თესვის წესები
არსებობს მობნევით და მწკრივად თესვის წესები. მობნევით თესვის დროს ფართობზე თესლის განაწილება და ნიადაგში ჩაფლა-ჩათესვა ერთიმეორისაგან მოწყვეტით სრულდება. ამგვარი მობნევით თესვა ვერ აკმაყოფილებს აგროტექნიკურ მოთხოვნებს და არარაციონალურია, მწკრივად თესვა კი აგროტექნიკურად მისაღებია.
არასრულყოფილი მექანიზებული თესვის შემთხვევაში ზოგჯერ შეიძლება თესლი დაზიანდეს და ამის კვალდაკვალ შეიძლება გახდეს მიმღებიანი ნიადაგის სოკოების მიმართ. გარდა ამისა, ისინი შეიძლება არათანაბარზომიერად განაწილდეს ნიადაგში ისე, რომ ერთ ადგილზე თესლი შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი, ნათესი შეიძლება ჩაწვეს და დაიღუპოს, ხოლო სხვა შემთხვევაში იქ შეიძლება მოხვდეს ცალკეული თესლი – აღმონაცენმა შეიძლება ვერ დააღწიოს თავი ნიადაგის ფენას.
თესვა უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება თანაბრად. უნდა ვეცადოთ, რომ თესლის დაზიანება იყოს მინიმალური. მან უნდა უზრუნველყოს მცენარეთა დგომის ნორმალური სიხშირე. მცენარეთა მეტისმეტმა დგომის სიხშირემ შეიძლება განაპირობოს არანორმალური მაღალი ტენიანობა და ამ გზით უზრუნველყოს მთელი რიგი პათოგენების განვითარება. მეორეს მხრივ, სქელმა ნათესმა ან ნარგაობამ შეიძლება შექმნას პირობები, რომლებიც ფიზიკურად ეწინააღმდეგებიან ზოგიერთი პათოგენის პროპაგატიული სხეულის გავრცელებას.
თესვისა და დარვის სიღრმე
თესვის სიღრმეს შეიძლება ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა მთელი რიგი პათოგენების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ისეთებისთვის, რომლებიც აავადებენ ღივებს. ღრმა თესვის გამო აღმონაცენების გვიან გამოჩენა ახანგრძლივებს მათი განვითარების მიმღებიან სტადიას, ე.ი. გაღივებასა და მიწის ზედაპირზე გამოჩენილ აღმონაცენს შორის პერიოდს, რომელიც ხელსაყრელად მოქმედებს პათოგენის განვითარებაზე. მაგალითად, ღივის დაავადების გამომწვევ პათოგენებზე Fusarium-სა და Rhizoctonia-ზე.
ხორბლის ღრმა თესვა იწვევს გუდაფშუტით დაავადების გაძლიერებას. ეს კი მნიშვნელოვანია იმით, რომ ღრმად მოხვედრილი თესლი გვიან ღივდება და ღივობის ფაზა ხანგრძლივდება. ამიტომ, თუ შესაძლებელია, ჯობს დაითესოს არა ღრმად. მაგრამ, ეს შესაძლებლობა დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე.
იხილეთ აგრეთვე: თესვა (მცენარის თესლი, თესვის წესი, სიღრმე, ნორმა)
მშრალ ნიადაგებზე ღრმა თესვა აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს თესლი გაღივებისათვის საჭირო ტენით. ხორბლოვანთა ფესვის სიდამპლით (Ophiobolus graminis) დაავადება მით უფრო მატულობს, რაც უფრო ღრმადაა დათესილი ხორბალი, კერძოდ 10 სმ-ზე უფრო ღრმად.
აბრეშუმას საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებათა სისტემაში ღრმად თესვა ერთ-ერთ საყურადღებო საშუალებათაგანია. თუ აბრეშუმას თესლი 5 სმ-ზე ღრმად ხვდება ნიადაგში, მაშინ იგი ზედაპირზე ვეღარ აღწევს და იღუპება.
