მოცვი – გავრცელება, გამოყენება, მოცვისგან მიღებული პროდუქტები

კენკრა

მოცვი (Vaccinium) ფოთლოვანი მცენარეა, რომლის სიმაღლე 20-60 სმ-ს აღწევს. აქვს ღია მწვანე ფერის, უბუსუსო ტოტები. მისი ღია მწვანე ფერის, დაკბილული ფოთლები ოვალური ფორმისაა, სიგრძით 3 სმ-მდე.

ყვავილები მარტოულია ან ჯგუფურად განლაგებული, ვარდისფერი ან მომწვანო-მოვარდისფრო, მოკლე ყვავილის ყუნწიანი, თავდახრილი, 4-6 მმ-ის დიამეტრის გვირგვინით.

ნაყოფი წვნიანი და სფეროსებრია, მოშავო-მოლურჯო, 1 სმ-მდე დიამეტრის კენკრაა, აქვს ბრტყელი ძირი და დაფარულია იასამნისფერი ბუსუსით. მოცვი ყვავილობს აპრილიდან-ივნისამდე, ხოლო ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში.

გავრცელება

მოცვის დაახლოებით 450-მდე სახეობა არსებობს, რომელთა უმეტესობა ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია გავრცელებული. იგი ასევე ხარობს აზიის ჩრდილოეთ ნაწილში. ევროპაში განსაკუთრებით ხშირია ირლანდიაში, შოტლანდიასა და პოლონეთში, ისლანდიაში კი მოცვი პრაქტიკულად ერთადერთი ველური კენკრაა.

მოცვი იზრდება მდელოებზე, მინდვრებში, ჭაობებთან და ტენიან წიწვოვან ტყეებში, მის გავრცელებას ხელს უწყობს ზომიერი დაჩრდილვა და ნიადაგის ზომიერი ტენიანობა.

მოცვისთვის იდეალურია მაღალი მჟავიანობის მქონე ნიადაგი, რომლის pH-ის მაჩვენებელი 4-5,2 შორის მერყეობს. მცენარის ნორმალური ზრდისთვის საჭიროა ნიადაგი კარგი აერაციით.

მიუხედავად იმისა, რომ მოცვისთვის მეტად ხელსაყრელია ორგანული ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგი, იგი ღარიბ, საკვები ნივთიერებების დაბალი შემცველობის ნიადაგზეც იზრდება.

მოცვი გავრცელებულია დასავლეთ და ნაწილობრივ აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვეულებრივ, იგი იზრდება ბუჩქის სახით, ზღვის დონიდან 1700-2200 მეტრზე. არაოფიციალური მონაცემებით საქართველოში მოცვის ბიოლოგიური მოსავალი 15 000 ტონას აღწევს.

საქართველოში გავრცელებულია მოცვის 4 ძირითადი სახეობა: მთის მოცვი (Vaccinium myrtillus), ლურჯი მოცვი (Vaccinium uliginosum), წითელი მოცვი (Vaccinium vitis-idaea) და კავკასიური მოცვი (Vaccinium arctostaphylos).

გამოყენება

გამოყენება მედიცინაში – გამშრალ მოცვს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება. მას შეუძლია შეამსუბუქოს კუჭ-ნაწლავის ანთებითი პროცესები და გააუმჯობესოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა.

მოცვის ნაყოფს აქვს სხეულის მაღალი ტემპერატურის დამწევი მოქმედება. მოცვი ფართოდ გამოიყენება ევროპულ ფარმაცევტიკაში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ პრეპარატებში.

მოცვის ნაყოფი და ფოთლები გამოიყენება კოლიტის, კუჭ-ნაწლავის პრობლემების და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. ნაყოფი შეიცავს ანტოცინების სახელით ცნობილ ნივთიერებას, რომლებიც აუმჯობესებს მხედველობას.

მოცვში შემავალი ანტოცინების და E ვიტამინის ერთობლივი გამოყენებისას კატარაქტის ადრეული ეტაპის მქონე პაციენტთა 97%-ში მოხდა მხედველობის დაბინდვის პროგრესირების შეჩერება.

