ვაშლი — დარგვა, მოვლა-მოყვანა და ჯიშები

4190 Views Comment Off

ზოგადი ინფორმაცია

ვაშლი ყველაზე ფართოდ გავრცელებული თესლოვანი ხეხილოვანი კულტურაა, რომელიც ზომიერ სარტყელში პირველ ადგილს იკავებს მნიშვნელობის მიხედვით. საქართველოში ხილის მთლიან წარმოებაში ყველაზე დიდი წილი სწორედ ვაშლს უჭირავს.

ვაშლი მაღალი კვებითი და დიეტური ღირებულებით გამოირჩევა. ნაყოფი მდიდარია ნახშირწყლებით, ორგანული მჟავებით, ვიტამინებით და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებით.

ვაშლის ნაყოფი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ანტიოქსიდანტური (ანტიოქსიდანტები ნივთიერებებია, რომელთაც აქვთ უნარი დათრგუნონ ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვითი პროცესები) თვისებებით ხასიათდებიან. სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ ვაშლის რეგულარული მოხმარება აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს სისხლის არტერიულ წნევას და ინფარქტის ალბათობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ბუნებრივ პირობებში ვაშლი წარმოადგენს საშუალო ან დიდი ზომის ხეს, რომელიც ცოცხლობს და მსხმოიარობს 60 — 80 წელს.

კომერციულ წარმოებაში ვაშლის ბაღის მსხმოიარობაში შესვლის დრო, მოსავლის რაოდენობა და ექსპლოატაციის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნარგაობის ტიპებზე, ფორმირების წესზე, ჯიშზე და საძირეზე. ამ ეტაპზე, სამრეწველო ნარგაობებში ხნოვანება, როგორც წესი, არ აღემატება 15-20 წელიწადს.

გაშენების სისტემები

ბაღში მცენარეთა განლაგების სწორი სისტემის შერჩევა საშუალებას იძლევა ფართობის ერთეულზე განლაგდეს მცენარეთა ოპტიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მცენარეთა მიერ კვების არის მაქსიმალური ათვისება, სინათლის ეფექტიანი გამოყენება, ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაცია, გაიზარდოს შრომის ნაყოფიერება.

ამჟამად, ფართოდ გამოიყენება მცენარეთა სწორკუთხოვანი განლაგება.

ვაშლის ინტენსიური ბაღის გაშენების გავრცელებული სქემებია: 4-3,3 X 1,0, 4-3,3 X 1.25, 4,0- 3,3 X 1.5, 4,0-3,3 X 1,0, 3.5 X 1.25, 4,0 — 3,3 X 1.5 მ.

ვაშლის დარგვა შესაძლებელია როგორც შემოდგომით, ასევე გაზაფხულზე. ნახევრად ინტენსიურ ბაღებს საშუალო ზრდის საძირეებზე აშენებენ კვების არით 5,0 X 3,0, მ 5.0X 2.50 მ.

გავრცელებულია ვაშლის ბაღის შემდეგი ტიპები:

სტანდარტული ბაღი, ნახევრად ინტენსიური და ინტენსიური.

სტანდარტული ბაღი  — იყენებენ ძლიერ საძირეზე დამყნილ ნერგებს. მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე არ აღემატება 250-300 ხეს. ბაღი მსხმოიარობაში შედის გვიან, დარგვიდან მე-7-8 წელს, გამოირჩევა მაღალი ადაპტაციის უნარით გარემო არახელსაყრელი პირობების მიმართ.

ნახევრად ინტენსიური ბაღი — შენდება საშუალო სიძლიერის საძირეზე დამყნილი ნამყენი ნერგისაგან. არ მოითხოვს საყრდენ სისტემას. ვაშლის ბაღებში საძირეებად გამოიყენება M7, MM106, M26. მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე აღწევს 700-1000 ხეს.

მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-4-5 წელს. ფორმირების გავრცელებული ტიპია – ცენტრალური ლიდერული და გაუმჯობესებული იარუსიანი. ხეების საშუალო სიმაღლე აღწევს 3 — 3.5 მეტრს.

