სელექცია მეფრინველეობაში

მეფრინველეობა, სელექცია

მეფრინველეობა სოფლის მეურნეობის დარგია, რომელიც სპეციალიზებულია ფრინველის ხორცისა და სასურსათო კვერცხის წარმოებაზე.

მეფრინველეობა ძირითადი პროდუქციის გარდა იძლევა სუბპროდუქტებს ბუმბულისა და ღინღლის სახით. წარმოების ანარჩენები საუკეთესო ნედლეულია ძვალ-ხორცის ფქვილის დასამზადებლად, ხოლო სკორე გამოიყენება,  როგორც ძვირფასი ორგანული სასუქი.

სასურსათო კვერცხს, როგორც წესი, მეკვერცხული ჯიშის ქათმისგან ღებულობენ, ნაკლებად მეხორცულ-მეკვერცხულისა და მეხორცულისგან.

ფრინველის ხორცის მიღების ძირითად  წყაროს ბროილერის გამოზრდა და  მეხორცული ჯიშის ქათმის, იხვის, ბატის, ინდაურის, ციცრის, ასევე მწყერის, ხოხბის, გნოლის, სირაქლემისა და მეხორცული მტრედის  მოშენება წარმოადგენს.

მეფრინველეობის შემდგომი განვითარება წარმოუდგენელია გააზრებული სანაშენე საქმის წარმოების გარეშე, რაც თავის მხივ მოითხოვს შემდეგი საკითხების ცოდნას:

  • სელექციის მეთოდები და ძირითადი სასელექციო ნიშან-თვისებები;
  • მოშენების მეთოდები;
  • სასელექციო-სანაშენე საქმე სამრეწველო მეფრინველეობის პირობებში;
  • სელექციის მეთოდები და ძირითადი სასელექციო ნიშან-თვისებები.

სანაშენე საქმე, რომელიც მეფრინველეობის ინტენსიური წარმოების ერთ-ერთ მთავარ ელემენტს წარმოადგენს, მიმართულია ფრინველის მაღალპროდუქტიული ხაზებისა და კროსების შექმნისა და სრულყოფისაკენ. სანაშენე საქმისა და გაღრმავებული სელექციის ეფექტურობა მიიღწევა იმ შემთხვევში, თუ მათ კომპლექსში, კარგად ორგანიზებულ კვებას, გამოზრდასა და მოვლა-შენახვასთან ერთად აწარმოებენ.

სელექცია – ესაა შეფასების, გადარჩევისა და შერჩევის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია ფრინველის რეზისტენტობის, პროდუქტიული და სანაშენე ნიშან-თვისებების შექმნისა და სრულყოფისაკენ.

გადარჩევა – გულისხმობს მოშენების მიზნით მაღალპროდუქტიული და სიცოცხლისუნარიანი ფრინველის ამორჩევას, რომელიც თავის ნიშან-თვისებებს მტკიცედ გადასცემს შთამომავლობას. გადარჩევას აწარმოებენ ნიშან-თვისებათა კომპლექსით, როგორიცაა: ექსტერიერი და კონსტიტუცია, პროდუქტიულობა, წარმოშობა, შთამომავლობის ხარისხი.

მეფრინველეობაში იყენებენ სელექციის შემდეგ მეთოდებს:

  • მასობრივი სელექცია (გადარჩევა ფენოტიპის მიხედვით) – ესაა ფრინველის ინდივიდუალური ღირსებების შეფასება რაოდენობრივი ნიშან-თვისებების  მიხედვით;
  • ოჯახური სელექცია –არის ფრინველის გადარჩევა და შეფასება ფენოტიპისა და გენოტიპის მიხედვით;
  • კომბინირებული სელექცია – წარმოადგენს მასობრივი და ოჯახური სელექციის შეთანაწყობას.