მოცვის რეგულარული გამოყენების შედეგად შესაძლებელია მხედველობის სიმკვეთრის გაუმჯობესება როგორც სიბნელეში, ისე მკვეთრი სინათლის პირობებში, დღისით და ღამით. გამოყენება კულინარიაში – მოცვს იყენებენ ცოცხალი ან გაყინული კენკრის, ასევე ხილფაფის, წვენის ან ჩირის სახით.

მას ასევე იყენებენ მრავალი დასახელების პროდუქტში, როგორიცაა ჯემები, სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმი: კექსი, მაფინი, დესერტები და ბურღულეული. მნიშვნელოვანია, რომ მოხმარების წინ კარგად გარეცხოთ მოცვი, რათა მოაცილოთ პარაზიტები ან სხვადასხვა დამაბინძურებლები.

მოცვის შეძენა ზაფხულის თვეებშია შესაძლებელი. გაითვალისწინეთ, რომ მოცვის ნაყოფი უნდა იყოს მსხვილი.

თუ მოცვი ზედმეტად არის დარბილებული და თითის დაჭერით ადვილად ისრისება, ესე იგი ნაყოფი გადამწიფებულია და სწრაფად დაიწყებს ლპობას. სასურველია ცოცხალი მოცვის დროული გამოყენება, რადგან იგი დიდხანს ვერ ინახება. გაყინეთ მოცვი თუ ვერ ახერხებთ მის დროულ გამოყენებას. გაყინულ მდგომარეობაში მოცვი ვარგისია 20 დღის განმავლობაში.

მოცვისგან მიღებული პროდუქტები

გამშრალი მოცვი (მოცვის ჩირი)

გაშალეთ მოცვი ლანგარზე, რომელზეც დაფენილია საცხობი ქაღალდი და მოათავსეთ თბილ, კარგი ვენტილაციის მქონე კარადაში ერთი ან მეტი კვირით.

თუ უფრო მოკლე დროში გსურთ მოცვის გაშრობა, მაშინ მოათავსეთ ლანგარი ღუმელში, შედარებით დაბალ ტემპერატურაზე. გამშრალი მოცვი შეინახეთ ქილებში. მომჟავო გემოს მქონე მოცვი ძალზე გემრიელი დანამატია ორცხობილების, კექსების ან ბლინების ცხობისას.

მოცვის ცხელი სასმელი

500 გ მოცვს დაუმატეთ 50 გ შაქარი და 120 მლ წყალი. აადუღეთ დაბალ ცეცხლზე და გადაწურეთ საწურში. დაუმატეთ მცირე რაოდენობით დარიჩინი და მიირთვით ცხელი.

მოცვის ღვინო

• აქტივირებული საფუარი;
• 1.5 კგ მოცვი;
• 9ლ წყალი;
• 1.5 კგ შაქარი;
• 2 ლიმონი;
• 2-3 ჩაის კოვზი ცივი ჩაი ან 1 ჩაის კოვზი ყურძნის ტანინი.

გარეცხეთ მოცვი და მოაცილეთ ყუნწები. მოათავსეთ პლასტმასის ჭურჭელში და დაჭყლიტეთ ხის კოვზით, დაასხით ადუღებული წყალი, დაამატეთ შაქარი, წვრილად გახეხილი ლიმნის ცედრა (ცედრის მხოლოდ ყვითელი ნაწილი) და ლიმნიდან გამოწურული წვენი. ურიეთ შაქრის გალღვობამდე, დაახურეთ ჭურჭელს სუფთა ნაჭერი და აცადეთ გაგრილება (დაახლოებით 21°C-მდე).

მიღებულ მასას დაუმატეთ ცივი ჩაი ან ყურძნის ტანინი და აქტივირებული საფუარი, შემდეგ დაახურეთ ჭურჭელს თავსახური და დადგით თბილ ადგილას 4 დღით. მიღებული სითხე გადაწურეთ დასადუღებელ ჭურჭელში (მუქი ფერის შუშა ღვინისთვის), მოარგეთ ხუფი, რომელსაც აქვს სპეციალური, ღვინის დასადუღებელი სააერაციო მილი და დადგით ჭურჭელი შედარებით თბილ ადგილას, სანამ არ გაჩნდება ნალექი და ღვინო არ შეწყვეტს დუღილს.

