ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება და აგრარული განათლების, სპეციალობების და პროფესიების პოპულარიზაციას, დარგით ახალგაზრდების დაინტერესებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ისახავს მიზნად.
აგროოლიმპიადა წარმოადგენს აგრარული მიმართულებით ცოდნის გამოვლენისა და შეფასების ერთადერთ პლატფორმას, რომელსაც საქართველოში და ზოგადად, რეგიონში, ანალოგი არ აქვს.
აგროოლიმპიადა 2023-ში 870 კონკურსანტი მონაწილეობდა. ორეტაპიანი ტესტირების შედეგად, ოთხ კატეგორიაში (სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი, მოსწავლე), ექვსი საკონკურსო მიმართულებით (აგრონომია, ვეტერინარია-მეცხოველეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, სასურსათო ტექნოლოგია, მექანიზაცია, სატყეო საქმე), 39 გამარჯვებული გამოვლინდა.
აგროოლიმპიადა 2023-ის პარტნიორები და მხარდამჭერები იყვნენ: აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL), თიბისი ბიზნესისთვის, ალდაგი, აგროსფერო, ბარაქა, ჰექტაში, ქართული ღვინის გილდია, ვინოტელი, ბეკო, აგრომოტორსი, პომონა და მურაჩა.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით იმართება. ოლიმპიადის კონცეფციის ავტორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA). აგრარული ოლიმპიადის პარტნიორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ოლიმპიადის პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.