ინტენსიური („მოკლე ციკლის”) ბაღი — მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ტიპია ვაშლის კულტურისთვის. ბაღი შენდება საყრდენ სისტემაზე ნაგალა საძირეზე დამყნილი ნამყენი ნერგისაგან. ვაშლისთვის საძირეებად გამოიყენება M9-ს სხვადასხვა კლონი PAJAm1, PAJAM 2,EMLA M337 ან m26. მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე გაზრდილია და აღწევს 1650-3300 ხეს.

ბაღი შენდება კარგად განვითარებული ერთწლიანი ან ორწლიანი ფორმირებულვარჯიანი ნერგით. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-2-3 წელს. ფორმირების გავრცელებული ტიპია – შპინდელი, მაღალი შპინდელი, სლენდერ-შპინდელი, ფრანგული თითისტარისებრი, ჰაიტეკი, სოლაქსი და სხვა.

ნაკვეთის მომზადება დასარგავად

დარგვამდე ნიადაგის მომზადებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და როგორც წესი იწყება გაშენებამდე რამდენიმე თვით ადრე. ნიადაგის ზედაპირის მოსწორების შემდეგ, საჭიროა ნიადაგის ღრმად დამუშავება 40 — 60 სმ-ზე, საპლანტაჟე გუთნის ან ღრმა „ჩიზელების“, „რიპერების“ გამოყენებით.

დარგვამდე, ნიადაგის ანალიზის შესაბამისად, ხდება მინერალური სასუქებით განოყიერება. ასევე, ორგანული სასუქების (გადამწვარი ნაკელი, კომპოსტი და სხვა) დამატება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ნაყოფიერებას და ტენის შეკავების უნარს. ნიადაგის მომზადების აუცილებელი ღონისძიებები უნდა დასრულდეს დარგვამდე რამდენიმე თვით ადრე.

ნერგების შერჩევა

სამრეწველო დანიშნულების ვაშლის ბაღის გაშენებისთვის რეკომენდებული დასარგავი მასალაა ერთწლიანი ან ორწლიანი ნერგი. როგორც წესი, ვაშლის ნერგის ხარისხი დამოკიდებულია შტამბის დიამეტრზე, ფესვთა სისტემაზე და ტოტების რაოდენობაზე.

დასარგავად შერჩეული ნერგი უნდა იყოს სულ მცირე 1.2 — დან 1.8 მეტრამდე სიმაღლის, უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა და სწორი ღერო. შტამბის დიამეტრი ფესვის ყელიდან 10-15

სმ-ის სიმაღლეზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12-15 მმ-ს. შედარებით პატარა ზომის ნერგის დარგვის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ მის ჩამოყალიბებას უფრო მეტი დრო და ზრუნვა სჭირდება.

დატოტვილი ნერგებით ბაღის გაშენებისას ფერმერი უფრო ადრე მიიღებს მოსავალს; ასეთი ტიპის ნერგის ფორმირებაც გაცილებით მარტივია. განსაკუთრებით მიზანშეწონილია ე.წ. „კნიპ-ბაუმის» ტიპის დატოტვილი ნერგების დარგვა, რომელსაც საყვავილე კვირტები უკვე ჩასახული აქვთ სანერგეში და მსხოიარობას დარგვიდან მალე იწყებენ. დაუტოტავი ნერგი მისაღებია, როდესაც ხდება ნახევრად ინტენსიური ბაღების გაშენება.

დარგვა

დარგვის დროს სასურველია ორმო ამოღებული იყოს ბაღის გაშენებამდე რამდენიმე დღით ადრე. ორმოს დიამეტრი უნდა შეადგენდეს 40-50 სმ-ს, ხოლო სიღრმე — 30-40 სმ-ს.

მაღალი სიხშირის ინტენსიური ბაღების გაშენებისას მიმართავენ ნერგების 30-40 სმ-იან ტრანშეებში დარგვას.

დარგვის წინ ნერგებს ათავსებენ მზისგან დაცულ ადგილზე და/ან ფესვების გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, აფარებენ სველ ტილოს.

დარგვის წინ ნერგი უნდა შემოწმდეს და დაზიანებული ფესვის ბოლოები ზომიერად დამოკლდეს. ფესვებს ორმოში კარგად შლიან. ფესვებს შორის სიცარიელე რომ შეივსოს, საჭიროა მიეყაროს ფხვიერი მიწა და ფეხით მიეტკეპნოს. მიწის მიყრისას ნერგი აწევ-დაწევით, ფრთხილად უნდა შეირხეს.

