სამკურნალო სალბის (შალფეი) მოვლა-მოყვანა, გამოყენება

შალფეი, სალბი, სამკურნალო

I. ზოგადი ნაწილი-სამკურნალო სალბი

1.1. ზოგადი აღწერა

Salvia officinalis L. – სამკურნალო სალბი ტუჩოსანთა ოჯახის Lamiaceae (Labiatae) წარმომადგენელი ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა. საერთოდ, სალბის 700-მდე სახეობა არსებობს, უმეტესწილად ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში. კავკასიაში სალბის 40 სახეობაა, მათ შორის – საქართველოში – 13.

სალბის ორი სახეობა S. garedji და S. compar საქართველოს ლოკალური ენდემებია. ოფიცინალური სახეობა Salvia officinalis L., სამკურნალო სალბი საქართველოში ბუნებრივად არ ხარობს, თუმცა გაველურებული აღმოსავლეთ საქართველოში შეგვხვედრია.

სამკურნალო სალბი 50 სმ-მდე სიმაღლის ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა. მრავალრიცხოვანი ღერო აქვს. ღერო ზედა ნაწილში მწვანე და ოთხწახნაგოვანია, უხვად არის დაფარული ბუსუსებით. ღეროს ქვედა ნაწილი გამერქნებულია და რუხი, ან მურა-რუხი შეფერილობისაა.

ფოთოლთა განლაგება მოპირისპირეა. ღეროს ქვედა ნაწილის ფოთლები ყუნწიანია, წვეროს ნაწილის ფოთლები კი – მჯდომარე. ფოთლის ფირფიტის ფორმა ღეროს ქვედა ნაწილიდან წვეროს მიმართულებით ცვალებადია. კერძოდ, ქვედა ნაწილში ფოთლები უფრო დიდი ზომისაა და მოგრძო-კვერცხისებრი ფორმა აქვთ.

წვეროს მიმართულებით ფოთლის ზომა თანდათან მცირდება და მოგრძო ლანცეტისებურ სახეს იძენს. ფოთლის საშუალო სიგრძე 8 სმ-ია. მცენარის ნორჩი ფოთლები მოვერცხლისფრო შეფერილობისაა, რაც გამოწვეულია მათზე ბუსუსების სიჭარბით. ფოთლების შებუსვის ხარისხი ფოთლის ასაკთან უშუალოდ არის დაკავშირებული.

რაც უფრო ნორჩია ფოთოლი, მით უფრო ინტენსიურია მისი შებუსვა და პირიქით. მოძველებული ფოთლები ბუსუსებს ინარჩუნებენ ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარის ძარღვების გარშემო, ზედა მხარე კი – თითქმის თავისუფალია ბუსუსებისაგან. ფოთლის ყუნწიც, ასევე დაფარულია ბუსუსებით.

სამკურნალო სალბის ყვავილები იისფერია, ორტუჩიანი, ტოტის წვეროზე თავაკისებრ ყვავილედებადაა შეკრებილი. ორსქესიანია. ჯამი ზარისებრია, ორტუჩა, შებუსული. გვირგვინიც ორ ტუჩიანია, თეთრი ან მოცისფრო. სვეტი ჩვეულებრივ ძალიან გრძელია, . ნაყოფი ჩამალულია ჯამში.

ნაყოფი ოთხნაწილიანი კაკლუჭაა. კაკლები კვერცხისებური ფორმისაა, მუქი-მურა ფერის. მცენარის მიწისქვეშა ნაწილი მძლავრად განვითარებული ფესვთა სისტემით გამოირჩევა.

სამკურნალო სალბი ყვავის ივნის-ივლისში, სიცოცხლის მეორე წლიდან.

