მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან დასაცავად, მსოფლიოში ერთ-ერთი აპრობირებულია ქიმიური ნივთიერებების, ე.წ. პესტიციდების გამოყენება.
პესტიციდები კლასიფიცირდება დანიშნულების მიხედვით:
- ინსექტიციდები – მავნე მწერების;
- აკარიციდები – ტკიპების;
- როდენტიციდები – მღრღნელების;
- ნემატიციდები – ნემატოდების;
- ფუნგიციდები – სოკოვანი დაავადებების;
- ბაქტერიციდები – ბაქტერიოზების;
- ჰერბიციდები- სარეველების წინააღმდეგ და ა.შ.
პესტიციდების მოქმედება განპირობებულია ბიოლოგიური აქტივობით და ტოქსიკურად მოქმედებს არა მარტო მავნე, არამედ სხვა ორგანიზმებზეც, მათ შორის, ადამიანზე. ამიტომ აუცილებელია პესტიციდების სწორი და გონივრული გამოყენება, უსაფრთხოების წესების დაცვა როგორც მოხმარების, ასევე ტრანსპორტირებისა და შენახვის პერიოდში.
ორიგინალი პრეპარატი და მისი ჯენერიკი ალტერნატივა
ორიგინალი პრეპარატი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, რომელიც შემუშავებულია მწარმოებელი კომპანიის მიერ. კომპანიას გააჩნია საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამედროვე ლაბორატორიები. მაღალკვალიფიციური მეცნიერები წლების განმავლობაში მუშაობენ ინოვაციურ ფორმულაზე.
მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს პრეპარატის ეფექტიანობის გამოცდა, უარყოფითი ეფექტის შესწავლა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, რაზეც დიდი დრო და მატერიალური რესურსი იხარჯება.
ასეთი პრეპარატები დაცულია პატენტით და მათ მფლობელებს წამლის გაყიდვაზე 20-წლიანი ექსკლუზივი აქვთ. საპატენტო შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ, წამლის წარმოების უფლება სხვა მწარმოებლებსაც ეძლევათ. ასე იქმნება ჯენერიკები.
ჯენერიკში რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, პრეპარატული ფორმა და სხვა ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები იგივე უნდა იყოს, რაც ორიგინალში; განსხვავებულია მხოლოდ დამხმარე ნივთიერებები (მიმწებებლები, ემულგატორები, საფენერები, ანტიდოტები და სხვა).
ჯენერიკი ორიგინალის ბიოეკვივალენტური უნდა იყოს (ეფექტიანობა, ხარჯვის ნორმა, გარემოსა და ადამიანზე გავლენა).
სამი ძირითადი განსხვავება ორიგინალსა და ჯენერიკს შორის
- ჯენერიკის დაბალი ფასი ორიგინალთან შედარებით – აღნიშნული განპირობებულია პრეპარატის მოქმედ ნივთიერებაზე წარმოებული კვლევების ხარჯების არარსებობით, სარეკლამო ხარჯების დაზოგვითა და წარმოების ტექნოლოგიური პროცესებით;
- კომპონენტების სხვაობა – დამხმარე ნივთიერებებზე დამოკიდებულია პრეპარატის ეფექტიანობა და, რაც მთავარია, უსაფრთხოება;
- ტექნიკური პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის განსხვავება (საპატენტო შეზღუდვის ვადის გასვლის შემდეგ, ორიგინალი ფირმა საიდუმლოდ ინახავსპრეპარატის წარმოების პროცესს და რეცეპტურას).
ევროპა მკაცრად აკონტროლებს ჯენერიკების წარმოების პროცესს, ხარისხს და მოქმედი თუ დამხმარე საშუალებების ქიმიურ შემადგენლობას.
ჯენერიკები, რომლებიც არ არის დარეგისტრირებული ЕU და OECD ქვეყნებში, საქართველოში საველე პირობებში გადის ერთ-ორწლიან სარეგისტრაციო გამოცდებს და დოკუმენტურ, ბიოლოგიურ, ეკოლოგიურ, ტოქსიკოლოგიურ და ჰიგიენურ ექსპერტიზას. აგრეთვე ხდება ნიმუშის აღება და მათი ხარისხის შემოწმება.
რა უნდა გავითვალისწინოთ პესტიციდის გამოყენებისას?
არასწორი მოხმარების შემთხვევაში, პესტიციდები დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა, ანოტაციის საგულდაგულოდ გაცნობა. ინსტრუქცია აუცილებელად თან უნდა ერთვოდეს შეძენილ პრეპარატს!
