დანახარული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, რომელიც მოსახლეობაში აგრეთვე ცნობილია: გაღმამხარულის, დანახერის და განახერის სახელწოდებით.
წარმოშობა: ქართლი. პატარა ჯგუფებად იყო გავრცელებული გორში, კასპსა და ცხინვალში.
მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო. ასევე გამოიყენება საკუპაჟედ.
ჯიში ძლიერი ზრდისაა.ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ წაგრძელებული ფორმის, ძირითადად ხუთნაკვთიანია. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია (შეუბუსავი).
მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, კუმსია, გვხვდება ძლიერ კუმსი და საშუალო სიკუმსის მტევნებიც.
მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან სუსტად ოვალური, მუქ – ლურჯ ფერში გარდამავალი, თხელი, მაგრამ მკვრივი კანით, რბილობი საშუალო სიმკვრივის, სასიამოვნო გემოთი.
სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს 173-185 დღეს. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 140-400 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20% -ს, მჟავიანობა 5-7გ/ლ -ს.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი