ციტრუსები – დარგვა, ნერგის გამოყვანა, მყნობა, გასხვლა, ბაღის გაშენება

ციტრუსი

ფერმერებმა კარგად იციან, რომ მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი და წამყვანი კომერციული დარგია.

სასიამოვნო გარეგნობის ოქროსფერი ნაყოფები, თავისი დიეტური და არომატული თვისებებით ყოველთვის იპყრობდა ადამიანის ყურადღებას. ციტრუსოვანთა ნაყოფებში საკმაო რაოდენობითაა ნახშირწყლები, მჟავები, ორგანულ მჟავათა მარილები, პექტინოვანი ნივთიერებები და ვიტამინები.

ციტრუსოვანთა გვარში შემავალი სახეობებიდან საქართველოში ფართო სამრეწველო მნიშვნელობა აქვს მანდარინს, ფორთოხალს და ლიმონს.

რაც შეეხება სხვა სახეობებს- გრეიპფრუტს, ციტრონს, პომპელმუსს და სხვა ნაკლებად კომერციული მნიშვნელობა აქვთ, ისინი ჩვენში ფერმერთა ნაკვეთებზე ერთეული ნარგაობის სახითაა გაშენებული.

მანდარინი (C. nobilis Laur)

მანდარინსსაქართველოში როგორც პლანტაციების ფართობის, ასევე წარმოებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით პირველი ადგილი უჭირავს მანდარინს, რაც ამ მცენარის ნაყოფის ღირსებითა და უფრო მაღალი ყინვაგამძლეობით არის განპირობებული.

მანდარინის ჯიშებიდან ჩვენში სამრეწველო დანიშნულებით გავრცელებულია:

მანდარინი „უნშიუ“ – სამშობლო იაპონიიდან; ხე ძლიერ მოზარდი 4-5მ. სიმაღლის, კომპაქტური, ფართო ოვალური ვარჯით. ნაყოფები საშუალოდან მსხვილამდე (50-75გ.); უთესლო, გემო მომჟავო-მოტკბო, ქიმიური შემადგენლობა: შაქრები 6,17%, მჟავიანობა 0,98%, ვიტამინი ,,C“ 36-38მგ.%. მსხმოიარობაში შედის 3-4 წლის შემდეგ. მწიფდება ნოემბრის მეორე ნახევარში, მაღალმოსავლიანი, ყინვაგამძლეობა -10- 120C.

ქართული საადრეო– უნშიუს სომატური მუტანტია, აღმოჩენილია ჩაქვში 1958წ. ხე ნამგალა დაბალმზარდია (1,8-2,5მ) ხშირი, ძლიერი კომპაქტური ტოტებით. ნაყოფი მსხვილი (82-85გ.) მომრგვალო, გემო არომატული მოტკბო-მომჟავო. უნშიუსთან შედარებით მისი ნაყოფი 25 დღით ადრე მწიფდება.

„კოვანო-ვასე“ – წარმოშობილია იაპონიაში, როგორც მანდარინ უნშიუს კვირტული ვარიაცია, ხე 2,0-2,5მ. სიმაღლის, ნაყოფი მსხვილი (75-90გრ.) მომრგვალო, ოდნავ შებრტყელებული, მოტკბო-მომჟავო გემოსი. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-2-3 წელს, ნაყოფები მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევარში. საადრეო ფორმებიდან ასევე ცნობილი ჯიშებია: მიაგავა-ვასე, ოკიცუ-ვასე, მიხო- ვასე, ტიახარა უნშიუ.

ფორთოხალი (Citrus Cinensis)

ფორთოხალი – მრავალწლიანი, მარადმწვანე საშუალო ზრდის ხე მცენარეა, სიმაღლით 10-12 სმ. კომპაქტური ვარჯით, ყინვაგამძლეობა -9- 100 C.

ჩვენში გავრცელებული ჯიშებია:

„ვაშინგტონ ნაველი“ – შემოტანილია ამერიკიდან, ხე საშუალო ზრდისაა, კარგად შეფოთლილი გადაშლილი ვარჯით, ნაყოფი მრგვალი. ოდნავ მოგრძო, საშუალო წონა 400გ., წვერში დამახასიათებელია ჭიპი. ქიმიური შემადგენლობა: შაქარი- 7,37%, მჟავიანობა- 0,94%, ვიტამინი ,,C“- 56,6მგ.%. საშუალო მოსავლიანია, მწიფდება ნოემბრის ბოლოს, შენახვისუნარიანი და ტრანსპორტაბელურია.

