვროს გამოყენების ოპტიმალური ვადა.

ფურები მეურნეობაში ჰყავთ 6-8 (განვითარებული მეცხოველეობის ქვეყნებში- 4,5-5,5), ნეზვი- 4-6, ნერბი-6-8, ცხენი კი 14-15 წლის ასაკამდე, რის შემდეგ მათ ცვლიან უფრო პროდუქტიულებით.

შესაბამისად განსაზღვრულია ყოველწლიური წუნდების მაჩვენებელი, რომელიც ძროხეულში შეადგენს 15-25%- ს, ღორში- 20-30%-ს, ცხვარში კი 10-20%-ს. ქათმის დედალს სანაშენე ფერმებში აჩერებენ 2-3, ხოლო სამრეწველო ფერმაში 1 წლის ასაკამდე.

გამოზრდისა და რეალიზაციის ასაკი დაკავშირებულია არა მარტო ცხოველის სახეობასთან, არამედ მეცხოველეობის მიმართულებასთან. ასე, მაგალითად, მეძროხეობაში მოზარდის სახორცედ რეალიზაციის ოპტიმალურ ასაკად ითვლება 14-18 თვე, მეღორეობაში- 7-8 თვე (80-110 კგ ცოცხალი მასა), მეცხვარეობაში- 6-8 თვე (ყარაყულის წარმოებისას დაბადებიდან 1-3 დღე).

სხვადასხვა სახეობის ცხოველების ფერმაში უნდა იყოს ნახირის შესაბამისი სტრუქტურა. მაგალითად, სარძეო მეძროხეობაში, ნახირის ყოველ 100 სულ ცხოველზე უნდა მოდიოდეს 40-60 ფური.

ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3290 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
187 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB