მაღალი შპინდელის (Tall spindle) სისტემით ხის ფორმირება და გასხვლა
მაღალი შპინდელის სისტემით ხის ფორმირების სისტემა წარმოადგენს ვერტიკალური ღერძის სისტემის ნაირსახეობას.
მაღალი შპინდელის სისტემა ითვალისწინებს ხეების შედარებით მჭიდრო განლაგებას. რიგებში ხეებს შორის დისტანცია 0,9-1,2 მეტრია, რაც დამოკიდებულია გამოყენებულ საძირესა (მაგ. M.9 ან B.9) და ხეხილის ჯიშზე.
რიგი ფიზიკურად გამაგრებულია 3 ან 4 მავთულით. მანძილი რიგებს შორის შორის 3,4 -3,7 მეტრია. ხის სიმაღლე, როგორც წესი, 3,1-3,4 მეტრის ფარგლებშია.
მაღალი შპინდელის სისტემის გამოყენებისას ხეს არ აქვს მუდმივი ვარჯის ტოტები. ხე ყოველ წელს ისხვლება, რათა მოხდეს ძალიან გაზრდილი ტოტების მოცილება და განახლება.
მაღალი შპინდელის სისტემის მიხედვით ფორმირებულ ხეს აქვს 3,1-3,4 მეტრი სიმაღლის შტამბი და პატარა, მსხმოიარე ტოტებით მთელ სიგრძეზე. მაღალი შპინდელის სისტემა, როგორც წესი, მეტად შემოსავლიანია ხილის მწარმოებელთათვის.
მაღალი შპინდელის ტიპით ფორმირების მიზანია პირველივე წლებში მოსავლიანობის მაქსიმალურად გაზრდა და მაღალი მოსავლიანობის ან მაღალხარისხოვანი ხილის მიღების გაგრძელება მას შემდეგ, რაც ხეები ზრდასრული გახდება.
ამ მეთოდით ეს მიზნები მიიღწევა შემდეგი გზებით:
ხეების მჭიდროდ დარგვითა, ძლიერ დატოტვილი 2- წლიანი ნერგების გამოყენებით დარგვისას და პირველი სამი წლის განმავლობაში მინიმალური გასხვლით, ტოტის მიმართულების მართვით, რაც მიიღწევა დარგვისას მსხმოიარობის ხელშესაწყობად ყველა ტოტის დამაგრებით, და დიდი ტოტების მუდმივად მოცილებით.
კარგად დატოტვილი 2-წლიანი ხის გამოყენება დასარგავ მასალად გამოყენება
მაღალი შპინდელის მეთოდით ბაღის ჩამოყალიბებისთვის რეკომენდებული დასარგავი მასალაა 2 წლის ასაკის ძლიერ დატოტვილი ხე ნაგალა საძირეზე (მაგ. M.9 ან B.9).
ხეს უნდა ჰქონდეს 12-25 სმ სიგრძის 8-15 ტოტი. ხის შტამბის დიამეტრი უნდა იყოს 16 მმ-ის ტოლი ან მეტი, ხოლო სიმაღლე — 1,7 მეტრის ტოლი ან მეტი, თუმცა სასურველია, 2,0-2,3 მეტრი სიმაღლის, დაუზიანებელი, დომინანტური ლიდერი.
შტამბის გაყოლებაზე ტოტები თანაბარი დისტანციით უნდა იყოს განაწილებული, ხის დარგვისას ქვედა ტოტები მიწის დონიდან 60 სმ-ზე დაბლა არ უნდა იყოს.
ხეს უნდა ჰქონდეს ხშირი ჯანსაღი, ტენიანი ფესვები და არ უნდა იყოს დაავადებული. ამ ტიპის ხის დარგვისას საჭიროა მინიმალური გასხვლა, ან საერთოდ არ არის აუცილებელი გასხვლა.
მაღალი ხარისხის 2-წლიანი ნერგი სწრაფად ჩამოყალიბდება, გაიზრდება სასურველ სიმაღლეზე, და სწრაფად გაავსებს რიგს. მსხმოიარობა დაიწყება დარგვის მომდევნო წელს, ხოლო კარგი მოსავალი მესამე წელს სწრაფად მზარდი მსხმოიარობის ჯიშებისთვის.
