მარწყვის კვება სათბურში

არწყვი, კვება, სათბური

მცენარისათვის საჭირო საკვები ელემენტების წყარო ნიადაგია, მასზე მოთხოვნილება დამოკიდებულია მცენარის ბიოლოგიურ თავისებურებაზე, მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე.

საკვები ელემენტების საერთო რაოდენობიდან გამომდინარე მცენარე მხოლოდ ადვილად მისაწვდომ მოძრავ ფორმებს ითვისებს, ამიტომ აუცილებელია სათბურში მცენარეთა დაბალანსებული კვება, რომელიც მცენარის ნორმალურ ზრდა-განვითარებას, მაღალ, ხარისხიან მოსავალს და აგროეკოლოგიურ წონასწორობას განაპირობებს.

როგორც ზრდის სხვადასხვა ფაქტორები ვერ ჩაანაცვლებს ერთმანეთს, ისე ვერ შეცვლის ერთ საკვებ ელემენტს მეორე, რადგან თითოეული მათგანი სპეციფიკურ ფუნქციას ასრულებს მცენარის ზრდა-განვითარებისთვის, ამიტომ რომელიმე საკვები ნივთიერების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მცენარის განვითარების შეფერხება და მოსავლიანობის შემცირება.

იმ შემთხვევაში თუ ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი მარწყვის მიღება გვინდა, უნდა გამოვიყენოთ სასარგებლო ელემენტებით მდიდარი, ორგანული სასუქი, რომელიც მცენარეს სრულფასოვან ზრდა-განვითარებაში დაეხმარება.

სათბურში მარწყვის გაშენების შემდეგ სასურველია ორ კვირაში ერთხელ მცენარის კვება, რადგან სათბურში მარწყვი შეზღუდულ გარემოში იზრდება და ვითარდება, ეს არის სპეციალური მილები, ჟოლობები, პოლიეთილენის პარკები, ქოთნები და სხვ.

  1. პირველი კვება დარგვიდან ორ კვირის შემდეგ, ორგანიკა 2 ლიტრი + 100 ლიტრი წყალი, ფესვიდან კვება, თითო მცენარეს 200 გრამი;
  2. პირველი კვებიდან ორი კვირის შემდეგ ბიოდეპოზიტი 100 გრამი + 100 ლიტრი წყალი, ფოთლიდან კვება;
  3. მეორე კვებიდან ორი კვირის შემდეგ, ნაცარი 1კგ +100 ლიტრი წყალი, ფესვიდან კვება, თითო მცენარეს 200 გრამი;
  4. მესამე კვებიდან ორი კვირის შემდეგ, საპროელექსირი 100 გრამი + 100 ლიტრი წყალი, ფოთლიდან კვება;
  5. მეოთხე კვებიდან ორი კვირის შემდეგ ორგანიკა 2 ლიტრი + 100ლიტრი წყალი შესხურება ფოთლიდან და ა.შ.

გახსოვდეთ:

→ სათბურში მარწყვის ნერგის დარგვის დროს ტენი უნდა იყოს 80-85 %;
→ მცენარის განვითარებისა და ზრდის პერიოდში 75%;
→ ყვავილობის დროს 70 %;
→ ნაყოფის სიმწიფის დროს 65-70%;
→ ტემპერატურული რეჟიმი დღის განმავლობაში 15- 20 გრადუსი;
→ ღამით 13-15 გრადუსი;
→ ყვავილობის დროს 22-25 გრადუსი.

ასევე საუკეთესოა : ნაყოფის გამონასკვის წინ და ნაყოფის კრეფის შემდეგ ჭინჭრის ნაყენის გამოყენება.

ჭინჭრის ნაყენი მზადდება გაზაფხულზე ან ზაფხულში (თესლის გამოღებამდე), მოთიბული მწვანე მასა უმჯობესია მოთავსდეს პლასტმასის ან ემალირებულ ჭურჭელში. 1 კგ ნედლ დაქუცმაცებულ ჭინჭარზე ისხმევა 10 ლიტრი წყალი (სასურველია წყალი იყოს ოთახის ტემპერატურის). ჭურჭელი უნდა იყოს თავდახურული. საჭიროა ყოველდღიურად კარგად მორევა. დუღილის პროცესი 10-15 დღეში დასრულდება. ამის შემდეგ ხდება ნაყენის გაფილტვრა, 1 ლიტრი ნაყენი ზავდება 10 ლიტრ წყალში და მიღებული ხსნარით ხდება მარწყვის მორწყვა. აუცილებელია რომ ნაყენის გაზავება მოხდეს უშუალოდ მოხმარების წინ, არ შეიძლება გაზავებული ნაყენის შენახვა.

ავტორი: ლალი გოგინავა.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“.

თქვენი რეკლამა