რამდენიმე ნიშან-თვისების ან ნიშან-თვისებათა კომპლექსის მიხედვით შეფასება შეიძლება ჩატარდეს როგორც ერთდროულად, ასევე თანმიმდევრობით. ამის  მიხედვით არჩევენ გადარჩევის შემდეგ მეთოდებს:

  • თანმიმდევრობითი (ტანდემური) სელექციის მეთოდი. ამ მეთოდის გამოყენებისას ჯერ უმჯობესდება ერთი ნიშან-თვისება, ვიდრე იგი არ მიაღწევს სასურველ დონეს (მაგ.კკვერცხმდებლობა), შემდეგ გადარჩევას აწარმოებენ სხვა ნიშან-თვისების სრულყოფისათვის (მაგ. კკვერცხის მასა). მეთოდი დიდ დროს მოითხოვს;
  • დამოუკიდებელ დონეთა წუნდების მეთოდი, ყველაზე გავრცელებული მეთოდია. აამ მეთოდის არსი მდგომარეობს თითოეული ნიშან-თვისებისათვის მინიმალური მოთხოვნის  დადგენაში;
  • სელექციის მეთოდი ინდექსების მიხედვით-ითვალისწინებს ფრინველის შეფასებას არა ცალკეული ნიშან-თვისებებით, არამედ მათი კომპლექსით, რომელიც გამოსახულია ერთი შემაჯამებელი სიდიდით.

მეფრინველეობაში  ძირითად სასელექციო ნიშან-თვისებებს მიეკუთვნება:

  • კვერცხმდებლობა – კვერცხის რაოდენობა, რომელსაც ფრინველი დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დებს. ეს ნიშან-თვისება სელექციაში აღირიცხება ინდივიდუალურად, საკონტროლო ბუდის მეშვეობით. კკვერცხმდებლობა იანგარიშება დამწყებ და საშუალო დედალზე: სიცოცხლის 40 კვირის მანძილზე – წინასწარი დაჩქარებული შეფასებისას; 68-72 კვირის მანძილზე – კვერცხმდებლობის საბოლოო და სრული შეფასების დროს;
  • კვერცხდების ინტენსივობა – ფრინველის მიერ დროის გარკვეულ მონაკვეთში დადებული კვერცხის რაოდენობა, რომელიც იანგარიშება პროცენტებში იმავე პერიოდში კვერცხის შესაძლო მაქსიმალური რაოდენობიდან. აღნიშნული თვისება აუცილებელია გათვალისწინებული იყოს კვერცხდების ცალკეულ პერიოდებში, განსაკუთრებით პირველსა და ბოლოში. ამიტომ კვერცხდების ინტენსივობის აღრიცხვის პერიოდებს ანსხვავებენ მისი მაქსიმუმით, მაქსიმალური ინტენსივობის დადგომის ასაკით (კვერცხდების პიკი) და მისი ხანგრძლივობით პროდუქტიული პერიოდის ბოლო 8 კვირის განმავლობაში. სელექციურ მუშაობაში ეს პერიოდი სიცოცხლის 61-68 ან 65-დან 72 კვირამდე გრძელდება;
  • სქესობრივი სიმწიფე – ფრინველის ასაკი (დღეებში) პირველი კვერცხის დადებისას. ნიშან-თვისება მემკვიდრეობით გადადის და საკმაოდ ცვალებადია, თუმცა ხასიათდება მემკვიდრულობის დაბალი  კოეფიციენტით (15-40%). სქესობრივი სიმწიფე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე. იგი ასევე მჭიდრო კავშირშია კვერცხის მასასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კვერცხმდებელი ვერ აღწევს ნორმალურ მასას.
  • კვერცხდების ციკლი – კვერცხის რაოდენობა, რომელსაც დედალი შესვენების გარეშე დებს. ხანგრძლივი ციკლები დამახასიათებელია მაღალპროდუქტიული ქათმისათვის – 30-50 კვერცხი და მეტი; ხანმოკლე- დაბალპროდუქტიულებისთვის – 1-2 ცალი. კვერცხდებებს შორის შესვენებებს ინტერვალი (7-10 დღე) ან პაუზა (10 დღეზე მეტი) ეწოდება.