„ჰამლინი“ – შემოტანილია ამერიკიდან, უხვმოსავლიანი, ადრემწიფადი ჯიშია, ნაყოფი თესლიანია, მომჟავო მოტკბო სასიამოვნო გემოთი.

„ვალენსია“ – ჯიში ესპანურია, ხე ძლიერ მზარდი, ნაყოფი საშუალო ზომის (150გ.) ხორკლიანი ზედაპირით, რბილობი ნაზი, წვნიანი, მწიფდება გვიან. ყინვაგამძლეობა -5-60C.

ლიმონი (Citrus Limon)

ლიმონი – გასულ საუკუნეში საქართველოში გავრცელებული იყო როგორც ინტროდუცირებული, ისე ადგილობრივი წარმოშობის ლიმონის ჯიშები: ქართული ლიმონი, დიოსკურია, კუზნერის ლიმონი, უდარნიკი, ვილაფრანკა ჯენუა; სამწუხაროდ სოკო ტრაქეიფილას (მალსეკო) მასიური დაავადებების ფონზე აღნიშნული ჯიშები განადგურდა.

დღეისათვის მოსახლეობაში შემორჩენილია ე.წ. მალსეკო გამძლე ლიმონი მეიერი. იგი ჩინური წარმოშობისაა. საშუალოდ მზარდი ბუჩქია, ეკლიანი, რემონტატული და უხვმოსავლიანი. ნაყოფი თესლიანი, რბილობი ნაზი, უხვი წვენი ქიმიური შემადგენლობა: შაქარი – 3,5%. მჟავიანობა 3-4%, ვიტამინი ,, “-34,8მგ.%. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან 2-3 წლის შემდეგ.

ციტრუსებისათვის ნიადაგის შერჩევა

ციტრუსების გასაშენებლად ადგილის შერჩევისას საჭიროა გავითვალისწინოთ მიკროკლიმატური პირობები: რელიეფი ზღვის დონიდან, ადგილმდებარეობის სიმაღლე, ზღვის დაშორება. ამასთან ერთად, უნდა ვიცოდეთ გადაზამთრების პირობებისადმი კულტურათა ცალკეული სახეების – ჯიშების ბიოლოგიური მოთხოვნილებაც.

ციტრუსებისთვის გამოსადეგი ნაკვეთები

• აფხაზეთში გამოსადეგია ის ნაკვეთები, რომლებიც გორაკების ფერდობებზე, ზღვიდან 2-3კმ- დე მდებარეობენ, ზოგან კი 10 და მეტ კილომეტრამდეა განლაგებული ზღვის დონიდან 40-150 მეტრის სიმაღლეზე;

• აჭარაში-გორაკების ფერდობები 200 მეტრამდე ზღვის დონიდან, ზღვიდან დაშორებული 15 კმ-დე;

• გურიაში-7 კილომეტრამდე ცალკეული ადგილები და მიკრონაკვეთები 15 კილომეტრამდე.

• ფოთის მიდამოებში ზღვის სანაპირო ვიწრო ზოლი (2-3კმ.);

• ზოგადად სამეგრელოში ურთის და ეკის მთის ცალკეული ფერდობები, ასევე ამ ზონაში შესაძლებელია შეირჩეს ცალკეული თბილი კარგად დაცული ლიმონისა და ფორთოხლისათვის ვარგისი მიკრონაკვეთები.

• ციტრუსოვანი კულტურებისათვის საუკეთესოა ჰუმუსით მდიდარი წითელმიწები, ნეშომპალა-კარბონატული, ყომრალი ყვითელმიწა, სუსტი გაეწრებული და ალუვიური ნიადაგები.

ნიადაგის მომზადება ციტრუსების დარგვისთვის

გასაშენებლად ნიადაგი მზადდება დარგვამდე ერთი-ორი წლით ადრე. შერჩეული ნაკვეთები უნდა განთავისუფლდეს ტყის და ბუჩქებისაგან, მათი ფესვები ამოიძირკვოს და ნაკვეთის ზედაპირი მოსწორდეს.

ნიადაგის მომზადებისას უნდა შევიტანოთ ფოსფოროვანი სასუქი 500კგ/ჰა-ზე დამუშავების მთელ სიღრმეზე. ამის შემდეგ ითესება წინამორბედი კულტურები (სიდერატები, მარცვლოვნები).