მრავალწლოვანი კულტურებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს დარგვის სიღრმეს. მაგალითად, ნამყენის დარგვისას თუ დამყნობილი ადგილი ნიადაგში ღრმად ხვდება, მცენარე იჩაგრება, ყვითლდება და ხშირად ხმება კიდეც. თუ ფესვთა სისტემას აერცია აკლდება, ფესვი სუსტდება, მასზე ადვილად სახლდებიან მეორეული ფაკულტატური ორგანიზმები და აძლიერებენ დაავადებას.
თესვის დრო და ნორმები
პათოგენს შეუძლია დააავადოს მიმღებიანი მცენარე განსაზღვრულ, ზოგჯერ მკაცრად შეზღუდულ გარემო პირობებში. მაგალითად, ნაცრით დაავადებისათვის წინა პერიოდი უნდა გამოირჩეოდეს მაღალი ტენიანობით.
მცენარეები მეტად მიმღებიანი არიან მისი განვითარების რომელიმე სტადიაზე, ხოლო სხვა შემთხვევაში ისინი ავლენენ დიდ გამძლეობას. ამასთან დაკავშირებით, თესვის დრო ისე უნდა შეიცვალოს, რომ განვითარების სტადია, რომლის დროსაც მცენარე ყველაზე მიმღებიანია, უნდა იმყოფებოდეს იმ დროს, როდესაც პათოგენი არ არსეობს ან არ შეუძლია მცენარის დაავადება, რადგან არსებული პირობები მისთვის შეუფერებელია.
მცენარისა და პათოგენის ხანგრძლივმა თანაარსებობამ მიიყვანა ისინი განვითარების განსაზღვრულ სინქრონიზაციამდე, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ ბუნებრივ პირობებში. ეს სინქრონიზაცია შეიძლება დაირღვეს, თუ მცენარეებს აღვზრდით რეგულარულ პირობებში ან მოვახდენთ ისეთი ჯიშების კულტივირებას, რომლებიც შეიძლება გაიზარდონ პათოგენისათვის არახელსაყრელ პირობებში. იმ პათოგენებისაგან დასაცავად, რომლებიც ვრცელდებიან წვიმის დროს, კულტურა შეძლებისდაგვარად უნდა გავზარდოთ ისე, რომ მისი განვითარების მეტად მიმღებიანმა ფაზამ გაიაროს მშრალ პერიოდში. შესაძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში აღვზარდოთ მცენარეები იმ დროს, როდესაც გადამტანებისათვის არახელსაყრელი პირობებია.
თესვის ვადების მნიშვნელოვანმა ცვლამ შეიძლება კულტურა ახალი საშიშროების წინაშე დააყენოს. მაგალითად, ჩნდება ახალი პათოგენები და მავნებლები, მცენარე ვერ ასწრებს მომწიფებას ვეგეტაციური სეზონის ბოლომდე, ან ადრე ნათესის შემთხვევაში ზიანდება გაზაფხულის წაყინვებით. ამასთან დაკავშირებით თესვის ვადების ცვლილება შეზღუდულია. ვიდრე ვისარგებლებდეთ თესვის ვადების ცვლილებათა ფართო მასშტაბით, აუცილებელია წინასწარი ფრთხილი გამოკვლევები.
იხილეთ აგრეთვე: ბოსტნეული კულტურების თესვა-რგვის და მოსავლის აღების ვადები
რაიონებში სარწყავი კულტურების შემთხვევაში, სადაც კლიმატი თითქმის არ იცვლება, რამდენიმე პათოგენისაგან დასაცავად შეიძლება ვისარგებლოთ თესვის ვადების შეცვლით, ადრე მომწიფებადი ჯიშების გამოყვანით და წარმოებაში დანერგვით. ადრე თესვით შეიძლება მივიღოთ დადებითი შედეგი, რის გამოც მათ შეიძლება დააღწიონ თავი პათოგენებსა და მავნებლებს. სხვა შემთხვევაში ამ მიზნისათვის შეიძლება ვისარგებლოთ გვიან მომწიფებადი ჯიშებით.
