ადამიანის საკვებად გამოსაყენებელი სარეველა მცენარეები

სარეველა, ადამიანის, საკვები

უძველესი დროიდან პირველყოფილი ადამიანი საკვებად იყენებდა ველურ მცენარეებს (ფოთლებს, თესლებს, წვნიან ღეროებს, ტკბილ ფესვებს).

მომთაბარე ცხოვრების დროს ისინი იკვებებოდნენ იმ მცენარეებით, რომლებიც მათ გზაზე ხვდებოდა ( თათაბო, ჯიჯლაყა, მდოგვი, ჭინჭარი და სხვ.),  დროთა განმავლობაში დაიწყეს მოძიება და შეგროვება მცენარეებისა, რომელთა გემური თვისებები მათთვის  მისაღები იყო.

სარეველა მცენარეები შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს (E, C, P, PP, Fe, Ca, K, Mg, B1, B2, B6 და სხვ.), ისინი საკვებად ვარგისია მათი შეგროვებიდან 2-3 საათის განმავლობაში, ან უკიდურეს შემთხვევაში იმავე დღეს. გამოიყენება ბოსტნეულთან, თევზეულთან, ხორციან კერძებში, ამზადებენ სუპებს, ფხალეულს და სხვ.

წარმოგიდგენთ იმ სარეველა მცენარეების ჩამონათვალს, რომელიც ადამიანის საკვებად დღესაც გამოიყენება და სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება.

ნაცარქათამა – Chenopodium album L.

ერთწლიანი, ბალახოვანი, საგაზაფხულო სარეველაა. ფესვი – მთავარღერძა; ღერო – სწორი, მომწვანო – მონაცრისფრო, სიმაღლე 20 – 100 სმ; ფოთლები – მორიგეობით განლაგებული, კვერცხისებურ – რომბისებური, დაკბილული; ყვავილედი – თავთავისმაგვარი, სიგრძე 10 – 40 სმ, ყვავილობს ივლის – აგვისტოში; თესლურა – მომრგვალო, წვრილი, შავი, დიამეტრით 1.5 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 100 000 თესლი, აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 8 წელიწადს.

ნაცარქათამა, საკვები, მცენარე

გამოიყენება კულინარიაში ფხალეულის დასამზადებლად.

ჯიჯლაყა  – Amaranthus retroflexus L.

ერთწლიანი საგაზაფხულო სარეველაა. ფესვი – მთავარღერძა; ღერო –  სწორი, მარტივი ან დატოტვილი, ღია მწვანედან მოწითალომდე, სიმაღლე 20 – 150 სმ; ფოთლები – კვერცხისებურ – რომბისებური; ყვავილედი – ცილინდრული, მწვანე ფერის, ყვავილობს ივნის – სექტემბერში; თესლი – მომრგვალო, მუქი ყავისფერი, პრიალა, დიამეტრით 1 მმ, ერთი მცენარე იძლევა 5 000 თესლს.

ჯიჯლაყა, ამარანტი, საკვები, მცენარე

გამოიყენება კულინარიაში ფხალეულის, სუპების დასამზადებლად, თევზეულთან და ხორციან კერძებთან.

ქუთქუთა – Thlaspi arvense L.

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ღერო – მარტივი ან დატოტვილი, 10 – 50 სმ სიმაღლის; ფოთლები – ისრისებური, მჯდომარე, ყვავილი – წვრილი თეთრი ფერის, ყვავილობს აპრილიდან ივნისამდე; ნაყოფი – ჭოტაკი, მრგვალი ან მომრგვალო ოვალური, სიგრძე 12 – 18 მმ, სიგანე 11 – 16 მმ. თესლი ყავისფერი, დაღარული, სიგრძით 1.75 – 2.5 მმ, სიგანე 1.25 – 1.75 მმ, ერთი მცენარე იძლევა 10 000-მდე თესლს.

ქუთქუთა, საკვები, მცენარე

გამოიყენება კულინარიაში ფხალეულის დასამზადებლად.

ჟუნჟრუკი – Stallaria media ( L. ) Cyr.

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან;  ფესვი ფუნჯა; ღერო  – ცილინდრული, დატოტვილი 10 სმ-მდე; ფოთლები – კვერცხისებური, ბოლოში წაწვეტებული; ყვავილები – პატარა, თეთრი, ყვავილობს – მაის-აგვისტოში; ნაყოფი – მოგრძო კოლოფი; თესლი – მომრგვალო ან თირკმლისებური, მუქი ყავისფერი ან მონაცრისფრო – ყავისფერი, ზომით 0.75 – 1.25 მმ, ერთი მცენარე იძლევა 15 000 თესლს, აღმოცენების უნარს 2-5 წლის განმავლობაში.