ექსტენსიურ მეფრინველეობაში მუდამ გამოყოფდნენ ზამთრის პაუზას, რომელიც ემთხვეოდა ზამთრის დადგომას. სხვადასხვა ინდივიდისათვის მისი ხანგრძლივობა განსხვავებულია. თანამედროვე მეფრინველეობაში სინათლისა და ტემპერატურის რეგულირებადი რეჟიმის პირობებში, ზამთრის პაუზა, როგორც წესი, საერთოდ არ არსებობს ან ძალზედ შემოკლებულია;

კვერცხდების ციკლი განისაზღვრება პროდუქტიული წლის განმავლობაში დადებული კვერცხის საერთო რაოდენობის ფარდობით, ციკლების რაოდენობაზე.

  • კრუხობის ინსტიქტი – რომელიც უარყოფითად მოქმედებს კვერცხდებაზე და გამოწვეულია ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური  გარდაქმნით.  კერძოდ, ამ დროს დიდი ოდენობით წარმოიქმნება ჰორმონი პროლაქტინი და ნაკლები ოდენობით – ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონები, რის გამოც კვერცხდება წყდება. ყველა ქათამი, რომელსაც კრუხობის ინსტიქტი უვითარდება, გამოწუნებას ექვემდებარება. ეს კი ხელს უწყობს ნაკლებპროდუქტიული  ფრინველისაგან  გუნდის  გათავისუფლებას;
  • განგური – ეწყება ყოველ ინდივიდს პროდუქტიული პერიოდის დასრულების შემდეგ. მისი დაწყება და ხანგრძლივობა თითოეული ორგანიზმისთვის განსხვავებულია. აღნიშნული ნიშან-თვისება გენეტიკურადაა განპირობებული. გუნდში მუდამ შეიძლება აღმოჩნდეს ფრინველი, რომელსაც განგური გაცილებით ადრე ეწყება, ვიდრე  მთელ პოპულაციას  ან ხაზს. არიან ისეთი ქათმებიც, რომლებსაც განგური ძალიან დიდხანს – 3-4 თვე უგრძელდებათ. ასეთ ინდივიდებს ერღვევათ ან სრულიად უწყდებათ  კვერცხდების ჰორმონალური  რეგულაცია. სანაშენე მიზნებისათვის არჩევენ  ფრინველს, რომელსაც განგურის მიმდინარეობის ნორმალური ვადა – 1,5-2 თვე ახასიათებს;
  • კვერცხის მასა – სელექციის ერთ-ერთი ძირითადი ნიშან-თვისება, რომელიც კვერცხის წარმოებაში განსაზღვრავს კვერცხის მასის გამოსავალს, ხოლო ხორცის წარმოებაში – დადებით კორელაციაშია ერთდღიანი წიწილის მასასთან.

სელექციის ამოცანაა – შექმნას ისეთი ხაზები, რომლებშიც კვერცხის მასასა და კვერცხდებას შორის არსებული უარყოფითი კორელაციის მიუხედავად, ერთმანეთს წარმატებით შეეთანაწყობა ძირითადი სასელექციო ნიშან-თვისებები – კვერცხის მასა (56-60გრ.), კვერცხმდებლობა (250-280 ც.) და სხეულის დაბალი მასა.

ზრდასრული ფრინველის კვერცხის მასას საზღვრავენ კვერცხდების დასაწყისში:  მეკვერცხულ ქათამს აფასებენ 30-36 კვირის ასაკში; მეხორცულს – 30-34 კვირისაში; იხვს – 40 კვირის ასაკში; ბატს – 40-45 კვირისაში. კკვერცხის საშუალო მასის გამოსაანგარიშებლად  აუცილებელია აიწონოს თანმიმდევრობით დადებული, სულ მცირე 10 ცალი კვერცხი;