ნამყენი ადგილი თავსდება ნიადაგის ზედაპირიდან 10 -15 სმ-ის სიმაღლეზე, M9 საძირეზე, MM106 საძირეზე — 3-5 სმ-ის სიმაღლეზე.

დარგვის შემდეგ უმჯობესია სარის შედგმა და ნერგის მიბმა.

ნამყენი ადგილის სიმაღლე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საძირით განპირობებული ზრდის ხარისხზე. თუმცა, არ არის რეკომენდებული, რომ დამყნობის ადგილი ნიადაგის დონეზე 10 სმ-ზე მეტ სიმაღლეზე მოექცეს.

დარგვის შემდგომი ღონისძიებები

დაუტოტავი ნერგის ცენტრალური ლიდერი უნდა დამოკლდეს 100 -120 სმ-მდე. ნაგალა საძირეზე დამყნობილი (მაგალითად, M.9 და B.9) ძლიერ დატოტვილი 2 წლიანი ნერგის ცენტრალური ლიდერი და გვერდითი ტოტები არ მოკლდება.

განოყიერება

ბაღის გაშენების დროს, გასაშენებელ ორმოებსა და ტრანშეებში სასურველია მხოლოდ კარგად გადამწვარი ნაკელის, არამჟავე ტორფის ან ძველი კომპოსტის შეტანა. ასევე შესაძლებელია მცირე რაოდენობის ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების შეტანა ორმოს ფსკერზე — ერთ ორმოზე, საშუალოდ, 0.1-0,2კგ ფოსფორი, 0,06კგ კალიუმი.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფესვის სასუქებთან უშუალო კონტაქტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ნერგის ფესვების დაწვა და გახმობა. განოყიერების საორიენტაციო სქემა N90-120, P205 -90-120, K — 60 -90.

ნიადაგის მოვლის პრინციპები

ვაშლის ბაღში ნიადაგის მოვლა ერთ-ერთი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებაა, რომლის ძირითადი მიზანია, ოპტიმალური პირობების შექმნა მცენარეების ნორმალური განვითარებისათვის, რათა არ შეიქმნას სირთულეები საკვები ელემენტებით, წყლით და სინათლით ბაღის უზრუნველყოფის, აგრეთვე, სამუშაო ძალისა და ტექნიკის მოძრაობის კუთხით.

თანამედროვე ტიპის ვაშლის ბაღში გამოყენებულია ნიადაგის მოვლის მთავარი პრინციპი: ხეების მწკრივი 0.8-1.0 მეტრის სიგანეზე თავისუფალი უნდა იყოს სარეველებისგან, რომლებიც კონკურენციას უწევენ კულტურულ მცენარეს, ხოლო რიგთაშორისებში გამოყენებული იქნას დაკორდება, რომელიც მიიღწევა ბალახების ხშირი თიბვითა და ნათიბის რიგთაშორისებში ჩატოვებით.

სხვლა-ფორმირება

ვაშლის ფორმირების საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს ცენტრალურ-ლიდერული წესით ფორმირება, ინტენსიურ ბაღებში იყენებენ შპინდელის, მაღალი შპინდელის, სოლაქსის, იფსილონისებურ, ტატურას და სხვა ტიპის ფორმირების მიდგომებსაც.

საყრდენის მოწყობა

ინტენსიურ ბაღებში საყრდენი სისტემის მოწყობა ხდება 300 — 350 სმ ხის, ბეტონის ან მოთუთიებული ლითონის ბოძების გამოყენებით. გავრცელებულია 3 ან 4 მავთულიანი შპალერის სისტემები. ბოძებს შორის დაშორება შესაძლებელია იყოს 5 — 8 მეტრი.

მცენარეთა დაცვა

ვაშლის წარმატებული მოყვანა შეუძლებელია მავნებელი-დაავადებებისგან მიზანმიმართული ინტეგრირებული დაცვის გარეშე.