აღნიშნულ პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება, რის შემდეგაც ღვინომ უნდა დაიწყოს დაწმენდა, შესაძლოა შედარებით დაწმენდილი გარკვეული ფენა გაჩნდეს ჭურჭლის ზედა ნაწილში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ღვინო უკვე მზად არის სხვა, წინასწარ სტერილიზებულ ჭურჭელში გადასაღებად.

გადაღების დროს არ დაუშვათ ღვინის ნალექის მოხვედრა ახალ ჭურჭელში და დარჩენილი სიცარიელე გადაავსეთ გაგრილებული, ადუღებული წყლით. ამ პროცესს „ღვინის სუტირაჟი, ანუ გადაღება“ ეწოდება და ამის შემდეგ ღვინო უნდა დაიდგას გრილ ადგილას დაახლოებით სამი თვით ან მის სრულ დაწმენდამდე.

ზემოთაღწერილი პროცესების შემდეგ ღვინო შესაძლოა ჩამოისხას სტერილიზებულ ბოთლებში და დაიხუფოს სტერილიზებული საცობებით. თუ ღვინო ბოლომდე არ არის დაწმენდილი, საჭიროა მისი კვლავ გადაღება, საჭიროების შემთხვევაში ანადუღარი წყლით გადავსება და დადგმა რამდენიმე კვირით.

მოცვის მურაბა

• 500 გ მოცვი;
• 100 გ შაქრის ფხვნილი, რომელსაც დამატებული აქვს ლიმონმჟავა და პექტინი;
• 1 ლიმნის წვენი.

ჩაყარეთ მოცვი ჭურჭელში და ადუღეთ კენკრის წვენის გამოსვლამდე. დაამატეთ შაქარი და ურიეთ მის სრულ გალღვობამდე, შემდეგ კვლავ წამოადუღეთ 4-5 წუთი. გადმოდგით ჭურჭელი ცეცხლიდან და დაუმატეთ ლიმნის წვენი და დადგით გასაგრილებლად 5 წუთით, მიღებული მურაბის ქილებში ჩასხმამდე. გაგრილებული მურაბა შეინახეთ მაცივარში.

ველური მოცვის სიროფი

• ცოცხალი ველური მოცვი;
• წყალი;
• შაქარი.

გარეცხეთ მოცვი და გადაწურეთ წყალი. ჩაყარეთ სქელძირიან ჭურჭელში და დაამატეთ მხოლოდ მცირე რაოდენობის წყალი, რათა ადუღებისას კენკრას ადვილას გამოუვიდეს წვენი. ადუღეთ 1 წუთის განმავლობაში და დაჭყლიტეთ მოცვი.

გადმოდგით ჭურჭელი ცეცხლიდან, მიღებული მასა გადმოიღეთ დოლბანდზე და დატოვეთ დასაწურად 1 ღამით. მიღებული წვენის ყოველ 500 მლ-ზე დაუმატეთ 350 გ შაქარი. ოდნავ შეათბეთ შაქრის სრულ გალღვობამდე. ჩაასხით წინასწარ სტერილიზებულ, თბილ ბოთლებში.

ბაზრის მიმოხილვა და ბიზნესის შესაძლებლობები

2006 წლის მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 225,000 მოცვის წარმოება მოხდა, მათ შორის 70% ველური მოცვის ხვედრით წილს შეადგენდა, ხოლო 30% გაშენებული მოცვის ბაღების წილს.

მოცვის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია აშშ, რომელიც ასევე არის მოცვის მსოფლიოში უმსხვილესი იმპორტიორი და მომხმარებელი. მოცვის წარმოების მოცულობით მეორე ადგილს კანადა იკავებს. ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, სადაც მოცვის მოსავლის უმეტესი ნაწილი კულტივირებული და ბაღებიდან მიიღება, კანადის მოსავლის დიდ ნაწილს ველური მოცვი შეადგენს. კანადა ასევე არის გაყინული მოცვის მოწინავე ექსპორტიორი.

