ევროპული ლარიქსი – აღწერა, აგროტექნიკა, გამწვანებაში გამოყენება

Larix – ლარიქსი. ოჯ. Pinaceae – ფიჭვისებრთა. გვარი წარმოდგენილია 10-15 სახეობით, რომლებიც გავრცელებულნი არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ ზონებში.

50 მ-მდე სიმაღლის, დიდი ზომის ფოთოლმცვივანი (წიწვებმცვივანი) ხეებია ჰორიზონტალური, ფართო და არათანაბრად განწყობილი, ზოგჯერ კი ჩამოშვებული, ტოტებით. ცალკეული ეგზემპლარები 500 წლამდე და მეტსაც კი ცოცხლობენ. ქერქი სქელია, უხეშნაოჭებიანი. წიწვი ნემსისებური, ბრტყელი, თხელი, რბილი, ღია მწვანე ან მოცისფროა.

მამრობითი „ყვავილები“ (მიკროსტრობილები) მარტოულია, მომრგვალო ან კვერცხისებური, ვითარდებიან უწიწვო მოკლე ყლორტების წვერებზე. გირჩები პატარაა, წაგრძელებულ-კვერცხისებური, ნორჩობაში – მწვანე, მოყვითალო-მწვანე ან ალისფერი, მომწიფებისას – ნაცრისფერ-ყავისფერი.

თესლები მწიფდება და გირჩებიდან გამოიფანტება პირველსავე წელს, ხოლო თავად გირჩები კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში რჩება ხეზე. თესლების სრულყოფილად განვითარების პროცენტული მაჩვენებელი დიდი არაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ისინი უკვე მეორე-მესამე წელს კარგავენ აღმოცენების უნარს.

სამრეწველო თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მცენარეა – გააჩნია მაგარი, მკვრივი, გამძლე და ულპობი მერქანი. მისგან დამზადებული ბოძები უძლებდნენ რომის ამფითეატრების კონსტრუქციების სიმძიმესა და ვენეციის წყალში აშენებულ სახლებს. ის გემთმშენებლობის მთავარ მასალსაც წარმოადგენს. სამწუხაროდ, ლარიქსის აქტიურმა გამოყენებამ მისი ევროპული არეალის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია.

ევროპული ლარიქსი – Larix decidua

ბოტანიკური აღწერა

იზრდება ჩრდილოეთ ევროპის მთებში, სადაც მნიშვნელოვანი ფართობები უკავია და ალპურ მდელოებამდე აღწევს. წიწვი ნაზია, ღია მწვანე. გააჩნია სხვადასხვა ჰაბიტუსისა და ზრდის ფორმის მქონე მრავალი კულტივარი.

ლარიქსი, ლისტვენიცა, მარადმწვანე

აგროტექნიკა

ლარიქსი „თავისუფლებისმოყვარე“ მცენარეა. ის მხოლოდ გაშლილ ადგილზე ივითარებს მისთვის დამახასიათებელ გადაშლილი ფორმის ვარჯს. დაჩრდილულ ადგილებსა და ხშირ ნარგაობებში ის მცირედდეკორატიულია. არაა მომთხოვნი ნიადაგის მიმართ: იზრდება როგორც ქვიშნარ, ისე თიხნარ ნიადაგებზე, მაგრამ უპირატესობას მაინც მსუბუქ, ნაყოფიერ, სუსტი მჟავე რეაქციის მქონე თიხნარ ნიადაგებს ანიჭებს.

მოზრდილ ეგზემპლარებს გააჩნიათ მძლავრი, დატოტვილი ფესვთა სისტემა და ამიტომ დამატებით კვებას არ საჭიროებენ. ახალგაზრდა მცენარეები კი ადრე გაზაფხულზე დამატებით უნდა გამოიკვებოს ტენიან მიწაში კომპლექსური ან კომბინირებული მინერალური სასუქების შეტანით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – ახალი ნაკელით.