მესამე წელს დარგვის წინ ვაკე და ფერდობ ადგილებზე (150-მდე დაქანებისას) ეწყობა ნიადაგის მთლიანი დამუშავება 45-50სმ. სიღრმეზე, ხოლო 15-300-მდე დაქანებულ ფერდობებზე ეწყობა ტერასები.

ტერასების მოწყობა აუცილებელია ჰორიზონტალების გამოყოფით. ტერასებს შორის ვარდნის სიმაღლე 200-მდე დაქანებისას 1,25 მეტრია, ხოლო 20-300-ის დაქანების ფერდობზე ტერასას შორის სიმაღლეთა სხვაობა 1,5 მეტრი. ტერასის ვარდნის სიმაღლის მატებასთან ერთად ტერასის სიფართე მცირდება.

ციტრუსოვანი კულტურების სარგავი მასალის გამოყვანა პოლიეთილენის პარკებში

ციტრუსოვანთა ნერგების გამოყვანა ხდება სპეციალურად მოწყობილ სანერგე მეურნეობებში, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. ნერგი უნდა იყოს იმუნური და ახასიათებდეს ჯიშის მემკვიდრული ნიშან-თვისებები.

ციტრუსოვანთა ნერგების გამოყვანის ტექნოლოგია პოლიეთილენის პარკებში გრუნტში გამოყვანასთან შედარებით ხასიათდება შემდეგი უპირატესობით: ნერგების რეალიზაცია-დარგვა მუდმივ ადგილზე შეიძლება ჩატარდეს წლის ყველა პერიოდში; ფესვთა სისტემის მთელი მასა დაუზიანებლად შენარჩუნებულია და ნერგის გახარების უნარი იზრდება 100%- მდე.

ნერგების გამოყვანის ტექნოლოგია ასეთია:

სუბსტრატად გამოიყენება ალუვიალური ნიადაგი, რომელსაც უმატებენ ტორფკომპოსტს, შეფარდებით 1:2 თან. ერთ ტონა მასას უმატებენ 20კგ. ფოსფორიან და 5კგ. კალიუმიან სასუქებს. ნარევი ფენა კარგად აირევა და გაიცრება.

სუბსტრატი უნდა იყოს ფხვიერი და გასუფთავებული ქვებისა და სხვა მინარევებისაგან. სუბსტრატად წითელმიწა ნიადაგის გამოყენებისას, მას უნდა დაემატოს კირი ნახევარი გაცვლითი მჟავიანობის ანგარიშით.

ნერგების გამოსაყვანად პოლიეთილენის პარკის ზომა უნდა იყოს 20х30სმ;სამ კგ. ნიადაგის ტევადობით. პარკს ძირში უკეთდება 2 ნახვრეტი დრენაჟისათვის. ასევე 4 გვერდითი ნახვრეტი ჰაერის დრენაჟისათვის.

პარკები მჭიდროდ ივსება მომზადებული ნიადაგის ნაზავით და ვერტიკალურად ეწყობა სანერგის რიგებში.1კვ.მეტრზე თავსდება 80 პარკი ანუ 1 ჰა-ზე 350 ათასი ცალი.

მარტის მეორე ნახევარში ან აპრილის დასაწყისში პარკებში რგავენ ტრიფოლიატის თესლნერგებს, რომლის დიამეტრი ფესვის ყელთან უნდა იყოს არა ნაკლებ 3მმ.

თესლნერგის ფესვს ამოკლებენ ერთი მესამედით, ამოავლებენ წუნწუხში და თითო-თითოს რგავენ ცალ-ცალკე, აუცილებელი მორწყვით. 15-20 დღის შემდეგ ამოწმებენ გახარებას, გახმობის შემთხვევაში რგავენ ახალ თესლნერგს.

ტრიფოლიატის თესლნერგების გამოყვანა შესაძლებელია, როგორც დახურულ გრუნტში, ისე ღია გრუნტში კვლებზე.

ტრიფოლიანტის თესლის დასამზადებლად წინასწარ შერჩეულ ხეებზე იკრიფება მსხვილი და მომწიფებული ნაყოფები, როდესაც ნაყოფი ლპობას დაიწყებს გამოიღებენ თესლს, რეცხავენ წყალში და აშრობენ. ადრე გაზაფხულამდე თესლი ინახება სილაში გრილ სარდაფებში.

თესვას აწარმოებენ გაზაფხულზე ღია კვლებზე 2-3სმ. მანძილზე. საძირეების დაგარგვა-პიკირება პოლიეთილენის პარკებში, ან ღია კვლებზე ხდება შემოდგომა-გაზაფხულზე, როდესაც მისი დიამეტრი ფესვის ყელთან 4მმ-ზე მეტია.

ციტრუსოვანთა მყნობა

ციტრუსოვანთა მყნობის ძირითად სახედ ითვლება კვირტით მყნობა ადრე შემოდგომაზე (აგვისტო-სექტემბერი).

მყნობას აწარმოებენ 8-10მმ სიმსხოს მქონე ტრიფოლიატის საძირეებზე 5-6სმ. სიმაღლეზე ფესვის ყელიდან. მყნობას აწარმოებს გამოცდილი სპეციალისტი. მყნობიდან 10-15 დღის შემდეგ მოწმდება კვირტების გახარება, თუ არ გაიხარა საძირეზე მეორე მხრიდან წარმოებს განმეორებითი მყნობა.

მომდევნო წელს ვეგეტაციის დაწყებამდე საძირეები გადაიჭრება გახარებულ კვირტზე 2-სმ.ზემოთ. სავეგეტაციო პერიოდში საჭიროების მიხედვით ხდება საძირეებზე ამონაყრების მოცილება, სარეველებისაგან გასუფთავება, გაფხვიერება, განოყიერება, მორწყვა.

მანდარინისა და ფორთოხლის სტანდარტულ ნერგებს უნდა ჰქონდეთ 15- 20სმ; ლიმონის ნერგებს 10-15სმ. სიმაღლის შტამბი. 2-3 ძირითადი გვერდული ტოტი.

ნაკვეთის დაგეგმვა და ნერგების დარგვა

ვაკე ადგილებსა და 15 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე მთლიანი დამუშავებისას მცენარეები ირგვება სწორკუთხოვნად.

მანდარინისა და ლიმონისათვის მცენარეთა შორის მანძილი 2-2.5 მეტრი, ფორთოხლისათვის და გრეიპფრუტისათვის 3-3,5 მეტრი, მწკრივთაშორის მანძილი 4-5 მეტრი.

მანდარინის ნაგალა ფორმებისათვის კვების არე შესაძლებელია 2×3მ-მდე შემცირდეს.

ასეთი განლაგებისას ერთ ჰექტარზე ეტევა: მანდარინი უნშიუ 10000 ძირი, ფორთოხალი 750-800 ძირი, მეირის ჯიშის ლიმონი 1200 ძირი, საადრეო-ნაგალა მანდარინი 2000 ძირი, ტერასებზე მცენარეთა შორის მანძილი ჰორიზონტალურად განლაგებულ მწკრივებში დაახლოებით იგივეა.

ციტრუსოვანთა ნერგი მუდმივ ადგილზე შემოდგომაზე 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე ირგვება, გაზაფხულზე 25 მარტიდან აპრილის ბოლომდე.

დარგვის წინ მონიშნულ ადგილებში ამოიღებენ ორმოს (30-40სმ) მასში შეაქვთ 10-12კგ. გადამწვარი ნაკელი ან ტორფნაკელიანი კომპოსტი, სუპერფოსფატი 50გ; მჟავე ნიადაგებში სასურველია დამატებით შეტანილი იქნას 1 კგ. დეფეკაციური ტალახი.

დარგვის წინ, თუ ნერგი ღია გრუნტშია გამოყვანილი-ფესვებს წინასწარ ამოავლებენ წუნწუხში ასწორებენ ორმოში დასარგავად და მიწას მოაყრიან, თუ ნერგი პოლიეთილენის პარკებშია გამოყვანილი-დარგვის წინ ფრთხილად შემოაცილებენ აპკს, ნერგს მიწის კომით მოათავსებენ ორმოში შემოაყრიან მიწას, მოტკეპნიან და მორწყავენ, სასურველია მულჩირება. თითოეული ნერგი აიკვრება ჭიგოზე.

ნიადაგის დამუშავება და განოყიერება ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გაშენების პირველ ორ წელს ციტრუსოვანი ნარგაობის ორმეტრიანი ზოლი (თითო მეტრი მცენარის ორივე მხარეზე) სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში მუშავდება 3-4 ჯერ და იმულჩება მცენარეული მასით.

რიგთაშორის დარჩენილ 2-3 მეტრიან ზოლებში ითესება ზაფხულის და ზამთრის სიდერატები, ასევე შესაძლებელია ამ ზოლის ბუნებრივი ბალახებით დატოვება.