ამავე რეიტინგში მესამე ადგილს მსოფლიო მასშტაბით ჩილე იკავებს, რომელსაც მოსდევს არგენტინა, ახალი ზელანდია და ავსტრალია.

ევროპაში მოცვის მწარმოებელ ქვეყნებს შორის საფრანგეთი ლიდერობს, რომელსაც რეიტინგში მოყვებიან ნიდერლანდები, გერმანია, პოლონეთი და ესპანეთი. აშშ-ს გარდა, ქვეყნები, სადაც მაღალია მოცვის და მისგან მიღებული პროდუქციის მოხმარება, არის: იტალია, ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი და იაპონია.

მოცვის მოსავლის მოცულობის სავარაუდო წლიური ზრდა 1%-ს უტოლდება, ხოლო მისი კვებითი ღირებულებების და სარგებლობის აღიარების მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით ყოველ წელს მატულობს.

2014 წლის მონაცემებით საქართველოში მოცვის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი იყო კომპანია „Vernik Agro Group“, რომელიც გურიაში აწარმოებდა ამერიკული ჯიშის მოცვს. კომპანიამ შეძლო 12 ტონა მოცვის ექსპორტზე გატანა გაერთიანებულ სამეფოში. 26 ტონა ამავე პროდუქტის ექსპორტზე გატანა მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე.

USAID-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით გურიის რეგიონს, მისი სპეციფიური კლიმატური პირობების გამო, აქვს მოცვის წარმოების კარგი პოტენციალი. აჭარის რეგიონში ფერმერთა 90% ფლობს საშუალოდ 2000-2200 მ2 მიწის ნაკვეთს, რომელთა გამოყენება ძალზე ეფექტურია ფერმერთა მცირე ჯგუფებისთვის.

ამავე კვლევის მიხედვით USAID ამტკიცებს, რომ თითოეულ ფერმერს, მოცვის მოყვანის შემთხვევაში, ექნება დაახლოებით 7000 ლარის ოდენობის შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

მოცვის შეგროვება

მოცვის შეგროვება ხდება მაშინ, როდესაც მისი ნაყოფი საკმარისად ტკბილია მოხმარებისთვის. მოცვის ნაყოფს უნდა ჰქონდეს მკვეთრი ფერი და არ უნდა იყოს ზედმეტად დარბილებული/გადამწიფებული. მოცვის მოსავლის აღება შესაძლებელია როდესაც ნაყოფი ადვილად არ იჭყლიტება ცერა და საჩვენებელი თითებით დაჭერისას.

მოცვის შესაფერის დროს შეგროვება უზრუნველყოფს მისი შესაბამისი მდგომარეობის შენარჩუნებას და რეალიზაციას. ზედმეტად დარბილებული მოცვის ნაყოფი არ წარმოადგენს სარეალიზაციო პროდუქტს და მისი გამოყენება მხოლოდ პირადი მიზნებისთვის არის შესაძლებელი.

მოცვის კრეფა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რადგან ნაყოფის ტოტებისგან განსაცალკევებლად საჭიროა სპეციალური საკრეფის გამოყენება. გამოცდილ მკრეფავს დღეში 70 კგ-მდე მოცვის მოკრეფა შეუძლია.

საკრეფის გამოყენების უარყოფით მხარეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამ დროს ნაყოფის გარდა საკრეფში გროვდება დიდი რაოდენობით ფოთლები და შტოები, რაც შემდგომ საჭიროებს ნაყოფის გადარჩევას. ამისთვის კი საუკეთესო საშუალებებია მოკრეფილი კენკრის და ფოთლების წყალში ჩაყრა, ფოთლების ხელით გამორჩევა ან „გაცრა“ შალის პლედის გამოყენებით.

ავტორი:ლადო ბასილიძე – ტყის არამერქნული პროდუქტების სპეციალისტი.
/ტყის არამერქნული პროდუქტებიდან შემოსავლების მიღების შესაძლებლობები/

იხილეთ აგრეთვე: მოცვი – დარგვა, მოვლა, ბაღის გაშენება, ჯიშები

თქვენი რეკლამა