ლურჯი მოცვი – შესაძლებლობა ფერმერებისთვის

ლურჯი მოცვი ბევრი სასარგებლო თვისების მქონე კენკროვანი კულტურაა, რომლის მიმართ ინტერესი და გაყიდვების მოცულობა წლიდან წლამდე მზარდი ტენდენციით ხასიათდება. შესაბამისად, მოგებისა და რენტაბელობის მაჩვენებლებიც ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ  2018-2020 წლებში ლურჯი მოცვის განაშენიანების მაჩვენებელმა ევროპაში (პოლონეთი, ესპანეთი, გერმანია, პორტუგალია, ლიეტუა, ნიდერლანდები) 60000 ჰექტარი შეადგინა (წყარო: de.statista.com). 2019 წელს კი მისი რეალიზაციის მაჩვენებლმა  ყველა წინა წლების რეკორდი მოხსნა.

იმის, მიუხედავად რომ ევროპა კენკროვანი კულტურების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, მიღებული პროდუქციის რაოდენობა ევროპული ბაზრის მოთხოვნებს მაინც ვერ აკმაყოფილებს. ევროპის ბაზარზე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყოველწლიურად ათასობით ტონა ლურჯი მოცვი შედის. ბოლო რამდენიმე წელიწადია ევროპაში ლურჯი მოცვის იმპორტიორ ქვეყნებს საქართველოც დაემატა.

ლურჯი მოცვის ფასს საქართველოში ამ კულტურის პოპულარობას განაპირობებს. ქართველი ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ბაზარზე ქართული მოცვი კონკურენტული უპირატესობით სარგებლობს, რადგან მაისის ბოლო რიცხვებისთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ექსპორტი სრულდება. ამ  დროს ევროპაში ლურჯი მოცვის მწიფობის სეზონი ჯერ დაწყებული არ არის.

საქართველოში ლურჯი მოცვი რამდენიმე კვირით ადრე  იკრიფება, ვიდრე პოლონეთსა, ან ესპანეთში. ამიტომ ქართველ ფერმერებს მაისის ბოლოდან შესაძლებლობა ეხსნებათ, ევროპის ბაზარს ხელსაყრელ ფასად მიაწოდონ მაღალხარისხიანი მოცვი.

2019-2020 წლებში საქართველოდან ექსპორტზე ევროკავშირში, რუსეთში, არაბთა გერთიანებლ ემირატებში, სომხეთსა და უკრაინაში 900 ტონამდე ლურჯი მოცვი გავიდა. ექსპრტირებული მოცვის საშუალო ფასმა ერთ კილოგრაზე  5,5 $/შეადგინა.

2021 წლის ივნისის მდგომარეობით მოცვის საექსპორტო ფასი 10%-ით გაიზარდა და 6.5 $/კგ მიაღწია.

ლურჯი მოცვის კულტურის გავრცელებას საქართვლოში ხელს უწყობს ხელსაყრელი ნიადაგობრივ-კლიმატური პირობები, იაფი რესურსები – ელექტროენერგია, წყალი, მუშახელი და გეოგრაფიული მდებარეობა – საქართველოსთვის ტერიტორიულად ხელმისაწვდომია ევროპის, დსთ-სა და აზიის ბაზრები.

ამ მიმარებით მნიშვნელოვანი როლი  შეასრულა ამ მიმართულებით არსებულმა პროექტებმა.   განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა მცირე ფერმერული მეურნეობებისთვის კენკროვანი კულტურების გაშენების ქვეკომპონენტი ისეთი მცირემიწიანი რაიონისთვის, როგორიც ხონია და მასტიმულირებელი ფუნქცია შეასრულა წლობით დაუმუშავებელი ფართობების ათვისებაში, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია მწირი, მჟავე ნიადაგისა და მცირედ დანაწევრებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მქონე სოფლებისათვის.

2018-2021 წლებში ხონში პროგრამის ფარგლებში 65 ჰექტარი მოცვის ბაღი გაშენდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოყვანილი ლურჯი მოცვის 80% საზღვარგარეთ გააქვთ. მოწეული კენკრის მხოლოდ მცირე ნაწილი გადამუშავდება ადგილზე.

საქართველოს გადამმუშავებელი წარმოების მიმართულებითაც კარგი შესაძლებლობა აქვს. არსებული პროდუქციის რაოდენობა იძლევა მისი გაყინვის, საკონდიტრო წარმოებაში, ან ფარმაკოლოგიაში გამოყენების საშუალებას.