1.2. გავრცელება

სალბის ოფიცინალური სახეობაა „სამკურნალო სალბი“. (იხ. ქვერმოთ პარაგრაფი ,,სალბის სხვა სახეობები“). იგი საქართველოში ველურად არ იზრდება. მისი ბუნებრივი გავრცელების რაიონია ხმელთაშუა ზღვის სანაპირო. ბუნებრივად გვხვდება დალმატის სანაპიროზე, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე, ადრიატიკის ზღვის ზოგიერთ კუნძულზე. ბუნებრივად იგი იზრდება კლდოვან, ბორცვიან, მშრალ ფერდობებზე. კულტურაშია ყოფილ სსრკ ტერიტორიაზე, ევროპაში, ინდოეთში, შრი-ლანკასა და აშშ-ში. ავტორიტეტით სარგებლობს ესპანური ნედლეული.

თბილისის ბაზრებში შეიძლება იშვიათად წააწყდეთ სამკურნალო სალბის ფოთლებს, რომლებიც უხვადაა „გაზავებული“ სხვა სახეობებში. ეს მცენარეები ოდესღაც შემოტანილი მცენარეების შთამომავლებია. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, მას დუხაბორები თუ მალაკნები აშენებდნენ თავიანთ ნაკვეთებში.

სამკურნალო სალბი შეგვხვდა დმანისის ერთ-ერთ სოფელში (ბაშკიჩეთი). ამ სოფელში გასულ საუკუნეებში სახლობდნენ გერმანელები. გადმოცემით მათ ჰქონდათ სამკურნალო მცენარეების მოზრდილი პლანტაციები. როგორც ჩანს, მათ შორის სამკურნალო სალბიც იყო.

ასეა თუ ისე, ამჟამად სამკურნალო სალბის სახეობა საქართველოში გავრცელებულია, მაგრამ მცირე რაოდენობით.

1.3. ქიმიური შემადგენლობა

ფოთლები შეიცავენ 0, 5-2, 5% ეთერზეთებს. ეს ეთერზეთები შეიცავენ: ცინეოლს, ბორნეოლს, ტუიონს, პინენს, სალვენს, ქაფურს, ცედრენს. ეთერზეთების გარდა სალბის ფოთლების ქიმიურ შემადგენლობაში შედიან: ფლავონოიდები,  მთრთილავი ნივთიერებები, ორგანული მჟავეები და სხვა

ფოთლებში ეთერზეთების შემცველობა პროპორციულად არის დამოკიდებული შებუსვის ინტენსივობაზე. სალბის ნორჩი ფოთლები, რომლებიც ინტენსიურად არის შებუსვილი, დიდი რაოდენობით შეიცავენ ეთერზეთებს. უფრო ხნიერ ფოთლებში ეთერზეთების შემცველობა ნაკლებია. ყვავილებში ეთერზეთები მცირე რაოდენობითაა, კიდევ უფრო მცირეა ისინი ღეროში და სრულიად არ არის მცენარის მერქნიან ნაწილებში.

1.4. ეკოლოგიური მდგომარეობა

სამკურნალო სალბი, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში ბუნებრივად არ ხარობს. სამკურნალოდ მოსახლეობა იყენებს ადგილობრივ სახეობებს. ისინი ოფიცინალური მედიცინისათვის ნაკლებადაა ცნობილი. ამიტომ, მათი რეალიზება ჭირს.

საერთოდ, საქართველოში გავრცელებულია სალბის 12 სახეობა. მათგან ორი სახეობა ენდემია. ქართულ ეკოლოგიურ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ბუნებაში მოზარდ სალბის სახეობებს რაოდენობრივი შემცირების ტენდენცია ახასიათებს. ამის მიზეზი, ბუნებრივი გავრცელების არეალების სავარგულებად გამოყენების გარდა, მისი სამკურნალო მიზნებისათვის მოპოვებაცაა.

ჩვენს ბუნებაში გავრცელებული სახეობები ფარმაკოგნოზიური თვალსაზრისით შესწავლილი არაა. როგორც ჩანს, არც ძველი ქართული სამედიცინო ლიტერატურა იცნობს მას.

მოსახლეობა უნდა მოერიდოს სალბის ადგილობრივად გავრცელებული სახეობების გამოყენებას. ხოლო ვინც მას იყენებს, ვურჩევთ მოაშენოს სამკურნალო სალბი. ამით ბუნებაც დაიზოგება და თქვენს ჯანმრთელობასაც ეჭვის ქვეშ არ დააყენებთ.

ადგილობრივი „დამამზადებლების“ მიერ ბუნებაში მოპოვებული სალბის შეძენა ყოვლად დაუშვებელია.

1.5. სამკურნალო ნედლეული

სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს სალბის ფოთლები Folium Salviae. იგი რუხი-მწვანე ფერისაა, არომატული სუნით და მწარე გემოთი. კეთილხარისხოვან ნედლეულში ეთერზეთების შემცველობა არანაკლებ 1%-ია, ახალგაზრდა ფოთლებიანი ღეროს წვეროებში კი 10%-ს აღწევს.

სამკურნალო სალბი სხვა სახეობებისაგან გამოირჩევა მრავალრიცხოვანი ბუსუსებით.ნედლეულის ფარმაკოპეული აღწერა, დაახლოებით ასე გამოიყურება: ,,მთლიანი ფოთლები 35 მმ-მდე სიგრძის, მოგრძო-კვერცხისებრი ან ფართო-ლანცეტა ფორმის, ფუძესთან გულისებრი, წვერში მობლაგვო ან წამახვილებული, ფოთლის კიდე წვრილად დაკბილული, ფოთლის ფირფიტის ზედაპირი ერთნაირად – დანაოჭებული, სქელი ბადისებრი დაძარღვით, რომლებიც ფოთლის ზედა მხრიდან შეწეულია, ქვევიდან პირიქით ძლიერ გამობერილი. ფოთოლი მთლიანად დაფარულია გრძელი ბეწვებით, განსაკუთრებით ქვედა მხრიდან.

ნედლეულში დასაშვებია 13%-მდე მინარევები – მცენარის სხვა ნაწილები: ყვავილები, ღეროების ნაწილები. ღერო 4 – წახნაგაა, შებუსვილი. ფოთლის ფერი მწვანე, ნაცრისფერ-მწვანე ან ვერცხლისფერ-თეთრი. სუნი არომატული, გემო მომწარო-სანელებლის, ოდნავ ძელგი.“

1.6. ქიმიური შედგენილობა

სალბის ფოთლებში დადასტურებულია შემდეგი ნივთიერებები:α- და β- პინენი, ბორნეოლი,  ბორნილაცეტატი.კამფენი, ლიმენონი, მირცენი, მწარე კარნოზოლი, ოლეანოლის მჟავა(ტრიტერპენოიდი), ოციმენი, საბინენი, საგენონი, ტუიონი (30-50%), ურსოლის მჟავა (ტრიტერპენოიდი), ქაფურა, ცედრენი, ცინეოლი (15%). ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს ფესვები, ყვავილები, თესლები.

1.7 სალბის ადგილობრივი სახეობები

ქართული ფარმაკოპეა ცნობს საქართველოში ველურად მოზარდ სახეობებს:

S. sclarea L. – ხარისვარდა
S. aethiopis L – ბამბისქულა, ეთიოპიის სალბი

სხვა ქვეყნების ფარმაკოპეები მათ არ იცნობენ. ამდენად, მათი პლანტაციის გაშენება უაზრობაა.

II. სამკურნალო სალბის კულტივირება

2.1. ნიადაგის შერჩევა და დამუშავება

სამკურნალო სალბისათვის ხელსაყრელია კარგად განათებული ადგილები, უპირატესად მსუბუქი სტრუქტურის, წყალშეღწევადი ნიადაგები. სალბისათვის შერჩეული ადგილი დაცული უნდა იყოს შემოდგომისა და ზამთრის ქარებისაგან.

სასურველია სამხრეთ-დასავლეთის ან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ნაკვეთები. რაც შეეხება სამხრეთულს, იგი ადრე თავისუფლდება თოვლისაგან და საფარის გარეშე მცენარე ხშირად ზიანდება.

სალბი ნესტის მიმართ მომთხოვნი არაა. უფრო მეტიც, ჭარბი ნესტის შემთხვევაში მასში ეთერზეთების რაოდენობა მკვეთრად იკლებს.