ხემ სრულ მოსავლიანობას უნდა მიაღწიოს მე-5 ან მე-6 წელს.
დარგვის წელი
მნიშვნელოვანია ლიდერის დომინანტობის შენარჩუნება და სწორად გაზრდის უზრუნველყოფა. ხის დარგვიდან რამდენიმე თვეში უშუალოდ კენწეროს ქვემოთ უნდა მოაცილოთ კონკურენტი ტოტები.
შეარჩიეთ ერთი ყველაზე სწორი ლიდერი ყლორტი, რომელიც დარჩება ლიდერად და მოაცილეთ სხვა ყლორტები, რომლებიც კენწერომდე 15-20 სმ-ის ფარგლებშია. ამ ყლორტების დადგენა ყველაზე იოლია, და საჭიროა მათი მოცილება, როდესაც მათი სიგრძე 7-10 სმ-ია. თუ ხეს არ მოსცილდა გვერდითა ყლორტები, კენწეროს ქვემოთ, ხის ზედა ნაწილში გაიზრდება რამდენიმე ვერტიკალური ყლორტი, და ვერ მივიღებთ დომინანტურ ლიდერს.
დარგვისას და პირველ სავეგეტაციო წელს ძალიან მცირე გასხვლაა საჭირო. არ წააჭრათ შტამბი ან ტოტები. გასხვლა მხოლოდ და მხოლოდ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ უფრო დიდი ტოტების მოცილებით, რომელთა დიამეტრი შტამბის დიამეტრის ნახევარზე მეტია. ამას გარდა, უნდა
მოაცილოთ დამტვრეული ან დაზიანებული ტოტები და ყველა ტოტი, რომელიც მიწის ზედაპირიდან 60 სმ-ის ფარგლებშია. დაამაგრეთ ყველა ტოტი, რომელიც 25 სმ-ზე გრძელია, ჰორიზონტალურზე დაბალ მდგომარეობაში.
ეს გაააქტიურებს ტოტის ზრდას, გვერდითა ტოტები შენარჩუნდება გამოყოფილ სივრცეში, და ხელს შეუწყობს ადრეულ მსხმოიარობას. ტოტების დასახრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ სიმძიმე, რეზინის ზონრები, ან თოკი.
მავთულის საყრდენი სისტემა რაც შეიძლება მალე უნდა დამონტაჟდეს გვიან გაზაფხულზე და მასზე უნდა მიაბათ ხეები, რათა ქარის შედეგად არ დაზიანდეს ფესვები.
ბაღის საყრდენად რეკომენდებულია მაღალი შპინდელის სისტემა 3 ან 4 მავთულით, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება თითოეული ხის 3 მეტრ სიმაღლემდე საყრდენით უზრუნველყოფა.
მავთულის ყველაზე ქვედა შრე განლაგებულია მიწის ზედაპირიდან, დაახლოებით, 80 სმ სიმაღლეზე, ხოლო ზედა მავთული კი მიწის ზედაპირიდან 3 მეტრზე. მანძილი მავთულებს შორის მერყეობს 80 სმ-იდან მავთულის 4 რიგის შემთხვევაში და 1,2 მეტრამდე მავთულის 3 რიგის შემთხვევაში. გვერდითა ტოტები ებმება უახლოეს მავთულს პლასტმასის სამაგრებითს, ნეილონის თოკით, ან Max Tapener -ის ლენტით.
საყრდენ სისტემაში გამოიყენება ძლიერი ხის, ლითონის, ან ბეტონის სვეტები, რომლებიც განთავსებულია ყოველ 10 მეტრში.
ხის შტამბი მიმაგრებულია მავთულზე სპეციალური სამაგრებით, ნეილონის თოკით, მავთულით, ან პლასტმასის სამაგრებით. მნიშვნელოვანია მიმაგრების ადგილას დატოვოთ საკმარისი სივრცე, რათა ღერძის სიგანეში ზრდა არ შეიზღუდოს.
