ველური მოცვიდან კულტურულ ჯიშამდე – მეურნეობა ციხისძირში

ველური მოცვიდან კულტურულ ჯიშამდე – როდამ ოქროპირიძის გამართული მეურნეობა ციხისძირში

რატომ აქვს საქართველოში მოწეულ ლურჯ მოცვს ევროპის ბაზარზე უპირატესობა და რამდენად შრომატევადია მისი მოყვანა – ამ საკითხებზე ბიზნესმენი და ფერმერი, როდამ ოქროპირიძე საუბრობს, რომელმაც კენკროვანი კულტურების რეალიზაცია რუსეთისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 22 წლის წინ დაიწყო. ამასთანავე უცხო ქვეყნებში გააქვს ასკილი და უკვდავას ყვავილი.

46 წლის როდამ ოქროპირიძე პირველად კენკროვანი კულტურებით 1998 წელს დაინტერესდა. იმ პერიოდში ველურად, ტყეში გაზრდილ კენკრას – ლურჯ მოცვს მოსახლეობისგან იბარებდა, შემდეგ აშრობდა და სარეალიზაციოდ სხვადასხვა ბაზარზე გაჰქონდა.

თავდაპირველად მოცვს 4 მუნიციპალიტეტიდან აგროვებდნენ. ესენია: ქედა, შუახევი, ხულო და ადიგენი. შემდეგ უკვე მათ ორი კიდევ დაემატა: ხარაგაული და საჩხერე.

„მოსახლეობიდან ვაკეთებდით შესყიდვებს. ახლა იმ ძველ ბუღალტერიაში რომ ჩავიხედოთ, დაახლოებით 3 000 კაცის პირადი მოსავალი გვაქვს მიღებული.  150 – 200 ტონაც კი მიგვიღია ველური კენკრა, ტყის მოცვი. საშრობი გვქონდა, ვაშრობდით და გაგვქონდა. ძირითადად გადიოდა რუსეთ–უკრაინაზე. 2009 – 2010 წლებში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე საუბარიც არ იყო, ჩვენ კენკრა გავიტანეთ ევროპაში. იტალიამ გაყინული მოგვთხოვა… მერე ჩაება პოლონეთი, გერმანია, იტალია და რუსეთი, უკრაინა, თურქეთი“… – ამბობს როდამ ოქროპირიძე.

ასკილი

კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება, რომელზეც ბიზნესმენი და ფერმერი მუშაობს ასკილის  მიღება–რეალიზაციაა.

ველური კენკრის პარალელურად, უკვე 15 წელია ასკილს ახალციხის, ადიგენის, ხაშურის, სურამისა და გომბორიდან იღებს.

„ამ ზოლზე მოდის ძირითადად და სხვათა შორის ახლაც ვიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ წელს ცოტა ნაკლებია მოსავალი იყო და დოლარის კურსის შესაბამისად შესყიდვის ფასიც გაიზარდა. ნედლი ასკილის შესასყიდი ფასი სტანდარტულად 1 ლარი იყო, თუმცა ამ ბოლოს 1.50 ლარზე ავიდა. გარდა ამისა, გაჩნდა კონკურენციაც, რადგან ამზადებენ ასკილის წვენებსაც“.

ფერმერის თქმით, სტანდარტულად ყოველწლიურად 200 კილომდე ასკილს იღებს, რომლის გადამუშავებაც ხდება – საშრობებში აშრობენ და შემდეგ სარეალიზაციოდ გააქვთ.

„გადის ექსპორტზე, მაგალითად იაპონიაში, რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, რუსეთსა და უკრაინაზე არანაირი პრობლემა არ არის და გადის ჩვეულებრივად. ევროპის ქვეყნების ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ. შეტანაზე მკაცრი სტანდარტი აქვს გერმანიას, თუმცა პროდუქციას პრობლემა რომ შეჰქმნოდა, ასეთი პრეცედენტი არ გვქონია. ახლა ისევ სტანდარტების შესაბამისად, ინფრასტრუქტურის გადაწყობის პროცესში ვართ“.

უკვდავა/ ნეგო

ფერმერის საოჯახო მეურნეობა მხოლოდ მოცვისა და ასკილის მიღებით არ შემოიფარგლება. აქტიურად იბარებს უკვდავას ყვავილსაც, რომელსაც მოსახლეობა ასევე ნეგოს სახელით იცნობს.

„უკვდავას ყვავილის მიმღები პუნქტები გვაქვს ახალციხეში, ადიგენსა და ხულოში, მხოლოდ ამ ადგილებში მოდის ეს მცენარე. დღესაც  გადავტვირთეთ და გავაგზავნეთ, თუმცა ნეგოს მყიდველი მხოლოდ რუსეთია, იგი ევროპაში არ გადის. ძირითადად ფარმაციაში იყენებენ. ამასთან ერთად, სხვა პატარა–პატარა მიმართულებებიც გვაქვს, რომელზეც ვმუშაობთ, რაშიც მოსახლეობაც მასობრივად ჩართულია, მაგრამ მაგრამ ძირითად ყურადღებას მაინც ამ სახეობებს ვაქცევთ“, – განმარტავს როდამ ოქროპირიძე.