  • კვერცხის ხარისხი – განისაზღვრება მისი მორფოლოგიური და ბიოქიმიური მაჩვენებლებით: კვერცხის ფორმით (ფორმის ინდექსი); ნაჭუჭის ხარისხით; ცილის ინდექსით, ყვითრისა და ცილის ინდექსით; ყვითრში A ვიტამინისა და კაროტინოიდების შემცველობით, ვიტამინის რაოდენობითა და სხვა;
  • სხეულის მასა – ნიშან-თვისება, რომელსაც სანაშენე საქმეში სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ასე მაგ., კვერცხის წარმოებისას მიზანშეწონილია გამოყენებული იყოს იმ ხაზების ფრინველი, რომელიც ხასიათდება სხეულის დაბალი მასით. ერთის მხრივ ეს ხელს უწყობს კვერცხის წარმოებაზე საკვების დანახარჯის შემცირებას, მეორის მხრივ – ფრინველის მოვლა-შენახვისას, მისი დასმის სიმჭიდროვის გაზრდას. მმეკვერცხულ მეფრინველეობაში სელექცია მიმართულია სხეულის მასის კლებისაკენ. ცოცხალი მასის შემცირებასთან ერთად შესაძლებელია კვერცხმდებლობის გაზრდა და სქესობრივი სიმწიფის შედარებით ადრე დადგომის მიღწევა. რაც შეეხება მეხორცულ მეფრინველეობას, აქ სელექციას აწარმოებენ ფრინველის ისეთი ხაზების შესაქმნელად, რომელთა ერთდღიანი წიწილა შთამბეჭდავი ზომისაა და დროის მცირე მონაკვეთში აღწევს დიდ ცოცხალ მასას.

მეკვერცხული მიმართულების ქათმისათვის ცოცხალ მასას საზღვრავენ 17 კვირისა და 12 თვის ასაკში,  მეხორცულისთვის – 7 და 37 კვირის ასაკში; ინდაურისათვის – 8, 13 და 17 კვირის,  იხვის – 7 კვირის, ხოლო ბატის შესაბამისად 8, 26 და 35 კვირის ასაკში;

  • მეხორცული თვისებები – აუცილებელი ნიშან-თვისება მეხორცული მიმართულების ქათმის, ინდაურის, იხვისა და ბატის სელექციის დროს. ფფრინველის მეხორცული თვისებები, რომელიც გამოიხატება სხეულის ცალკეული ნაწილების კუნთოვნობაში, განპირობებულია გენეტიკურად და დამოკიდებულია მის მდგომარეობასა და ანატომიურ და ფიზიოლოგიურ განვითარებაზე. 7 კვირის ასაკში საზღვრავენ მკერდის სიგანეს (ვიზუალურად ან კუთხმზომით), ქედის სიგრძეს, ბარძაყისა და წვივის კუნთოვნობას. მმეხორცულ თვისებებს ადგენენ ფრინველის ბონიტირების დროს  მისი  აწონვითა  და ზემოაღნიშნული სიდიდეების შესწავლის საფუძველზე;

დაკვლის შემდეგ მეხორცული თვისებების შეფასებისას ადგენენ: ტანხორცის ჭამადი და არაჭამადი ნაწილების თანაფარდობას; მკერდისა და ფეხის კუნთების , ასევე ცხიმის გამოსავალს; ტანხორცის ხარისხს, ხორცის გემოს;

  • სიცოცხლისუნარიანობა – განისაზღვრება ფრინველის ორგანიზმის სპეციფიკური და საერთო რეზისტენტობით. თითოეულ ორგანიზმს გააჩნია მემკვიდრეობით განსაზღვრული შესაძლებლობა წარმოქმნას და შეინარჩუნოს თავდაცვითი რეაქცია გარემოს არახელსაყრელი პირობებისა და თავად ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევების წინააღმდეგ.

ფრინველის სიცოცხლისუნარიანობა გამოიხატება მისი შენარჩუნების მაჩვენებლით ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დროის განსაზღვრულ პერიოდში  გადარჩენილ  ინდივიდთა  ოდენობით.

აღნიშნული სიდიდე იანგარიშება  პროცენტებში  ფრინველის  საწყისი  რაოდენობიდან. ზოოტექნიკური წუნს – პროცენტებში გამოსახულ ფრინველთა რაოდენობას, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო იქნა გამოწუნებული,  შენარჩუნებისაგან დამოუკიდებლად აღრიცხავენ.