ვაშლს განსაკუთრებით აზიანებს დაავადებები: ქეცი და ნაცარი, ასევე მავნებლები (ვაშლის და აღმოსავლური ნაყოფჭამიები, ბუგრები, ტკიპები, მენაღმიები და სხვა). ამიტომ აუცილებელია მცენარეთა დაცვის შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება შესაბამისი სქემების გამოყენებით.

ნაყოფების გამოხშირვა

ვაშლი უფრო მეტ ყვავილს იძლევა, ვიდრე მოსხმა შეუძლია, ამიტომ ადრე ზაფხულში ატარებენ ზედმეტი ნაყოფების შეცლას. ამ ოპერაციის მიზანია: ტოტების ჩამომტვრევის თავიდან არიდება, მსხვილი ნაყოფების მიღება, ნაყოფების ფერის და ხარისხის გაუმჯობესება, მომავალი წლის სანაყოფე კვირტების ჩასახვა, მეწლეობის თავიდან აცილება.

ნაყოფების გამოხშირვის ოპერაციის ჩატარება უნდა მოხდეს ყვავილობის დამთავრებიდან 30 -40 დღის პერიოდში. გამოხშირვას ახდენენ მაშინ, როდესაც ნაყოფის დიამეტრი გადააჭარბებს 20 მმ-ს.

საქართველოში ეს პერიოდი დაახლოებით ივნისის დასაწყისისთვის დგება. ნაყოფების გამოხშირვა შესაძლებელია როგორც ქიმიური, ისე მექანიკური (ხელით მოცილება) მეთოდებით ან ორივე მეთოდის კომბინაციით.

მოსავლის აღება

კრეფა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მშრალ ამინდში, წვიმიანი ამინდის შემდეგ კრეფა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაყოფზე წვეთები აღარ იქნება. თუ ხილი დანამულია, კრეფა უნდა გადაიდოს 1-2 საათით, ნამის შეშრობამდე.

კრეფის დროს ხის ვარჯი პირველ და მეორე იარუსებად ნაწილდება; ნაყოფი იკრიფება ჯერ ქვედა იარუსის, შემდეგ კი — ზედა იარუსის ტოტებზე.

ვაშლის კრეფა ხორციელდება შემდეგნაირად: ნაყოფი ხელისგულში თავსდება, შემდეგ ნაყოფის ყუნწში ზევით და გვერდზე გადაწევის გზით ხდება ნაყოფის კრეფა. ამ დროს აუცილებელია ხილის ყუნწის შენარჩუნება.

დაუშვებელია ნაყოფის ტოტიდან ქვევით ჩამოგლეჯა. კრეფის დროს თავიდან უნდა იყოს აცილებული ნაყოფის ერთმანეთთან მიხეთქება და დაჟეჟვა.

აღსანიშნავია, რომ ხილის კანის დაუზიანებლობა და მისი დაუჟეჟავი ზედაპირი განაპირობებს შენახვის გახანგრძლივებას.

კრეფის დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ სანაყოფე ტოტები არ დაზიანდეს და არ დაიმტვრეს. ზაფხულის ზოგიერთი ჯიში მწიფდება სხვადასხვა დროს, ამიტომ ორ-სამ ვადაში კრეფას მოითხოვს.

ჯიშები

გოლდენ დელიშესი  — ყველაზე გავრცელებული ჯიშია მსოფლიოში. ცნობილია ამ ჯიშის მრავალი კლონი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია გოლდენ სმუტი, გოლდენ ბი, გოლდენ რეინდერსი, გოლდსპური და სხვა.

ხე საშუალო ზრდისაა, ადრე შედის მსხმოიარობაში, მაღალმოსავლიანია, მოითხოვს ნაყოფების დანორმებას. ნაყოფი ყვითელი ფერისაა, კონუსური, საშუალო ან დიდი ზომის, ხასიათდება საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, იკრიფება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში, ინახება აპრილ-მაისამდე, მაღალპროდუქტიული წამყვანი ჯიშია.

ზამთრის ბანანი  — ვაშლის ამერიკული ჯიშია. ხე საშუალო ზრდისაა, მაღალმოსავლიანია, ნაყოფი ყვითელი ფერის, მრგვალი, მზის მხარეს ალისფერი ლოყით, საშუალო ან დიდი ზომისაა, აქვს დამახასიათებელი არომატი, ხასიათდება საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, იკრიფება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში, ინახება მარტ-აპრილამდე. მაღალპროდუქტიული ჯიშია, თუმცა კარგავს პოპულარობას.

