საქართველოს სასოფლო სამეურნეო სავარგულებში და საძოვრებზე უკანასკნელი 25-30 წლის მანძილზე მკვეთრად გაუარესდა ნიადაგების ნაყოფიერება.
ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების უკონტროლო მოხმარებამ, მძიმე მექანიზაციის ინტენსიურმა გამოყენებამ, ნიადაგის ინტენსიურმა დამუშავებამ, უკონტროლო ძოვებამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობა ნიადაგის ფიზიკურ-ბიოლოგიური დეგრადაცია, საძოვრებზე ბალახმდგნარი საფარის გაუარესება, გამეჩხერება და ყოველივე ამის შედეგად უარყოფითი პროცესები.
ამასთან ცნობილია, რომ მონოკულტურა მოსავლიანობას 25-30%-ით ამცირებს, ხოლო ჰუმუსის მოძრავი ფორმების შემცველობას – 40-50%-ით.
დღეისათვის მდგომარეობა არასახარბიელოა: ნიადაგის სტრუქტურა დარღვეულია, დაქვეითებულია ჰუმუსისა და საკვებ ნივთიერებათა შემცველობა, წარმოქმნილია სახნავი ფენის ქვედა გამკვრივებული ფენა, გაუარესებულია ნიადაგის თვისებები – წყალგამტარობა, ტენიანობა, აერაცია და სხვა. ასეთ დეგრადირებულ, „გადაღლილ“ ნიადაგებზე მოსავლიანობა 55-65%-ით ეცემა.
ასეთი ნიადაგების ბიოლოგიური გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია სიდერაცია ანუ მწვანე სასუქები და სხვადასხვა ბალახნარევების შეთესვა.
მწვანე სასუქის გამოყენების ქვეშ, იგულისხმება სასოფლო სამეურნეო ღონისძიება, რომელიც ნიადაგის ნაყოფიერების გადიდების მიზნით სპეციალურად დათესილი კულტურების მწვანე მასის ნიადაგში ჩახვნას წარმოადგენს, ამ პროცესს სიდერაცია ეწოდება, ხოლო ამ მიზნით დათესილ კულტურებს-სიდერატები.
მწვანე სასუქად უმეტესად გამოიყენება პარკოსანი კულტურები.
მწვანე სასუქი ეფექტურია არა მარტო გამოყენების წელს, არამედ 3-4 და 10 წლის მანძილზეც, ჩაის პლანტაციებში კი უფრო მეტ ხანს – 17-18 წლის განმავლობაში.
მწვანე სასუქი მრავალმხრივ სასარგებლო ზემოქმედებას ახდენს ნიადაგის თვისებებზე, კერძოდ:
ნიადაგში შედის ორგანული მასა, რომელიც მდიდარია მცენარისათვის საჭირო ყველა საკვები ელემენტით;
უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა, მისი ფიზიკური, ქიმიური, მიკრობიოლოგიური თვისებები;
სიდერატი კულტურები უკეთ ითვისებენ საკვებ ელემენტებს, ძნელად შესათვისებელი ნაერთები გადაჰყავთ შესათვისებელ ფორმაში;
ფესვთა სისტემით აფხვიერებენ ნიადაგის ღრმა ფენებს და საკვები ელემენტები ამოაქვთ ზევით;
მწვანე სასუქების გამოყენებით იზრდება სხვა ორგანული და მინერალური სასუქების ეფექტურობა;
კარგად განვითარებული სიდერატები ახშობენ სარეველა მცენარეებს და ქმნიან საუკეთესო პირობებს მომდევნო კულტურების განვითარებისათვის;
სიდერატი, როგორც ორგანული სასუქის ერთ-ერთი სახე, აძლიერებს მცენარეთა ყინვაგამძლეობის უნარს.
სიდერატები გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგზე ყველა კულტურისათვის: ხეხილის ბაღებში, სუბტროპიკულ მეურნეობაში, ჩაის პლანტაციებში, ციტრუსოვანთა ნარგავებში, სხვადსხვა ტექნიკურ კულტურებში და საძოვრებზე.
მწვანე სასუქად დათესილი მცენარეები ნიადაგში უნდა ჩაიხნას, ყვავილობის და მწვანე პარკების გამოღების ფაზაში, ვინაიდან ამ პერიოდში მასა უფრო სწრაფად იხრწნება.
სიდერატების ჩახვნა უნდა მოხდეს მომდევნო კულტურის დათესვამდე, 20-30 დღით ადრე.
/ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა/
იხილეთ აგრეთვე: რა არის მწვანე სასუქი (სიდერატები და სიდერაცია)