ჟუნჟრუკი, საკვები, მცენარე

გამოიყენება კულინარიაში სალათების დასამზადებლად.

წიწმატურა  – Capsella bursa-pastoris ( L. ) Medic.

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ფესვი – მთავარღერძა; ღერო – სწორი, მარტივი, დატოტვილი, სიმაღლით 20-60 სმ; ფოთოლი – მორიგეობით განლაგებული, მჯდომარე, მოგრძო – ლანცეტისებური; ყვავილი წვრილი, თეთრი ფერის, ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე, ნაყოფს იძლევა მაისიდან სექტემბრამდე; ნაყოფი – ჭოტაკი, სიგრძე 5-8 მმ, უკუღმა სამკუთხა – გულისებური; თესლი – მოყავისფრო – მოყვითალო, ოვალური, სიგრძე 1 – 2.5 მმ, სიგანე – 0.5 – 0.7 მმ, ერთი მცენარე იძლევა 70 000 თესლს.

წიწმატურა, საკვები, მცენარე

გამოიყენება კულინარიაში ფხალეულის დასამზადებლად.

ყანის ია – Viola arvensis Murray                                                                    

ერთწლიანი მცენარეა იისებრთა ოჯახიდან; ფესვი – წვრილი; ღერო – დატოტვილი, სწორმდგომი 5 – 30 სმ; ფოთლები – მორიგეობით განლაგებული, მარტივი, მოგრძო ლანცეტისებური; ყვავილი ერთეული, მოყვითალო – თეთრი, დიამეტრი 6 – 10 მმ; ნაყოფი – კოლოფი კვერცხისებური, სიგრძე 6 – 10 მმ;  თესლები – უკუკვერცხისებური, ზემოთ ოდნავ შეჭყლეტილი, ფუძესთან შევიწროვებული, გლუვზედაპირიანი, მოყვითალო – ყავისფერი, სიგრძე 1.25 – 1.75 მმ, სიგანე 0.75 – 1 მმ.

ყანისია, საკვები, მცენარე

გამოიყენება კულინარიაში ფხალეულის დასამზადებლად.

ჭინჭარი  – Urtica diodica L.

მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა, 60-200 მმ სიმაღლის; ღერო – სწორმდგომი, შებუსული;  ფოთლები – გულისებრი, დაკბილული; ყვავილები -მოყვითალო – მწვანე, წვრილი, ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე; თესლი –  კვერცხისებური, წვეროსკენ ოდნავ შევიწროებული, ფუძესთან – ფართო, ჭიპი მომრგვალო, მკაფიოდ შესამჩნევი, გლუვი, მონაცრისფრო – ყავისფერი, სიგრძე  1.25 -1.75 მმ, სიგანე 0.75 – 1 მმ, მწიფდება ივლისში.

ჭინჭარი, საკვები, მცენარე

გამოიყენება კულინარიაში ფხალეულის, სუპების დასამზადებლად.

ბოლოკურა – Raphanus raphanistrum L.

ერთწლიანი ბალახოვანი სარეველაა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ფესვი – მთავარღერძა; ღერო – სწორმდგომი, დატოტვილი, შებუსული, 10 – 70 სმ სიმაღლის; ფოთლები – ფრთისებრდანაკვთული; ყვავილი – ყვითელი, ყვავილობს ზაფხულიდან შემოდგომამდე;  ნაყოფი – ჭოტაკი, ცილინდრული,  3 – 8 სმ სიგრძის,  თესლი – მრგვალი ან ოვალური, მოწითალო – ყავისფერი, ბადისებური ზედაპირით, სიგრძე – 3 მმ, სიგანე – 2.25 მმ.

ბოლოკურა, საკვები, მცენარე

გამოიყენება კულინარიაში ფხალეულის დასამზადებლად.

დანდური  – Portulaca oleracea L.

ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა, სუკულენტი; ღერო – გართხმული, მოწითალო ფერის, 10 – 40 სმ; ფოთლები – მჯდომარე, მოპირდაპირედ განლაგებული, მოგრძო -უკუკვერცხისებური, ხორცოვანი; ყვავილი – პატარა, ყვითელი, ყვავილობს ივნისიდან აგვისტომდე; ნაყოფი – კვერცხისებური ან სფეროსებური კოლოფი, მწიფდება სექტემბერში, თესლი – მუქი ყავისფერი – მოშავო.

