უკვდავა (ნეგო) – სამკურნალო მცენარე

უკვდავა (ნეგო, ლათ. Helichrysum arenarium, რუს. Бессмертник песчаный) რთულყვავილოვანთა ოჯახს განეკუთვნება. მან სახელწოდება მიიღო ბერძნული სიტყვებისაგან helios – „მზე“ და chrysos – „ოქრო“, რაც ახასიათებს გვირგვინის ოქროსფერ-მოყვითალო შეფერილობას.

მესხეთში ნეგოს ლაწუნას, მთის ნეგოსა და სვარნას უწოდებენ.

ნეგო მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა და მოთეთრო ხეშეში ბუსუსებითაა დაფარული. სიმაღლით 15-30 სმ აღწევს, ფესვთანურას ფოთლები მოგრძოა და უკუკვერცხისებრი, ღეროს ფოთლები კი – ლანცეტისებრი.

ბუსუსები, რომლებითაც მცენარე თითქოს ნაბადშია გახვეული, იცავენ მას დაღუპვისაგან წყლის ნაკლებობის დროს. ისინი ამცირებენ მცენარის ზედაპირიდან აორთქლებული წყლის რაოდენობას და საშუალებას აძლევენ მას ეკონომიურად გამოიყენოს ტენი.

ნეგო, უკვდავა, ხალხური, მედიცინა, რეცეპტი

ყვავილის კალათა ყვითელია, რომელიც ქმნის კენწრულ ფარისებრ ყვავილედს. კალათა ბურთისებრია, დიამეტრით 4-6 მმ. კალათას გარედან ფოთოლაკების საფარი აქვს შემოხვეული. ფოთოლაკები ბლაგვია, სიფრიფანა, ლიმონისებრ-მოყვითალო ფერის, ხმელი. კალათის ყველა ყვავილი მილისებრია, ყვითელი ან ნარინჯისფერი, ქოჩრით, ყვავილსაჯდომი შიშველი. ყვავილობს ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე.

ნეგო გავრცელებულია ქვიშიან ადგილებში, სტეპებში, ტყე-სტეპებში, ტყეებში, იშვიათად გამეჩხერებულ ფიჭვნარში.

ნედლეულად ამზადებენ ნაწილობრივ გაშლილ ფარისებრ ყვავილედებს ღეროსთან ერთად, სიგრძით 1-2 სმ. ნედლეულმა ფერი რომ არ დაკარგოს მას აშრობენ ჩრდილში. შემდეგ კი ინახავენ ბნელ ადგილას. არ უნდა დაიკრიფოს გაუშლელი ან პატარა ზომის კალათები ან პირიქით უკვე დაყვავილებული კალათები. ასეთი ნედლეულის შეგროვების შედეგად რჩება შიშველი ყვავილსაჯდომი ცარიელი ჯამის სახით.

ნეგო, უკვდავა, ხალხური, მედიცინა, რეცეპტი

არ შეიძლება ნედლეულად გამოყენებული იქნეს აგრეთვე გრძელი ღეროები. მინარევის სახით ნედლეულს შეიძლება შეყვეს ბუსუსტანას თეთრი კალათა, რომელიც ადვილი გამოსარჩევია ფერით.

ნეგოს ყვავილში ნაპოვნია ფლავონები და ფლავონური გლიკოზიდები, სტერინი, ეთერზეთის კვალი, კაროტინი, ვიტამინი.

ნედლეულის შენახვის ვადა 3 წელია.

ნეგოს პრეპარატები გამოიყენება ძირითადად ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს. მათი გავლენით ძლიერდება ნაღვლის გამოყოფა, იცვლება ნაღვლის შემადგენლობა, მცირდება სისხლში ბილირუბინისა და ქოლესტერინის რაოდენობა, ამასთან იზრდება კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეცია.

ნეგო, უკვდავა, ხალხური, მედიცინა, რეცეპტი

ქოლეცისტიტისა და ჰეპატიტების დროს გამოიყენეთ შემდეგი ნახარში: აიღეთ 10 გრ (3 სუფრის კოვზი) ნეგოს დაქუცმაცებული ყვავილი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭქა) ოთახის ტემპერატურის წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წთ-ის განმავლობაში, თან ხშირად ურიეთ. გადმოდგით, გააცივეთ, გაწურეთ. დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ 10-15 წთ-ით ადრე.

ავტორები: ს. ჩაგელიშვილი; მ. გოგორიშვილი.
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.