ახალგაზრდა ბაღებში ორგანული სასუქების და სიდერატების მწვანე მასის ჩაკეთების, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების შეტანის მიზნით მთელ რიგთაშორისებში ხდება ნიადაგის გადაბარვა 10-15 სმ. სიღრმეზე – იმ განსხვავებით, რომ შტამბის მიმართულებით დამუშავების სიღრმე მცირდება.

ზრდასრულ პლანტაციაში, სადაც ვარჯი შეკრულია, არ არის ძლიერდასარეველიანებული, რეკომენდირებულია 4-5 წელიწადში ნიადაგის მსუბუქი დამუშავება ერთხელ ბარფიწლის გამოყენებით, თუმცა მწვანე სიდერატების, ორგანული მულჩისა და მინერალური სასუქების ყოველწლიური გამოყენების ფონზე ციტრუსოვანთა სრულმოსავლიან ბაღებში ნიადაგის ღრმა დამუშავება სავალდებულო არაა.

ციტრუსოვანთა კვება

ციტრუსოვან მცენარეთა სწორი კვების სისტემას მნიშვნელობა აქვს, არა მარტო მაღალი მოსავლის მისაღებად, არამედ ის დიდ გავლენას ახდენს ყინვაგამძლეობაზე და ნაყოფის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. ციტრუსოვანთა პლანტაციებში შეაქვთ ორგანული (ნაკელი, მწვანე სასუქი, ტორფკომპოსტი) და მინერალური სასუქები.

ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით ახალგაზრდა ბაღებში ნაკელი ან ტორფკომპოსტი ერთ ხეზე შეაქვთ : 1-5 წლამდე-15-25კგ; 10 წლისა და მეტი ხნის ბაღებში 30-40 კგ. შეტანის ვადა შემოდგომა-ზამთარი ნიადაგის მსუბუქი დამუშავებით. მინერალური სასუქებიდან შეაქვთ აზოტი წმინდა საკვები ელემენტის მიხედვით 1-3 წლამდე 30-40გ. 4-5 წლამდე 60-80-გ. 6-8 წლამდე 100-150გ. ათი წლის ზემოთ 200-250გ. ყოველ წლიურად; ხოლო 6 წლის შემდეგ ოთხ წელიწადში ერთხელ 250გ. სუფთა ელემენტის სახით ერთ ხეზე. კალიუმი 1-5 წლამდე 50გრ; 6 წელზე ზევით ყოველ 2 წელში ერთხელ 100-120 გ. სუფთა ელემენტი ერთ ხეზე.

ციტრუსოვანთა პლანტაციებში აზოტიანი სასუქებიდან ძირითადად გამოიყენება აზოტმჟავა ამონიუმის გვარჯილა (33-34% აზოტის შემცველობა), ფოსფორიანი სასუქებიდან გრანულირებული და ჩვეულებრივი სუპერფოსფატის ფქვილი (18% ფოსფორის შემცველობა), კალიუმიანი სასუქებიდან კალიუმის მარილი (30-40% კალიუმის შემცველობა).

ტორფნაკელიანი მინერალური სასუქების კომპოსტი, ნაკელი, ფოსფორი და კალიუმის მარილი შეაქვთ ნიადაგის გადაბარვისას, აზოტოვანი სასუქი (გვარჯილა) კი ორ ვადაში- ნორმის 60% მარტ-აპრილში, ხოლო 40% ყვავილობის შემდეგ 15 ივნისამდე. უხვი მოსავლის შემთხვევაში აზოტის დოზა 30%- ით დიდდება.

თუ ნიადაგის მჟავიანობა იზრდება, საჭიროა პერიოდულად მოკირიანება. კირი შეაქვთ გადაბარვისას გაცვლითი მჟავიანობის მიხედვით 15სმ. სიღრმეზე. მიკროელემენტებიდან, ნიადაგისა და მცენარის ანალიზის საფუძველზე გამოიყენება თუთია, მანგანუმი, ბორი.

ციტრუსოვანთა მორწყვა

საქართველოს სუბტროპიკულ რეგიონებში ციტრუსოვანი კულტურები განიცდიან წყლის დეფიციტს, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ადგილი აქვს ყვავილების წარმოქმნას და ნასკვების განვითარებას.

ასეთ პირობებში, როგორც ვაკე, ისე ფერდობ ადგილებში რეკომენდირებულია დაწვიმებით მორწყვა, გამაგრილებელი მორწყვა და წვეთობრივი მორწყვა.