კეხურა  — ადგილობრივი ჯიშია. აერთიანებს კლონების პოპულაციას, რომელიც განსხვავდება ერთმანეთისგან შეფერვით, შენახვისუნარიანობით და რბილობის წვნიანობით. ხე ძლიერი ზრდისაა, მსხმოიარობაში გვიან შედის, მაღალმოსავლიანია, ხასიათდება მეწლეობით.

ნაყოფი წითელი ფერისაა, მრგვალი, მსხვილი, საგემოვნო თვისებები საშუალოა. იკრიფება ოქტომბრის ბოლოს, კარგად ინახება მაის-ივნისამდე. მაღალპროდუქტიული ჯიშია, რეკომენდებულია სამრეწველო მეხილეობის ზონისთვის.

შამპანური რენეტი  — ძველი ევროპული ჯიშია. ხე საშუალო ზრდისაა, მალე შედის მსხმოიარობაში, მაღალმოსავლიანია, ნაყოფი ყვითელი ფერის, საშუალო ზომის, კანი გლუვი, პრიალა. ზოგჯერ ალისფერი ლოყით, ფორმით შებრტყელებული, საშუალო ზომის, იკრიფება სექტემბრის ბოლოს — ოქტომბრის დასაწყისში, ინახება აპრილ-მაისამდე, ნელ-ნელა კარგავს პოპულარობას.

ქართული სინაპი  — ადგილობრივი ჯიშია. ხე ძლიერი ზრდისაა, გვიან შედის მსხმოიარობაში, მაღალმოსავლიანია, ნაყოფი მოგრძო-ცილინდრული ფორმისაა, მწვანე ფერის, მზის მხარეს შეფერილია ჟოლოსფერ-წითლად. იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში, ინახება აპრილ-მაისამდე. რეკომენდებულია სამრეწველო მეხილეობის ზონისთვის.

რედ დელიშესი  — ცნობილი ამერიკული ჯიშია, ნაპოვნია მე-19 საუკუნეში შემთხვევითი თესლნერგის სახით. გავრცელებულია ამ ჯიშის მრავალი კლონი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია სტარკრიმსონი, რედ ჩიფი, სტარკ დელიშესი, ჯერონიმო, რედ კაპი და სხვა.

ხე სუსტი ზრდისაა, მალე შედის მსხმოიარობაში, მაღალმოსავლიანია, მოითხოვს დანორმებას, ნაყოფი წითელი, სრულ სიმწიფეში მუქი იისფერი-შავი, კონუსური, საშუალო ან დიდი ზომის, ხასიათდება კარგი საგემოვნო თვისებებით, იკრიფება სექტემბრის შუა პერიოდში ან სექტემბრის ბოლოს, ინახება მარტ-აპრილამდე. რეკომენდებულია სამრეწველო მეხილეობის ზონისათვის.

გალა  — ამ ახალზელანდიური ჯიშის მრავალი კლონი არსებობს, მათ შორის, როიალ გალა, გალა მასტი, გალაქსი, შნიგა, გეილ-გალა, და ა.შ. ხე საშუალო ზრდისაა, ნაყოფი კონუსური ფორმის, საშუალო მასა 170 – 190 გრამია, შეფერვა – ალისფერ-წითელი, დაწინწკლულია ოდნავ შესამჩნევი თეთრი წერტილებით.

გამოირჩევა მიმზიდველი სასაქონლო სახით, საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, სიმწიფეში შედის და იკრიფება სექტემბრის დასაწყისში, მწიფდება არაერთდროულად, იკრიფება ორ ვადაში. მოიხმარება მოკრეფისთანავე. დაავადებების მიმართ მიმღებიანია. სარდაფის პირობებში ინახება მარტ-აპრილამდე. მაღალპროდუქტიული და უხვმოსავლიანი ჯიშია, პერსპექტიულია სამრეწველო მეხილეობის ზონისათვის.