თავდაპირველად უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა, რათა დადგინდეს, რა მავნე ორგანიზმით არის დაზიანებული მცენარეები. ამისთვის საჭიროა მიმართოთ სპეციალისტს!
პესტიციდის შერჩევისას ზუსტად უნდა განისაზღვროს, გამართლებულია თუ არა მის შესაძენად საჭირო ხარჯის გაწევა; შეფასდეს, რა უფრო მომგებიანია – ქიმიური წამლობისთვის თანხის გაღება და ამით მოსავლის გაუმჯობესება თუ თანხის დაზოგვა წამლობაზე და შედარებით ნაკლები მოსავლის მიღება.
ქიმიური წამლობის ჩატარება მაშინ არის გამართლებული, თუ მისი ფასი ნაკლებია შენარჩუნებული მოსავლის ფასზე! პესტიციდის შეძენისას მნიშვნელოვანია მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმისა და წამლობის ჯერადობის გათვალისწინება.
პესტიციდების შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ნამდვილად იმ საჭირო პრეპარატს ყიდულობს, რომელიც მცენარეთა დაცვის სპეციალისტმა ან გამოცდილმა აგრონომმა ურჩია!
მნიშვნელოვანია ტარის შემოწმება, რომელშიც პესტიციდია მოთავსებული!
აუცილებელია:
- ჭურჭელი ჰერმეტულად იყოს დახურული და სახურავს ჰქონდეს ხელუხლებელი დამცავი რგოლი!
- პესტიციდის ტარაზე მიკრული იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, სადაც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივთიერება და კონცენტრაცია, უსაფრთხო გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები, ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.
დაუშვებელია უეტიკეტო, საცობდაზიანებული, საეჭვო ჭურჭელში მოთავსებული პესტიციდის შეძენა! პრეპარატის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია ტარაზე განთავსებული ეტიკეტის გულდასმით წაკითხვა!
დაიცავით უსაფრთხოების ზომები!
შეიძინეთ იმ რაოდენობის პესტიციდი, რამდენიც საჭიროა კულტურის ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებლად. ამით თავიდან აიცილებთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობას.
ქიმიური წამლობების დროს გამოიყენეთ სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც მაქსიმალურად ფარავს სხეულს! აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: რეზინის ხელთათმანი, ჩექმა, თავსაბურავი, სათვალე, რესპირატორი. წამლობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ უქარო ამინდში, დილის ან საღამოს საათებში!
დაუშვებელია:
ქიმიურ პრეპარატებთან (ფხვნილი, ხსნარი) შიშველი ხელებით მუშაობა! პესტიციდით დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, საკვებისა და სასმელის მიღება! პესტიციდის ტარის საყოფაცხოვრებო ან სხვა მიზნებისათვის გამოყენება.
პესტიციდის ტარა უნდა დაიხვრიტოს და ჩაიფლას ღრმად, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში. ქაღალდისა და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. დაწვისას წარმოქმნილი ბოლი საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ამიტომ დაუშვებელია მისი შესუნთქვა!
- სამუშაოს დამთავრების შემდეგ, რეკომენდებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება!
- დაბინძურებული ტანსაცმელი გარეცხეთ და განცალკევებით განათავსეთ!
- სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შემასხურებელი აპარატურა, ნარეცხი წყალი გახარჯეთ დამუშავებულ ნაკვეთში!
როგორ მოიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში
- პესტიციდის ორთქლის შესუნთქვის შემთხვევაში, ექიმის მოსვლამდე დაზარალებული მოარიდეთ სამუშაო ადგილს!
- კანზე მოხვედრისას, პესტიციდების უმრავლესობა სწრაფად შეიწოვება, ამიტომ დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ გამდინარე წყლის ჭავლით. დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!
- პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი გამდინარე წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
- პესტიციდის გადაყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად.
- დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება, როდესაც ადამიანი იმყოფება უგონო მდგომარეობაში!
- პესტიციდის ტარის ეტიკეტი უნდა გადაეცეს ექიმს!
სიფრთხილე თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა!
დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია პესტიციდის 258 მოქმედი ნივთიერება და 715 პრეპარატული ფორმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
თუ შესაძლებელია მცენარეთა დაცვის ბიო (ორგანული) საშუალებები გამოიყენეთ (აგროკავკასია).