მორწყვის ყველა სახე იძლევა მაღალ ეფექტს. მოსავლიანობა იზრდება 30-40%-ით. გვალვების პირობებში ციტრუსოვანთა ბაღებში ასევე რეკომენდირებულია ორგანული და მცენარეული მულჩის გამოყენება, ნიადაგის ფხვიერ მდგომარეობაში ყოფნა.

ციტრუსოვანთა გასხვლა-ფორმირება

ციტრუსოვანთა ხეხილის ფორმირება და გასხვლა მიზნად ისახავს: სასურველი ვარჯის ფორმირებას ძლიერი კარგად განვითარებული განტოტვებით; ზრდისა და მსხმოიარობის რეგულირებას, მცენარეთა მაქსიმალური პროდუქტიულობის უზრუნველყოფას.

ციტრუსოვანთა ვარჯის ფორმირება სანერგეში იწყება და გრძელდება პლანტაციაში.

დარგვიდან მე 2-3 წელს პირველი ზრდის ყლორტები ისხვლება 30-40სმ. სიმაღლეზე; მსხმოიარე ბაღებში მთელი ვეგეტაციის მანძილზე სასურველია ძლიერად მზარდი ყლორტების 1/2-1/3-ით დამოკლება. რადგან ვარჯი ზედმეტად არ ჩახშირდეს.

ხეების გასხვლას ატარებენ გაზაფხულზე, როდესაც აშკარად ჩანს ზამთრით გამოწვეული დაზიანებანი. გასხვლის დროს უნდა გვახსოვდეს: მანდარინის მცენარეები ძირითად მოსავალს იძლევიან გასული წლის მეორე ზრდის ნაზარდებზე , ხოლო მცირე ნაწილი მიმდინარე წლის პირველი ზრდის ყლორტებზე.

ფორთოხალი და გრეიპფრუტი ნაყოფს უმთავრესად ინვითარებენ მიმდინარე წლის გაზაფხულის პირველი ზრდის ყლორტებზე, ლიმონი მეიერი კი ნაყოფებს იძლევიან სანაყოფე ნაზარდებზე, რომლებიც წარმოიქმნებიან მიმდინარე წლის ზრდის ყლორტებზე.

განსაკუთრებით საჭიროა ლიმონის ზრდის რეგულირება მთელ სავეგეტაციო პერიოდში ძირითადი ყლორტების წვეროების წაკვეცით (პინცირებით).

გასხვლის შედეგად დაგროვებული ნარჩენი მასა უნდა შეგროვდეს, გატანილი იქნას ბაღიდან და დაიწვას. უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად რეკომენდირებულია ყვავილებისა და ნასკვების ნორმირების მეთოდის გამოყენებაც.

ციტრუსოვანთა მავნებლები, დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები

მავნებლების და დაავადებების მიერ ციტრუსოვანთა კულტურებზე მიყენებული ზარალი, ბრძოლის ღონისძიებების ჩაუტარებლობის შემთხვევაში, 20 დან 50 %-მდე იზრდება.

ციტრუსოვანთა ნარგავების ძირითადი მავნებლებია: ციტრუსოვანთა ფრთათეთრა, ციტრუსოვანთა ბეწვიანი, წითელი და ვერცხლისფერი ტკიპები; იაპონური ჩხირისებრი, ყავისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი ჩხირისებრი და მძიმისებრი ფარიანები, იაპონური და ჩინური ცვილისებრი, წაგრძელებული ბალიშა და რბილი , ზღვისპირა, ვაზის ფქვილისებრი, ავსტრალიური ღარებიანი ცრუფარიანები.

ასევე ნარინჯოვანთა ბუგრი, მარმარილოს ღრაჭა, ფოთოლხვევიები, კალიები, მახრა და მავთულა ჭიები. ციტრუსოვანთა უმთავრესი დაავადებებია: მალსეკო (ხმალა), გომოზი, ციტრუსების ბაქტერიული ნეკროზი, ანთრაგნოზი, მეჭეჭიანობა, ნაცრისფერი სიდამპლე, ფესვის სამხრეთული სიდამპლე.

ცხრილში #1 მოცემულია ბრძოლის ღონისძიებები: მავნებელ – დაავადებების წინააღმდეგ სავეგეტაციო პერიოდში ქიმიური მეთოდის გამოყენებისას ტარდება ოთხჯერადი შესხურება ინსექტიციდის + ფუნგიციდის, აკარიციდებისა და ზეთის კომბინირებული ნაზავით.

citrusis_wesamlva_4449557676222208695

ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდიდან ცრუფარიანების კერებში ხდება კრიპტოლემუსისა და როდოლიის გაშვება. მრავალწლოვანი სარეველების წინააღმდეგ ციტრუსოვანთა ახალგაზრდა ბაღებში იყენებენ ჰერბიციდებს.

