ადანასური სინ.: მაღლარი. ძველისძველი იმერული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია.
ფილოქსერას გამოჩენამდე საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული მაღლარი ფორმით, შემდგომ წლებში კი მისი გავრცელება მკვეთრად შემცირდა.
ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალო ფორმისაა, ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნაკვთიანიც, საკმაოდ ღრმად დანაკვთული, ქვედა მხარეს ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია.
მტევანი საშუალო სიდიდისაა, კონუსური ფორმის, იშვიათად ცილინდრულ-კონუსურიც, საშუალოდ კუმსი.
მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, მუქი წითელი ფერის, დაფარულია ხშირი ცვილოვანი ფიფქით.
კანი უხეშია, საშუალო სისქის. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ დეკადაში შედის და საგვიანო პერიოდის საღვინე ჯიშებს მიეკუთვნება.
ვაზი საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. მოსავლიანი ჯიშია, ჰექტარზე საშუალოდ 11,3-12,3 ტ/ჰა ყურძენს იძლევა.
სოკოვან დაავადებათა (განსაკუთრებით, ჭრაქის) მიმართ მგრძნობიარეა. მწიფე ყურძენი 21,6-23,1% შაქარს აგროვებს, 10,6-8,1 გ/დმ3 მჟავიანობით.
ადანასურისგან სუფრის წითელ ღვინოები მიიღება.
წყარო: ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი
ფოტო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.