გადარგვა უნდა მოხდეს ან ადრე გაზაფხულზე, კვირტების გაშლამდე, ან შემოდგომაზე, წიწვების გაყვითლების შემდეგ. ნორჩი ლარიქსი ადვილად იტანს გადარგვას, დიდი ეგზემპლარები კი მხოლოდ წინასწარი სათანადო მომზადების შემდეგ უნდა გადაირგოს, რაც გულისხმობს ფესვების რამდენჯერმე დამოკლების შემდეგ მკვრივი კოშტის წარმოქმნას. თუ მცენარის გადარგვას შემოდგომით აპირებენ, მაშინ ფესვების სხვლას გაზაფხულზე აწარმოებენ. თუ გაზაფხულზე უნდა გადაირგოს, მაშინ კოშტს წინა წლის ზაფხულში ამზადებენ.

სასურველია მცენარის გადარგვა უწიწვო ფაზაში, ანუ ან ადრე გაზაფხულზე, ან შემოდგომაზე. აქტიური ნაზარდის მქონე ეგზემპლარების გადარგვა სასურველი არაა, თუმცა დასაშვებია გასხვლის, ნაწილობრივ ჩრდილში მოთავსებით და წყლის რეგულარული დაპკურების შემთხვევაში.

აქტიური ზრდის პერიოდში რწყვა ესაჭიროებათ. ისინი ასევე კარგად ეგუებიან გრუნტის წყლების სიახლოვეს; ხნოვანი ეგზემპლარებისთვის კი ზედმეტი ტენი დამღუპველია. სახეობათა უმრავლესობა ყინვაგამძლეა, მაგრამ ამავე დროს ზაფხულის ნორჩი ყლორტები ხშირად ზიანდება გვიანი ყინვებით, თუმცა ვეგეტაციის პერიოდში მათი ხელახალი წამოზრდა ადვილად ხდება.

ლარიქსი, ლისტვენიცა, მარადმწვანე

გამწვანებაში გამოყენება

ლარიქსის ყველა სახეობა ერთნაირად ძვირფასია ბაღის დასამშვენებლად. როგორც წესი, მათ რგავენ სოლიტერებად (ერთეულ ეგზემპლარებად), ან ქმნიან ტევრებს – კულისებს. ფოთოლმცვივანი ლარიქსების ფონზე ეფექტურად გამოიყურება მარადმწვანე მცენარეები – ფიჭვი, ნაძვი და სოჭი.

ლარიქსი ადვილად იტანს სხვლას, მაგრამ გამოუსადეგარია ფიგურული კრეჭვისათვის. კომპაქტური ვარჯის ფორმირებისათვის დასაშვებია მსხვილი ტოტების შეჭრა ადრე გაზაფხულზე, ან შემოდგომაზე; ასევე ნორჩი ნაზარდის დამოკლება, რაც იწვევს დამატებითი ყლორტების აქტიურ განვითარებას და ვარჯის გამკვრივებას.

ნორჩი ლარიქსი მოქნილი და ელასტიურია, რაც მისი ღეროსა და ტოტების მოხრის, ერთმანეთში გადახლართვისა და საყრდენზე ფიქსირების საშუალებას იძლევა. სხვლითა და ამ მეთოდის გამოყენებით შეიძლება შეიქმნას ”ცოცხალი” თაღები, პერგოლები და ფანჩატურები.

ლარიქსი, ლისტვენიცა, მარადმწვანე

ფოთოლ(წიწვებ)მცვივანობის გამო, ლარიქსი ზამთრის ბაღებისათვის არ გამოდგება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი დახურულ გრუნტში გამოზრდა სირთულეს არ წარმოადგენს. ის საკმაოდ გამძლეა შეზღუდულ პირობებშიც კი, ამიტომ ხშირად ზრდიან ჯუჯა ფორმის – ბონსაის სახით. ზაფხულში მას ბაღში აჩერებენ, ზამთარში ცივ შენობაში შეაქვთ და მხოლოდ ზამთრის ბოლოს ათავსებენ ზამთრის ბაღში.

წყარო: „ბაღის დიზაინერი“ – სახემძღვანელოს შედგენაზე მუშაობდნენ:
ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი ;
ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი;
მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი
 .

იხილეთ აგრეთვე: კავკასიური სოჭი – რჩევები: თესვა, დარგვა, მოყვანა

თქვენი რეკლამა