ლურჯი მოცვის პლანტაცია

2017 წლიდან, როდამ ოქროპირიძემ საკუთარი მეურნეობაც გააშენა. 10 ჰექტარზე კულტურული ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა. ამბობს, რომ ამ ეტაპზე კენკრის ეს სახეობა ძალიან მომგებიანია, თუმცა ეჭვობს, რომ წლების განმავლობაში შეიძლება ტენდენცია შეიცვალოს: „ბევრი ბაღი შენდება ლურჯი მოცვის. ამ ეტაპზე მომგებიანია, მაგრამ ვშიშობ, რომ პრობლემები შეექმნება. საზოგადოებაში შექმნილია აზრი, რომ თითქოს მოცვს გავაშენებთ, შემსყიდველი მოვა, 7–8 დოლარს გადაიხდის პლანტაციაში და კმაყოფილი წავა, სინამდვილეში ასე არ იქნება“.

მისი თქმით,  ლურჯი მოცვის ექსპორტი ძირითადად რუსეთში ხდება, რაც არასტაბილურია. იმისთვის, რომ ფერმერებმა პროდუქცია ევროპაში გაიტანონ სპეციალური სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ, რაც ადვილი მისაღწევი არ არის.

ლურჯი მოცვი ძვირადღირებული პროდუქტი იმიტომ არის, რომ ძალიან სათუთი მოსავლელია: მიწის მომზადება, დამუშავება, დახვნა, აგრო ქსოვილის დაგება, ამოყვანა, სარწყავი სისტემის დანერგვა, ნერგების შერჩევა, მერე მოვლა – ყველა დეტალი უმნიშვნელოვანესია. შრომას ითხოვს ზამთარ–ზაფხულ. ნაწვიმარზე ვერ მოკრეფ, ვერც დილით ადრე, ვერც მაღალ სიცხეში. თავისებური სტანდარტები აქვს, რომელიც უნდა დაიცვა. თუ მაღალ სიცხეში მოკრიფე ჩაიფუშება და ფერს შეცვლის“.

ისევე როგორც ლურჯი მოცვის მოყვანაში ჩართული სხვა ფერმერები, როდამ ოქროპირიძეც ამბობს, რომ საქართველოში მოწეულ მოცვს ბაზარზე სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატესობა აქვს. თუკი ბელარუსში, უკრაინაში, სერბეთში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში, სადაც ეს კენკრა პოპულარულია, იგი ივნისში შემოდის, საქართველოს შემთხვევაში მაისის ბოლოს მოცვი უკვე შემოსულია. ამას ხელს საქართველოში არსებული თბილი კლიმატური პირობები უწყობს. შესაბამისად, ბაზარზე პირველად ქართული მოცვი შედის და შემდეგ სხვა ქვეყნების.

რეალიზაცია

ლურჯი მოცვის სარეალიზაციო ფასი პლანტაციიდან 8 დოლარიდან იწყება. თუმცა შესაძლოა ფასის ცვლილება კლიმატურმა და სხვა პირობებმაც განაპირობოს.

„სტანდარტულად და ნორმალური თბილი ამინდები რომ იყოს ჩვენთან, მოცვი შემოდის მაისის ბოლოს, მაგრამ წელს ივნისის 25–დან დაიწყო კრეფა და ბაზარზე ერთ კვირაში წამოგვეწია ბელარუსი და პოლონეთი. ფასი თავიდან 8 დოლარიდან დაიწყო, დაიწია 5 დოლარზე და შემდეგ უკვე 2 დოლარამდე დაეცა. ამიტომ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმ ფერმერები, რომლებსაც პატარა ბაღი აქვს და შესანახი მეურნეობა – არა.  იმიტომ, რომ მოცვი მალფუჭებადია და დღეს რომ მოკრეფ, ხვალ უკვე გაყიდული უნდა გქონდეს“.

გასულ წლებში ფერმერს გადამამუშავებელი ქარხანა, სამაცივრე მეურნეობა და პლანტაციები სხვადასხვა ადგილზე ჰქონდა. ამბობს, რომ ბოლო ხუთი წელია წარმოება ერთ სივრცეში მოაქცია.

„ბოლო ხუთი წელია წარმოება ავაშენე ციხისძირში. იქ მაქვს საწარმოც და საცხოვრებელი. შესანახი და გადამამუშავებელი ქარხნები, სამაცივრე მეურნეობა,  საშრობები. სამომავლოდ კიდევ ვცდილობთ ჩვენი საოჯახო ბიზნესი განვავითაროთ“, – ამბობს როდამ ოქროპირიძე.

თაკო ფეიქრიშვილი

თქვენი რეკლამა