ნიადაგის მომზადება გულისხმობს უპირველეს ყოვლისა მის საფუძვლიან დამუშავებას. ეს სამუშაო სასურველია შესრულდეს შემოდგომაზე. ნიადაგი უნდა გადაიბაროს 25 სმ სიღრმეზე და გასუფთავდეს მავნებლებისაგან.

სალბისათვის საუკეთესო წინამორბედად მიჩნეულია სათოხნი და მოზამთრე კულტურები, რომელთათვისაც ნიადაგი წინასწარ იყო განოყიერებული. იმ შემთხვევაში, თუ ნიადაგი გაუნოყიერებელია, საჭიროა სასუქების შეტანა. შესაძლოა ერთდროულად მინერალური და ორგანული სასუქების გამოყენებაც.

ერთი კვადრატული მეტრი ნიადაგის გასანოყიერებლად საჭიროა 2-3 კგ ნაკელი. სრული შემადგენლობის (აზოტი, ფოსფორმჟავა, კალიუმის ოქსიდი) მინერალური სასუქების შეტანის შემთხვევაში ორგანული სასუქების ნორმას 2-ჯერ ამცირებენ. ამ შემთხვევაში მინერალური სასუქი შეაქვთ ერთ კვ. მეტრზე 3, 5-4 გრამამდე.

იმ შემთხვევაში, თუ ნიადაგს გავანოყიერებთ მხოლოდ ორგანული სასუქებით, სასურველია ერთ კვადრატულ მეტრზე 20-30 გრ სუპერფოსფატის შეტანა.

2.2. სამკურნალო სალბის გამოყენება ეროზიის წინააღმდეგ

სამკურნალო სალბი ფესვთა ღრმა განტოტვის სისტემას ივითარებს. ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მისი გამოყენება შეიძლება ეროზიის წინააღმდეგ, თუკი ნათესების ბუფერულ ზონებში გამოვრგავთ.

2.3. სამკურნალო სალბის გამრავლება 

სამრეწველო მასშტაბით, სამკურნალო სალბს ამრავლებენ თესლებით. დათესვა შესაძლებელია როგორც ღია გრუნტში, ასევე სათბურებში, საიდანაც ჩითილებს გადარგავენ მუდმივ ადგილას. სათბურებში ჩითილების გამოყვანას ძირითადად თესლის სიმცირის შემთხვევაში მიმართავენ.

თესლის აღმოცენებას ხელს უწყობს სტრატიფიკაცია. ამ მიზნით, თესლის დათესვამდე 10-15 დღით ადრე, თესლს თანაბარი რაოდენობით შეურევენ ნოტიო ქვიშას და დააყოვნებენ 2-30С ტემპერატურაზე.

სტრატიფიცირებულ თესლებს თესავენ ადრე გაზაფხულზე. შესაძლებელია მცენარის დათესვა სტრატიფიკაციის გარეშე დაზამთრებამდეც. ამ დროს თესლებს ბუნებრივად უტარებენ სტრატიფიკაციას. საერთოდ, აღმონაცენის გასაზრდელად აუცილებელია თბილი ამინდი. სათბურში მიღებულ ჩითილებს ღია გრუნტში გადარგავენ მას შემდეგ, რაც 4-5 წყვილი ფოთოლი გაუჩნდება. გადარგვის შემდეგ სალბი უნდა მოირწყას.

ღია გრუნტში მცენარეს თესავენ რიგებში. რიგთაშორისი მანძილი 50-60 სმ-ია. რიგებში მცენარეთა შორის მანძილი უნდა იყოს 25-35 სმ. დათესვის ნორმა 1 კვადრატულ მეტრ ფართზე 0, 5-0, 8 გ-ია.

მას შემდეგ, რაც აღმონაცენი შესამჩნევი გახდება, მას ამეჩხერებენ, იმგვარად, რომ აღნიშნული ინტერვალი დაცული იქნეს. ამასთან, გამოხშირვის შედეგად მიღებული სარგავი მასალა გადააქვთ იქ, სადაც მცენარის თესლი არ გაღივდა ან სუსტი აღმონაცენი მოგვცა.

თესლი ნიადაგში ითესება 2 სმ-ის სიღრმეზე. სტრატიფიცირებული თესლი, თუკი სითბოები დაიჭირა, ამოდის 18-20 დღეში. თესლის გაღივების ოპტიმალური ტემპერატურაა 20-300С.

2.4. სამკურნალო სალბის მოვლა

სალბის თესლის გასაღივებლად შედარებით მაღალი ტემპერატურაა საჭირო, ამიტომ სხვა მცენარეები („სარეველები“) ასწრებენ მას აღმოცენებას და ჩაგრავენ სალბს. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სალბი აღმოცენებამდეც გაიმარგლოს. ამისათვის, აუცილებელი ხდება მცენარე-„შუქურების“ გამოყენება, რომლებიც სწრაფად ამოდიან და მიგვანიშნებენ სად გადის სალბის მწკრივი. ჩვენ ასეთად წიწმატს ვიყენებთ, მაგრამ სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია მდოგვი ან წიწიბურა.

როგორც კი მცენარე-„შუქურა“ აღმოცენდება და მიგვანიშნებს სად გადის სალბის მწკრივი, იგი უნდა გაიმარგლოს, მოცილდეს სარეველები. სარეველების მოცილებასთან ერთად, ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს, მწკრივიდან 8-10 სმ დაშორებით.

როდესაც ნათესებში გამოჩნდება სამკურნალო სალბის 2-3 წყვილი ფოთოლი, ნიადაგის დამუშავებას იმეორებენ. ამასთან, გამეჩხერებისას ნათესებს შორის მანძილს არეგულირებენ.

სიცოცხლის პირველ წელს ნათესების დამუშავება (გაფხვიერება, სარეველების მოშორება) სასურველია ჩატარდეს არანაკლებ 4-ჯერ, თუმცა დამუშავების რაოდენობა დამოკიდებულია წინამორბედ კულტურებზე და ნიადაგის წინასწარი დამუშავების ხარისხზე. სპეციალურ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ გვალვის დროს საჭიროა ნიადაგი მოირწყას, განსაკუთრებით პირველ წელს. მესხეთ-ჯავახეთში, აჭარაში, რაჭაში ვფიქრობთ სალბს მორწყვა არ დასჭირდება.

რუსეთში, ზამთრის პირას, გაყინვისაგან მცენარის დაცვის მიზნით მას მიწას შემოაყრიან ხოლმე.

სიცოცხლის მომდევნო წლებში, სალბის მოვლა ბევრად მარტივია. როგორც წესი, მას ორჯერ გამარგვლა-გათოხნა ჰყოფნის. მეორე და მომდევნო წლების გაზაფხულზე, ვიდრე მცენარეს გავმარგლავთ იგი უნდა „გავაახალგაზრდავოთ“. ამისათვის საჭიროა მცენარის ღერო გადავჭრათ 10-12 სანტიმეტრზე. შემოდგომაზე „გაახალგაზრდავების“ სამუშაოთა ჩატარება ასუსტებს მცენარის გამძლეობას ყინვისადმი, ამიტომ სასურველია მოვერიდოთ. გადანაჭრების გამოყენება ცხოველთა საკვებად არარეკომენდირებულია, განსაკუთრებით ბოცვრების საკვებად.

სათესლე ნაკვეთებზე „გაახალგაზრდავების“ სამუშაოების ჩატარება არ შეიძლება.

2.5. სათესლე ნაკვეთის მოვლა

სამკურნალო სალბის კარგი თესლი ჩვენში დეფიციტია (2000 წ.). ამიტომ, შეიძლება ზოგიერთმა ფერმერმა გადაწყვიტოს სათესლე ნაკვეთის შექმნა, რათა საკუთარი თესლი ჰქონდეს. სათესლე ნაკვეთის მოვლა პრინციპულად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ნაკვეთის მოვლისაგან, ოღონდ სათესლე ნაკვეთებზე გაახალგაზრდავების სამუშაოების ჩატარება არ შეიძლება.

სათესლე ნაკვეთის მოვლა მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს სხვა თვალსაზრისით. ასეთ ნაკვეთში არ უნდა დაუშვათ სალბის სხვა სახეობების შერევა. ეს კი მოითხოვს სალბის სახეობების პრაქტიკულ ცოდნას.