დღეს მოცვის ნაყოფი აქტიურად გამოიყენება როგორც ნედლი, ასევე ხმელი სახით კულინარიასა და ხალხურ მედიცინაში. ის მდიდარია ორგანული მჟავებით, მინერალებითა და ვიტამინებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეიცავს C ვიტამინს, ასევე A, C, B1, B6, PP ვიტამინებს), შეიცავს გლუკოზიდსა და არბუტინს. ამცირებს შაქრის დონეს სისხლში ანტიჰიპერგილემიკური ნივთირებებების გამოვლენის გარეშე, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტიმიკოტური ეფექტები, ხელს უწყობს ჭრილობების მოშუშებას. მასში შემავალ ანთოციანინებს (წითელ-იისფერი მცენარეული პიგმენტები) გააჩნიათ ანტიოქსიდანტური თვისებები, რაც ხელს უშლის კიბოს უჯრედების გავრცელებას. მოცვი მდიდარია ნახშირწყლებით, შეიცავს კალიუმს, მაგნიუმსა და ფოსფორს, რკინას, სპილენძსა და სხვა მინერალებს. მოცვში არის პანტოთენის მჟავა (ვიტამინი B5), რომელიც ხელს უწყობს მეტაბოლიზმს. მოცვში შემავალი პექტინები ნაწლავებს ასუფთავებენ ტოქსინებისა და ლითონის მარილებისგან.  ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო მოცვი გამოიყენება რევმატიზმის, თირკმლის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის მსუბუქი გაღიზიანების დროს. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

კოსმეტიკურ საშუალებებს ლურჯ მოცვი ანიჭებს კანის დამატენიანებელ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს. ტოქსინების (თავისუფალი რადიკალების) ამოღების უნარი აფერხებს დაბერების პროცესს. მოიხმარება დიეტური დანიშნულებით – მცირე რაოდენობით მოცვის მიღება საკვებ რაციონს ამდიდრებს დიდი რაოდენობის ვიტამინებითა და მინერალებით.  ლურჯი მოცვის ნაყოფი და ფოთლები აუმჯობესებს მხედველობას. ცნობილი ფაქტია, რომ ინგლისელი მფრინავები ღამით მხედველობის გაუმჯობესების მიზნით მეორე მსოფლიო ომის დროს აფრენამდე რამდენიმე საათით ადრე იღებდნენ მოცვის ნაყენს.

ხალხურ მედიცინაში ლურჯი მოცვის ფოთლები გამოიყენება მსუბუქი გამონაყარის, ანთებითი პროცესების დროს. ფოთლები მდიდარია არბუტინით პექტინებით, შეიცავს ტანინებს, ტრიტერპენის მჟავებს, ფლავონოიდებს, C ვიტამინს, ეთერზეთებს, კაროტინოიდებს.  გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის მსუბუქი ანთებების დროს.

ზემოაღნიშნული მიზეზების გამო საქართველოს ლურჯი მოცვის წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებით შესანიშნავი პერსპექტივა აქვს. გადამამუშავებელი საწარმოების არსებობა მნიშვნელოვანია მცირე ზომის ბაღებისათვის, რომლებიც პროდუქტის მცირე რაოდენობის გამო ვერ ახერხებენ საექსპორტო ბაზარზე მოხვედრას და რიგი მენტალური თვისებების გამო ვერც კოოპერაციულ სისტემად გენერირდებიან.

ლურჯი მოცვის ნაყოფისა და ფოთლების გადამუშავება მნიშვნელოვნად ზრდის მისგან ამონაგები თანხის რაოდენობას. კარგი ხარისხის ლურჯი მოცვის ერთი კილოგრამი გამშრალი ფოთლის ჩაის ფასი დღეისათვის ქართულ ბაზარზე საშუალოდ 90-110 ლარამდე მერყეობს.

ლურჯი მოცვის კულტურის პოპულარობის ზრდის პარალელურად მხოლოდ ხონის მუნიციპალიტეტში ამ მიზნით იჯარით 70 ჰა ფართობი გაიცა. მიმდინარეობს გადამმუშავებელი საწარმოების მშენებლობა. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ხონისა და მისი მსგავსი მცირე ზომისა და ნაკლებშემოსავლიანი რეგიონების განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ლურჯი მოცვის გავრცელება საქართველოში განაპირობებს ათეული წლების მანძილზე აუთვისებელი კერძო, ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართობების გონივრულად ათვისებასა და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას.

ირინა ხაჭაპურიძე, ხონი, ოქტომბერი

ა(ა) იპ სოფლის განვითარების სააგენტოს
ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტი

ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისთვის, საქართველოს ბანკის დაფინანსების მიღების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3iuSOey

ბაღების დაფინანსება