აიდარედი  — საგვიანო სიმწიფის პერიოდის ამერიკული ჯიშია (ვაგნერი X ჯონათანი). ხე სუსტი ზრდისაა, ნაყოფი იკრიფება ოქტომბრის მეორე დეკადაში. ჯიში გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით. ნაყოფი საშუალოზე

მსხვილია (180-200 გრამი), მომრგვალო ფორმის, კანის ძირითადი შეფერვა მოყვითალოა, რომელიც მთლიანად დაფარულია ალისფერ-წითელი ფერით. რბილობი ხასიათდება სასიამოვნო გემოთი. სარდაფის ჩვეულებრივ პირობებში ინახება მაისამდე, თუმცა შენახვისას ზიანდება კანქვეშა წერტილოვანი სილაქავით. რეკომენდებულია გასავრცელებლად აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის სამრეწველო რეგიონებისთვის.

მუცუ  — საგვიანო პერიოდის იაპონური ჯიშია (მიღებულია გოლდენ დელიშესისა და ინდოს შეჯვარებით). ხასიათდება საშუალო ზრდის სიძლიერითა და მობრტყო-მომრგვალო ფორმის ვარჯით. მსხმოიარობაში საშუალო საძირეზე შედის მე-4-5 წელს, მოსავლიანობა საშუალო ან მაღალი, ჯიშს მიდრეკილება აქვს მეწლეობისკენ. საუკეთესო დამამტვერიანებლებია: აიდარედი, გოლდენ დელიშესი.

ნაყოფი კონუსური ზომისაა, მსხვილი (210-230 გ), საუკეთესო სასაქონლო სახის, ძირითადი შეფერვა — მომწვანო-ოქროსფერი (ყვითელი), მკაფიოდ გამოხატული კანქვეშა წინწკლებით. პერსპექტიული ჯიშია გასავრცელებლად.

ჯონაგოლდი  — ამერიკული ჯიშია, წარმოებაში გავრცელებულია ჯონაგოლდის შემდეგი კლონები: ჯონაგორედი, ჯონიკა, რედ ჯონაპრინცი, ვილმუტა და ა.შ. რბილობი — მოყვითალო, წვრილმარცვლოვანი კონსისტენციის, ოდნავ მომჟავო, მაგრამ მაღალი საგემოვნო თვისებებით. სარდაფის პირობებში ინახება აპრილამდე. პერსპექტიული ჯიშია გასავრეცელებლად.

ფუჯი  — იაპონური ჯიშია. ფუჯის მრავალი კლონი არსებობს, მათ შორის, ფუჯი ნაგა-ფუ 12, ფუჯი კიკუ, სან ფუჯი და ა.შ. ხე საშუალო ზრდისაა. ნაყოფი მომრგვალო-კონუსური ფორმისაა, საშუალო მასა — 180-200 გრამი, შეფერვა -წითელი.

გამოირჩევა მიმზიდველი სასაქონლო სახით.რბილობი ხრაშუნა, ყვითელი ფერის, წვრილმარცვლოვანი, ტკბილი გემოსი. იკრიფება ოქტომბრის შუა რიცხვებში. სარდაფის პირობებში ინახება აპრილ-მაისამდე. მაღალპროდუქტიული და უხვმოსავლიანი ჯიშია. მიდრეკილია მეწლეობისკენ. პერსპექტიულია სამრეწველო მეხილეობის ზონისათვის.

გრანი სმიტი  — ავსტრალიური ჯიშია. ხე საშუალო ზრდისაა. ნაყოფი მომრგვალო-კონუსური ფორმისაა, საშუალო მასა — 180-200 გრამი, შეფერვა — მწვანე. ნაყოფები დაწინწკლულია შესამჩნევი თეთრი წერტილებით.

გამოირჩევა მიმზიდველი სასაქონლო სახით. რბილობი ხრაშუნა, მომწვანო-მოთეთრო ფერის, გემო მომჟავო-მოტკბო, იკრიფება ოქტომბრის შუა რიცხვებში. სარდაფის პირობებში ინახება აპრილ-მაისამდე. მაღალპროდუქტიული და უხვმოსავლიანი ჯიშია, პერსპექტიულია სამრეწველო მეხილეობის ზონისათვის.

გაზეთი «ჩვენი სოფელი»
იხილეთ სხვა სტატიები რუბრიკაში: მებაღეობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1546 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB