მებოცვრეობა თუ მას გონივრულად ვაწარმოებთ, სასარგებლო და ხელსაყრელი დარგია. ბოცვრის მოვლა მებოცვრეობის გადამწყვეტ პირობებად უნდა ჩაითვალოს.
ბოცვრის მოვლის საკითხებს შორის მნიშვნელოვანია: შინაგანაწესი, ბოცვრის სხვადსხვა ჯგუფების მოვლა, ბოცვრის მავნებლებისაგან დაცვა და სხვა.
ბოცვრის მოვლის საკითხებში ძირითადია საბოცვრეში სწორი შინაგანაწესის შემოღება. შინაგანაწესი უნდა შეესაბამებოდეს წლის სეზონს, ბოცვრის შენახვის სისტემას, საკვების რაობას, ბოცვრის ბიოლოგიასა და მრავალ სხვა პირობას.
წლის ვადებთან დაკავშირებით ზამთარ-ზაფხულის შინაგანაწესები განსხვავდებიან დღის ხანგრძლივობით; ბინებში და ცისქვეშ შენახვის დროს, ისე როგორც საერთოდ შენახვის განსხვავებული სისტემის პირობებში, შინაგანაწესები გარკვეული თავისებურებით გამოირჩევიან და ა.შ.
ზამთრის შინაგანაწესი
ზამთრის ხანმოკლე დღეს საბოცვრეში მუშაობა დილის 7-8 საათზე იწყება. მომვლელი საბოცვრეს ჩაიბარებს ღამის დარაჯისაგან. მუშაობას იწყებს გალიების დაწმენდით, ერთდროულად აძლევს ბოცვერს წყალსა და თივას. თივის შემდეგ ჩამოურიგებს კონცენტრულ, წვნიან და მინერალურ საკვებს, შემდეგ წმენდს საბოცვრეს და ამით ასრულებს დილის სამუშაოს 9-10 საათზე, რომელიც ორი საათის განმავლობაში გრძელდება.
დილის დასვენების შემდეგ, 11-12 საათიდან 2-3 საათამდე, ე.ი შუადღის სამი საათის განმავლობაში, მომვლელი ბოცვრებს აძლევს წყალსა და საკვებს ასრულებს მოშენებისა და მოვლის სხვა სამუშაოებს. ამ დროს ტარდება: ბოცვრის დაგრილება, მოსაგები დედლების მომზადება, ბაჭიების ასხლეტა, დანომრა, ბოცვრის საჭირო გადაჯგუფება, ცარიელი გალიების რეცხვა, დეზინფექცია, ავადმყოფი ბოცვრების იზოლირება, საკვების გამოტანა საწყობიდან და სხვა დამატებითი სამუშაოები.
დასვენების შემდეგ, საღამოს სამუშაოები საბოცვრეში იწყება 4-5 საათზე და თავდება 6-7 საათზე, ე.ი. გრძელდება ორ საათს. საღამოს საათებში მომვლელი წმენდს გალიებს, ბოცვრებს აძლევს წყალს, შემდეგ წვნიანსა და კონცენტრულ საკვებს, ბოლოს უხვად აძლევს ღამისათვის თივას და ნამჯას ქვეშსაფენად, წმენდს საბოცვრეს.
ზამთარში ბოცვრის სქელ ქვეშსაფენზე შენახვა კარგია და ყველას ვურჩევთ გამოსაყენებლად. ამ ღონისძიების შინაარსი შემდეგში მდგომარეობს. გალიების ყოველგვარი გაწმენდის გარეშე მომვლელი ყოველდღე ცოტ-ცოტად უმატებს გალიებში ნამჯას. ქვეშსაფენის სისქე დღითიდღე იზრდება და გალიაში ამის გამო ზამთრის პერიოდში ბოცვერს ექმნება კარგი გამოზამთრების პირობები: სითბო, სიმშრალე, რბილი ქვეშსაფენი თავისთვის და ბუდის გასაკეთებლად. ამავე დროს იწმინდება ჰაერი საბოცვრის ცუდი სუნისაგან. ამ წესის გამოყენების დადებითი მხარე აშკარაა. სქელი ქვეშსაფენის გამოყენებით საბოცვრეში მყარდება ბოცვრის კარგი მოვლისა და ჰიგიენის პირობები, შესაძლებელი ხდება ზამთრის მოგების ჩატარება და მოზარდის გამოზრდა, მცირდება მომვლელის შრომა და ქვეშსაფენის ხარჯი. ამასთანავე, საჭიროა მებოცვრეს ახსოვდეს, რომ სქელი ქვეშსაფენის წესის გამოყენებასთან ერთად საჭიროა ბოცვრის ნორმალური კვება, წინააღმდეგ შემთხვევაში დამშეული ბოცვერი ქექავს და ჭამს ქვეშსაფენს და ავადდება. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ამ წესის გამოყენებით ბოცვერი სარგებლობს ღამის განავლითა და B12 ვიტამინით.
ზაფხულის შინაგანაწესი
საბოცვრეში ზაფხულში მუშაობა ზამთრის პერიოდთან შედარებით დღის მანძილზე გაცილებით გაშლილია. საბოცვრეში მუშაობა იწყება რიჟრაჟზე და თავდება დაბინდებისას. დილისა და საღამოს სამუშაოები ტარდება ორ-ორ საათს, ხოლო შუადღის სამუშაო სამ საათს.
ზაფხულის პერიოდში მუშაობა წარმოებს იგივე მორიგეობით. დილით მომვლელი იბარებს საბოცვრეს ღამის დარაჯისაგან, ჩამოწმენდს გალიებს და აძლევს ბოცვრებს წყალსა და ბალახს, შემდეგ ჩამოურიგებს კონცენტრატებს და მინერალურ საკვებს, წმენდს საბოცვრეს და ამით ამთავრებს დილის სამუშაოებს 6-7 საათზე. შუადღისას, დასვენების შემდეგ, მომვლელი წყლისა და საკვების მიცემის გარდა ასრულებს მოშენებისა და სხვა დამატებით სამუშაოებს.
საღამოს, 6-7 საათიდან, მომვლელი ჩამოწმენდს გალიებს, ბოცვრებს აძლევს წყალს და ღამისათვის უხვად საკვებს.
ზაფხულში სქელი ქვეშსაფენის ხმარება უაზროა და მავნეც. ზაფხულში სქელი ქვეშსაფენი ადვილად იხრწნება და იწვევს ბოცვრის დაავადებას.
მამლების მოვლა
მამალი ბოცვერი უნდა იყოს სქესობრივად აქტიური. დაგრილების დროს ხალისიანი, შეხორცებით სანაშენო კონდიციაში (არც გამხდარი და არც გასუქებული). ამისათვის მამლის მოვლისა და გამოყენების თავისებურება გამოიხატება შემდეგში. საჭიროა ზრდასრული მამლები ვამყოფოთ ზომიერი 3-4 თვის ასაკამდე ვიყოლიოთ ცალკე გალიაში. მომსახურების პროცესში მამალს უნდა მოვექცეთ მშვიდად.
მშრალი დედლების მოვლა
მეტი პროდუქციის მისაღებად ამ ჯგუფის მოვლის მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დედალი ბოცვერი ვიყოლიოთ სანაშენო კონდიციაში- საშუალო შეხორცებაში. ბაჭიების ასხლეტის შემდეგ, ნორმალური კონდიციის მისაღწევად, საჭიროა გამხდარი დედლების გამოკეთება და გასუქებულის გახდომა. შეიძლება მშრალი დედლები ვამყოფოთ ჯგუფურად. რაც საბოცვრის ფართობის უკეთ გამოყენების საშუალებას იძლევა. ნორმალური შეხორცების მიღწევის შემდეგ დედალს ვაგრილებინებთ. რაკი შევამჩნევთ დედლის გამოკეთებას, შეიძლება დაგრილება ჩატარდეს ადრევეც. გამოკეთების დროს დედალს უნდა მოვექცეთ მშვიდად.
მაკე დედლის მოვლა
მაკეობის პირველ ნახევარში შეიძლება დედლები ჯგუფურად ვამყოფოთ. შემდეგ უნდა გავაცალკეოთ და მეტი ყურადღებით მოვუაროთ. ყურადღების გამახვილება საჭიროა მაკეობის დადასტურებისა და საკვებით მომარაგების მხრივ. დროულად უდა მომზადდეს დედალი მოსაგებად, მომზადდეს გალია ბუდე ქვეშსაფენით. მოგების წინ და შემდეგ რამდენიმე დღის მანძილზე უნდა შევუმციროთ საკვების ნორმა. ახალმოგებული არ უნდა შევაწუხოთ ბუდის გაჩხრეკით. მოსაგებ ბოცვერს გალიაში წყალი არ უნდა მოაკლდეს. მაკე დედალს სიფრთხილით უნდა მოემსახუროს მომვლელი.
მაწოვარი დედლების მოვლა
ამ შემთხვევაში მოვლის მთავარი ამოცანაა , რაც შეიძლება მეტი და კარგი ბაჭიები გამოვაზრდევინოთ დედალს. ამოცანის შესასრულებლად საჭიროა დროული და გაძლიერებული კვება, ბუდეში სისუფთავის დაცვა და მშვიდი მოპყრობა. დედლების მერძეულობის გათვალისწინებით გამოსაზრდელად უნდა დავუტოვოთ ბაჭიების სათანადო რაოდენობა; ზედმეტი ბაჭიები შეგვიძლია გამოვაზრდევინოთ სხვა დედლებს. ბუდიდან გამოსვლის შემდეგ საჭიროა ბაჭიები მშვიდი და ფრთხილი მოპყრობით თანდათანობით შევიჩვიოთ. საერთოდ საბოცვრეში საჭიროა იყოს სიმშვიდე და მყუდროება.