საყრდენი შპალერული სისტემა მაღალი შპინდელის მეთოდით ფორმირებული ხეებისთვის უნდა მოეწყოს ხის დარგვისთანავე. საყრდენი სტრუქტურა ხეს აძლევს შესაძლებლობას, მიმართოს ენერგია ნაყოფის კვირტის, და არა მერქნის წარმოქმნაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ხის მთავარი შტამბი გაიზარდოს სწორი მიმართულებით და მძლავრად.
მეორე წელი
არ მოაჭრათ ლიდერი ან გვერდითა ტოტები. შტამბი უნდა მიმაგრდეს საყრდენი სისტემის ზედა მავთულებზე ხის სიმაღლეში ზრდასთან ერთად.
პირველ წელს გვერდითა ტოტების დამაგრების შემდეგ შტამბზე გამოვა ახალი გვერდითი ტოტები, რომელთა დამაგრება არ არის საჭირო. ისინი დაიხრება ნაყოფის გამოსხმის შემდეგ. ცერად
გასხვლით (bevel cut) მოაცილეთ ტოტები, რომელთა დიამეტრი შტამბის დიამეტრისზე ნახევარზე მეტია.
მეორე წელს მსხმოიარობა (დაახლოებით, 15 ნაყოფი ერთ ხეზე) ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შენარჩუნდეს ხის დაბალი სიძლიერე და შემოსავლი ხილის გაყიდვებიდან.
მე-3 – მე-5 წლები
ლიდერი უნდა მიმაგრდეს მავთულზე და არ უნდა მოიჭრას მანამ, სანამ არ მიაღწევს ზრდასრულ სიმაღლეს, რაც, ჩვეულებრივ, მეოთხე წელს მოხდება. ზედა ტოტები ხილის სიმძიმით უნდა დაიხაროს.
ხის სიმაღლე უნდა დაამოკლოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზედა ნაწილი გადაიხრება ნაყოფის სიმძიმით.
უნდა გაისხლას მხოლოდ მსხმოიარე გვერდითი ტოტები. დახრილი სხვლით (bevel cut) მოაცილეთ ტოტები, რომელთა დიამეტრიც შტამბის დიამეტრისზე ნახევარზე მეტად დიდია. დაამოკლეთ ძველი ქვედა მიმართულებით გაზრდილი ტოტები.
მე-6 – მე-20 წლები
ხის ასაკის მატებასთან ერთად მისი კონუსისებრი ფორმის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია სინათლის კარგად შეღწევის, მსხმოიარობის, და ხის ქვედა ნაწილში ხილის ხარისხის შენარჩუნებისთვის.
ხის ასაკის მატებასთან ერთად მის საბურველში სინათლის განაწილების საუკეთესო გზაა ხის ზედა ნაწილში მთლიანი ტოტების მოცილება, როდესაც ტოტები სიგრძეში ან სიგანეში ძალიან გაიზრდება.
რეკომენდებულია გვიან ზამთარში, მოსვენების პერიოდში ყოველი ხიდან 2-3 ტოტის მოცილება, პირველ რიგში — ხის შუა და ზედა ნაწილში არსებული ტოტების. ქვედა ტოტები უნდა მოსცილდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ძალიან გაიზრდება.
ტოტები უნდა მოიჭრას ცერად სხვლის მეთოდით, შტამბთან ახლოს. აღნიშნულის შედეგად, ჩვეულებრივ, მოჭრილ ადგილას ამოდის ახალი ტოტი. ეს ტოტი მეორე წელს გამოისხამს ნაყოფს.
ყოველწლიურად ამ სახით გასხვლის პირობებში შესაძლებელია ხის მაღალი მოსავლიანობის შენარჩუნება მრავალი წლის განმავლობაში.
ამას გარდა, საჭირო იქნება ყოველწლიურად პროფილაქტიკის მიზნით გასხვლა, იმისათვის, რომ მოაცილოთ ყველა დაზიანებული, დაავადებული და დახრილი (ქვედა მიმართულებით მზარდი) ტოტები.
ავტორი: დევიდ პიჩა
წყარო: ბაღის გაშენება
იხილეთ აგრეთვე: ვაშლის სხვლა-ფორმირება, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღი, ვიდეო