მდგნალი (Salix Caprea L) ტირიფისებრთა ოჯახში შემავალი 15 მეტრამდე სიმაღლის ხეა ან მაღალი დეკორატიული ბუჩქია.
მდგნალი საქართველოს სხვადასხვა მხარეში ნაირგვარი სახელწოდებითაა ცნობილი. კახურად – ბატიჭუკა, მთიულურად და ხევსურულად დგნალი და დგნარი, ფშავურად – ფოხვი, აჭარულად – ციცალა, რაჭულად – ძენწნა, მეგრულად – ტუჯვარი, სვანურად – ბაგვრა და სხვა.
სუსტად შებუსვილი ყლორტები მომწვანო-მონაცრისფროკანიანია. უფრო ხანდაზმული ტოტების ქერქი მურა ან რუხი ფერისაა. კვერცხისებრი ან ელიფსური, 11-12 სმ სიგრძისა და 5-8 სმ სიგანის, კიდეებდაკბილული, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან ბუსუსიანი და ნაცრისფერი, წვერმობრეცილი, თირკმლისებრი წყვილი ფოთოლთანით, ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული.
მდგნალი ერთბინიანი მცენარეა სქესგაყოფილი ყვავილებით, რომელნიც მჭადა თანაყვავილედებადაა შეკრებილი. მამრობითი მჭადა მჯდომარეა, ძირში პატარა ფოთლებით, მოხაზულობით კვერცხისებრი, 4 სმ-დე სიგრძისა და 2 სმ-დე დიამეტრის. მდედრობითი მჭადა ცილინდრულია 2 სმ-დე სიგრძის, მოკლე ყუნწით, რომლის ძირშიც ყვავილიანი ქერქლებია განვითარებული.
მამრობითი მჭადა ყვითელია, მდედრობითი კი მოთეთრო. ადრე მოყვავილე მცენარეა. ყვავის ფოთლების გაშლამდე მარტ-აპრილში. ახასიათებს ძალიან უხვი თესლმსხმოიარობა. თესლი მაისში მწიფდება. მრავლდება თესლით და ძირკვები უხვ ამონაყარს იძლევა.
მდგნალს მოწითალოგულიანი მერქანი ახასიათებს, მოთეთრო ცილით. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ მდგნალის რბილი და მსუბუქი, გულიანი მერქანი ლპობისადმი დიდი წინაღობის თვისებით გამოირჩევა. ეს თვისება ხალხმა ძალიან კარგად იცის. ამიტომაა, რომ რაჭაში, აჭარაში, ზემო ქართლსა და ბევრ სხვა მხარეში მოსახლეობა დიდ უპირატესობას აძლევს მდგნალის ბოძებსა და ჭიგოებს. მდგნალის ბოძის მიწაში ჩაფლული ნაწილი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაშიაც კი არ ლპება.
მდგნალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია „ტირიფის ქერქის“ სამრეწველო მიზნებით დამზადების თვალსაზრისით. მისგან პირველხარისხოვან მთრიმლავ ექსტრაქტს იღებენ, რომელსაც საუკეთესო ხარისხის ტყავების გასათრიმლავად და შესაღებად იყენებენ. ტანინის შემცველობა მდგნალის ქერქში საშუალოდ 16,5 პროცენტს შეადგენს, მაგრამ მთელ რიგ ადგილებში იგი 21 პროცენტზე მეტია.
მდგნალის მამრობითი მჭადა ყვავილედების სპირტზე 10 პროცენტიანი ნაყენის გავლენა გულზე ისეთივეა, როგორიც ფუტკარას მოქმედება.
მწვანე ნეკერს (ყლორტები ფოთლებით), რომელიც 200 მგ პროცენტ ვიტამინ C-ს შეიცავს, ამზადებენ საქონლის საკვებად.
ნეკერს ზამთარში განსაკუთრებით ეტანება ცხვარი, თხა და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი. ეს ფაქტი იმითაა საინტერესო, რომ ზამთარში საქონელს ვიტამინინი საკვები აქვს მდგნალის მწვანე ნეკერის სახით, რაც წველადობას თვალსაჩინოდ ზრდის.
ქართული ხალხური მედიცინა მდგნალის ფოთოლს თირკმლების დაავადების სამკურნალოდ იყენებს.
ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალოდ მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.