სამკურნალო სალბის ეგზემპლიარებს, რაც ჩვენ საქართველოში გვინახია, ჩვენის აზრით, ახასიათებთ გადაგვარების ტენდენცია. ამიტომ, სათესლე ნაკვეთებში განსაკუთრებით ყურადღება უნდა მივაქციოთ სათესლე ეგზემპლიარების სტანდარტებთან შესაბამისობას, უნდა აირჩეს საუკეთესო ეგზემპლიარები.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, თესლით გამრავლებისას სალბი პირველ წელს ყვავილს არ ივითარებს. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება მოხერხდეს სათბურში გამოყვანილი ნერგიდან პირველივე წელს თესლის მიღება. ეს შრომატევადი სამუშაოა და მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუკი თესლი ძალიან მცირე რაოდენობით გაქვთ.

2.6. ნედლეულის აღება

სამკურნალო ნედლეულად აგროვებენ სამკურნალო სალბის ფოთლებს. მათი შეგროვება შესაძლებელია პირველივე წლის პლანტაციიდან. პირველ წელს ნედლეული უნდა შეგროვდეს მხოლოდ ერთხელ, რათა მცენარე არ დავასუსტოთ. შეგროვებისათვის ოპტიმალური პერიოდია სექტემბრის მეორე ნახევარი. პირველ წელს ნედლეული ხელით უნდა შეგროვდეს. ამისათვის სალბის ღეროს შეეხებიან ქვედა ნაწილში და წვეროს მიმართულებით მოძრაობისას მოაწყვეტენ მასზე განლაგებულ ფოთოლს.

ფრთხილად უნდა ვიყოთ შეგროვებისას ნედლეულში ღეროს წვეროები დიდი რაოდენობით არ მოხვდეს. საერთოდ, სალბის კულტივირებაზე ხელშეკრულების დადებისას, უნდა მოვითხოვოთ ხელშეკრულებაში ჩაიწეროს რა რაოდენობით ღეროს წვეროების შერევაა დასაშვები მასში. ეს მოქმედებს ნედლეულის ფასზე.

მეორე წლიდან სამკურნალო ნედლეულს წელიწადში 2-3ჯერ აგროვებენ. მას შემდეგ, რაც ფოთლების ზომა მიაღწევს 8 სმ-ს, შეიძლება მისი შეგროვება შემდეგში, ამ ზომების გახდება ღეროს შუა იარუსის ფოთლები და მეორე მოგროვებაზე მას შეაგროვებენ. მესამე შეგროვებისას ყველა დარჩენილ ფოთოლს აგროვებენ. პირველი შეგროვება, როგორც წესი, ხდება ყვავილობის დაწყებამდე.

სამკურნალო სალბის პლანტაციის წარმოება ერთსა და იმავე ადგილას ხელსაყრელია 6-8 წლის განმავლობაში. მომდევნო პერიოდში, იგი ნაკლებ მოსავალს იძლევა.

ბოლო წლის პლანტაცია შეგვიძლია ნამგლითაც ავიღოთ.

2.7. ნედლეულის შრობა

შეგროვებულ სამკურნალო ნედლეულს უნდა მოცილდეს არასასურველი მინარევები (ღეროები, გამერქნებული ნაწილები). გამოშრობა კარგი აერაციის პირობებში უნდა მოხდეს. თავდაპირველად აშრობენ 30-40 გრადუსზე, შემდგომ კი – 50-60 გრადუსზე. შრობა დამთავრებულად ითვლება, როცა ტენიანობა 13 პროცენტს მიაღწევს.

საოჯახო პირობებში, სათავსოში გაშრობისას ნედლეულს გაშლიან 3 სმ სისქის ფენაზე. შრობის დროს ფოთლებს დროდადრო ამოატრიალებენ. საჰაერო შრობას სჭირდება 10-15 დღე.

გამშრალ ნედლეულს ინახავენ მშრალ ადგილას. ტრანსპორტირება შესაძლებელია დაპრესილი სახით. როგორც წესი, ამზადებენ 50 ან 10 კილოგრამიან ფუთებს.