ციტრუსოვანთა მოსავლის აღება

ციტრუსოვანთა მოსავლის აღება მეტად საპასუხისმგებლო პერიოდია. ნაყოფებს კრეფენ ტექნიკურ, ანუ ასაღებ სიმწიფეში, მაშინ, როდესაც ნაყოფი ჯიშისათვის დამახასიათებელ სიმსხოს, საკმაო წვნიანობასა და გარეგნულ შეფერადებას მიიღებს.

მანდარინი უნდა მოიკრიფოს მაშინ, როდესაც კანის 2/3 დამახასიათებელ ყვითელ ფერს მიიღებს. მანდარინის კრეფის ვადები ჯიშებისა და რეგიონების მიხედვით ცვალებადია. საადრეო ჯიშები: კოვანო ვასე, ქართული საადრეო იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, საგვიანო ჯიშები-უნშიუ ნოემბრის თვეში.

რეგიონების მიხედვით აფხაზეთსა და სამეგრელოში მანდარინი 10-15 დღით ადრე მწიფდება, ვიდრე აჭარა – გურიაში. ფორთოხალი იკრიფება ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის თვეში.

ლიმონის ნაყოფის კრეფა, მიუხედავად მისი კანის შეფერილობისა, დასაშვებია მაშინ, როდესაც ის მიაღწევს სტანდარტულ სიმსხოს (50მმ) და წვნიანი გახდება.

ნაყოფის კრეფა წარმოებს მშრალ ამინდში სპეციალური ნაყოფსაჭრელი მაკრატლებით. მოკრეფილი ნაყოფი ფრთხილად ეწყობა ყუთებში და მიაქვთ პუნქტებში და შემფუთავ ქარხნებში.

დაწესებულია ციტრუსოვანთა ნაყოფის ორი ხარისხი: სტანდარტული და არასტანდარტული. მანდარინისთვის სტანდარტულია 48მმ-ზე მეტი სიმსხოს ნაყოფი; ლიმონი ,,მეიერისთვის“ სატნდარტულია 42მმ-ზე მეტი სიმსხოს ნაყოფი; ფორთოხლისათვის სტანდარტულია 77მმ-ზე მეტი სიმსხოს ნაყოფი.

აღნიშნულ მაჩვენებლებს ქვემოთ არსებულ არასტანდარტულ ნაყოფებს იბარებენ წონით. სტანდარტული ნაყოფების რეალიზაცია ხდება უშუალოდ ხილის მოხმარების სახით, არასტანდარტულის-როგორც ხილის, ასევე წვენის და სხვა დანიშნულებით.

აგროკლიმატური რისკები და ციტრუსოვანთა მოსავლიანობა ციტრუსოვანთა ნარგაობისათვის

აგროკლიმატური რისკებიდან შესაძლებელია დასახელდეს:

1. ზამთრის ყინვები – ციტრუსოვანთა კულტურები ყინვებისადმი განსაკუთრებულ მგრძნობიარობას იჩენს; ლიმონისათვის დამღუპველია -8-90C; მანდარინისათვის -11-120C; ფორთოხლისათვის და გრეიპფრუტისათვის -9-100C;

არსებობს ალბათობა, რომ პრაქტიკული ჰაერის ცივი მასების შემოჭრა მოხდეს ჩრდილო კავკასიიდან, რამაც გამოიწვიოს სუბტროპიკულ ზონაში ტემპერატურის მკვეთრი დაცემა -14-150C-მდე. ასეთი ყინვების განმეორებადობა შავი ზღვის სანაპირო ზოლში შესაძლებელია 10-15 წელიწადში ერთხელ, თუმცა გლობალური დათბობის პირობებში ეს დიაპაზონი შეიძლება ცვალებადი გახდეს.

ყინვებისგან დასაცავად მიმართავენ ფესვის ყელთან მიწის შემოყრას 30-35სმ.სიმაღლეზე. ასევე გამოიყენება მცენარეთა შეფუთვა, გაზით გათბობა შებოლება და სხვა ღონისძიებები.