დანდური, საკვები, მცენარე

გამოიყენება კულინარიაში ფხალეულში, სალათებსა და სუპებში.

მჟაუნა – Rumex acetosa L.

მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა წიწიბურასებრთა ოჯახიდან; ფესვი – მთავარღერძა, მოკლე, დატოტვილი; ღერო – სწორი,  1 მ-მდე; ფოთლები – წვნიანი, ლანცეტისებური; ყვავილი – წვრილი, ვარდისფერი ან წითელი, ყვავილობს მაის -ივნისში; ნაყოფი – მუქი ყავისფერი კოლოფი, თესლები სამწახნაგოვანი, მოშავო -ყავისფერი, 1.7 მმ.

მჟაუნა, საკვები, მცენარე

გამოიყენება კულინარიაში სუპის და  ფხალეულის დასამზადებლად.

ჩვეულებრივი ღოლო – Rumex crispus L.

ბალახოვანი, ფესურიანი, მრავალწლიანი მცენარეა წიწიბურასებრთა ოჯახიდან; ფესვი  – მთავარღერძა, გრძელი, ყავისფერი; ღერო – სწორმდგომი, 50 – 120 სმ სიმაღლის, შეუბუსავი, მოწითალო ფერის; ფოთლები – მოპირდაპირედ განლაგებული, ლანცეტისებური, 15 – 20 სმ სიგრძის, ქვედა ფოთლები – გულისებრი; ყვავილები – პატარა, მოწითალო ან მომწვანო, ყვავილობს ივნის – ივლისში; ნაყოფი – სამწახნაგიანი კაკლუჭა, მოწითალო – ყავისფერი, ბზინავი, სიგრძე – 2 – 3 მმ, სიგანე – 1.5  – 2 მმ.

ღოლო, საკვები, მცენარე

გამოიყენება კულინარიაში ფხალეულის დასამზადებლად.

ოროვანდი – Arctium lappa L.

ორწლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ფესვი – მთავარღერძა, ხორცოვანი, 60 სმ-მდე; ღერო – სწორმდგომი, 60 – 180 სმ სიმაღლის; ფოთლები – დიდი, გულისებური, მორიგეობითი, მარტივი, ყუნწიანი; ყვავილედი – კალათა, ყვავილები მილისებური, იასამნისფერი, ყვავილობს ივლის – აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო – სექტემბერში; თესლურა – მოგრძო, დაღარული, შიშველი, მოკლე ქოჩრით, ჭიპი მრგვალი, ყავისფერი, სიგრძე 4 – 6 მმ, სიგანე 2 – 2.5 მმ.

ოროვანდი, საკვები, მცენარე

კულინარიაში გამოიყენება ფესვები და ღერო, ხშირად კარტოფილთან ერთად ამზადებენ.

წითელი სამყურა – Trifolium pretense L.

მრავალწლიანი ბალახოვანი სარეველაა პარკოსანთა ოჯახიდან; ფესვი – მთავარღერძა, დატოტვილი;  ღერო – სწორი, 20 – 60 სმ სიმაღლის; ფოთოლი – რთული, ელიფსური; ყვავილი – წითელი, ვარდისფერი, 1.3 – 1.6 მმ სიგრძის, ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე; ნაყოფი – პარკი, კვერცხისებური, თესლი გულისებურ – ოვალური, ყავისფერი, ნაყოფმსხმოიარობა ივლისი – აგვისტო.

სამყურა, საკვები, მცენარე

ფოთლები გამოიყენება სალათებში, სენდვიჩებში,  საკონდიტრო მრეწველობაში.

ღანძილი – Allium ursinum L.

მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოავნი მცენარეა; ბოლქვი მოგრძო, სისქით 1 სმ; ღერო – სამწახნაგიანი, 15 – 50 სმ სიმაღლის; ფოთლები – ლანცეტისებური ან მოგრძო, სიგანე 3 – 5 მმ; ყვავილედი – ქოლგა, სფეროსებური, თეთრი, ყვავილობს მაის – ივნისში; ნაყოფი – კოლოფი, თესლი – შავი ფერის, სფერული.

ღანძილი, საკვები, მცენარე

გამოიყენება სალათების, სუპების და მწნილების  დასამზადებლად.

ავტორები:

მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი.

ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის სხელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი.

თქვენი რეკლამა