კულტურის პირველ წელს მშრალი ფოთლის მოსავლიანობა 0,1 – 0,5 ტონაა ჰექტარზე, მომდევნო წლებში ერთ ტონამდე.

2.8. თესლის აღება

თესლის აღება ხდება მშრალ ამინდში. ყვავილედს აჭრიან ნამგლით. აღება იწყება მაშინ, როცა ყვავილედის ქვედა ნაწილში ჯამი შეხმება და ნაყოფები მურა შეფერილობას მიიღებენ.

შეგროვილ ყვავილედებს ათავსებენ ფარდულში მოწყობილ საფენებზე. შრობის დროს თესლის ნაწილი თავისუფლად გადმოიყრება საფენზე. თესლების ნორმალურ ტენიანობად მიჩნეულია 13%.

თესლები უნდა დახარისხდეს, მოცილდეს მინარევები. მშრალი თესლები შენახულ უნდა იქნეს კარგი აერაციის პირობებში. თესლის აღმოცენების ხარისხი დამოკიდებულია შენახვის ვადაზე. თესლის მოსავლიანობა ჰექტარზე საშუალოდ 100-150 კგ-ია.

თესლი უნდა ავიღოთ ძლიერი ძირებიდან, რომელთაც „სამკურნალო სალბის“ სახეობის მკვეთრად გამოხატული ნიშნები აქვს.

თესლები (კაკლურა) ბურთისებრია, შიგნითა მხრიდან იკვეთება ოთხწახნაგოვანი ფორმა. მიმაგრების ადგილი ჩაზნექილია, ძირითადად მრგვალი, კიდეებზე, წამოწეული ნაპირით, დაყვება ღია არშიებიანი, ზედაპირი წვრილწერტილოვანია, სხვადასხვა სიმძლავრის ყავისფერი. თესლების ზომაა 2, 8-3, 0 X2, 7-2, 8 X 2, 6. აბსოლუტური წონა 6,75 – 8,3გრ.

2.9. სამკურნალო სალბის მავნებლები

სამკურნალო სალბი შეიძლება დააზიანონ ტკიპებმა, ფოთოლმხვევების მუხლუხებმა, ხვატრებმა და სხვა. მათ საწინააღმდეგოდ, სპეციალურ ლიტერატურაში მოყვანილია გოგირდ-კირის ნარევი და სხვადასხვა ქიმიური საშუალებები.

მცირე მეურნეობებში, სადაც სპეციალისტები არა ჰყავთ და არა აქვთ ლაბორატორიები, ქიმიური საშუალებების გამოყენება ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ქიმიური საშუალებები აქვეითებენ ნედლეულის ეკოლოგიურ სისუფთავეს. ეკოლოგიური სისუფთავე, კი მთავარი ფაქტორია, რითაც თქვენს მიერ წარმოებულმა ნედლეულმა ბაზარზე გზა უნდა გაიკვალოს.

სამკურნალო მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მცენარეული საშუალებები.

ტკიპების საწინააღმდეგოდ კარგ შედეგს იძლევა გვირილას სახეობების: კავკასიური გვირილასა და დალმატური გვირილას გამოყენება. ამ მიზნით მცენარის ყვავილების დაწვრილმანებით მიღებულ 200 მლ ფხვნილს უმატებენ 10 ლ წყალს და ამზადებენ სუსპენზიას. შესაძლებელია ემულგო-სუსპენზიის დამზადებაც. ამისათვის 200 გ ფხვნილს უმატებენ 200 ლ მცენარეულ ზეთს და 40 გ საპონს, რომელსაც წინასწარ ადნობენ მცირე რაოდენობის წყალში. მიღებულ მასას განაზავებენ 10 ლ წყლით და კარგად აურევენ.

მუხლუხების საწინააღმდეგოდ ეფექტურია სარეპტის მდოგვის გამოყენება. ამ მიზნით თავდაპირველად ამზადებენ კონცენტრატს: 10 გ თესლის ფხვნილს დააყენებენ 1 ლ წყალზე და მჭიდროდ თავდახურულად გააჩერებენ ემალის ან მინის ჭურჭელში. შემდეგ გაფილტრავენ. სამუშაო ხსნარის მისაღებად 15-200 მლ კონცენტრატს ემატება 850-800 მლ წყალი.