ასხლეტილი მოზარდის მოვლა
ბოცვრის გამოზრდისასა ორ ამოცანას ვისახავთ, ერთის მხრივ, საჭიროა მიღებული ბაჭიების გამოზრდა საყოლი სულადობის შესაცვლელად (სარემონტოდ), მეორე მხრივ, საჭიროა დანარჩენი მოზარდი სულადობის ხორცად სუქება. ამასთან დაკავშირებით თავისებურად უნდა აიწყოს მოვლა-შენახვისა და კვების საკითხები მოზარდის გამოზრდის დროს.
საყოლად გამოსაზრდელი სულადობისათვის უნდა დავიცვათ ზომიერი კვება, სიხალვათე შენახვის დროს, მეტი მოციონი, მეტი მზისა და სუფთა ჰაერის პირობები. სასურველია მოზარდის გამოზრდა წარმოებდეს ფართო ბაკებში, ვოილერებში, ბინის გარეთ. გასასუქებელ სულადობას საწინააღმდეგო მოვლის პირობები ესაჭიროება – უხეშ კვებასთან ერთად მშვიდი მოვლისა და შენახვის პირობები.
სუქების დამთავრების ვადები სასურველია გავითვალისწინოთ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რომ დაკვლა დაემთხვეს ტყავ-ბეწვეულის საუკეთესო მდგომარეობას.
მებოცვრეობის ფერმის ძირითადი სულადობა უნდა იყოს ინდივიდუალურად დანომრილი. ფრიად სასურველია მებოცვრეობაში გამოყენებული იქნეს ბოცვრის სვირინგებით დანომვრა, რადგან ეს ღონისძიება ადვილად შესასრულებელია, სვირინგების ნომრები ადვილად გასარჩევია ყურზე და, რაც მთავარია ასეთი დანომვრა ყველზე მტკიცე და მუდმივია. სანაშენო ფერმასა და ჯგუფში ინომრება სანაშენო დედლები და მამლები. მოზარდი, რომელიც მიღებულია სანაშენო სულადობისაგან. საწარმოო ჯგუფებში ინომრება დედლები და მამლები, მოზარდი, რომელიც მიღებულია სანაშენო სულადობისაგან. საწარმოო ჯგუფებში ინომრება დედლები, მამლები და სარემონტო მოზარდი. დანომრა წარმოებს მოზარდის ასხლეტის დროს. მოზარდს მარჯვენა ყურზე უკეთდება ინდივიდუალური ნომრები, რომელიც ყოველ წელს იწყება ახლად. გარდა ამისა, მათვე მარცხენა ყურზე უკეთდებათ დაბადების თვისა და წლის აღმნიშვნელი ციფრები შემდეგი წესით: პირველი ციფრი დაბადების თვეს აღნიშნავს, მეორე დაბადების წლის უკანასკნელ ციფრს.
მეურნეობაში მრავალი ფერმის არსებობის შემთხვევაში ბოცვერს მრცხენა ყურს ფერმის ნომერიც უკეთდება თვისა და წლის აღმნიშვნელი ნიშნების წინ.
ბოცვერისთვის საშიშია: ვირთაგვები, კატები, ძაღლები, დედოფალა, ბაღლინჯო და სხვა. ძაღლი შედარებით ადვილად მოსაშორებელია, ადვილადაც ეჩვევა ბოცვერებს. კატა მოძრავია, შედარებით უფრო ძნელია კატისაგან ბოცვერის დაცვა. კატა ადვილად გადადის სარკმელში, ღობეებზე, ჩადის სახურავებიდან. ამიტომ გაწუწკებული კატა საშიშია. უფრო საშინელი მტერია ბოცვრისათვის დედოფალა, სინდიოფალა. ყველაზე უფრო საშიში ბოცვრებისათვის ვირთაგვებია. მათ წინააღმდეგ საჭიროა განუწყვეტელი ბრძოლა ხაფანგებით და საწამლავებით. ვირთაგვების საწინააღმდეგოდ ყველაზე უკეთესი საშუალებაა საბოცვრეში კატის ყოლა. მხოლოდ ისეთი კატისა, რომელიც ბაჭიებს არ ეტანება. არანაკლებ საშიშია ბოცვრისათვის ბაღლინჯო,რომელიც სწრაფად მრავლდება გალიებში და ძალიან აწუხებს ბოცვერს. ბაღლინჯოსთან საჭიროა განუწყვეტელი ბრძოლის წარმოება გალიებში სისუფთავის დაცვით, რეცხვითა და დეზინფექციით.
რეკომენდაციის ავტორები: ჯემალ გუგუშვილი; ქეთევან ჭიპაშვილი.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.
იხილეთ აგრეთვე: მებოცვრეობის სახელმძღვანელო, ჯიშები, პრაქტიკული რჩევები