ზომიერი კლიმატის მქონე რაიონებში თესვის ვადების ცვლილება არ შეიძლება ასეთი ფართო მასშტაბით, რადგან სავეგეტაციო სეზონი შესაფერისია კულტურისათვის შესაბამისი ტემპერატურისა და ტენიანობის ფარგლებში. შესაძლებელია მოვიყვანოთ მრავალი მაგალითი ნაადრევი ან ნაგვიანევი თესვისა, რომლის შედეგად თავიდან იქნა აცილებული ამა თუ იმ კულტურის დაავადება. ხორბლოვანთა მყრალი გუდაფშუტათი უფრო მეტად ავადდებიან საშემოდგომო ხორბლის გვიანი და საგაზაფხულო ხორბლის ადრეული ნათესები. მიზეზი მცენარის ღივის ფაზის გახანგრძლივებაა. მყრალი გუდაფშუტა მცენარეს მარტო ღივის ფაზაში აავადებს – რაც უფრო გახანგრძლივებულია მცენარის ღივის ფაზა, მით უფრო მეტი შესაძლებლობა იქმნება დაავადებისათვის. ღივის ფაზის გახანგრძლივება კი გამოწვეულია იმით, რომ ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე მცენარის ღივი შედარებით დაბალი ტემპერატურის გამო ნელა ვითარდება.
თამბაქოს პერონოსპოროზით ადრეული ნათესები უფრო ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე გვიანი ნათესები. კარტოფილის ტუბერების ნაადრევი დარგვა სასარგებლოა კარტოფილის ფიტოფტოროზისაგან დასაცავად.
საჭიროა დაცული იყოს თესვის ნორმებიც. მაგალითად, სათბურებში თამბაქოს საღი ჩითილების მისაღებად უნდა დავიცვათ თესვის ოპტიმალური ნორმები. თესვის ნორმების გადიდების შედეგად ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: თამბაქოს პერონოსპოროზი, თამბაქოს ბაქტერიული დაწვა, ყოველთვის მეტი რაოდენობით გვხვდება, ვიდრე თესვის ოპტიმალური ნორმის დაცვისას.
იხილეთ აგრეთვე: რა უნდა ვიცოდეთ მცენარეთა თესვისა და სათესლე მასალის შესახებ
სათბურებში ბოსტნეულის ჩითილების გამოყვანისას ხშირ ნათესებში (სათბურში) აღმონაცენების დაღუპვა უფრო მეტია, ვიდრე ნორმის მიხედვით თესვის შემთხვევაში.
თესვის ნორმების დარღვევით გამოწვეული აღმონაცენების დაღუპვა აიხსნება მცენარეთა ხშირი დგომით (დაავადება ერთი მცენარიდან მეორეზე ადვილად გადადის), აერაციის შემცირების გამო ტენის ხანგრძლივი შენარჩუნებით, რის გამოც დაავადების გავრცელებისათვის ხელშემწყობი პირობები იქმნება; კვების პირობების გაუარესებით, ეთიოლირებული მცენარეების მიღებით და სხვ. ასეთი შემთხვევები ხშირია მრავალწლოვან კულტურებშიც.
მაგალითად, თუ ღია კვლებში ციტრუსების ნერგები ხშირადაა დარგული, მათ კვების არე მცირე აქვთ. მცენარეთა რიგში და რიგთაშორისებში მცირე მანძილია, ამის გამო ფიტოფტოროზით დაავადების პროცენტიც მაღალია. ერთწლიანი ნერგების ერთმანეთთან ახლო დგომის გამო ფოთლები გაბარდნილია ერთი მეორეში, ტენი გროვდება და ეს ხელს უწყობს სოკოს ზოოსპორების განვითარებას. იმ კვლებზე, სადაც რიგთაშორის მანძილი 80 სმ-დეა დაცული, აერაცია ნორმალურია, ჰაერი არ იხუთება და ფიტოფტოროზიც არ აღინიშნება.
ავტორი: შაქრო ყანჩაველი /მცენარეთა პათოლოგიის საფუძვლები/.
იხილეთ აგრეთვე: მცენარეთა თესლის მომზადება დასათესად – თესვისწინა დამუშავება