2. საგაზაფხულო წაყინვები – რადიაციული წაყინვები განპირობებულია ნიადაგის ზედაპირის ინტენსიური გაციებით მოწმენდილ-წყნარ ღამეში. ნიადაგის ზედაპირზე წარმოიშობა ტემპერატურის ინვერსია. ტემპერატურა 2-40 C-მდე ეცემა.

წაყინვების დადგომის სეზონია: აჭარა-გურიაში 20 აპრილიდან 5 მაისამდე; სამეგრელო-აფხაზეთში 15 აპრილიდან 1 მაისამდე. ზიანდება ახალგაზრდა ყლორტები, სანაყოფე კვირტები. წაყინვების საწინააღმდეგო ეფექტური ღონისძიებაა შებოლება (ნამჯა,თივა,ძველი საბურავები და სხვა).

3. სეტყვა – სუბტროპიკულ ზონაში სეტყვის საშიშროება იშვიათი მოვლენაა, თუმცა არის ერთეული შემთხვევები გახაფხულსა და შემოდგომაზე, როდესაც სეტყვა სერიოზულ ზიანს აყენებს ახალგაზრდა ყლორტებს ასევე ტექნიკურ სიმწიფეში მყოფ ნაყოფებს. სეტყვით დაზარალებულ მცენარეებსა და ნაყოფებს უტარდებათ პრეპარატებით წამლობა.

4. ხანგძლივი გვალვები – ბოლო 10- 15 წლის განმავლობაში ყოველ მე-2-3 წელს დაფიქსირებულია საგაზაფხულო და საზაფხულო გვალვები. გვალვების ხანგრძლივობა 30-50 დღე. ნიადაგში ტენის ძლიერი დეფიციტი იწვევს ნასკვების და ნაყოფების მასიურ ცვენას, ფოთლების ჭკნობას და ხმობას. ასეთ პირობებში მაღალეფექტური ღონისძიებაა მორწყვა.

5. უხვთოვლიანობა – ტენიან სუბტროპიკებში უხვთოვლიანობა ხშირი შემთხვევაა. რეგიონებისა და ზონების მიხედვით თოვლის საბურველის სიმაღლე 0,30-1,5 მ-მდე მერყეობს. შესაძლებელია ერთი დღე-ღამის განმავლობაში 1 მეტრი სისქის თოვლიც კი მოვიდეს. დადგომის სეზონი დეკემბერი-თებერვალი; დიდთოვლიანობა იწვევს ხეების მექანიკურ დახლეჩვა-დაზიანებას, აძლიერებს ყინვების მოქმედებას. საჭიროა დროულად განთავისუფლდეს მცენარეები თოვლისაგან.

6. ეროზია, მეწყერული მოვლენები, წყალდიდობები – საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში ნალექების არათანაბარი განაწილება ქმნის ეროზიისა და მეწყერული მოვლენების განვითარების საშიშროებას. განსაკუთრებით შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე უხვი ნალექებისა და თოვლის დნობის პერიოდში ადგილი აქვს ზვავებს, მეწყერებს, ნიადაგის ეროზიას, წყალდიდობას.

ციტრუსოვანთა ბაღები, რომლებიც აღნიშნული მოვლენების ზემოქმედების ქვეშ მოხვდებიან-ძლიერ ან მთლიანად ნადგურდებიან. აღნიშნული უარყოფითი ქმედებების სალიკვიდაციოდ საჭიროა პრევენციული ღონისძიებების ჩატარება.

ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უკანასკნელ პერიოდში ამოქმედდა სადაზღვევო კომპანიების მიერ წინასწარ დაზღვეულ ციტრუსოვანთა ბაღებში აგროკლიმატური რისკების მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალის ანაზღაურების პრაქტიკა.

გახსოვდეთ: ციტრუსოვანთა ბაღებში მაღალხარისხოვანი სტანდარტული ნაყოფების მიღება შესაძლებელია მხოლოდ აგროტექნიკური ღონისძიებების სრულყოფილად გატარების შემთხვევაში. რომელიმე ერთი ღონისძიების უგულველყოფაც კი შესაძლებელია გახდეს მოსავლის მთლიანი განადგურების ან მცენარეთა სრული გახმობის მიზეზიც კი.

თუ აგროტექნიკის რომელიმე რგოლი დაირღვევა, ფერმერები მიიღებენ არასტანდარტულ ნაყოფებს, რომლის რეალიზაცია გართულდება და ფერმერთა შემოსავლებიც შემცირდება.

შემდგენელი: ზაურ გაბრიჩიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

თქვენი რეკლამა