მეკვერცხული ქათმისთვის შენარჩუნებას ითვალისწინებენ მოზარდის გამოზრდის პერიოდში 17 კვირის მანძილზე; ზრდასრული ფრინველისათვის 18-დან 72 კვირამდე; მეხორცული წიწილისათვის – 8-9 კვირამდე; ინდაურის ჭუკისათვის – 7 კვირამდე; იხვის ჭუჭულისთვის – 7 კვირამდე; ხოლო ბატის ჭუკისათვის – 8 კვირამდე. მმეხორცული ფრინველის სიცოცხლისუნარიანობას აფასებენ სიცოცხლის 420-450 დღემდე,  ზრდასრული ბატისა და იხვისას კი კვერცხდების ციკლის განმავლობაში;

  • აღწარმოების უნარი – ფრინველის ნაყოფიერების ანუ მამრისა და მდედრისაგან გარკვეულ პერიოდში მიღებული მოზარდის რაოდენობის განმსაზღვრელი ნიშან-თვისება. იგი ჯამდება შემდეგი მაჩვენებლებით: კვერცხმდებლობით,  განაყოფიერებით,  გამოჩეკილი წიწილის რაოდენობით ჩაწყობილი და განაყოფიერებული კვერცხიდან და მოზარდის შენარჩუნებით გამოზრდის საწყის პერიოდში. კვერცხის განაყოფიერება – ესაა საინკუბაციოდ ჩაწყობილი კვერცხიდან პროცენტებში გამოსახული განაყოფიერებული კვერცხის რაოდენობა. გამოჩეკილი წიწილის რაოდენობა საინკუბაციოდ ჩაწყობილი კვერცხიდან არის პროცენტებში გამოსახული კონდიციური წიწილის რაოდენობა. აღნიშნული ნიშან-თვისება დამოკიდებულია კვერცხის ბიოლოგიურ სრულფასოვნებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ზიგოტის განვითარების ოპტიმალურ პირობებს.
  • მოზარდის შებუმბვლის სისწრაფე – ამ მაჩვენებელს ძირითადად იყენებენ მეხორცული ფრინველის მოშენებისას, ვინაიდან იგი დადებით კორელაციაშია ზრდის სიჩქარესთან. ერთი დღის ასაკში სწრაფად შებუმბვლად წიწილას საფრენი ბუმბული მფარავზე გრძელი აქვს. გამოწუნებას ექვემდებარება ნელაშებუმბვლადი წიწილა, რომელსაც საფრენი ბუმბული სიგრძით მფარავის ტოლი ან უფრო მოკლე აქვს. შებუმბვლის სისწრაფის მიხედვით შეფასებას და გადარჩევას უფრო მოგვიანებით – 7კვირის ასაკში აწარმოებენ. შეფასების კრიტერიუმს ზურგის შებუმბვლა წარმოადგენს;
  • საკვების კონვერსია (ანაზღაურება) – თვისება, რომელიც არამარტო პროდუქტიული და სიცოცხლისუნარიანი ფრინველის მიღების საშუალებას იძლევა, არამედ ეკონომიკურად გამოსადეგიცაა, რაც ნიშნავს რომ ერთეული პროდუქციის წარმოებაზე ფრინველი რამდენადაც შესაძლებელია მცირე რაოდენობის საკვებს მოიხმარს;

საკვების ანაზღაურებას ადგენენ საკვების დანახარჯის გაანგარიშებით 10 ცალ კვერცხზე ან 1 კგ წონამატზე. აღრიცხვას აწარმოებენ 10 დღის განმავლობაში მოზარდის გამოზრდისა და ფრინველის მოვლა-შენახვის სხვადასხვა პერიოდებში.

სელექცია მიმართულია იმ ფრინველის გამოვლენასა და გადარჩევაზე, რომელსაც  შეუძლია ეფექტურად გამოიყენოს საკვების საყუათო ნივთიერებები, გადააქციოს რა ისინი პროდუქციად – ხორცად და კვერცხად.

სასელექციო – სანაშენე საქმე მეფრინველეობაში.

ავტორები: ანატოლი გიორგაძე – დოქტორი, სსმმ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო  განყოფილებების კოორდინატორი;

მარინა ბარვენაშვილი – დოქტორი, სსმმ აკადემიის ეროვნული კოორდინატორის ჯგუფის წევრი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

იხილეთ აგრეთვე: ქათმის ძირითადი ჯიშები

თქვენი რეკლამა