Fფოთოლმხვევია მუხლუხის საწინააღმდეგოდ შეიძლება ძაღლყურძენას და აბზინდას გამოყენება. ამისათვის, ძაღლყურძენას 5-6 კგ ნედლ მცენარეს შეასველებენ 10 ლ წყლით, დააყოვნებენ 3-4 საათის განმავლობაში. შემდეგ, 4 საათის განმავლობაში ადუღებენ ნელ ცეცხლზე. გაწურვის შემდეგ, სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად, მას უმატებენ ორმაგი რაოდენობის ხსნარს.

მუხლუხების წინააღმდეგ გამოსაყენებლად 1 კგ აბზინდას ბალახს 10-15 წუთით ადუღებენ მცირე რაოდენობის წყალში, გააცივებენ, გაწურავენ და ხმარების წინ განაზავებენ 10 ლ-მდე.

საყურადღებოა, რომ მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა მოსავლის აღების ვადებს 3-4 კვირით უნდა უსწრებდეს. მცენარეული პრეპარატების გამოყენების დროს, ისევე როგორც ქიმიური პრეპარატების გამოყენებისას, მკაცრად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ზომები. აუცილებელია ინსტრუქციების მიღება მცენარეთა დაცვის სამსახურებში.

III. სამკურნალო სალბის გამოყენება 

ოფიცინალური სალბის სამკურნალო ფესვები ცნობილი იყო უძველესი ექიმებისათვის. მას იყენებდნენ ჰიპოკრატე, ძველი ეგვიპტელი ექიმები. სახელწოდება ძველბერძნული თარგმანით „შალვია“ ჯანმრთელობას ნიშნავს. ბევრ ენაზე ეს სიტყვა მისასალმებელ სიტყვებშიც ჟღერს.

სალბში შემავალ ეთერზეთებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება. გარდა ეთერზეთებისა, სალბის ფოთლების ქიმიურ შემადგენლობაში შედის მჟავები, რაც განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვალთა სეკრეციული აქტივობის გამაძლიერებელ მოქმედებას.

სალბის ფოთლები მედიცინაში გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს.

სალბისაგან წყლიანი ექსტრაქტი შემდეგნაირად მზადდება:

10 გ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, დააყენებენ 20 წუთით, გააცივებენ, გაწურავენ. მომზადებული გამონაცემი ვარგისია 2-3 დღის განმავლობაში. იგი უნდა ინახებოდეს გრილ ადგილას.

სალბს იყენებს მრავალი ქვეყნის ფარმაცევტული მრეწველობა. მისგან ამზადებენ მრავალ პრეპარატს, მათ შორის: სალბის ტაბლეტებს, ამოსახველებელ ჩაის, სალვინს და სხვა.

სამკურნალო მცენარეები უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ექიმის რჩევით.

მარკეტინგული ნიშები. გამოყენება ევროპულ კულინარიაში 

სალბი, როგორც სანელებელი, ჩვენთვის უცხოა. ევროპის მრავალ ქვეყანაში თვლიან, რომ იგი კარგი სუნელია. ითვლება, რომ სალბი აძლევს დახვეწილ და სასიამოვნო გემოს საწებლებს, ერბოკვერცხს მწვანილთან და კვერცხთან ერთად, თევზს, „გრილზე“ დამზადებულ ხორცს, ღორისა და კურდღლის ხორცს, დაკეპილ ხორცს, გარეულ ფრინველს და ლორს. ქათმის ღვიძლი შეკმაზული ამ მცენარით წარმოადგენს დელიკატესს. ბევრნი უმატებენ სალბს სუპებში, ხორცის ფარშში, მწვადში, ფრინველის, ცხვრისა და ხორცის სხვა ნაწარმში.

ავტორები: ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია; წყარო: www.medgeo.net.

თქვენი რეკლამა